მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 250422 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თვით ბრძენი დიონოსი და ეზროსიც გვემოწმებიან, რომ „საბრალოა ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს“. ავთანდილსაც, თითქოსდა „ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანამა“, ღაწვებზე ცრემლი უბრწყინავდა. ლერწამივით ტანაყრილი ჭაბუკი, ფერთა ციაგით ლალი რომ დაეჩაგრა, სამკვიდროს ტოვებდა და უცხოობაში საყარიბოდ მიეშურებოდა:


„ვის ბადაღში არა ჰგვანდეს, და ლერწამი ტანად ეზროს,

იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.“


ავთანდილმა მინდორი ჯირითით გაიარა და არაბეთის საზღვარს გასცდა. თინათინისაგან დაშორება სიცოცხლეს უნახევრებდა და დარდს უასკეცებდა. წავიდა, მაგრამ გული მასთან დარჩა. თავს ინუგეშებდა, იქნებ კვლავ მეღირსოსო მისი ნახვა. არათუ შვება-სიხარული დათმობა, მისთვის სიკვდილიც კი ეადვილებოდა და ლხინად მიაჩნდა: „შენთვის სიკვდილი მეყოფის, ლხინად ჩემისა თავისად“.

და მაინც, ვარამი სულ უფრო მძაფრად ეუფლებოდა ჭაბუკ მიჯნურს, „ვარდი მის მზისა გაყრილი, უფრო და უფრო ჭნებოდა“. სასოწარკვეთილი ზოგჯერ ხანჯალსაც წაეტანებოდა - გულში დავიცემო, მაგრამ მსწრაფლ სიმხნევეს მოიკრებდა და გონს მოეგებოდა. დადიოდა ავთანდილი უცნობ ადგილებში უცხო მოყმის საძებნელად. მგზავრებთან მეგობრობდა, ცდილობდა მათგან შეეტყო რამე.


„მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა, სდის ზღვათა შესართავისად

უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად.“


მიწის პირი ერთბ მოვლო, მაგრამ იმ მოყმის ამბის მსმენელსაც ვერავის მიაგნო. ამასობაში სამი წელი სამ თვედ მიიწურა. ბოლოს სადღაც მწირსა და უდაბურ ადგილას მოხვედრილიყო, მთელ თვეს ძეხორციელი არ ენახა. დიდი გასაჭირი ადგა, ისეთი, თვით ვისსა და რამინსაც რომ არ დასდგომიათ. დღე და ღამე სატრფოს მოგონებაში იყო. მასზე ფიქრითღა სულდგმულობდა.

დიდი და მაღალი მთის წვერზე დაისადგურა. იქიდან თვალწინ გადაეშალა ვრცელი მინდორი, მთელი კვირის სავალი იქნებოდა. მთის ძირას პატარა მდინარე დიოდა, უხიდოდაც იოლად გადასასვლელი. მდინარეს მიადგა, ვერც წინ წასვლა გადაეწყვიტა, ვერც უკან დაბრუნება. დრო რომ გამოთვალა, ვადამდე ორი თვეღა დარჩენოდა, ამაზედ ოხრავდა და კვნესოდა. ცალკე იმას შიშობდა, ვაითუ საიდუმლო გამიმჟღავნდეს და ყველაფერი ცუდად დატრიალდესო. საგონებელში ჩავარდნილიყო, აღარ იცოდა რა ექნა:

უკან დავბრუნდე, ჩემს მნათობს რაღა პასუხი მივუტანო, ამდენი ხანი რომ ფუჭად გამილევია? რა ვუთხრა იმისი, ვის საძებნელადაც წამოვსულვარ, ჭორიც რომ ვერა გამიგია რა? არ დავბრუნდე და კვალავაც ვეძებო, შევიტყობ კი მის ამბავს? ამასობაში დათქმული დრო გავა, შერმადინი იმედს გადაიწყვეტს და ღაწვებზე ცრემლის ღვარი ამაოდ დაედინება. მეფესაც ეახლება და როგორც თვითონვე დავავედრე, ჩემს სიკვდილს აუწყებს. სასახლეში მწარე გლოვას მიეცემიან და... „მერემე მივიდე ცოცხალი, სადმე სხვაგან მე რებული!“

ამას ფიქრობდა მტირალი, ეს უშფოთებდა გონებას, ამიტომ შეჰღაღადებდა ღმერთს საყვედურით: „სამართალნი შენი ჩემთვის რად ამრუდენ“, ამდენი სიარული წყალში რად ჩამიყარე, სიხარული რად წამართვი და ნაცვლად ჭირი რად დამიბუდე გულში, მთელი ჩემი დღე და მოსწრება ცრემლსა და ვაებაში რომ მიდისო.

ისევ და ისევ ცდილობდა თავი გაემხნევებინა - კმარა, დღეის იქით ნუ მოვკვდებიო, გული გაემაგრებინა - დარდით ნუღარ დადნებიო. რა გაეწყობა, ასეთი ყოფილა ჩემი ხვედრი: „ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“. თუ ღვთის ნება და შეწევნა არ იქნა, სულერთია, ვერაფერს გავხდები, ცრემლს ამაოდ ვღვრიო.

მთიდან ძირს დაეშვა მდინარის გასწვრივ ტყისპირა შამბნარს გაუყვა. გაოცებული იყო: ქვეყანაზე უნახავი არავინ გამიშვია და იმ მოყმის ამბავი როგორ ვერ გავიგეო?! უეჭველად მართალი ყოფილან, ქაჯად რომ თქვესო, და თუ ასეა, რაღა მაქვს სატირალი, ტყუილად ცრემლს რაღად ვღვრიო?

ავთანდილმა მდინარე გადალახა, ტყე გაიარა და გაიმინდვრა. ტაიჭი აუჩქარებლად მიჰყავდა და თითქოს მიირხეოდა. სევდას და ბოღმას დაეპყრო:


„გასცუდებოდა მკლავნი და მისნი სიამაყენია,

ბროლისა ველსა სტუმრობდეს გიშრისა მუნ საყენია."


უკან გამობრუნება დააპირა. ოხრა-კვნესა აღმოხდა და გზა ისევ განაგრძო. მინდორზე თავქვე დაეშვა და მანძილი თვალით მოზომა. მთელ თვეს ძეხორციელი არ ენახა. შორიახლო საზარელი მხეცები იყვნენ. არც კი ცდილა დაეფრთხო. თუმცა ჯავრისაგან გაცეცხლებულიყო და გულამოსკვნილი კვნესოდა, „ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა“. როსტომ-გმირის მკლავზე უგრძესი ისრით ნადირი მოჰკლა, შამბნარის პირას ჩამოხტა და კვესით ცეცხლი გააჩაღა.

ცხენი საძოვარზე რომ მიუშვა და მწვადის შეწვას უცდიდა, დაინახა ექვსი ცხენოსანი მისკენ მოეშურებოდა. ჯერ იმედი გაეღვიძა, იქნებ იმ მოყმისა რამე იცოდნენო, მაგრამ მძარცველებს მიასმგავსა და ხელი ჩაიქნია: მათგან რა უნდა გავიგო კარგიო, ესეცაა, აქ ხომ ძეხორციელს, ალბათ, დღემდე ფეხი არ დაუდგამსო!

მშვილდ-ისარს ხელი დაავლო და მათკენ მღიმარე გაემართა. შენიშნა, რომ ორ წვეროსან კაცს უწვერული ახალგაზრდა მოთქმა-ტირილით მოჰყავდათ. თავში ყოფილიყო დაჭრილი, სისხლით დაცლილს გული შეღონებოდა, ძლივსღა სუნთქავდა. შეეხმიანა: ძმანო ვინა ხართ? ყაჩაღებს მიგამსგავსეთო!

- დამშვიდდი, - მიუგეს მათ, - გვიშველე რამე, ამ ცეცხლისაგან გვიხსენი! თუ ვერაფერი გვარგო, მოგვისამძიმრე, სატირალი მოგვიტირე, ღაწვნი შენც დაიკაწრე, ჩვენი ჭირ-ვარამი შენც გაიზიარე!

ავთანდილი მათ მიუახლოვდა და, რა მოგსვლიათო გამოჰკითხა. ისინი უამბობდნენ, გულმდუღარედ მტირალნი:

- ჩვენ სამივენი ძმები ვართ, ხატაეთს დიდი ციხე-ქალაქი გვაქვს. გვითხრეს, აქეთ კარგი სანადირო ადგილებიაო, და ჩვენც გამოვეშურეთ, თან უთვალავი ლაშქარი ვიახლეთ. მდინარის პირას დავბანაკდით. სანადირო მოგვეწონა და მთელი თვე დავრჩით. მთასა თუ ბარში უამრავი მხეცი დავხოცეთ. სამივენი დაუცდენლად ვისროდით, ჩვენი ბადალი არავინ ჩანდა. მერე ერთმანეთსაც დავეცილენით - „მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო“. ბევრი ვიდავეთ, მაგრამ სამართალი ვერ გავაჩინეთ. უარესობას ვუკადრისობდით.

- დღეს ლაშქარი ავყარეთ და შინისაკენ გზას გავუყენეთ, ირმის ტყავით დატვირთული. გადავწყვიტეთ, ერთხელ კიდევ გვეცადა ბედი და დანამდვილებით გაგვეგო, თუ ვინ ვსჯობდით, ვის უფრო მარჯვე მკლავი ჰქონდა. დავთქვით მარტონი წავსულიყავით, თითოს, თითო მეაბჯრეღა გვეახლებინა, ნადირიც თავად წამოგვეფრთხო და ისე გვესროლა. „მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია“, მხეცთ მუსრი გავავლეთ, ზევიდან გადაფრენილი ფრინველიც არ გაგვიშვია ცოცხალი.

- ანაზდად პირქუში და მრისხანე მოყმე გამოჩნდა. შავს მერანზე იჯდა, „თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია“. მისი მსგავსი მშვენება კაცის თვალს ჯერ არ ენახა. რა შევხედეთ, მის ელვათა შუქს თვალი ვერ გავუსწორეთ, ვთქვით, მზე ციდან ქვეყნად ჩამოსულაო!

მოყმის შეპყრობა მოვიწადინეთ. მე, უფროსმა ძმამ, უმცროსთ ხვეწნა-მუდარით გამოვსთხოვე, მაგას თვითონ მოვუვლი-მეთქი. მომდევნო ძმამ მისი ტაიჭი შეიხარბა, ქებით მოიხსენია. უმცროსმა, მარტოდმარტო მოვერევიო, დაიქადა, ვაი, რომ არ დავუშალეთ, მისკენ გაექანა და ჩვენც უკან მივყევით, იმ მოყმეს დავედევნეთ.

იგი კვლავ მშვიდად მიდიოდა, მშვენებით გაბრწყინებული. მეტად ახლოს რომ მივეტანეთ, თითქოს სისხლი აემღვრაო, მოთეთრო-მოვარდისფრო ღაწვები წითლად აელეწა, ამით შნო და ლაზათი თითქოს შეემატა კიდეც


„ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი, თხელნი ანატიფნა,

იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა“.


არც ძირს ჩამოგვყარა და არც ზეითად დაგვტოვა. სულაც არაფრად ჩაგვაგდო, იარაღიც არ უხმარია, „მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!“ უმცროსი ძმა თავისას მაინც არ იშლიდა. მივცვივდით, და ვცადეთ აღარ მიგვეშვა. ეს უბედური ხელით მისწვდა და, შეჩერდიო, ესეც რომ შეჰბედა, მოყმემ მათრახი გადაჰკრა და თავი შუაზე გადაუფრიწა, ძირს მკვდარივით დასცა:


„მისი რასმე მკადრებელი, მოამდაბლა, მოამიწა,

თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი წა!“


ამის შემდეგ უკან არც მოუხედავს, მშვიდად და აუჩქარებლად გასწია. „აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად“, - შორს უთითებდნენ მწარედ მტირალნი შავტაიჭოსან მხედარზე, ძლივს რომ მოჩანდა.

ასე მოულოდნელად აუსრულდა ავთანდილს გულის საწადელი და წილად ერგო „ ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა“: ვისაც ეძებდა, მის კვალს მიაგნო. უხაროდა, რომ ამდენი ხნის ყარიბად სიარული ფუჭად არ დაკარგულიყო. გამოვლილი ხიფათი და გაჭირვება აღარც კი აგონდებოდა:


„კაცთა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა,

მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა“


- ძმანო, მე იმ მოყმის საძებნელად მოვშორებივარ სამკვიდროს და ამ უდაბურ ადგილას მოვსულვარ, - უთხრა მათ ავთანდილმა. - ახლა თქვენი წყალობით მიმიკვლევია ესოდენ ძნელად მოსახელებელი მისი გზა-კვალი. ასემც თქვენ აგსრულებოდეთ გულის წადილი, მე რომ ამისრულდა! ასემც ღმერთმა უშველოს თქვენს ძმას და თქვენი დასაღონი არა ინებოს რა!

თქვა თუ არა ეს, თავისი სადგომი უჩვენა და შესთავაზა: დაჭრილი ჩრდილში გადასვით და თქვენც მოისვენეთ, დაღლილ-დაქანცული იქნებითო. თვითონ კი დეზით ცხენი გაქუსლა და საბელიდან თავდახსნილი მიმინოსებრ ლაღად გაფრინდა. მოყმისაკენ მიეშურებოდა როგორც „მთვარე მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა“.

მწველი ცეცხლი მოეშორებინა, წუხილი გასცლოდა. აი, საცაა დაეწევა. ახლა სხვა საფიქრალი გაუჩნდა: როგორ მივიდეს და რა უთხრას? გონივრულად უნდა მოიქცეს, თორემ ვაითუ „შმაგი უფრო გააშმაგოს“, და მაშინ ხომ ყველაფერმა ფუჭად ჩაუარა ავთანდილს! არა, რამე უნდა იღონოს.


„ხამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,

არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს“


- რაკი ასე გულამღვრეული და გახელებულია, - ფიქრობდა ავთანდილი, - პირისპირ სასაუბროდ არავის მიუშვებს. დავეწიო, ერთმანეთის შეხლა-ჭიდილი არ აგვცდება. ან მომკლავს, ან შემაკვდება, და ამით ხომ მისი ამბავი „დაიმალვის მეტის-მეტად“, ქვეყნად ისეთი არსება ვის გაუგონია, რომ თავისი ბუდე და სამყოფელი არ ჰქონდეს? დავაცდი, მივიდეს, საცა მისასვლელია, და, რანაირი ზღუდითაც უნდა იყოს მოვლებული, შევაღწევ და იქიდან შევიტყობ, რისი შეტყობაც მწადია.

ორი დღე და ღამე ასე იარეს, უცხო მოყმეს ავთანდილი მალულად კვალში ედგა. დამაშვრალთ ერთხელაც არ შეუსვენიათ, არც არა უჭამიათ რა. მესამე დღეს, საღამო ჟამს დიდ კლდეებს წაადგნენ. ძირს მდინარე დიოდა, მისი ნაპირები ხშირ შამბნარს დაეფარა. კლდეთა შუა დიდრონ ხეებს ტანი მაღლა აეყარათ, თვალს ძლივს აუწვდენდი.

შორიახლო გამოქვაბული ყოფილიყო. უცხო მოყმემ მდინარე გადალახა და იქით გაემართა. ავთანდილი ჩამოქვეითდა, მაღალი ხე შეარჩია, ცხენი დააბა და თვითონ იმ ხეზე ავიდა სათვალთვალოდ. ვეფხვის ტყავით მოსილმა ჭაბუკმა ტყე რომ გავლო და გამოქვაბულს მიაუახლოვდა, იქედან ქალი გამოეგება: შავი ჯუბა ეცვა, ხმამაღლა ატირდა, მისი ცრემლი ზღვას ერთვოდა.

მოყმე ცხენიდან ჩამოხტა, ყელს მკლავებით მოეჭდო და შესტირა: „დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს“, სანამ დრო იყო, ვაი, რომ ვერ ვიპოვეთ, ვისი ცეცლითაც ვიწვითო. ეს თქვა და მკერდში მჯიღი წაიშინა, ცრემლი წვიმისაებრ მოსდიოდა. ავთანდილი შორით უჭვრეტდა მატი ქცევით განცვიფრებული.


„იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა,

ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა,

იზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა“.


სიმწრისაგან სახე დაეხოკათ. მერე ერთმანეთს სისხლი მოსწმინდეს, სული მოიბრუნეს, ცოტათი დაწყნარდნენ. ქალმა ტაიჭი გამოქვაბულში შეიყვანა და აკაზმულობა მოხადა. მოყმეს აბჯარი მოხსნა და ისიც შეიტანა. შიგნით შევიდნენ და იმ დღეს გარეთ აღარ გამოსულან.

ავთანდილი დაღონდა, რანაირად უნდა გავიგო მისი ამბავიო, საგონებელში ჩავარდნილიყო.

რა გათენდა, ქალი გამოვიდა, ისევ შავი ემოსა. მერანს ლაგამი ამოსდო და შეკაზმა. შემდეგ წყნარად და უხმაუროდ აბჯარიც გამოიტანა. მოყმეს წესად ჰქონებოდა დადებული, ამაზე მეტხანს არ არ დარჩენილიყო. გამოთხოვებისას ერთმანეთს მოეხვივნენ და აკოცეს.

ჭაბუკი ცხენზე შეჯდა და გზას გაუდგა. ისედაც დაღვრემილი ასმათი უარესად შეწუხდა: ტიროდა, მკერდში მჯიღს იცემდა, ხშირ თმას ბღუჯა-ბღუჯა იგლეჯდა.

უცხო მოყმე იმავე გზით წამოვიდა, წინა დღეს რომ გაევლო. ავთანდილი მალულად ხეს ამოეფარა და გაფაციცებით უჭვრეტდა:


„ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა,

ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, „ნუთუ მზეაო, - თქვა, - ცისა?“

ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა

ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.“


მოყმემ რომ შამბნარი კარგა შორი მანძილით უკნ მოიტოვა და გაიმიდვრა, ავთანდილმა შვებით ამოისუნთქა:

- ამას რა სჯობია - ფიქრობდა იგი, - მოყმე წავიდა, ახლა ქალი მარტოა. მივალ შევიპყრობ, მის ამბავს ვაამბობინებ, ჩემსასაც ყველაფერს ვეტყვი. ღვთის წყალობით საქმე დიდებულად მოეწყო: რასაც ვეძიებდი, ისე გავიგებ, „მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო“.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი
 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ