წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 8935 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

866

 მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი,

 ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი;

 ნახა, შავი შამბთაა პირსა დგა სადავე-უკუყრილი;

 თქვა: "უცილოდ იგიაო, არა უნდა ამას ცილი".

 

 867

 რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,

 აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა;

 ვარდმან ფერი გაანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა,

 ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.

 

 868

 რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა:

 ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,

 საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,

 მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.

 

 869

 ერთ-კერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლ-მოცხებული,

 კვლა სხვაგნით - ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვე-დანარცხებული;

 მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული.

 მუნ აგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.

 

 870

 თვალთა ახმადცა ზარ-ედვა სრულად მიჰხდოდა ცნობასა,

 მიახლებოდა სიკვდილსა, მოჰშორვებოდა თმობასა.

 ყმა სახელ-დებით უყივის, ლამის სიტყვითა კრთობასა,

 ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!

 

 871

 ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა,

 ახლოს უზის და უზახის მართ სახელ-დებით სახელსა;

 ეტყვის: "ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?"

 მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.

 

 872

 ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა.

 ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტად-რე მოაცნობილა.

 მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.

 ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა!

 

 873

 უთხრა: "ძმაო, არ გიტყუე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,

 გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე;

 აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე.

 მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე".

 

 874

 ყმამან უთხრა: "რას შიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა?

 ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა?

 ვის უქმნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა?

 რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?

 

 875

 თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:

 ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.

 ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.

 თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

 

 876

 ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ,

 მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ?

 ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ,

 თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?

 

 877

 ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან?

 ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?

 მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?

 არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

 

 878

 ვარდსა ჰკითხეს: "ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?

 მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?"

 მან თქვა: "ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად:

 ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად".

 

 879

 რათგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო,

 მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?

 უბოროტო ვის ასმია რაცა საქმე საეშმაკო,

 რად ემდურვი საწუთროსა? რა უქმნია უარაკო?!

 

 880

 ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა,

 ნუ მიჰყოლიხარ თავისსა თათბირსა, გაგონებასა,

 რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა,

 ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, რად მეჭვ რასაცა თნებასა!"

 

 881

 მან უთხრა: "ძმაო, რა გითხრა, ძრვაცა არ ძალ-მიც ენისა,

 ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა;

 რა ადვილად გიჩს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა!

 აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.

 

 882

 ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ, არ, ენით:

 აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით,

 მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ, კვლა რამე გავიხარენით,

 მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!

 

 883

 საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს!

 მისკე მივალ მხიარული, მერმე იგი ჩემ კერძ იროს,

 მივეგებვი, მომეგებოს, ატირდეს და ამატიროს.

 ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!

 

 884

 მართ გარდაწყვედით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა:

 სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა;

 არ ცოცხალ ვიყო, რას მაქმნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?

 დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევჰრთვივარ სულთა სირასა.

 

 885

 რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად,

 სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად;

 აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად,

 მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი, სად.

 

 886

 ბრძენი? ვინ ბრძენი, რა ბრძენი? ხელი ვითა იქმს ბრძნობასა?

 ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა;

 ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა;

 მაწყენ, დამეხსენ, არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა".

 

 887

 კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა,

 ეტყვის: "თუ მოჰკვდე, რას არგებ ქცევითა მაგ ოხერითა?

 ნუ იქმ, არა სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა!"

 ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა ვერა-ვერითა.

 

 888

 მერმე უთხრა: "აჰა, რათგან არ მომისმენ არას, არა,

 აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა;

 თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, და-ცა-მჭნარა!

 ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ!" - ცრემლი ამდუღარა.

 

 889

 "სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა,

 მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა;

 ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა,

 შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?

 

 890

 ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი,

 ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი,

 ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი;

 მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი!"

 

 891

 ეხვეწებოდა: "შეჯეო ", აჯას ხვეწნითა არვებდა,

 იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა,

 ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დაიკარვებდა;

 დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.

 

 892

 ცხადად უთხრა: "შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა".

 მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა;

 მინდორთაკე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა,

 ხანი წავლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.

 

 893

 შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა,

 მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა,

 მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა;

 მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.

 

 894

 რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან,

 გაანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან,

 ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან;

 ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.

 

 895

 შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ-მალული:

 "ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული:

 ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული,

 რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული".

 

 896

 მან უთხრა: "სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა!

 ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა,

 მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა;

 არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა".

 

 897

 ავთანდილ უთხრა: "ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა;

 აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა:

 სჯობს ასმათისა არ-ლევა მაგა სამხრის არ-ლევასა,

 ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

 

 898

 სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი,

 უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი;

 აღარად გინდა ასმათი, - ნახე მართალი ბრჭობილი! -

 პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი.

 

 899

 თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა,

 თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა,

 მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა,

 გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!"

 

 900

 მან უბრძანა: "რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის-მეტად:

 საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად;

 მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად,

 რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად".

 

 901

 დაჰმორჩილდა. გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი.

 ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:

 კბილნი - ვითა მარგალიტნი, ბაგე - ვარდი ნაპობარი.

 გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

 

 902

 ამას ეტყვის: "შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა,

 მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;

 არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:

 არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?

 

 903

 არას გარგებს შეჭირვება: რომ სჭმუნვიდე, რა გერგების?

 არ თურ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების?

 მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.

 ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების".

 

 904

 მოახსენა: "ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, -

 გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს, -

 მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს!

 შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?

 

 905

 ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,

 მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების;

 რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების,

 თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების !"

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura