წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 87928 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მდინარის პირას უცნობი მოყმე დაინახეს, რომელიც იჯდა და გულმდუღარედ სტიროდა, ცრემლით მორწყული ღაწვები დათრთვილული ვარდივით უბრწყინავდა: „ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა“.

ლომგმირ ვაჟკაცს ხელთ სადავით ეპყრა შავი მერანი და მკლავის უმსხოსი ნაჭედი მათრახი ეჭირა. მოყმას აბჯარიცა და ცხენის აკაზმულობაც თვალ-მარგალიტით უხვად იყო მოოჭვილი. ბეწვიანი სამოსი ეცვა, ვეფხვის ტყავისგან შეკერილი. თავზედაც ვეფხვის ტყავის ქუდი ეხურა.

როსტევანმა უცხო ჭაბუკის ამბის გაგება მოიწადინა და მსახური მიუგზავნა, მეახლეო. მოციქული მივიდა, მაგრამ კარგა ხანს სიტყვაც ვერ შეჰბედა მწუხარე ფიქრებით სულმთლად დაპყრობილ რაინდს, თავდახრილი რომ იჯდა და ბროლის წვიმა გიშრის თვალებიდან ღვარად ჩამოსდიოდა: „მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად“.

განცვიფრებულმა და დამფრთხალმა მსახურმა მხნეობა მოიკრიბა და მოახსენა მეფის ნაბრძანები. ჭაბუკს სიტყვაც არ გაუგონია, თითქმის სმენა დახშობოდა. მახლობლად დაბანაკებული ლაშქრის ხმაურსაც ვერ გრძნობდა. გულამოსკვნილი სისხლის ცრემლს აფრქვევდა.

მსახურმა ერთხელ კიდევ შეჰკადრა მეფის შენათვალი, მაგრამ იგი არ უსმენდა, შეუჩერებლივ ტიროდა მდუმარედ, ბაგეც არ გაუხსნია:


„არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,

არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან".


მსახური გაწბილებული დაბრუნდა უკან და როსტევანს მოახსენა: ეტყობა, იმას თქვენი არაფერი უნდა, ვერა გავაგინე რა, ამად შემაგვიანდაო. მეფეს გაუკვირდა და თან გაწყრა. მხლებელთაგან თორმეტი რჩეული მეომარი იხმო და უბრძანა, უცხო მოყმე აქ მომგვარეთო.

თავს წამომდგარ მეომართა აბჯრის ჩხარუნმა შეაკრთო მტირალი ჭაბუკი. ცრემლიანი თვალები შეიმშრალა და მიიხედ-მოიხედა. შორიახლო ლაშქარიც რომ დაინახა, ვაიმეო, ერთი კი თქვა, და ცხენს მოახტა. ხმალ-კაპარჭი შეისწორა, მძლავრი მკლავებით ცხენი სხვა მხარეს მიაბრუნა და გაეშურა. აინუნშიაც არ ჩაუგდია, რას ეუბნებოდნენ მეომრები. შესაპყრობად რომ დაედევნენ, მაშინ კი შავი დღე დააყენა, მტერსაც შეებრალებოდათ: ერთმანეთს ჰკრა და უმწეოდ დახოცა, ზოგსაც მათრახი გადაუჭირა და მით მკერდამდის ჩაკვეთა.

განრისხებულმა ხელმწიფემ ლაშქარი მიუსია. სანამ მდევრები ახლოს მივიდოდნენ, ჭაბუკს უკან არც მოუხედავს. რაოდენიც დაეწია, ერთობ მუსრი გაავლო. როსტევანი და ავთანდილი ცხენებზე შესხდნენ უცხო მოყმეს გამოუდგნენ გამწარებულნი. იგი თამამად და ამაყად მიდიოდა, მოხდენილად მიირხეოდა მერანზე წამომართული და ველს მზისაებრ მიაფენდა შუქს.

რა შენიშნა, თვითონ მეფე მომდევსო, მოყმემ ცხენს მათრახი გადაუჭირა და წამსვე თვალთაგან გაუჩინარდა, გეგონებოდა, მისი წინარბენი კვალიც რომ ვერსად იპოვეს, გრძნეული დევივით ისე როგორ გაქრაო.

ლაშქარი მკვდრებს დასტიროდა. დაჭრილთ სწრაფად უხვევდნენ იარებს. მეფეს სიხარული მწუხარებად შეეცვალა, ბრძანა: ვხედავ, ღმერთს ჩემი შვება-სიამე მობეზრებია და ესაა მიზეზი, რომ მწარე ნაღველი მარგუნა, გული სამუდამოდ დამიწყლულაო, რა გაეწყობა, ასეთი ყოფილა მისი ნება-სურვილიო.

ეს თქვა და დაღვრემილი გამობრუნდა უკან ვაი-ვიშით. გართობა ასპარეზობა მოიშალა, სადღა იყო ლხინი და საკრავთა ტკბილი ჟღერა. სასახლეში დაბრუნებისთანავე მეფემ განსასვენებელ დარბაზს მიმართა. ერთადერთი ავთანდილი შეჰყვა, შვილივით რომ მიაჩნდა.

თინათინმა რომ მამის უგუნებობა შეიტყო, მისი სამყოფისაკენ გასწია. იკითხა, ხომ არ სძინავსო. მოახსენეს, მოწყენილი და ფერწასული ზის, მარტო ავთანდილი ახლავსო. მოწყენის მიზეზიც უთხრეს - უცხო მოყმის ნახვის ამბავი. თინათინი აღარ შევიდა, უკან გამობრუნება არჩია.

გავიდა ხანი. როსტევანს ასული მოენატრა. ბრძანა, აქ მომგვარეთ ჩემი თინათინი - ჩემი შნო და სიხარული, ჩემი სიცოცხლეო. შეუთვალა: მოდი, დარდი გამიქარვე, გულდაწყლულებულს მეწამლე, გეტყვი, რაც მანაღვლებსო.

თინათინმა მამას მიაშურა. სახე გავსებულ მთვარეს მიუგავდა. მეფემ ასული გვერდით დაისვა და სათუთად უალერსა, თანაც უსაყვედურა: წვევას რას ელოდები, რატომ თვითონ არ მინახულეო.

- მეფეო, - მიუგო თინათინმა, - თქვენი მოწყენა თუ შეიტყო, ვინ გაბედავს გეახლოს, რაგინდ თამამიც იყოს. თქვენი უგუნებობა თვით მნათობთაც დაამხობს. ოღონდ ეს კია, „კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“.

- რაოდენ შეწუხებულიც ვიყო, შენი ჭვრეტა და სიახლოვე, შვილო, მაინც მახარებს და სევდას მიქარვებს, - უთხრა როსტევანმა. - მჯერა, მიზეზს როცა გაიგებ, შენც აღარ გამამტყუნებ, რაზედ ოხრავს და კვნესისო.


„უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,

მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე,

რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე,

ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე“.


შესაპყრობად მეომრები დავადევნე, მაგრამ ერთობ მუსრი გაავლო და ეშმაკივით დამეკარგა, გაუჩინარდა. ჯერ კარგად ისიც არ ვიცი, ცხადი იყო თუ მომეჩვენა. უეჭველია ღმერთს მოვსძულდი, ჩემი მხიარულება დაენანა და ტკბილი წყალობა ბოლოს ასე ჩამამწარა, დამავიწყა ბედნიერების დღენი, თითქოს არასდროს მქონებოდეს. ამიერიდან ვერავინ მანუგეშებს და ვერც გამახარებს რამე.

- მეფეო, ან ღმერთსა და ან ბედს რას ემდური? - საყვედურით შეჰკადრა თინათინმა. - შემოქმედი ყველასათვის სიკეთის მოსურნეა, ყველას მოწყალე თვალით უმზერს. მე ამას გირჩევ: თქვენს თვალუწვდენ სამფლობელოში ამბის მცნობელნი დაგზავნე და მალე გაიგებ, ძეხორციელია ის მოყმე, თუ მოჩვენება იყო.

ქვეყნის ოთხივე მხარეს კაცნი გაგზავნეს უცხო მოყმის საპოვნელად. მთელი წელიწადი ძებნეს, მაგრამ მის მნახავსაც ვერავის წააწყდნენ. გულნატკენნი დაბრუნდნენ, ამაოდ დამაშვრალნი.

- მართალი ყოფილა ჩემი ასული და მემკვიდრე, - ბრძანა როსტევანმა, - თურმე ეშმაკის სიცრუე და სიბილწე მინახავს, ჩემდა სამტროდ ზეცით ჩამოსული. აღარას ვნაღვლობ, დარდი მომქარვებია.

ეს თქვა და მხიარული დროსტარება გამართა. საცა კი მომღერალ-მოსაკრავე და მუშაითი ეგულებოდათ, უკლებლივ უხმეს. იყო ერთი მუსიკობა და თვალის სეირი. მერე ყველანი დარბაზს შეიწვია. იმდენი საბოძვარი გასცა, სიუხვეში ვერავინ შეეტოლებოდა.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura