წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 9413 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ბავშვის განვითარების პირველი თვეუკან დარჩა ფეხმძიმობის 9 თვე, ტოქსიკოზი, შეშუპებები, სხვადასხვა სახის დისკომფორტი, ნერვიულობა მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე და ბოლოს და ბოლოს საკუთარი თვალით დაინახავთ ვინ იჯდა თქვენს სხეულში 9 თვის განმავლობაში.

მშვიდობიანად ჩაივლის სამშობიარო სახლში გატარებული რამოდენიმე დღეც და როგორც იქნა გადააბიჯებთ საკუთარი სახლის ზღურბლს ახალ სიცოცხლესთან ერთად. თუმცა დიდ სიხარულსა და ბედნიერებასთან ერთად რატომღაც იგრძნობთ მღელვარებასაც...

ბევრი დედა, მიიყვანს რა ახალშობილს სახლში, ფიქრობს რომ მას აღარ ექნება თავისუფალი დრო - არც დღით და არც ღამით. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ ეს ასეცაა, მაგრამ არ შეიძლება ამის გამო ნერვიულობა და შფოთი.

ნუ შეეცდებით ბავშვის მოვლასთან ერთად, სახლში გასაკეთებელი ყველა საქმე დამოუკიდებლად გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დროს მარტო არავინ დაგტოვებთ და ვიღაც ყოველთვის ეცდება შრომა შეგიმსუბუქოთ.

გახსოვდეთ, რომ ჩვილი ბავშვები მშვენივრად გრძნობენ დედის მდგომარეობას. რაც უფრო მეტს განიცდით და ინერვიულებთ, მით უფრო მეტს იტირებს თქვენი პატარა. მშვიდ, გაწონასწორებულ დედას, ჰყავს მშვიდი ბავშვი.

 

ახალშობილის დღის რეჟიმი

 

ახალშობილის ჩვევების გამომუშავებაახალშობილი ბავშვის ყველაზე მთავარი ამოცანაა, შეეგუოს მისთვის ახალ გარემოს.

ახალდაბადებულ ბავშვს თავისი სიცოცხლის პირველ თვეს სძინავს დღეღამეში დაახლოებით 20 საათი და ძირითადად იღვიძებს ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ბავშვი დღეღამეში საშუალოდ იკვებება 7-8-ჯერ.

ადრე, ექიმები ემხრობოდნენ მოსაზრებას, რომ აუცილებელი იყო ახალშობილის გამოკვება ყოველ 3 საათში, მაგრამ ეხლა ტენდენცია შეიცვალა და მიიჩნევა, რომ ბავშვის გამოკვება საჭიროა მისი მოთხოვნის შესაბამისად.

მიუხედავად ამისა, დედა მაინც უნდა ეცადოს რომ ბავშვისთვის საკვების მიცემას შორის ინტერვალი არ იყოს 2 საათზე მეტი.

გარდა ამისა, დღემდე საკამათოა თემა: უნდა მივცეთ თუ არა ახალშობილს წყალი. ექიმების ნაწილი თვლის, რომ დედის რძე ისედაც შეიცავს საკმარისი რაოდენობის წყალს და დამატებით წყლის მიცემა საჭირო არ არის. მედიკოსების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახალშობილისთვის წყლის მიცემა აუცილებელია.

თუ თქვენ მაინც მისცემთ წყალს პატარას, დაიმახსოვრეთ, რომ არავითარ შემთხვევაში წყლის დატკბობა, ან რაიმე სახის წვენის გარევა არ არის რეკომენდებული.

იხილეთ ვრცლად: ბავშვი და წყალი

წლის თბილ პერიოდში, შესაძლებელია პატარას გასეირნება უკვე პირველივე დღეებიდან. სეირნობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 10-15 წუთს. წლის ცივ პერიოდში კი რეკომენდებულია სეირნობა დაიწყოთ ბავშვის სახლში მოყვანიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ. სეირნობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 5-10 წუთს.

დღის განმავლობაში მოუწყვეთ პატარას მცირეოდენი ჰაერის აბაზანები. მაგალითად, ვიდრე აცმევთ ჩვილს, ცოტახნით დატოვეთ იგი შიშველი. იწვეს ასე, იმოძრაოს. ამასთან ოთახში ჰაერის ტემპერატურა არ უნდა იყოს 22 გრადუსზე ნაკლები.

 

ჩვევების გამომუშავება

 

ახალშობილის ჩვევების გამომუშავებაახალშობილი წევს ძირითადად მოხრილ მდგომარეობაში, რომელიც წააგავს ემბრიონის პოზას. ფეხები და ხელები აქვს მოხრილი, ხოლო მტევნები მომუშტული. თუ მას დააწვენთ მუცელზე - მცირე ხნით წამოსწევს თავს.

ამ ასაკში პატარას აქვს მკაფიოდ გამოხატული შემდეგი რეფლექსები: წოვის რეფლექსი (წოვს მკერდს, საწოვარას) და ჩაჭიდების რეფლექსი (პატარა მთელი ძალით ჩაეჭიდება ხოლმე გაშვერილ თითს).

მისი მხედველობისა და სმენის ფუნქციები განვითარებულია სუსტად. პატარა თითქოსდა „აცეცებს“ თვალებს, თუმცა არ შეუძლია მზერის ფოკუსირება. უკვე თვის ბოლოს კი პატარა იწყებს ნაცნობი და უცნობი ხმების გარჩევას და ნაცნობ სახეებზე ყურადღების კონცენტრირებას (თუ სახე არის უშუალოდ მისი თვალების წინ).

უკვე მე-10-12 დღიდან აუცილებელია პატარა დღეში რამდენჯერმე დააწვინოთ მუცელზე. ამის გაკეთება შეიძლება კვებამდე, ან კვებიდან 15-20 წუთის შემდეგ. ბევრ ახალშობილს ეს არ მოსწონს, ამიტომ დაწყება შეიძლება 2-3 წუთიდან და თანდათანობით მუცელზე წოლის ხანგრძლივობა აიყვანოთ 20 წუთამდე.

ეს ხელს უწყობს მუცლის და კისრის კუნთების განვითარებას, აგრეთვე გაზების გამოდევნას.

 

ახალშობილის ზრდა

 

ახალშობილის ზრდასიმაღლე, წონა, თავის და მკერდის გარშემოწერილობა - ის ძირითადი მონაცემებია, რომლის დახმარებითაც ექიმი აფასებს ბავშვის მდგომარეობას.

ახალდაბადებული ბავშვის საშუალო წონა 3400 გრამია, სიმაღლე 50 სმ, ხოლო მკერდის გარშემოწერილობა 34 სმ.

ბევრ დედას აშინებს ის ფაქტი, რომ როგორც მათ ეჩვენებათ, ახალშობილს აქვს დიდი თავი, მაგრამ ეს ნორმად მიიჩნევა.

ახალდაბადებული ბავშვის თავის გარშემოწერილობა შეიძლება 2-3 სმ-ით აღემატებოდეს მკერდის გარშემოწერილობას. უკვე მესამე თვისთვის ბავშვის სხეულის პროპორციები თანაბრდება.

ერთ წლამდე ჯანმრთელი ბავშვის თავის გარშემოწერილობა გამოითვლება ფორმულით:

თავის გარშემოწერილობა (სმ ) = (სიმაღლე (სმ) + 19) : 2

რაც შეეხება წონას, თავდაპირველად ახალშობილი კარგავს მას, მაგრამ უკვე მე-10 დღისთვის იგი იბრუნებს პირვანდელ წონას.

პირველ თვეში პატარამ უნდა მოიმატოს წონაში არანაკლებ 800 გრამი. სხვათა შორის, ბავშვები, რომლებიც იკვებებიან დედის ძუძუთი, იმატებენ უფრო მეტად, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი პატარები.

 

ახალშობილის ჭიპლარი

 

ახალშობილის ჭიპლარისამშობიარო სახლიდან გამოწერის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჭიპლარის ჭრილობის შეხორცებას.

დღეში 2-ჯერ დაამუშავეთ იგი წყალბადის ზეჟანგში დასველებული ბინტის ტამპონით. შემდეგ კი ბრილიანტის მწვანეში (ზელიონკა) დასველებული სხვა ტამპონით.

ჩვეულებრივ, პირველი კვირის ბოლოს ჭიპლარის ჭრილობა უკვე მშრალი და დავიწროვებულია, რაც საშუალებას იძლევა, რომ ახალშობილი აბანავოთ. თუ  ჭრილობა ფართოა და სველდება, უმჯობესია ბავშვის ბანაობისგან თავი შეიკავოთ. 

ჭიპლარის ჭრილობის ნორმალურად შეხორცების შემთხვევაში, აუცილებელია ბავშვი ყოველდღე აბანავოთ. დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. სასურველია ძილის წინ.

იმის გამო, რომ ჩვილის კანი ძალიან ნაზი და სათუთია, შამპუნის და საპნის გამოყენება საკმარისია კვირაში 2-ჯერ. წყლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ახალშობილი არ გაამშრალოთ. უმჯობესია ფრთხილად შეაშროთ წყალი ხაოიანი პირსახოცით.

 

ნაწლავური ჭვალები და გაზები

 

ნაწლავური ჭვალები და გაზებიმუცლის შებერილობა და ნაწლავების ჭვალები (ნაწლავთა კოლიკა), სიცოცხლის პირველ თვეებში აწუხებს პრაქტიკულად ყველა ახალშობილს.

ეს ხდება იმის გამო, რომ ნაწლავების კუნთები ნაკლებადაა გავარჯიშებული და საკვები ნაწლავებში გადაადგილდება ძალიან ნელა.

ზოგადად დადგენილია, რომ ნაწლავის ჭვალი ნაკლებად აწუხებთ ის პატარებს, რომლებიც ბუნებრივ კვებაზე იმყოფებიან, ხოლო იმ ბავშვებში, რომლებიც მშობლებს ხელოვნურ კვებაზე ჰყავთ, ასეთი შემთხვევები გაცილებით ხშირია.

ახალშობილის კოლიკაზე გავლენას ახდენს დედის კვება, ამიტომ იგი უნდა მოერიდოს ისტი პროდუქტებს როგორიცაა: ციტრუსები, მჟავე პროდუქტები, რძის პროდუქტები (სწრაფი ფრაგმენტაციის რძე და ყველი), ბოსტნეული, მწვანილი, სანელებლები, კოფეინი, შოკოლადი, გაზიანი სასმელები.

მნიშვნელოვანია ერთმენეთისგან გაარჩიოთ თუ რის გამო ტირის ბავშვი და არის თუ არა ეს ტირილი გამოწვეული ნაწლავთა ჭვალით და გაზების დაგროვებით. 

ნაწლავური ჭვალისა და გაზების დაგროვების შემთხვევაში ბავშვის ტირილი მოულოდნელი და გამკივანია. იგი მცირე ხნით წყდება და შემდეგ კვლავ გრძელდება. პატარა მუშტავს ხელებს, ღუნავს ფეხებს და ამოზნიქავს ზურგს. 

თავიდან მშობლებს უჭირთ იდენტიფიცირება, თუ რის გამო ტირის ახალშობილი და ვერ ახერხებენ მის დაწყნარებას, რის გამოც იძაბება ვითარება მშობლებს შორის, ბავშვი გრძნობს ამას და იქმნება ჩაკეტილი წრე, საიდანაც თავის დაღწევა ძნელია. თუმცა დედამ მალე უნდა აუღოს ალღო სიტუაციას და შეეცადოს შვება მისცეს საკუთარ პირმშოს.

თუ ბავშვს მუცლის შებერილობა, ნაწლავთა ჭვალა და გაზების აწუხებს,  ნუ მისცემთ მაშინვე სხვადასხვა სახის წამლებსა და აბებს, ეს არ არის არც საჭირო და არც სასარგებლო.

იმისათვის, რომ ახალშობილი გაზებისგან და მისგან წარმოქმნილი დისკომფორტისგან გაანთავისუფლოთ, დააწვინეთ იგი ზურგზე, დაადევით ხელისგული მუცელზე და გაუკეთეთ ფრთხილი მასაჟი წრიული მოძრაობებით საათის ისრის მიმართულებით (დაახლეობით 12-ჯერ). ხელისგული უნდა გქონდეთ თბილი, ხოლო ოთახის ტემპერატურა არ უნდა იყოს 22 გრადუსზე ნაკლები. შემდეგ გააკეთეთ ბავშვის ნეკნებიდან მუცლის ცენტრისკენ მსუბუქი ზიგზაგისებური მოძრობები. როგორც წესი, ასეთი მასაჟის შედეგად  ახალშობილის ნაწლავებიდან გამოიდევნება გაზები და ხდება დეფეკაცია.

ნაწლავის ჭვალს კარგად უმკლავდება სითბო, ამიტომ თუ ბავშვის მდგომარეობა არ შემსუბუქდა, და გაზები ძლიერ აწუხებს, შეიძლება მუცელზე დაადოთ უთოთი გაუთოვებული რამდენჯერმე გადაკეცილი სუფთა საფენი. სითბო გამოიწვევს ნაწლავის კედლების მოდუნებას და გაზების გამოდევნას. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის კანი ძალიან ნაზია და დაუკვირდით, რომ საფენი ზედმეტად ცხელი არ იყოს.

ნაწლავური ჭვალები და გაზები 3შეიძლება ახალშობილი გაზებისგან გაათავისუფლოთ შემდეგი გზითაც: დააწვინეთ პატარა ზურგზე, მოუხარეთ ფეხები მუხლებში და გადასწიეთ მუცლის მიმართულებით ისე, რომ მუხლები შეეხოს მკერდს და ოდნავ დააწექით (ეს ძალიან ფრთხილად გააკეთეთ და დაუკვირდით ბავშვის რეაქციას).

შემდეგ გააკეთეთ იგივე, მაგრამ მოხარეთ ბავშვის ფეხები სათითაოდ - ჯერ ერთი, მერე მეორე.

კარგი შედეგი აქვს ვარჯიშს „ველოსიპედი“. ასწიეთ ბავშვის ფეხები ზემოთ და გააკეთეთ წრიული, ბრუნვითი მოძრაობები.

ამ მეთოდებით ზედმეტი გაზები ძალიან ადვილად გამოიდევნება ნაწლავებიდან. პატარა შვებას იგძნობს და მალე ჩაიძინებს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილმა მეთოდებმაც არ უშველა, უკვე საჭირო გახდება სამკურნალოდ მიმართოთ სამედიცინო პრეპარატებს.

იმისათვის რომ წინ აღუდგეთ ნაწლავის კოლიკას, საჭიროა დაეხმაროთ ახალშობილს რათა განთავისუფლდეს მეტორიზმისგან და მოხდეს მისი ნაწლავთა მუსკულატურის მოდუნება. ამისთვის მას შეიძლება მისცეთ კუპლატონი. საკმარისია 4 წვეთი. წინასწარ აურიეთ წამალი წყალში და მიეცით ხსნარი პატარას კოვზის საშუალებით. უკვე რამოდენიმე წუთის შემდეგ ბავშვი დაწყნარდება და დაიძინებს.

გარდა ამისა, ექიმები ნიშნავენ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა: ესპუმიზანი, ბები ქალმი, ბობოტიკი, ბებინოსი და სხვა...

თუ ისეთ პირობებში ხართ, რომ ხელთ არაფერი არა გაქვთ, შეგიძლიათ დაფშვნათ ჩვეულებრივი ნოშპა და შეურიოთ იგი წყალში ან ჩაიში. თუმცა ასეთი მკურნალობით გატაცებას არ გირჩევთ. უმჯობესია სპეცილური ზემოთ აღნიშნული საბავშვო პრეპარატები, რომელიც სწრაფად გაუმკლავდება პრობლემას.

მაგრამ, ნუ შეიძენთ ამ პრეპარატებსაც პედიატრის დანიშნულების გარეშე. აფთიაქში კი დააკვირდით, რომ მედიკამენტს ჰქონდეს წარწერა - „ბავშვებისთვის“. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.

ორიოდე სიტყვით შევეხოთ ხალხურ საშუალებებსაც. ყველასთვის ცნობილია, რომ კამის წყალი სულ რაღაც რამოდენიმე წუთში ხსნის სპაზმს და გამოდევნის გაზებს (დღესდღეობით არსებობს კამის წყლის შემცველი თანამედროვე საშუალებებიც. მაგალითად „გრაიპ ბეიბი“- Gripe Baby, ჰიპის კამის წყალი, კამის ჩაი და სხვა).

ნაწლავური ჭვალები და გაზები 2კამის წყლის შეცვლა შეიძლება სხვადასხვა სახის ბალახის ჩაით, რომელთა შეძენა შეიძლება აფთიაქებში. საკმარისია ერთი კოვზი ჩაი გახსნათ 250 მლ წყალში, მისცეთ ბავშვს და იგი რამოდენიმე წუთში დაწყნარდება.

თუ ბავშვს პრობლემა არც მედიკამენტებმა მოუხსნა და იგი კვლავ აგრძელებს ჭირვეულობასა და ტირილს, შესაძლოა ნაწლავთა ჭვალის გარდა უვითარდება სხვა დაავადება.

ამ შემთხვევში უნდა მიმართოთ ბავშვთა გასტროენტეროლოგს, რომელიც ჩაატარებს დიაგნოსტიკას და დაადგენს ახალშობილის ასეთი მდგომარეობის მიზეზს.

იხილეთ ვრცლად: ახალშობილი და გაზების დაგროვება

 

საკვების ამოღებინება

 

ახალშობილის მიერ საკვების ამოღებინებაერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც მშობლები მიმართავენ ექიმს, არის ახალშობილის მიერ დედის რძის, ან ხელოვნური საკვების ამოღებინება.

სამწუხაროდ, ამოღებინება შესაძლოა იყოს როგორც ნორმა, ასევე პათოლოგიის მაჩვენებელი.

ერთი თვის ასაკის ახალშობილებში, ძალიან რთულია საკვების ამოღებინების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ზედმეტი საკვები, კვების დროს ბავშვის არასწორი პოზა (მკერდთან ბავშვის არასწორად დაჭერა), ჩამოუყალიბებელი კუჭნაწლავი და ა.შ.

მაგრამ ყველა შემთხევევაში, 3 თვემდე ასაკის ახალშობილებში, საკვების ამოღებინება მაინც მიიჩნევა ნორმად და არ არის საშიში (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი თავს კარგად გრძნობს და სტაბილურად იმატებს წონაში).

იმისათვის რომ შეამციროთ ბავშვის მიერ საკვების ამოღებინების რისკი, კვების წინ დააწვინეთ იგი მუცელზე, ხოლო კვების პროცესში თვალყური ადევნეთ, რომ პატარას არ ჰქონდეს ცხვირი მიჭერილი თქვენს მკერდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი გადაყლაპავს ზედმეტ ჰაერს, რაც გამოიწვევს უფრო ძლიერ ღებინებას.

თუ ეს შესაძლებელია, გამოკვებეთ ბავშვი ნახევრად ვერტიკალურ მდგომარეობაში და გახსოვდეთ, რომ სამი თვის ასაკისთვის პატარამ უნდა შეწყვიტოს საკვების ამოღებინება.

სამ თვეზე მეტი ასაკის ბავშვის მიერ საკვების ამოღებინება ნიშნავს, რომ საჭიროა ექიმების ჩარევა.

 

ახალშობილის თამაში და სათამაშოები

 

ახალშობილის თამაში და სათამაშოებიახალშობილს მხედველობა აქვს პირველი დღიდან, მაგრამ იგი ჯერ კიდევ ცუდად არის განვითარებული. რომელიმე კონკრეტულ საგანზე, ან ადამიანზე მზერის კონცეტრირება მას არ შეუძლია.

ჩვეულებრივ, ახალდაბადებულის მზერის კონცენტრაცია ყალიბდება პირველი თვის დასასრულსა და მეორე თვის დასაწყისში: ბავშვი შეძლებს მზერა შეაჩეროს დედის სახეზე, ნათელი ფერის სათამაშოზე, მცირე ხნით გააყოლოს თვალი მოძრავ საგანს.

მხედველობითი რეაქციების დასახვეწად, საჭიროა უკვე პირველი თვის ბოლოს, ახალშობილის საწოლის თავზე 70 სმ-ის დაცილებით ჩამოჰკიდოთ მკაფიო, ნათელი ფერის სათამაშოები, რათა ბავშვმა შესძლოს მათზე მზერის ფოკუსირება.

იდეალურია სპეციალური მუსიკალური სათამაშოები, რომელიც მაგრდება საწოლზე. უპირველეს ყოვლისა ასეთი სათამაშოები არის მკაფიო ფერის, მეორეც ნელა ბრუნავს და ავარჯიშებს ბავშვის მზერას და მესამე - თან ახლავს ხოლმე წყნარი მელოდიური მუსიკა, რომელიც ასევე დამაშვიდებლად მოქმედებს პატარაზე.

 

ახალშობილთან ურთიერთობა

 

ახალშობილთან ურთიერთობამიუხედავად იმისა, რომ პირველი თვეების განმავლობაში პატარას დიდი ხანი სძინავს, მცირეხნიანი სიფხიზლის პერიოდები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან ერთად ბავშვმა აუცილებლად უნდა იგრძნოს სითბო და ალერსი.

ამიტომ, ხშირად ესაუბრეთ მას, მიმართეთ სახელით, კომენტარი გაუკეთეთ საკუთარ მოქმედებას, უმღერეთ და საერთოდ, ბევრი ეკონტაქტეთ.

ამ დროს ბავშვისთვის მნიშვნელოვანია არა სიტყვები, არამედ თქვენი ინტონაცია. ეცადეთ, რომ მან იგრძნოს თქვენი სიყვარული, მიუხედავად ასეთი პატარა ასაკისა, ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან.

სწორედ ამის გამო უკიდურესად მოერიდეთ უწმაწურ და უხეშ საუბარს მისი თანდასწრებით, განსაკუთრებით მაღალ ტონებში.


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

სწრაფი სესხები


თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის აურა