წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 5848 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

1327

 გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რათმე ნავითა,

 პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა;

 მას შეყრა ტარიელისი უხარის მით ამბავითა,

 და ხელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.

 

 1328

 მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა,

 ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა,

 ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა საროსტანისა.

 და სულთქვნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.

 

 1329

 აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა;

 ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა;

 უბრძანა: "გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა,

 და მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენ თანა საუბარითა".

 

 1330

 რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი.

 ტარიელისკე იარნა მან გზანი საწყინარენი,

 უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი,

 და სადაცა ნახნის, დახოცნის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.

 

 1331

 ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, იცნა, თქვა: "იგი კლდენია,

 სადა-ა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია;

 ღირს ვარმცა, ვნახო პირის-პირ, ვუამბო, რაცა მსმენია,

 და არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!

 

 1332

 თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაჰზმიდა,

 მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა;

 სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო", - იგონებდა, იხედვიდა,

 და ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა.

 

 1333

 მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა,

 მართ სახელ-დებით უყივის ხმითა მით სახარულითა.

 ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა:

 და შამბისა პირსა ტარიელ დგა ხრმლითა მომახულითა.

 

 1334

 ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა;

 შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ჰხლებოდა;

 ყივილი ავთანდილისი ესმოდა, ეოცებოდა,

 და შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლტებოდა.

 

 1335

 ხრმალი გასტყორცა ტარიელ, მიჰმართა მისსა ძმობილსა.

 ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა.

 მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა,

 და ხმა შაქრის-ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.

 

 1336

 ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები:

 - სისხლისა ღვარმ�ან შეღება წითლად გიშრისა ტევრები,

 ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, -

 და "რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მევ რები!"

 

 1337

 ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა;

 გაღიმდის, ძოწნი გააპნის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა;

 ეტყოდა: "ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა,

 და აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა".

 

 1338

 ტარიელ უთხრა: "ჰე ძმაო, კმა არს, დღეს რაცა მლხენია,

 ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, - ნახვა შენია;

 სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია:

 და კაცმან-მცა სოფელს ვით პოვა, რაცა არა საქმე ზენია!"

 

 1339

 რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა,

 მის ამბვისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა,

 გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთათ ვარდი ვარდა.

 და რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

 

 1340

 წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გა-ცა-შალა მან,

 პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან,

 სულნი გაექცეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან.

 და მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ ყაენ, ვერცა სალამან.

 

 1341

 ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა,

 შეფრინდა, შველად მიჰმართა მას, ტკბილად მოუბარესა,

 ვერა ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა;

 და მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

 

 1342

 ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა,

 ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა;

 გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა,

 და მუნით წყარონი გამოხდეს, ძოწსა ვამსგავსენ ფერითა.

 

 1343

 პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა:

 "რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა;

 წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა!

 და ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

 

 1344

 მე მოვკალ ჩემი მოყვარე; რა მმართებს გაწბილებულსა?

 თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა!

 ცრუ კაცი კარგად ვერას იქმს საქმესა გაძნელებულსა,

 და თქმულა: "სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!"

 

 1345

 უცნობო-ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად.

 ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად,

 მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად,

 და მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

 

 1346

 ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა;

 ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა,

 თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა.

 და ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ-ნაკრთომისა.

 

 1347

 ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი შთამოსცვივიან,

 ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან,

 მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, -

 და სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯერვე სტკივიან.

 

 1348

 აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,

 ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია,

 მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია.

 და იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!

 

 1349

 ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკლველისა მისისა,

 იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა;

 დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა.

 და ავთანდილ ადგა, დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა.

 

 1350

 იტყვის, თუ: "ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად,

 აწ რადღა გვმართებს ტირილი? ხამს, დავსხდეთ ქმნად ღიმილისად;

 ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წარხდომილისად!

 და ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.

 

 1351

 ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ,

 მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკე თავნი ვარნეთ,

 ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ,

 და უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ".

 

 1352

 მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა.

 შეჰხედნის, თვალნი აჰმართნის, შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა,

 მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ეზარდებოდა;

 და ვინ ღირს-ა, თუ-მცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!

 

 1353

 ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა:

 "მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა!

 ვითა ზე-მთისა წყარომან, მომრწყე ყვავილი ბარისა,

 და დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა.

 

 1354

 მე ვერა გიყო, ნაცვალსა ღმერთი გარდიხდის ციერი,

 ზეგარდმოთ მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემ-მაგიერი!"

 შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი;

 და აწ გა-ვე-აძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.

 

 1355

 ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ-ბარგოსანი.

 შეჰხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი, -

 ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი, -

 და მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი, პერანგოსანი.

 

 1356

 აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა,

 აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა.

 ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უც ვითა მთრვალისა,

 და არ იცის სმენა ამბვისა ჯერთ მისგან სასურვალისა.

 

 1357

 მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით:

 "ჰე ასმათო, მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით:

 ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გვწადდა, იგი ვქმენით,

 და აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით".

 

 1358

 ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად;

 მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად,

 ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად:

 და "რა სცანო, რა ჰქმენ, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად".

 

 1359

 ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა,

 ალვისა შტო-დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა;

 უთხრა, თუ: "ნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა;

 და მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა".

 

 1360

 ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა,

 გაკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა,

 ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა;

 და იტყვის: "რა ვნახე, რა მესმის? არს-მცა ამისი მრთელობა?!"

 

 1361

 ავთანდილ უთხრა: "ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია;

 ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია,

 მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია,

 და ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!"

 

 1362

 ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა;

 ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა;

 ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა.

 და კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუ-მცა კაცი შეიგებდა.

 

 1363

 ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს: "გვიყოო, რაცა სჯობდა;

 აწღა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაჰბრჭობდა",

 ინდოთ მეფე მხიარული ხელ-განპყრობით ამას ხმობდა.

 და ქვაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა.

 

 1364

 ტარიელ ეტყვის ავთანდილს: "ისმინე სიტყვა ასები,

 გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები:

 მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები,

 და მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები.

 

 1365

 მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია;

 მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია".

 ეამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია,

 და დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.

 

 1366

 პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა,

 მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდად განათალისა,

 ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა;

 და ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა!

 

 1367

 იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი.

 პოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი;

 მუნ აბჯარი ყოვლიფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი,

 და შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდული, არ-გახსნილი.

 

 1368

 ზედა ეწერა: "აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,

 ჯაჭვ-მუზარადი ალმასი ხრმალი ბასრისა, მჭრელიო;

 თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო!

 და უმისჟამისოდ ვინც გაჰხსნის, არის მეფეთა მკლველიო".

 

 1369

 კიდობანი გახსნეს, პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი,

 რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი:

 ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი, -

 და ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.

 

 1370

 თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან,

 ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა მართ ვერა ვერ მოჰკიდიან;

 ხრმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან,

 და მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყვე, არ გაჰყიდიან.

 

 1371

 თქვეს: "ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა;

 ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმოთ მონახედითა".

 აიღეს იგი აბჯარი თავის-თავისა ქედითა,

 და თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.

 

 1372

 ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები;

 გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები.

 ავთანდილ თქვა: "ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები,

 და ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები".

 

 1373

 აქა, მხატვარო, დახატენ ძმათ უმტკიცესნი ძმობილნი,

 იგი მიჯნურნი მნათობთა, სხვისა ვერვისგან სწრობილნი,

 ორნივე გმირნი მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი;

 და რა ქაჯეთს მივლენ, გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura