წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 9716 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი - ვეფხიტყაოსანი (სრულად)

 

517

 მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.

 ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად,

 წიგნი მომართვა, ეწერა: "ვინ სჩან ალვისა ტანისად,

 ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად".

 

 518

 შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვით სცნობდე ლხინთა ზომით!

 ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით;

 ვნახე : "ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით,

 დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.

 

 519

 იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა.

 ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა.

 ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა,

 ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

 

 520

 ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა,

 შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა.

 შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა,

 გულსა შუქნი შემომადგნა, მაგრა გული არ დამიდნა.

 

 521

 იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი;

 ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე, მე მივეც რომელი,

 მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი,

 ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

 

 522

 ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,

 არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;

 ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული;

 მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.

 

 523

 მიბრძანა: "მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,

 გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?!

 მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი, ცისა!"

 ვჰკადრე: "რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უვიცისა?"

 

 524

 ვთქვი: "პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა:

 რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?"

 კვლაცა მითხრა: "რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა?

 დიაცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა.

 

 525

 შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!

 შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება,

 შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება,

 ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება!

 

 526

 გახსოვს, ოდეს "ჰაÎ-ჰაÎ-ს" ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს,

 მკურნალნი და დასტაქარნი წამალსა-ყე მოგიტანდეს?

 მამაცისა სიცრუვეთა, ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს!

 რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

 

 527

 ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა,

 ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა!

 ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარ ხარ მოსაცეთსა,

 აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!

 

 528

 ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო!

 თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო!

 სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!"

 ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქვნა, აჰ-ყო.

 

 529

 თქვა: "რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად,

 კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად.

 აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად?

 ვა, სოფელი უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?

 

 530

 შევჰხედენ, ვნახე სასთუნალ მუსაფი გაშლით მდებარე,

 ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე,

 ვჰკადრე, თუ: "მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე,

 რათგან არ მომკლავ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.

 

 531

 რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია,

 ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია!

 თუ მაღირსებ გაკითხვასა, ავი არა არ მიქმნია".

 მან მიბრძანა: "რაცა იცი, თქვიო!", თავი დამიქნია.

 

 532

 კვლაცა ვჰკადრე: "მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს,

 ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!

 ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს,

 მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!

 

 533

 მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა.

 მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.

 დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა;

 თავსა ვუთხარ: "მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულმაგრობა".

 

 534

 მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა!

 არ იტყვის, თუ: "ინდოეთი უპატრონოდ არ მომხდარა?

 ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არვის არა!

 ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?

 

 535

 ვთქვი: "ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო";

 თავსა ვუთხარ: "ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო!"

 მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო,

 ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რადმე არ წამგვარო?!"

 

 536

 სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა;

 იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა;

 ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.

 მიბრძანა, თუ: "ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!

 

 537

 არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,

 უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა;

 იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა!

 მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა".

 

 538

 მე ღმრთისაებრად მომიტკბა გამწყრალი, გამქისებული,

 ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული;

 ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული;

 მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.

 

 539

 მიბრძანა, თუ: "გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს,

 რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;

 თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,

 შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!

 

 540

 კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,

 ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,

 მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,

 ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ".

 

 541

 მე ვჰკადრე: "ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა!

 რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა,

 ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:

 ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარა, არ, სახმარობა!"

 

 542

 მიბრძანა, თუ: "ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,

 დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად:

 რა მოვიდეს სიძე, მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად.

 ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

 

 543

 ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო,

 მოპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,

 მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა ვითა, ვირთაო, -

 დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო?

 

 544

 იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა,

 ჰკადრე, თუ: "სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა,

 ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა,

 არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!"

 

 545

 ჩემი ყოლა ნურა გინდა - სიყვარული, ნუცა ნდომა,

 ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა;

 ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა,

 ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა, შეგვფერობდეს ერთგან სხდომა".

 

 546

 ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა,

 ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა;

 მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა,

 მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შეჭიდება, შემოხვევა.

 

 547

 ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი.

 ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.

 ჭირი ბევრჯელ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი,

 მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი".

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura