წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 4623 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი (სრულად)

 

1579

 ედსა ზედა გარდმოადგა მეტად დიდი ქარავანი,

 კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი;

 გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი;

 და მეფე ბრძანებს: "მოასხითო, ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი".

 

 1580

 მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია;

 უბრძანა: "ვინ ხართ, შავითა რად ტანი შეგიგლესია?"

 მათ მოახსენეს: "სით მოვალთ, მუნ ასრე დანაწესია,

 და ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია".

 

 1581

 გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა,

 მაგრა თავი უმეცარ ყვეს, არა მისცეს ყოლა გრძნობა;

 უცხოურად ეუბნების, მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა,

 და არ ესმოდა ინდოური, არაბულად ყვეს უბნობა.

 

 1582

 უბრძანეს: "გვითხართ, ვაჭარნო, ამბავი ინდოეთისა".

 მათ ჰკადრეს: "ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა;

 დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა,

 და მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა".

 

 1583

 თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს, არის წყლიანი:

 "ფარსადან, მეფე ინდოთა, იყო ხელმწიფე სვიანი,

 მას ესვა ქალი მნათობი, მზისაცა უფრო მზიანი,

 და კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, ღაწვ-ბადახშ, ყორან-თმიანი.

 

 1584

 მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა.

 ამირბარმან სიძე მოკლა, ხმა მეფესა დაუვარდა;

 იგი ქალი პატარაი მამიდასა გაეზარდა,

 და ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაქარდა.

 

 1585

 მამიდაი ქაჯი იყო, გრძნეულობა იცის კარგა,

 მით შემართა საშინელი, მზე ხმელეთსა დაუკარგა;

 თვითცა მოკვდა უბედური, მართ საცოცხლოდ არად ვარგა;

 და იგი ქალი დაიკარგა, ალვა მორჩი სხვაგან დარგა.

 

 1586

 ცნა ამირბარმან წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად,

 იგიცა წახდა, ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად;

 ორნივე გადაიკარგნეს, მათიღა პოვნა არს ძნელად;

 და მეფემან ბრძანა: "ჰე ღმერთო, რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?"

 

 1587

 მეფე გაშმაგდა მათისა უღონო-ქმნილი ძებნისა;

 ვად შეიცვალა ინდოეთს ხმა წინწილისა, ებნისა;

 ცოტასა ხანსა გა-ვე-ძლო დება სახმილთა გზნებისა,

 და აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა ბოლო სრვისა და ტკებნისა".

 

 1588

 რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა,

 ქალმან დიდნი დაიკივლნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა;

 ტარიელცა დაიზახნა, დაფარულნი გააცხადნა;

 და ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა.

 

 1589

 მომკალ, ქალსა თავ-შიშველსა თუ მზე ვითა ეურჩოსა!

 სული ვარდსა დავამსგავსე, თავ-მოხდილი - ყაყაჩოსა.

 თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იხმობს ვირებრ "ჩოსა",

 და ჰგავს, თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ხარხაჩოსა.

 

 1590

 ქალი საბრალოდ მამასა სტირს, ბულბულისა მსგავსია,

 თმა გაიგლიჯა, გაყარა, ღაწვი ცრემლითა ავსია,

 ვარდი შექმნილა ზაფრანად, ლალი მართ ვითა ხავსია,

 და მზესა ღრუბელი ეფარვის, ამად ნათელი დავსია.

 

 1591

 იხოჭს და იგლეჯს, ზახილით ტირს სიტყვა-ხაფი უარე;

 სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე:

 "მოვკვე, მამაო, მე შენთვის შვილი ყოველთა უარე,

 და ვერა გმსახურე ასულმან, ვერცა რა შეგაგუარე.

 

 1592

 ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო, ნათელო თვალთა ჩემთაო,

 ჩემთა რა გაცნევს ამბავთა, გულისა მონაცემთაო!

 მზეო, რადღა გაქვს სინათლე, რადღა ანათობ თემთაო?

 და რად არ დაიქეც, ქვეყანავ, რადღა ჰმართიხარ ზე, მთაო?"

 

 1593

 ტარიელ მოთქვამს: "გამზრდელო, ჰა, ჰა, რა საქმე მსმენია!

 მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, რად არა დაუჩენია?!

 მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა, სოფელი აღარ შენია,

 და ღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ, რაცა შენ ჩემგან გწყენია".

 

 1594

 კვლა უბრძანებდეს: "გვიამბეთ ამბავი დანარჩომია".

 მათ მოახსენეს: "პატრონო, ინდოეთს დიდი ომია,

 მოსულა ხატათ ლაშქარი, ქალაქსა შემოსდგომია,

 და რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, მათად პატრონად მჯდომია.

 

 1595

 "ჯერთ დედოფალი ცოცხალ-ა, მკვდართაგან უფრო მკვდარია,

 იბრძვის ინდოთა ლაშქარი, თუც იმედ-გარდამწყდარია,

 გარეთ ციხენი წაუხვმან, ყველაი გარდამხდარია,

 და მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია!

 

 1596

 მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა, ჩვენცა, შავი;

 რამაზს წინა გამოვედით, მისრულად ვთქვით ჩვენი თავი.

 მეფე ჩვენი დიდი არის, მათ ეწადა მისი ზავი,

 და გამოგვიშვა, წამოვედით, არა გვიყო ყოლა ავი".

 

 1597

 რა ტარიელს ესე ესმა, მეტად ფიცხლად აიყარა,

 ეჯი სამ დღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა;

 დროშა მისი აიმართა, წინა არა აიფარა,

 და აწ ნახეთ, თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა!

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura