წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 7328 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

463

 წიგნი დავწერე: "მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად!

 მე ხატაელთა მიმუხთლეს, - თუცა მათ ეცა ზიანად, -

 ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად;

 მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად".

 

 464

 რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე,

 წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე,

 ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,

 მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.

 

 465

 ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია~

 ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია;

 რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია!

 ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.

 

 466

 ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა,

 საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა.

 მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა;

 მიალერსებდა, მაჭმევდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

 

 467

 მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით,

 დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით;

 მეფემან ბრძანა: "ლაშქარნი უხმენით, შემომყარენით,

 დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით!"

 

 468

 რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;

 ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე.

 ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე,

 ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!

 

 469

 მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა,

 ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა.

 ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა:

 "შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?"

 

 470

 მე ვჰკადრე: "ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,

 უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა".

 რამაზს უბრძანებს: "იცოდი, გაგგზავნით შეწყალებულსა,

 მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა!"

 

 471

 ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია,

 კვლა ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია.

 მერმე ყველაი დამოსა, იგი და მისი ხასია,

 შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.

 

 472

 ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა,

 მოახსენა: "ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა.

 თუღა ოდეს შე-ღა-გცოდო, მაშინ მომკალ მემცა განა!"

 წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.

 

 473

 მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია;

 ებრძანა: "რა შენ გაგყრივარ, მას აქათ თვეო სამია,

 მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია,

 არ დამაშვრალ ხარ, წავიდეთ, თუცა დაშვრომის ჟამია".

 

 474

 შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა,

 შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა,

 მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა;

 გაეხარნეს მისლვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა!

 

 475

 იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:

 "ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურველია,

 მან გაანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია;

 რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზნელია.

 

 476

 აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული:

 რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული,

 ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული,

 გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული".

 

 477

 მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა;

 იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.

 ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა.

 აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.

 

 478

 ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.

 ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მაენიანნი კაბანი;

 ფერმიხდილ-გვარი ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი,

 ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, - მართლად არს, არ კატაბანი.

 

 479

 რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა,

 იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა.

 მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა,

 შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.

 

 480

 მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი,

 ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი;

 სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი,

 მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

 

 481

 ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება.

 დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება,

 ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება,

 მითხრა: "ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შე-ღა-გება".

 

 482

 ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მეამებოდა.

 პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა.

 მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდის, სხვად არად მეუბნებოდა;

 თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

 

 483

 შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა;

 სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა!

 ჯამი და ჭიქა - ყველაი ფეროზისა და ლალისა.

 არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.

 

 484

 მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა.

 რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;

 კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.

 რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!

 

 485

 დააგდეს მღერა მუტრიბთა, "სულეთო!", თავი ხარიან;

 მიბრძანეს: "შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?!

 ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან;

 მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან.

 

 486

 აწ თუცა გვმართებს შემოსა, ვის მორჭმით მოგივლენიან,

 არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით: ტურფად გშვენიან;

 აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან,

 თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან".

 

 487

 მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი;

 თაყვანის-ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი;

 მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი,

 რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!

 

 488

 კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა;

 კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა.

 დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა,

 ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

 

 489

 ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა.

 საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა.

 ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.

 მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა".

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura