წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 6343 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

728

 რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე;

 იტყვის: "ნეტარ, მიჯნურობა არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!"

 დათმობასა ეაჯების გულსა: "შენ რა მოუგვარე!"

 ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე.

 

 729

 ვაზირმან ცნა, გაეგება: "ჩემსა მზეა ამოსრული,

 ამას თურე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!"

 მიეგება, თაევანის-სცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული:

 ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.

 

 730

 ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან;

 ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.

 ყმამან სახლი გაანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან;

 თქვეს: "სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენამ ბუქმან".

 

 731

 დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს,

 მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს,

 სულთქვმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს.

 გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

 

 732

 რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების,

 ეტყვის: "შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების;

 რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების,

 გაიგონენ ჭირნი ჩემნი, მკურნე, რაცა მეკურნების.

 

 733

 მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მისისა მჭირს მწველისა;

 მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა ჩემისა სასურველისა;

 მას ჩემთვის სულნი არ ჰშურდეს შეზღვა ხამს შეუზღველისა;

 ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

 

 734

 მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებდა,

 მუნვე დარჩა, დათმობაცა მას თანავე დაება, და-;

 რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა,

 მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა.

 

 735

 ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა:

 "კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა;

 შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა";

 ჟამია ჩემგან წასლვისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

 

 736

 ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა.

 მიმელის და ვერ მისრულ ვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა;

 ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა,

 რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

 

 737

 რაცა გითხრა, ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა;

 თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ, ვაზირსა, ოსტასრასა:

 არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქმნევს რასა?

 მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არცა სრასა!

 

 738

 ჰკადრე: "ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ მეუმზრახემან?

 ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა მსახემან!

 მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან,

 გული წამსავე წამიღო, - ვერათ ვერ შევინახე, - მან.

 

 739

 აწ, მეფეო, უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების;

 გული მას აქვს, უგულოსა აქა ხელი რა მეხდების?

 თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების;

 ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.

 

 740

 წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს;

 თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს;

 მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს.

 არ მოვბრუნდე, თქვენმცა ჰსუფევთ, მტერი თქვენი დაძაბუნდეს!"

 

 741

 კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა: "მე სიტყვა შევამცირეო,

 წა, ესე ჰკადრე მეფესა, შე- ვინ -ვიდოდეს ვირეო;

 მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო,

 ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო".

 

 742

 ვაზირმან უთხრა სიცილით: "ქრთამი შენ გქონდეს შენია!

 შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია.

 მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია,

 ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოვება არ-საწყენია.

 

 743

 თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს!

 შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს;

 მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს!

 არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

 

 744

 გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო?

 ამიკლებს და ანუ მომკლავს: "ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?!

 რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო?!"

 სჯობს სიკვდილი აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.

 

 745

 თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ!

 რად გაგიშვან, რად დაღონდენ, ანუ მზესა რად მოჰშორდენ?

 შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ.

 ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ".

 

 746

 ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: "ხამს, თუ დანა გულსა ვიცი;

 ჰე ვაზირო, შეგეტყობის, სიყვარული არ თურ იცი,

 ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფკიცი,

 თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

 

 747

 მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს!

 აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს,

 ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს;

 ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

 

 748

 მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან!

 აწ ვითაცა გაუწყვედლად უცნობოსა ცრემლნი მდიან.

 სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან;

 ჭირნი, მისგან უნახავნი, დია, ვის-მე გარდუხდიან?

 

 749

 აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს?

 რკინა, ჩემი მონაცვალე, ხამს, გაცვილდეს, არ გატინდეს;

 ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს,

 მომეხმარე, ნუთუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

 

 750

 არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად;

 ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად.

 ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად;

 თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად!"

 

 751

 ვაზირმან თქვა: "შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების,

 ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების;

 ზოგი თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგი თქმითაც დაშავდების.

 ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების!"

 

 752

 რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა.

 მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა.

 შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შეჰმართა,

 დაყრით დადგა, იგონებდა არ საქმეთა საომართა.

 

 753

 მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით, დაყმუნვებული,

 უბრძანა: "რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?"

 მან ჰკადრა: "არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული,

 მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმას ამბავი გაკვირვებული.

 

 754

 ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს და არცა სდიდობს;

 მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული არ დაჰრიდობს.

 აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს,

 უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს".

 

 755

 რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა,

 კვლა მოახსენა: "რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა,

 თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!

 მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა".

 

 756

 რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა,

 ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა;

 შეუზახნა: "რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა!

 ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

 

 757

 ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად!

 მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად?

 შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად!

 აგრე შმაგი არ ვაზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად.

 

 758

 ხამსა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს,

 ოდენ სიტყვა უმეცრული უალაგოდ დაიყბედნეს?!

 მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს!

 შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს!"

 

 759

 კვლა უბრძანა: "თუ-მცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი,

 თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი!

 წა, უკუდეგ! ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი!

 შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!"

 

 760

 დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა;

 დააცთუნნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა:

 "ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!"

 ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

 

 761

 ვაზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს;

 გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს;

 შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს,

 მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

 

 762

 თქვა: "ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს?

 რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ, ვინღა გამითენოს!

 ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს,

 ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!"

 

 763

 ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა;

 ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა:

 "მადლი რა გკადრო, აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა,

 ვაÎ, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!"

 

 764

 ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა არ იწურვებს:

 - მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს!-

 "ვინ არ მისცეს ქადებული, მოურავსა მოიმდურვებს,

 თქმულა: "ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს".

 

 765

 ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა:

 რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლუობა, რა შმაგობა!

 მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ, აღარა მიც თავსა ცნობა;

 ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

 

 766

 მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია,

 ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია;

 განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია!

 შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, ჭირი არ გამცუდებია".

 

 767

 ყმამან უთხრა: "აღარ-წასლვა არ ეგების ჩემგან აროს.

 იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.

 ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს,

 ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!

 

 768

 უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა,

 მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათ თანა რბოლასა;

 ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა?

 სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

 

 769

 მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების,

 ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების;

 არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების,

 მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების!"

 

 770

 მოიუბნეს. ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი,

 უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი,

 მისნი მყოლნი ა-ვე-ავსნა, მოყმენი და თუნდა ბერნი.

 გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.

 

 771

 შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან,

 სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგ მიუმცთარომან,

 სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან.

 კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან.

 

 772

 შესთვალა, თუ: "რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო,

 ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალი მოვიგონო?

 თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო,

 სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო".

 

 773

 მე ვითა ვთქვა უებრობა, სიკეთე და ქება მისი!

 კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი;

 ასრე უნდა მოხმარება, გაჰვიდოდეს ვისცა ვისი.

 ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura