წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 6147 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

1121

 ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა

 არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;

 ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,

 და დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.

 

 1122

 ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა,

 მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;

 ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა,

 და მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.

 

 1123

 ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა,

 მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა;

 დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ-ა,

 და დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.

 

 1124

 დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით;

 ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსეთ და ავივსენით;

 ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით,

 და კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.

 

 1125

 ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა,

 გავიტანე ხათუნები, - მათი ჭმევა ჩემგან ხამსა;

 მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა,

 და ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.

 

 1126

 იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი,

 მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი,

 მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემ თანა ხლებულნი,

 და კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.

 

 1127

 ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდ, დურად;

 სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად,

 რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად,

 და მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

 

 1128

 უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქციე პირი გზასა,

 ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა,

 შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა,

 და მფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მე-მცა რასა!

 

 1129

 მაშორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი;

 ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი;

 იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი,

 და გამოიღეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.

 

 1130

 გამოზიდნეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა,

 მიიხედნეს, მოიხედნეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა,

 ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა;

 და მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.

 

 1131

 მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა,

 აჰხადეს, ქალი გარდმოხდა უცხოთა რათმე ტანითა,

 თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა,

 და მზესა სიტურფედ ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

 

 1132

 რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა,

 ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა, ზესა;

 დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა,

 და უკმოვიხაშ კარი, ჩემგან მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.

 

 1133

 მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი,

 ვუჩვენე: "ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი?

 ჩაეპარენით, ჩაედით წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი,

 და მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მნდომელნი.

 

 1134

 თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დახოცენით,

 მოყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად, ეცადენით!"

 ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით,

 და დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

 

 1135

 მე სარკმელთა გარდავადეგ. რა შევიგენ, არ მოჰყიდეს,

 მევუზახენ: "დახოცენით!" დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს;

 იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს;

 და ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.

 

 1136

 რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა!

 ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა!

 ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინ-მცა ვით ქმნა ნახაზობა!

 მე თუ დამწვავს, აჰა მზად ვარ, აღარ უნდა ამას მზობა!"

 

 1137

 ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი;

 ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი;

 ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი,

 ღვარმან, ზედათ მოდენილმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

 

 1138

 მოიტირეს.ყმამან უთხრა: "ნუღარ გასწყვედ, გაასრულე".

 ფატმან იტყვის: "მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე,

 გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე,

 ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.

 

 1139

 ვჰკადრე: "მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა?

 იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?"

 მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესეზომთა,

 ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისგან მონაწთომთა.

 

 1140

 რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა,

 გულ-ამოხვინჩვით ატირდა მით რათმე ხმითა წყნარითა;

 ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა;

 მისი მწვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

 

 1141

 მითხრა: "შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა,

 რას აქმნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა!

 ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა;

 თუ რაცა მკითხო, ძალი-მცა გიგმია არსთა მხედისა!"

 

 1142

 ვთქვი: "უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა;

 მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა;

 ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა.

 და რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?"

 

 1143

 ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი;

 სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი,

 ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ-სუბუქი;

 და ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.

 

 1144

 მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით,

 მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით;

 არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით,

 და ერთი ზანგი ვამსახურე; მე შევიდი, ვნახი ხალვით.

 

 1145

 ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა,

 დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა!

 შევეხვეწი: "დადუმდიო", წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა.

 და აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!

 

 1146

 შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები,

 შიგან სისხლისა მორევსა ეყრდნის გიშრისა შუბები,

 მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები,

 და შუა ძოწსა და აყიყსა ჭვირს მარგალიტი ტყუბები.

 

 1147

 ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან,

 თუ-მცა მეკითხა: "ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან?"

 მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან,

 და მას ხორციელი ვით გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

 

 1148

 არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა,

 მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა,

 მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა,

 და ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

 

 1149

 სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა;

 ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა,

 მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა:

 და სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე - ნაჭედისა.

 

 1150

 მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი.

 ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი;

 ვთქვი: " თუ ვუთხრობ, ვიცი, დარბაზს გაამჟღავნებს ისი ფლიდი".

 და ესე მეყო საგონებლად, კვლა შევიდი, კვლა გავიდი.

 

 1151

 ვთქვი: "თუ არ ვუთხრა, რა ვუყო ჩემგან რა მოეგვარების?

 არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების;

 ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს, ვეღარა მომეფარების;

 და ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!

 

 1152

 მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა!

 მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა;

 არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა,

 და სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა.

 

 1153

 მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე,

 მერმე ვუთხარ: "გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე,

 არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე".

 და ფიცი ფიცა საშინელი: "თავიცაო კლდესა ვიცე!

 

 1154

 რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა,

 არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა".

 მერმე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა:

 და "მოდი, მომყევ აქა სადმე, მე, გიჩვენებ მზისა ფერსა".

 

 1155

 ადგა, ამყვა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი.

 უსენ გაჰკვირდა, გა-ცა-კრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი;

 თქვა: "რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი?!

 და თუ ხორციელი არის-მცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!"

 

 1156

 ვთქვი, თუ: "არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა,

 რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა;

 მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა,

 და ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა".

 

 1157

 მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა;

 ვჰკადრეთ, თუ: "მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა,

 გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა?

 და რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?"

 

 1158

 რაცა ვჰკითსეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა:

 ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა;

 გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რე-შენდა,

 და მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!

 

 1159

 ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა:

 ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად ზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა.

 კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა,

 და "არა ვიციო, მიმიშვით!"- ეს ოდენ გვითხრა ენითა.

 

 1160

 დავსხედით და მას თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ,

 რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ!

 ძლივ ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ,

 და ჩეენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

 

 1161

 უსენ იტყვის: "ბევრ-ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს;

 ესე ღაწვნი მზისად ხმანან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს!

 უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს,

 და მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!"

 

 1162

 მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქვმით, ახით;

 შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით;

 ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით,

 და გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

 

 1163

 რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდეს ღამე-დღენი,

 უსენ მითხრა: "არ მინახავს ძოღანდითგან მეფე ჩვენი.

 მივაზირებ, წავალ, ვნახავ, ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი".

 და მოვახსენე: "დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!"

 

 1164

 უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები.

 დავჰვედრე: "დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები;

 ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები".

 და კვლა შემომფიცა: "არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!"

 

 1165

 უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი-

 უსენ არიფი მეფისა, მეფეა მისი მნდომელი-

 წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი.

 და აწ ჰნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი მწთომელი.

 

 1166

 რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი,

 კვლა შესვეს და კვლა აუვსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი.

 დაავიწედა იგი ფიცი, რა მუსაფი, რა მაქანი!

 და მართლად თქმულა: "არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი".

 

 1167

 უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა:

 "დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა,

 მარგალიტსა დიდროანსა, უმსგავსოსა ჰპოვებ ლალსა?

 და ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა".

 

 1168

 თაყვანის-სცა უსენ, ჰკადრა: "ჰე მაღალო ხელმწიფეო,

 ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენელო არსთა, მზეო!

 რაცა სხვა მაქვს, ვისი არის ოქრო, თუნდა საჭურჭლეო?

 და დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.

 

 1169

 ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა;

 სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა;

 მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ჰნახოთ მსგავსი მზისა,

 და მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა".

 

 1170

 რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა,

 უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა.

 მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა,

 და უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქმნა უსენის თქმულისა.

 

 1171

 მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია.

 შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია,

 თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია,

 და მოვიდეს; მეტად გავკვირდი, ვთქვი: "რამე საქმე ზესია".

 

 1172

 მისალამეს, "ფატმან! - მითხრეს - ბრძანებაა ღმრთისა სწორთა:

 დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა ორთა,

 აწ მოგვგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა".

 და ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

 

 1173

 მე გაკვირვებით კვლა ვჰკითხე: "რა ქალი გინდა, რომელი?"

 მათ მითხრეს: "უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი".

 არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი,

 და ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

 

 1174

 შევე, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად,

 ვჰკადრე: "მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ, რულად!

 ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად,

 და შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად".

 

 1175

 მან მითხრა: "დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია!

 ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია.

 კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!

 და სხვა-და-სხვა ჭირი ჩემ ზედა არ ახალია, ძველია".

 

 1176

 თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი,

 ადგა ასრე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი,

 ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი.

 და მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

 

 1177

 შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა,

 თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა,

 თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა,

 და მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის კვდებოდა.

 

 1178

 ვარქვი: "ჩემო, განაღ სადმე გეხმარების ესეგვარი".

 მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი, მზისა დარი.

 ცნა მეფემან, მოეგება; ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი;

 და იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

 

 1179

 ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები,

 ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არ-სიწყნარები;

 იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები,

 და გაკრთომით უთხრა: "ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?"

 

 1180

 ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად;

 მეფემან ბრძანა: "გამხადა ნახული მე უნახველად,

 ღმრთისაგან კიდე ვინ-მც იყო კაცი ამისად მსახველად!

 და ჰმართებს ამისთა მიჯნურთა, ხელნი თუ რბოდენ, გლახ, ველად!"

 

 1181

 გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა:

 "მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისით გვარითა?"

 მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა;

 და თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.

 

 1182

 არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა,

 სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა;

 ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა,

 და მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასა-მცა ვინ იაზრებდა!

 

 1183

 მეფე ბრძანებს: "რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების?

 ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების:

 ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების,

 და მისგან კიდე არვისად სცალს, ვეღარცა ვის ეუბნების.

 

 1184

 ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,

 არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედას-ზედი;

 ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,

 და სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი.

 

 1185

 ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული,

 მე დავა ხედრო ესე მზე, და-, მისთვის დამზადებული;

 მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული,

 და მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული".

 

 1186

 ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა,

 უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა;

 მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა,

 და მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

 

 1187

 მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა,

 მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა,

 დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა,

 და მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

 

 1188

 მეფემან ბრძანა: "მოკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა!"

 დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა;

 ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა,

 და მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

 

 1189

 უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომად მცველად კარისად;

 ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად;

 უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად.

 და სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

 

 1190

 გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი,

 ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: "რა ბედი მიც ჩემი მკლველი!

 სადაური სად მოსრულ ვარ, ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი,

 და რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!"

 

 1191

 კვლაცა იტყვის: "ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა,

 ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა!

 სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?

 და რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!"

 

 1192

 ხადუმნი უხმნა, უბრძანა: "ისმინეთ", მოდით ცნობასა!

 მოღორებულ ხართ, დამცთარ ხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა,

 დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა,

 და ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.

 

 1193

 არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია;

 მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო-ტანია!

 სხვასა რად მნუკევთ საქმესა? ჩემნი საქმენი სხვანია!

 და თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.

 

 1194

 უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა,

 თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა;

 ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა,

 და მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დაიწყებთ ნანასა".

 

 1195

 შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი,

 მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი ერთობ ლალი;

 მისცა, უთხრა: "გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი,

 და მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი".

 

 1196

 მონათა მიჰხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა,

 დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა,

 გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა.

 და ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

 

 1197

 რა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,

 დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა:

 შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,

 და კვლა აქა სულსა დააბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

 

 1198

 რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი,

 ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი,

 სხვანი კარნი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მსმელი.

 და დარჩა მთვარე გავსებული, გველისაგან ჩაუნთქმელი.

 

 1199

 მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა.

 ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა.

 გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა მეცა განა!

 და შინა ყოლა არ შემომყვა: "რად მაწვეო?", შემანანა.

 

 1200

 მიბრძანა: "თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა,

 მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა!

 ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლავ გამგზავნე ცხენითა,

 და სადამდის სცნობდეს ხელმწიფე, კაცთა მომწევდეს რბენითა".

 

 1201

 შევე ფიცხლავ საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი,

 შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მოკვნესი;

 ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი.

 და წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკე, რაცა ვსთესი.

 

 1202

 დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი,

 მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი;

 მე მკითხეს, ვარქვი: "თუ ჰპოვოთ მუნ სასლსა, სადა მე ვარი,

 და მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!"

 

 1203

 მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი,

 მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი.

 დაჰხედენ დარბაზის ერთა! შევლენ ისფრითა ღებულნი:

 და "მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი.

 

 1204

 მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი;

 აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი:

 მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი.

 და კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

 

 1205

 მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი.

 ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი;

 ჩვე გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი,

 და ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!

 

 1206

 ესე ამბავი მას თანა ვთქვი დიაცურად, ხელურად:

 ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად.

 გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად,

 და აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვისსენ მე რულად!

 

 1207

 დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა.

 ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა;

 მოსრულიყო, მოსლვა ეთქვა; შენცა მოხვე, შემეშინა,

 და ამად გკადრე: "ნუ მოხვალო", მოგაგებე მონა წინა.

 

 1208

 აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით;

 შეიყარენით ორნივე, ჩემზედა დაიჯარენით;

 ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით,

 და იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

 

 1209

 თუ-მცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა,

 შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა;

 მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა,

 და შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!

 

 1210

 მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს! - მადლსა გკადრებდე მე რასა-

 რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა!

 აწ ამას იქით ვჰნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა,

 და აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, ჰაი, ჩავიჭერ ქვე რასა!"

 

 1211

 ავთანდილ უთხრა: "ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია:

 მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგანც უფრო მტერია;

 არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.

 და ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

 

 1212

 იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს,

 რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს".

 კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთათ ცრემლი სდენოდეს:

 და "წახდესო შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!"

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura