წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 6341 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

567

 ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე.

 რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე.

 მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვაგე,

 მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

 

 568

 გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, მე მივეგებე წინა-რე.

 ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე:

 თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირსა სისხლ-ჩამომდინარე,

 აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.

 

 569

 იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; .

 შორით ვუხმე: "რას შიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?"

 მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა,

 მითხრა: "ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა".

 

 570

 ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითსე: "რას შიგან ვართ? თქვი მართალი!"

 კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი,

 დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი,

 მკერდსა წითლად უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

 

 571

 მერმე მითხრა: "მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე?

 მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე:

 ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე,

 დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!"

 

 572

 მიამბო: "ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა,

 მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა,

 შენ დაგიზახნა: "მიხმეთო", ხმა-მაღლად გახმამყივარდა;

 მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა.

 

 573

 ჰკადრეს: "აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან".

 მეფე ბრძანებს: "ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგნიან:

 მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან,

 რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.

 

 574

 აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა!

 მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა!

 მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა?

 თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა".

 

 575

 მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის,

 და, თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის.

 ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის,

 მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

 

 576

 დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან:

 "თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან".

 მან ეგრე თქვა: "უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერიერმან!

 ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან".

 

 577

 პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს;

 შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს.

 დავარ მოსთქმიდა სიტყვათა, რომელნი არა მსმენოდეს:

 "ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა არა გლხენოდეს!

 

 578

 როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკლვევინე?

 ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე?

 არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი. რა გიყავ, რა გაქმნევინე?

 აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!"

 

 579

 ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,

 დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა.

 მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა,

 ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა.

 

 580

 რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა,

 წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, .

 მათ კიდობანი მოჰქონდა, ეუბნეს არ აჯებითა,

 მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.

 

 581

 მან უთხრა: "წადით, დაკარგეთ მუნ, სადა ზღვისა ჭიპია;

 წმიდისა წყლისა ვერ ნახოს მყინვარე, ვერცა ლიპია";

 მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლად იყივლეს: "იპი, იპია".

 ესე ვნახე და არ მოვკვე, არა მგავს არცა სიპია.

 

 582

 ზღვითკე გაარნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა.

 დავარ თქვა: "მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და-!

 ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა".

 დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

 

 583

 რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა!

 აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა!

 ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!"

 საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშრობელსა.

 

 584

 მე ვუთხარ: "დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია?

 რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია!

 აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია".

 სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.

 

 585

 მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომიკიდა ცხრო და თრთოლა;

 გულსა ვუთხარ: "ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა,

 გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა.

 აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა!"

 

 586

 შევე, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული;

 ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული,

 წამომყვა და წამოვედით კართა გარე დარაზმული,

 ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.

 

 587

 ნავსა შევჯე, ზღვასა შევე, ზღვასა შიგან გავალაგდი,

 არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი;

 მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გა-ვე-ვშმაგდი,

 რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.

 

 588

 რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა,

 მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა;

 თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა,

 ვთქვი, თუ: "ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყო-ცა".

 

 589

 ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა,

 გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა;

 ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა.

 კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე, მისგან განაწირსა!

 

 590

 ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი,

 ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი.

 მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი,

 ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura