წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 17940 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ნეტავ რა ხელმა ახარა

ამდენი ხე და ხეხილი, 

ათასფრად აყვავებული, 

ერთმანეთს გადაგრეხილი?


ცა მშვენიერი, მაღალი, 

მიწა ნაყოფით ნაქები, 

ცისარტყელებად გაშლილი 

ვენახები და ბაღები...


გაოცებული ვკითხულობ, 

ქვეყანაა თუ ზღაპარი - 

ქართლის, კახეთის მშვენება 

და იმერეთის მთა-ბარი.


სამეგრელო და გურია, 

რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, 

აფხაზეთი და აჭარა 

დამშვენებული მწვანეთი.


რა წალკოტები არ ვნახე, 

რა ვენახები, რა ხილი, 

"დაწერე ხილთა ქებანი!" 

მესმოდა მათი ძახილი.


ვაშლის, ნარინჯის, ყურძენის 

მეც უნდა დავყვე ნებასა

მათი სურვილით, ბავშვებო, 

დაგიწერთ ხილთა ქებასა!


შინდმა თქვა: 

"მე ვარ პირველი, 

ლალისფერ ნაყოფს გპირდებით, 

გაზაფხულდება თუ არა, 

ოქროს ყვავილით ვირთვები!"


ტყემალმა უთხრა: 

"გაჩუმდი, 

შენზე ნაკლები როდი ვარ, 

თოვლისფერ კაბით მორთული

მეც ხომ შენ შემდეგ მოვდივარ!"


მარწყვმა გაიგო, იწყინა: 

"მეზობლებს დავუჩაგრივარ, 

ლალისფერიც ვარ, ტკბილიც ვარ, 

ბუნებას დავუშაქრივარ.


რატომ ტრაბახობს ნეტავი 

ტყემალი კბილის მკვეთავი?... 

შინდიც ნუ ამიხირდება, 

შემოდგომაზე მწიფდება!'


ყურძენმა უთხრა: "რას ბოდავ, 

თუმც შემოდგომით ვმწიფდები, 

მაგრამ შენც, მარწყვიც, მაყვალიც

ამაოდ გამეჯიბრებით!


ტკბილიც ვარ, 

ღვინის დედაც ვარ, 

დაფასებული ასწილად, 

თავს რატომ იქებ, პატარავ, 

ქებას ხომ კიტრის ფასი აქვს!"


უცებ ბოსტანში გაჯავრდა 

კიტრი, წოლისგან დაღლილი, 

აყვირდა, წამოეშალა 

ხორკლები ტანზე დაყრილი: 

"რა გინდათ, მე რად მახსენებთ, 

ჩემზე რამ გაგაგულისათ?...

მე ვარ ვაჟკაცის მალამო, 

გამგრილებელი გულისა!"


იქვე ნებივრად მჯდომარე 

საზამთროს გაეცინება; 

ეტყვის: 

"რას ამბობ, ვაჟკაცებს 

შენ არ შეჰყარე ციება?!

ხილიც მე ვარ და მალამოც, 

ხილთა სათავეს მე ვზივარ, 

ტკბილი ვარ, 

ჩაშაქრებული, 

განა უნდილი ნესვი ვარ!"


ნესვი სიბრაზით გაყვითლდა, 

მარცხვენენ, თავსა მჭრიანო. 

თქვა: 

"ერთი ჰკითხეთ, გაბერილს

საზამთრო რათა ჰქვიაო? 

შემოდგომამდე ბერდება, 

ვაშლების შურით სივდება, 

ყურს ნუ ათხოვებთ, ავყიას 

ტრაბახი არ მოსწყინდება".


ღაჟღაჟა თურაშაული 

ხის ტოტებს მოსწყდა, დაგორდა, 

ცალი ყბით იღიმებოდა, 

ან სატირალი რა ჰქონდა

მიგორავდა და ამბობდა: 

"ქალწულის ლოყას მადარეს, 

მე ვარო ქართლის მშვენება, - 

ქვეყანა უბით მატარებს!"


მწიფე, გორულმა ატმებმა

სიცილით ბაგე გააპეს, 

კომშს გადახედეს ამაყად, 

ჩუმი ჩურჩული გააბეს... 

ლეღვის ხეს თვალი ჩაუკრეს, 

ნუ ჩავებმებით ომშიო, 

თორემ ან ფშატი დაგვჩაგრავს, 

ან მახრჩობელა კომშიო!


ფშატმა იწყინა, ცრემლებით 

აევსო წვრილი თვალები, 

მაგრამ ჩაჩუმდა... უეცრად 

თავს წამოადგნენ ბალები, - 

დაშაქრებული ნაყოფით 

ლალისფრად ნაბრიალები, 

იცინოდნენ და ლხინობდნენ, 

თავს დახვეოდნენ ქალები.


თხილზე ამბობდნენ: 

"რა არის, 

ხილი არის თუ ღილია, 

ხან ნაბდით დადის, მორცხვია, 

ხან გულმკერდგაღეღილია!"


თხილმა თქვა: 

"ჩემი ბარაქა 

ხალხმა მშვენივრად გაიგო, 

ჩემი პაწაწა ნაყოფი 

ცხრა ძმამ საჭმელად გაიყო!"


ნუშის ხეს ესალმებოდნენ

ლამაზი ბროწეულები, 

ბაგეს ხლეჩავდნენ, უჩანდათ

კბილები ძოწეულების: 

"შენ თუ ვარდისფრად ირთვები, 

ჩვენ გვამკობს იაგუნდები, 

ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, 

ერთმანეთს ნუ შევძულდებით!"


კამათში გარეულიყვნენ 

კვრინჩხი, 

ზღმარტლი 

და პანტაცა; 

მსხალმა იწყინა, 

შესძახა: 

"გაჩუმდით, თქვენსა გაზრდასა! 

სადაც უნდა და არ უნდა, 

თქვენც ცხვირი უნდა გახიროთ, 

სწორედ თქვენზეა ნათქვამი: 

აბა ჩვენც ნახირ-ნახირო! 

მორცხვი ვარ, 

მიტომ გავჩუმდი, 

თორემ სავსე ვარ თაფლითა, 

ასე რამ გაგაგულისათ, 

რას შემომკნავით დაბლიდან?"


თუთამ დახარა თვალები, 

თქვა: 

"მეც ხომ თაფლის წვეთი ვარ, 

მეც მათქმევინეთ რას ჩხუბობთ, 

რა თავი აგიწყვეტიათ?"


ვერ მოითმინა ხურმის ხემ, 

ინდოეთიდან მოსულმა, 

აქამდის დადუმებულმა 

და განრისხებით მოცულმა -


"თუთავ, გაჩუმდი, 

ქართლ-კახეთს

შენ, მართალია, ხილი ხარ, 

აბა ლიხს იქით იკითხე, 

რა სახელგატეხილი ხარ!"


თუთა შემკრთალი გაჩუმდა, 

თან მორცხვად თავი დახარა, 

შეირხა, ტკბილი ნაყოფი 

დაბლა ცრემლებად დაყრა. 

წამოეშველნენ თუთის ხეს

წაბლი, ჟოლო და ქლიავი:

"ნაზია, ჩამოეხსენი, 

არ მიაკარო ნიავი!"


ხურმას შესძახეს: 

"აბა თქვი, 

ვინა ხარ, ანდა რა ხილი!" 

მაგრამ შეჩერდნენ, მოესმათ 

მათ უცნაური ძახილი...


ზღვის პირას შეკრებილიყვნენ 

ხეები ნარინჯიანი, 

ისმოდა მათი სიმღერა, 

ხმაშეწყობილი შრიალი.


ნარინჯი პირველს ამბობდა, 

თურინჯი ჭექდა მეორეს, 

მხედრულს ამბობდა ლიმონი, 

გულს უმხნევებდა მეომრებს.


ისმოდა მათი ძახილი: 

"ჩვენ გვეძახიან ციტრუსებს, 

გასცილდა ჩვენი სახელი

საქართველოს და დიდ რუსეთს!

შორეულ მხარეს გაისმის

ჩვენი ბუკი და ნაღარა, 

ოქრო ვართ დაუთვალავი, 

ქართველმა კაცმა გვახარა!"


სიმღერამ ყველა მოხიბლა, 

გაისმა მწყობრი გუგუნი, 

შეხმატკბილდნენ და ამღერდნენ 

ზოგი ხმით, ზოგი დუდუნით.


ათასწლოვანმა კაკლის ხემ 

გაიშრიალა ხმიანად, 

ხილთა ქვეყანას დასძახა 

გუგუნით, ომახიანად: 

"თქვენა ხართ 

ჩემი შვილები, 

მე თქვენი 

ბერი პაპა ვარ. 

მე ხომ თვით საქართველო ვარ, 

ბანის სათქმელად მზადა ვარ!


ტოტებით ზეცას ვეხები, 

ფესვი მიწას მაქვს გადგმული, 

მე თქვენ პაპის პაპა ვარ, 

საქართველო ვარ განთქმული!


იზარდეთ, 

ტკბილად დამწიფდით, 

ქართველი კაცი ახარეთ. 

ოქროს და ლალის ნაყოფი 

ჩვენს მიწას გადააყარეთ!'

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura