მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 71765 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მომავალი დედა

 

ორსულობის 28-ე კვირაორსულობის 28-ე კვირა ნიშნავს, რომ თქვენ უკვე გადადით მესამე ტრიმესტრში და  დადგა ფეხმძიმობის მე-7 თვე.

ამ ეტაპიდან, საჭიროა მეტი კონტროლი საკუთარი ჯანმრთელობისა და მდგომარობის მიმართ. შესაძლოა ექიმთან ვიზიტებიც უფრო ხშირად გახდეს საჭირო, ვიდრე წინა პერიოდებში.

28-ე კვირისთვის, აგრძელებს ზრდას საშვილოსნო, პარალელურად იზრდება არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ პლაცენტაც. იზრდება სანაყოფე ამნიოტური სითხის მოცულობაც. შესაბამისად ხდება ორსულის მატება წონაში.

მომავალი დედის წონის მატება ამ ეტაპისთვის შეადგენს დაახლოებით 9 კგ-ს. თუ მეტი მოიმატეთ, რეკომენდებულია განტვირთვის დღეები (წინა კვირებში აღწერილი გვაქვს თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

თუ საკუთარ თავს არ ენდობით და გსურთ ეს სწორად და ზუსტად გააკეთოთ, მიმართეთ გინეკოლოგს, რომელიც აკონტროლებს თქვენ ორსულობას).

ორსულობის ამ ვადაზე, ბევრი ქალი ნერვიულობს იმის შესახებ, ხომ არ არის ნაყოფი მუცელში მდგომარეობით - არა თავით, არამედ ფეხებით ქვემოთ. სავარაუდოდ, ამ პერიოდისთვი ნაყოფი უკვე ნორმალურ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ თუ ასე არ არის, სანერვიულო არაფერია, ეს კვირა გამოირჩევა ახალი შეგრძნებებით და ნაყოფის მაღალი აქტიურობით. მას ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი ადგილი აქვს საშვილოსნოში, რომ თავისუფლად გადატრიალდეს.

თუ მაინც განიცდით ამას, შეგიძლიათ მიმართოთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ სპეციალურ სავარჯიშოებს, რომელიც ნაყოფს დაეხმარება გადატრიალებაში და ნორმალურ მდგომარეობის დაკავებაში.

საქმე იმაშია, რომ სპეციალისტების აზრით, მომავალი დედის გუნება-განწყობილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის მისი მუცელი გაზრდილი და რამდენი მოიმატა წონაში. ამიტომ, არ ღირს ცხოვრების გართულება, საჭიროა ზომიერება რათა საკუთარი თავი მოუხეშავად და ტლანქად არ იგრძნოთ.

გარდა ამისა, ზედმეტი წონა შეიძლება გამოწვეული იყოს ჰესტოზით, რაც საფრთხის შემცველია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

საშვილოსნოს ფსკერი ამ პერიოდისთვის ჭიპის ქვემოთ იმყოფება, ამიტომ ქალებს, რომელთაც ვიწრო მენჯი აქვთ, მუცელი შესაძლოა ძალიან გამოეწიოთ და მას ჰქონდეს წვეტიანი ფორმა.

გამონადენი 28-ე კვირისთვის შეიძლება იყოს მოთეთრო ფერის, ერთგვაროვანი და კეფირის სუნით. თუ გამოვლინდა გამონადენი, რომელსაც ხაჭოსებრი სტრუქტურა და მომჟავო სუნი აქვს, ასევე ადგილი აქვს წვასა და ქავილს, საჭიროა მიმართოთ ექიმს, რადგან ამ ვადაში რძიანა (კანდიდოზი) ხშირი მოვლენაა.

ამ პროცესის პროვოცირებას შეიძლება ხელი შეუწყოს არასაკმარისმა ჰიგიენამ, მჭიდრო და სინთეტიკური ქსოვილით დამზადებული საცვლების ტარებამ, რაც ხელსაყრელ გაემოს ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად.

თუ გამონადენი 28-ე კვირაზე ჩირქოვანი ან ლორწოვანი სახისაა, აუცილებელია დამატებითი გამოკვლევები და მკურნალობა, რადგან ეს შეიძლება სასქესო ორგანოების ინფექციების ნიშანი იყოს.

თუ ადგილი აქვს პლაცენტის წინამდებარეობას, შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ინტენსივობის  სისხლოვანი გამონადენი. სისხლდენის შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას თან ახლავს ტკივილები მუცლის ქვემოთ და საშვილოსნოს ტონუსის მკვეთრი მომატება (საშვილოსნოს კუნთის დაჭიმულობა), საჭიროა ექიმთან ვიზიტი, რადგან ამ მდგომარეობამ 28-ე კვირაზე შესაძლოა ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.

ზოგიერთი მომავალი დედა ნერვიულობს პატარა მუცლის გამო. თუ ნაყოფის განვითარებაში შეფერხებები არ არსებობს, პატარა მუცელის აიხსნება სხვადასხვა მიზეზებით, მაგალითად მცირეწყლიანობით, რომელიც თავისთავად ორსულობის პათოლოგიას წარმოადგენს და გამოწვეულია რაიმე სახის დარღვევით - მაგალითად ინფექციით. გარდა ამისა, პატარა მუცლის მიზეზი შეიძლება იყოს ნაყოფის განივი მდებარეობა მუცელში.

ნაადრევი მშობიარობის რისკი ამ ეტაპზე ნაკლებად ანერვიულებთ მომავალ დედებს, ვიდრე წინა კვირებში, რადგან 28-ე კვირისთვის დაბადებულ ბავშვს გადარჩენისა და სრულფასოვანი სიცოცხლის ძალიან მაღალი შანსები აქვს. თუმცა პატარას მოთავსება ხდება სპეციალურ ინკუბატორში გარკვეული ხნის განმავლობაში, სადაც იგი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო და აუცილებელი პირობით.


ზოგადი რჩევები

კვების ხარისხი - ორსულობის 28-ე კვირა

28-ე კვირიდან კვლავ დიდი მნიშვნელობა აქვს დედის კვების ხარისხს. ბავშვი უკვე არჩევს ტკბილი და ცხარე საკვების გემოს, თუმცა ჯერ არ შეუძლია უპირატესობის მინიჭება. თუმცა სწორედ ამ პერიოდიდან არის შესაძლებელი ჩაუნერგოთ პატარას გარკვეული კვებითი ჩვევები - მას შეუძლია მიეჩვიოს იმ საკვებს, რომელსაც იღებს დედა.

საკვების შერჩევის დროს, ისევე როგორც წინა კვირებში საჭიროა რაციონიდან გამორიცხოთ ალერგენული კატეგორიის პროდუქტები, აგრეთვე: ცხარე, შემწვარი და ცხიმიანი პროდუქტები, რადგან ეს გარდა იმისა, რომ არანაირი სარგებელი არ მოაქვს, გულძმარვის განვითარებას უწყობს ხელს.

ზოგადად, იცოდეთ, რომ უმჯობესია ყოველ ახალ ჯერზე ახალმომზადებული საკვების მიღება. მართალია ამას მეტი დრო სჭირდება, მაგრამ არა უშავს. ბავშვის დაბადების შემდეგ თქვენ მაინც ამით იქნებით დაკავებული. ასე რომ გაივარჯიშებთ :).

გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ახლად მომზადებულ საკვებშია სასარგებლო კვებითი ნივთიერებები და არ მიმდინარეობს ლპობის პროცესი, რომელიც აუცილებლად ახლავს შენახულ ან ხელახლა გაცხელებულ საკვებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხოლოდ ახლადმომზადებული საკვებით მიიღებს თქვენი პატარა საკვებ ნივთიერებებს ტოქსინების გარეშე.

ძალიან მნიშვნელოვანია კვების დროს მომავალ დედას ჰქონდეს დადებითი ემოციები. ეს ხელს უწყობს ორგანიზმში კუჭის წვენის გამოყოფას, და საკვებსაც უკეთესად უთვისებს ორგანიზმი, შედეგად კი ბავშვამდე აღწევს მეტი რაოდენობის მკვებავი ნივთიერებები.

აქვე ავღნიშნავთ, რომ დადებითი ემოციები აუცილებელია ბავშვის ძუძუთი გამოკვების დროსაც. იგი ხელს უწყობს რძის გამომუშავებას და წოვითი რეფლექსის ამაღლებას. გახსოვდეთ, რომ დედის რძე ბავშვის ძლიერ მუნური სისტემის საფუძველია.

დიეტოლოგები რეკომენდაციას იძლევიან ამ კვირიდან შეტანილი იქნას კორექტივები კვებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადგილი აქვს შეშუპებებს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია სითხის, ცხარე, მარილიანი და ტკბილი საკვების შეზღუდვა - ანუ ყველაფერი ის, რაც იწვევს წყურვილს.

სითხის შეზღუდვა საჭიროა ნორმის ფარგლებში, რადგან მისი მიღება ამ პერიოდში მნიშვნელოვანია. იგი არა მარტო ზრდის სისხლის მოცულობას და არეგულირებს სანაყოფე გარსში ამნიოტური სითხის ბალანსს, არამედ ხელს უწყობს ორსულის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ცვლილებები, რომელიც ხდება ამ კვირიდან, ითხოვს მომავალ დედისგან უკიდურეს სიფრთხილეს ყველაფერში, რადგან მნიშვნელოვანია ბავშვმა მიაღწიოს საჭირო ვადამდე, ამისთვის კი თქვენი მიზანი უნდა იყოს ჯანმრთელობის შენარჩუნება და ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა. 

ორსულის მდგომარობა 28-ე კვირაში

ვიტამინებისა და კალციუმის მიღება ამ კვირაშიც აქტუალურია. ამ ვადაში ექიმმა შეაძლოა კვლავ დანიშნოს ფოლიუმის მჟავა, რომელიც აუცილებელია ნაყოფის კუნთების განვითარებისთვის და დედის კანზე დაჭიმულობისა და სტრიების შემცირებისთვის.

ინტიმური ცხოვრების უკუჩვენება ორსულობის ამ ვადაზე არ არსებობს იმ შემთხვევაში, თუ არ არის ნაადრევი მშობიარობის საშიშროება ან სხვა სახის ნებისმიერი გართულება. ამიტომ ასეთის არსებობის შემთხვევაში უმჯობესია თუ შეზღუდავთ ან საერთოდ თავს შეიკავებთ სექსუალური კონტაქტებისგან.

არ შეიძლება არანაირი დამღლელი საქმიანობა. მაგალითად: დალაგება, თეთრეულის გაფენა, ფარდების დაკიდება, სიმძიმეების აწევა, კიბეებზე ასვლა და ა.შ, რადგან ამ პერიოდში, თქვენს მდგომარეობაში დამღლელია ყველაზე უბრალო საქმიანობაც კი.

ერთი სიტყვით თავი აარიდეთ ყოველგვარ ისეთ მოქმედებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის კუნთების დაძაბვა და საშვილოსნოს ტონუსის მომატება.

ფიზიკური აქტიურობაც უნდა შეამციროთ. რა თქმა უნდა სეირნობა აუცილებელია, თუმცა აუჩქარებელი ტემპით და მცირე მანძილზე.

თუ გარშემომყოფები ამჩნევენ რომ ფერმკრთალი ხართ, ან თავს სუსტად გრძნობთ და ხშირად გაქვთ თავბრუსხვევა, გაიკეთეთ სისხლის ანალიზი რკინაზე.

მიირთვით მეტი ჩირი, ნიგოზი, თაფლი, შტოში და ნებისმიერი სხვა პროდუქტი, რომელიც შეიცავს რკინას.

 

მოსალოდნელი ნიშნები და შეგრძნებები

 

კვება - ორსულობის 28-ე კვირა ნაყოფის მუდმივი მოძრაობა (გამონაკლისია მისი ძილის შუალედები);

წონაში მომატება; სახისა და თეძოების მომრგვალება;

შესაძლო კანის ქავილი და აქერცვლა;

გაძლიერებული ტკივილი წელის არეში (სახსრებისა და მყესების მუდმივი დაძაბულობისა და სიმძიმის ცენტრის გადანაცვლების გამო) - ეს გაჭიანურებული ტკივილი ძალიან წააგავს რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილს;

ხშირად - ხელის თითების, სახისა და ყელის შეშუპება;


გამოკვლევები


თვეში ორჯერ - გინეკოლოგთან ვიზიტი მენჯის გაზომვისა და აწონვისთვის;

სისხლის საერთი ანალიზი;

შარდის საერთო ანალიზი;

ტესტი რკინის დონის განსაზღვრისთვის (ბავშვის ანემიის თავიდან ასაცილებლად);

გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის ტესტი (ორსულთა დიაბეტის განვითარების გამოსავლენად);

სისხლის ანალიზი ანტისხეულებზე - რეზუს უარყოფითი სისხლის ჯგუფის ორსულებისთვის (ნაყოფსა და დედას შორის შესაძლო რეზუს-კონფლიქტის დასადგენად);

ამ შემთხვევაში აუცილებელია იმუნოგლობულინის ინექციის გაკეთება (ამ ინექციების და სისხლის ფაქტორის შეუთავსებლობის შესახებ ვრცლად არის მიმოხილული მე-16 კვირაში);

შესაძლო სხვა პროცედურები - ექიმის შეხედულებით (მაგალითად არაგეგმიური ულტრაბგერითი გამოკვლევა - მხოლოდ ინდივიდუალური მაჩვენებლების მიხედვით)


შესაძლო პრობლემები


შესაძლო პრობლემები - ორსულობის 28-ე კვირაორსულს ხშირად აწუხებს ტკივილები, რადგან მუცელი უკვე საკმაოდ დიდ ზომისაა და ნაყოფი აძლიერებს დატვირთვას ზურგისა და წელის კუნთებზე. ამიტომ, ამ პერიოდში რეკომენდებულია სპეციალური ბანდაჟის ტარება, რომელიც სწორად დააფიქსირებს მუცელს, მოხსნის დატვირთვას ზურგზე, შეამცირებს ტკივილს წელის არეში და საგრძნობლად შეამსუბუქებს მდგომარეობას.

რისკის მაღალ ფაქტორს მიეკუთვნება ფიზიკური დატვირთვები. თუ მომავალი დედა ბევრს მუშაობს და დიდი ხნის განმავლობაში დგას ფეხზე, შესაძლოა ამან გამოიწვიოს მაღალი არტერიული წნევა, ვარიკოზი და ძლიერი ტკივილები ზურგის არეში. ზოგჯერ მოძრაობის შებოჭილობა.

გადაღლილობასა და ზედმეტი დატვირთვების შედეგად, შესაძლოა დაიწყოს პლაცენტის ნაადრევი აშრევება, რის გამოც ორსულობის 28-ე კვირაზე ნაყოფის განვითარება საშვილოსნოში შენელდეს ან შეჩერდეს.

თუ შეინიშნება სანაყოფე წყლების დაღვრა, აუციებელია მაშინვე მიმართოთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს სანაყოფე გარსის დაზიანების ნიშანი. სანაყოფე გარსის მთლიანობის დარღვევას კი მოჰყვეს ინფექციების შეჭრა და ნაადრევი მშობიარობა.

ზოგჯერ მომავალ დედას მუცელი ქვემოთ ქაჩავს და იგი თითქოსდა ქვასავითაა გამაგრებული. ამ სიტუაციამ განსაკუთრებული ტკივილები არ იცის, ხოლო დაძაბულობა მალე გაივლის, საკმარისია ორსულმა ცოტა დაისვენოს ან წამოწვეს.

საშვილოსნოს ასეთი ტონუსი ძითითადად მოწმობს „ვარჯიშის“ სახის სამშობიარო შეტევებზე, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს შეიძლება მოასწავებდეს მშობიარობის შეწყვეტის საფრთხესაც. ამიტომ, თუ ეჭვობთ, რომ მსგავს სიტუაციაში იმყოფებით, აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის თქვენს ექიმ/გინეკოლოგს, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა გემუქრებოდეთ.

არც თუ ისე იშვიათად, ორსულს აღენიშნება გულის რევის შეგრძნება. საქმე იმაშია, რომ მუცელი ეყრდნობა დიაფრაგმას და კუჭისთვის მცირე ადგილი რჩება. სწორედა ამიტომ არის საჭირო მცირე რაოდენობით და ხშირად საკვების მიღება. მდგომარეობის შესამსუბუქებლად სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან ძილის დროს გამოყენებული იქნას მაღალი ბალიში.

მუცლის სწრაფი ზრდის გამო, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კანის ძლიერ ქავილს, რომლისგანაც განთავისუფლება ბოლომდე ვერ მოხერხდება, თუმცა დამარბილებელი კრემებისა და ზეთის რეგულარული გამოყენება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მდგომარეობას.

იხილეთ ვრცლად: ფეხმძიმობა და ქავილი

შესაძლებელია კვლავ ჰქონდეს ადგილი გართულებულ სუნთქვას, რადგან მუცელი ჯერ კიდევ არ არის ქვემოთ დაშვებული. ზოგჯერ, 28-ე კვირაში, მომავალმა დედები უარს ამბობენ საკვების მიღებაზე, რადგან გულის რევის შეგრძნება, მუცლის კუჭზე დაწოლის შედეგად ძალიან ძლიერდება.

იგივე მიზეზით, შეიძლება ადგილი ჰქონდეს განწყობილების ხშირ ცვლილებას, გაღიზიანებულობას, დეპრესიას - თუმცა არ ღირს ნერვიულობა, რადგან ეს ყველაფერი დროებითი და ბუნებრივი მოვლენაა ამ ეტაპზე, რომელიც მალე გაივლის. მშობიარობამდე ხომ დიდი დრო აღარ არის დარჩენილი.

კვლავ მოსალოდნელია ფეხებში სიმძიმის შეგრძნება და შეშუპებები. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მეტი დასვენება და ფეხების სიმაღლეზე (მაგალითად ბალიშზე) შემოდება. აგრეთვე, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საჭიროა სითხის მოცულობისა და მარილის რაოდენობის კონტროლი.

 

პლაცენტა

 

პლაცენტის დანიშნულება

პლაცენტის დანიშნულებაპლაცენტა - იგივე „ბავშვის ადგილი“ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბავშვის ზრდაში, განვითარებაში და ზოგადად სიცოცხლეში.

პლაცენტის საშუალებით ხორციელდება ნაყოფის სუნთქვა - მიეწოდება ჟანგბადი და გამოაქვს ნახშიროჟანგი. გარდა ამისა, პლაცენტის საშუალებით პატარასთან ხვდება საკვები და უკან გამოდის ნივთერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები (მეტაბოლიზმის პროდუქტები).

პლაცენტას ნაყოფის იმუნური დაცვის ფუნქციაც აკისრია. იგი ასევე ასრულებს ენდოკრინული სიტემის როლს (შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის ფუნქციას) და გამოიმუშავებს ჰორმონებს. ერთ-ერთი მათგანია ქორიონული გონადოტროპინი (BჰჩG), რომლის მიხედვითაც განსაზღვრავენ ორსულობას ადრეულ სტადიებზე, რადგან ჰორმონი ხვდება ქალის სისხლში განაყოფიერებიდან მე-10 დღეს.

ორსულობის მე-7-8 კვირაში კი პლაცენტა გამოიმუშავებს კიდევ ორ ჰორმონს - ესტროგენს და პროგესტერონს, აგრეთვე: კორტიკოსტეროიდებს, ანდროიდებს, პლაცენტურ ლაქტოგენს, პროლაქტინს.

პლაცენტა და სანაყოფე ბუშტი წარმოიქმნება სანაყოფე გარსებით - ქორიონით და ამნიონით. პლაცენტის ფორმირება ხდება ქორიონის შემადგენელი ტროფობლასტის უჯრედებისგან.

ეს უჯრედები - ბუსუსები ჩაიზრდება საშვილოსნოს კედლის სისხლძარღვებში და არღვევს მათ, რითაც აკავშირებს პლაცენტას დედის სისხლძარღვთა სისტემასთან. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის ეს ორი ნაკადი ცირკულირებს ერთმანეთის გვერდით, ნაყოფისა და დედის სისხლის შერევა არ ხდება, რადგან ისინი გაყოფილია ეგრეთ წოდებული პლაცენტარული ბარიერით.

ჩვენ, ორსულობის კვირებში დაწვრილებით აღვწერთ, თუ როგორ იზრდება და ვითარდება ნაყოფი კვირიდან კვირამდე. ასევე იზრდება პლაცენტაც, ამასთან საკმაოდ სწრაფად. მაგალითად, თუ მე-10 კვირისთვის, მისი მასა 20 გრამია, ათი კვირის შემდეგ (მე-20 კვირისთვის) მასა 170 გრამს აღწევს. კიდევ 10 კვირის შემდეგ (30-ე კვირისთვის) - 430 გრამს, ხოლო მშობიარობის მომენტისთვის პლაცენტის მასა 650 გრამია.

პლაცენტის სიმწიფის ხარისხი

0 ხარისხის სიმწიფე - ვადა - 26-29 კვირა

I ხარისხის სიმწიფე - ვადა - 30-33 კვირა

II ხარისხის სიმწიფე - ვადა - 34-37 კვირა

III ხარისხის სიმწიფე - ვადა - 38-40 კვირა

პლაცენტა წარმოიქმნება ორსულობის მე-2 და მე-3 კვირებს შორის. მე-3 კვირის განმავლობაში ქორიონის ბუსუსები უკვე მტკიცედ არის ჩანერგილი საშვილოსნოს კედელში. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბუსუსები შლიან საშვილოსნოს კედლის სისხლძარღვებს, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით სისხლოვანი ბუდობები.

ბუსუსებს, რომელებიც ჩატვირთულია ამ ბუდობებში, მიაქვთ დედის სისხლიდან ჟანგბადი და მკვებავი ნივთიერებები. ერთმენეთში გადახლართული ბუსუსების სისხლძარღვები უერთდება ჭიპლარის ვენას, რომელიც გადის ჭიპლარში და სწორედ მისი საშუალებით იღებს ნაყოფი მკვებავ ნივთიერებებსა და ჟანგბადს.

ნაყოფის ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები უკან ბრუნდება ჭიპლარის არტერიის საშუალებით (რომელიც ასევე გადის ჭიპლარში) ბუსუსებში და ხვდება დედის სისხლში.

როგორი უნდა იყოს პლაცენტა

როგორი უნდა იყოს პლაცენტამშობიარობის მომენტისთვის მომწიფებულ პლაცენტას ბრტყელი, მრგვალი ან ოვალური ფორმა აქვს. მისი დიამეტრი დაახლოებით 15-20 სმ-ს უტოლდება, სისქე კი 2-3 სმ-ია. მასა შეადგენს 650 გრამს (ნაყოფის მასის 1/6).

არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ზომის პლაცენტები. ძალიან დიდი პლაცენტა (მაგალითად წონით 800 გრ), შესაძლოა მოწმობდეს, რომ მომავალი დედა დაავადებულია ათაშანგით (სიფილისი) ან ბავშვს აქვს ჰემოლიზური დაავადება  (დედისა და ბავშვის სისხლის შეუთავსებლობა რეზუს-ფაქტორის მიხედვით).

თუმცა, შესაძლოა პლაცენტა დიდი იყოს ყოველგვარი თვალსაჩინო მიზეზის გარეშე.

ძალიან პატარა პლაცენტა (მაგალითად 400 გრ-ზე ნაკლები), შესაძლოა მიანიშნებდეს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხებაზე.

თუმცა, შესაძლოა პლაცენტა პატარა იყოს, მაგრამ ორსულობა მიმდინარეობდეს ნორმალურად.

პლაცენტის ზედაპირი (დედის მხარე), რომელიც საშვილოსნოს კედელზეა მიმაგრებული, ფოროვანი და ხორციანია, ნაყოფის მხარის პლაცენტის ზედაპირი კი გლუვია და დაფარულია წყლიანი და ქორიონული გარსით.

პლაცენტის ფერი წითელია ან მოწითალო-წაბლისფერი. მშობიარობის მომენტში, შესაძლოა მასზე გაჩნდეს თეთრი ლაქები. ეს კალციუმის მარილებია, ეგრეთ წოდებული ფიბრინი (ბოჭკო. უხსნადი ცილოვანი ნივთიერება).

როგორც წესი, ნაყოფის განვითარებისას წარმოიქმნება ერთი პლაცენტა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, ერთნაყოფიანი ორსულობის დროს ფორმირდება პლაცენტა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება (ორნაწილიანი პლაცენტა). ეს ნაწილები სისხლძარღვებითაა დაკავშირებული ჭიპლართან, რომელიც ნაყოფზეა მიმაგრებული.

მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს შესაძლოა განვითარდეს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე პლაცენტა. ზოგჯერ ფორმირდება ერთი პლაცენტა, რომლიდანაც გამოდის რამდენიმე ჭიპლარი. ამგვარად, ხშირად ტყუპები მოთავსებული არიან სხვადასხვა სანაყოფე გარსში, რომელთაგან პლაცენტისკენ მიემართება ორი ჭიპლარი.

ჭიპლარის სიგრძე, რომელიც პლაცენტას ნაყოფთან აკავშირებს, მერყეობს 30-დან 100 სმ-მდე. იგი თეთრი ფერისაა და მასზე გადის დიდი რაოდენობით სისხლძარღვები. ჭიპლარში მოთავსებულია ორი არტერია და ერთი ვენა.

პლაცენტის ანომალიები და პათოლოგიები

ძალიან დიდი პლაცენტა;

ძალიან პატარა პლაცენტა;

თხელი პლაცენტა;

პლაცენტის სიმსივნე (კეთილთვისებიანი);

პლაცენტის ინფარქტი/სისხლჩაქცევა;

ნამგლისებრი პლაცენტა

ორმაგი პლაცენტა;

დამატებითი პლაცენტა;

პლაცენტის ადრეული ან გვიანი მომწიფება;

პლაცენტის ფეტოპლაცენტურ უკმარისობა;

პლაცენტის წინამდებარეობა;

პლაცენტის ნაადრევი აცლა;

ძირითადად, პლაცენტის ამ ანომალიებს უმრავლესობა არ არის საშიში, უმრავლეს შემთხვევებში ორსულობა მთავრდება მშვიდობიანად და ნაყოფიც ჯანმრთელი იბადება. თუმცა  მიმოვიხილოთ, რა შეიძლება იყოს პლაცენტის ანომალიების მიზეზი და რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას:

პლაცენტის ანომალიების მიზეზები

წარუმატებელი აბორტი (რომელსაც მოჰყვა ანთებითი პროცესი საშვილოსნოში);

საშვილოსნოს სხვადასხვა სახის დაავაებები (ენდომეტრიოზი, დეფორმაცია, სიმსივნე);

სასქესო გზებით გადამდები ინფექციები;

ორგანიზმის საერთო დაავადება (გული, ღვიძლი ან თირკმლები) რომელსაც მოჰყვება მენჯის ორგანოების გამწვავება;

პლაცენტის ანომალიების შედეგები

პლაცენტის ნაადრევი აშრევება (სწორი განვითარების შემთხვევაში ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მშობიარობის შემდეგ);

სანაყოფე არხის გახევა (რომელშიც იმყოფება ბავშვი დედის მუცელში);

ნაყოფის განვითარების შეჩერება;

მშობიარობის ნაადრევი შეწყდომის საფრთხე;

ნაყოფის არასწორი მდებარეობა, რომელმაც შესაძლოა გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს მშობიარობის დროს;

პლაცენტის ანომალიებიპლაცენტის დაბალი წინამდებარეობა (პლაცენტის დაბალი მიმაგრება) არის მდგომარეობა, როცა სანაყოფე გარსის ქვედა მხარის დაშორება საშვილოსნოს ყელიდან (საშვილოსნოს შიდა პირიდან) 6 სმ-ზე ნაკლებია.

პლაცენტის გვერდითი ან ნაწილობრივი წინამდებარეობა - ეს არის პლაცენტის ქვედა შრით საშვილოსნოს შიდა პირის უმნიშვნელო გადაფარვა. პლაცენტის სრული წინამდებარობა კი არის მდგომარეობა, როცა პლაცენტა მთლიანად ფარავს საშვილოსნოს შესასვლელს.

ორსულობის ადრეულ სტადიებზე პლაცენტის აცლამ შესაძლოა ნაყოფის დაღუპვა, ხოლო გვიან სტადიებზე გართულებული მშობიარობა გამოიწვიოს (მათ შორის საშვილოსნოს ამოღების საჭიროება, თუ იგი გაჟღენთილია სისხლით პლაცენტის ნაადრევი აცლის გამო).

პლაცენტის ზრდის შეფერხებამ ან ზედმეტად ზომებში მომატებამ, შესაძლოა მისი ფუნქციების დარღვევა გამოიწვიოს. ამგვარად ნაყოფმა შეიძლება ვეღარ მიიღოს კვებითი ნივთიერებები და შეფერხდეს მისი ზრდა-განვითარება. პლაცენტის ზომების ცვლილებებმა შესაძლოა მისი უფუნქციობაც გამოიწვიოს.

პლაცენტის ანომალიების ძირითად სიმპტომთა შორის შეიძლება გამოვყოთ სისხლდენა, რომელიც გვამცნობს, რომ პლაცნეტა არასწორად არის მიმაგრებული და შესაძლოა ნაწილობრივ აშრევებულია კიდეც. ამის გარდა, ორსულს შეიძლება აღენიშნოს: მაღალი არტერიული წნევა, ტკივილი მუცლისა და წელის არეში, სისუსტე, თავის ტკივილი. ხშირად დაავადება შეიძლება გახდეს  გულის წასვლისა და სისხლში ჰემოგლობინის დონის დაწევის მიზეზი.

პლაცენტის სრული წინამდებარეობის შემთხვევაში, ბუნებრივი მშობიარობა შეუძლებელია, რადგან საშვილოსნოდან გამოსასვლელი მთლიანად ჩაკეტილია პლაცენტის მიერ.

ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს დაუყონებლივი ხელოვნური მშობიარობა - საკესრო კვეთის გზით, რადგან უხვი სისხლდენის დროს, რომელიც გამოწვეულია პლაცენტის საშვილოსნოდან აცლის მიზეზით, მაღალია როგორც ნაყოფის, ასევე დედის დაკარგვის რისკი. ბუნებრივი მშობიარობა შესაძლებელია პლაცენტის დაბალი ან ნაწილობრივი წინამდებარობის დროს.

პლაცენტის მკვდარი უბნები (პლაცენტის ინფარქტი) - პლაცენტის კიდევ ერთი პათოლოგიაა. მისი მიზეზია სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რასაც მოსდევს ხაოების ნეკროზი და ფიბრინის ძაფების შემდგომი ჩალაგება.

პლაცენტის ახალი ინფარქტის მონაკვეთები წითელია. შემდგომში კი იღებს მოთეთრო მომრგვალებული ფორმის ლაქების სახეს. ისინი შეიძლება განთავსებული იყოს პლაცენტის როგორც დედის, ასევე ნაყოფის მხარეს.

იშვიათ შემთხვევაში, პლაცენტის ინფარქტმა შესაძლოა მიაღწიოს დიდ ზომებს და გამჭოლად იყოს განთავსებული პლაცენტის მთელ სიგრძეზე. პლაცენტის დიდი ინფარქტების მიზეზი ხშირად არის ხოლმე თირკმლის დაავადებები, ტოქსიკოზი. უნდა აღინიშნოს, რომ ნაყოფის განვითარებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს პლაცენტის დიდი ინფარქტები (შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის დაღუპვაც კი), მაშინ როცა მცირე ინფარქტები თითქმის არ მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე.

პლაცენტალური ანომალიის ერთ-ერთი სახეობაა პლაცენტის სიმსივნე - ზოგჯერ გვხვდება მოთეთრო ფერის და სქელი კონსისტენციის მინაკვეთები პლაცენტის ზედაპირზე (დედის მხარეს). ამგვარი წარმონაქმნი წარმოადგენს კიროვან ნალექებს (კიროვანი ინკრუსტაციები). უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი წარმონაქმნები არ აისახება ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე.

შედარებით იშვიათად, შესაძლებელია აღმოჩენილი იქნას პლაცენტალური სიმსივნეები. ხშირად ეს არის ჰემანგიომა (სისხლძარღვოვანი სიმსივნე), აგრეთვე სუბარაქნოიდალური კისტა.

როგორც წესი ეს სიმსივნეები კეთილთვისებიანია, არ მოქმედებს ორსულობის მიმდინარეობაზე (მათი აღმოჩენა ხდება მომყოლის დაბადების შემდეგ).

პლაცენტის დიაგნოზისთვის გამოიყენება ულტრაბგერითი გამოკვლევები, რომელიც რეგულარაულად კეთდება მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში. მისი საშუალებით ხდება პლაცენტის ზუსტი მიმაგრების დადგენა და შესაძლოა ანომალიების გამოვლენა, თუ ასეთს ადგილი აქვს. შესაძლოა საჭირო გახდეს ორსულზე და ნაყოფზე რეგულარული დაკვირვების წარმოება.

პლაცენტის ანომალიების სამკურნალოდ გამოიყენება მედიკამენტოზური საშუალებები, აგრეთვე დღის რეჟიმის დაცვა. რეკომენდებულია მაქსიმალური სიმშვიდე და სწორი კვება. სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს წოლითი რეჟიმი და ძლიერი მედიკამენტების მიღება, რომელიც მიმართული იქნება ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკისკენ.


ასთმა


ორსულობა და ასთმაასთმა სასუნთქი ორგანოების დაავადებაა. მას ახასიათებს ბრონქებისა და ტრაქეას (სასულე) მომატებული მგრძნობელობა და გაღიზიანებულობა. ეს ორგანოები კი უშუალოდ მონაწილეობენ სუნთქვის პროცესში.

ასთმის დროს, ავადმყოფს უჭირს სუნთქვა, იგი ახველებს, ხროტინებს და სული ეხუთება. შესაძლოა ამ დროს ადამიანი გაიგუდოს კიდეც. ასთმას ახასიათებს შეტევები, რომელსაც ცვლის პერიოდები, როცა ავადმყოფი გრძნობს შვებას.

ქალების უმრავლესობა, რომლებიც დაავადებული არიან ასთმით, წარმატებით ატარებენ ბავშვს და მშობიარობენ.

ზოგიერთი ასთმით დაავადებული ქალბატონის მდგომარეობა, ორსულობის დროს უმჯობესდება კიდეც. უმრავლეს შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს ისე, როგორც ორსულობამდე და ფეხმძიმე ქალების მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნება მდგომარეობის გაუარესება.

თუმცა, თუ ფეხმძიმობამდე მომავალ დედას აღენიშნებოდა ძლიერი ასთმური შეტევები, სავარაუდოდ ორსულობის პერიოდში ეს შეტევები არ შეწყდება და ისევე გაგრძელდება.

არაკონტროლირებადი ასთმის ნიშანია გართულებული სუნთქვა. სუნთქვის მიზანი კი ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებაა.

ორსულ ქალს ჟანგბადის მოთხოვნილება ეზრდება 25%-ით. ორსულობის დროს ნაყოფის ორგანიზმი იღებს ჟანგბადს დედისგან, ანუ დედა უზრუნველყოფს ბავშვის სუნთქვას - სუნთქავს ნაყოფის ნაცვლადაც.

თუ სუნთქვა გაძნელებულია, დედის და ნაყოფის ორგანიზმში ხვდება ნაკლები ჟანგბადი. ნაყოფს კი ცუდად გადააქვს ჟანგბადის ნაკლებობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასთმის ძლიერი შეტევების თავიდან აცილება, უკიდურეს შემთხვევაში კი მათი სწრაფი მოხსნა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდად კონტროლირებული ასთმა შესაძლოა ნაყოფის მცირე მასის, ნაადრევი მშობიარობის, დაბადებისას თანდაყოლილი დეფექტების და სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.

შესაძლოა საფრთხე დაემუქროს არა მარტო ნაყოფს, არამედ დედას (მაგალითად ჰიპოქსია შესაძლოა დაემართოს ორთავეს).

რა შემთხვევაში წარმოადგენს ასთმა საფრთხეს

ასთმა არ ექვემდებარება კონტროლს ან მკურნალობის მეთოდის შეცვლაა საჭირო თუ:

ასთმური შეტევები უფრო ხშირია ვიდრე - 1-2 შემთხვევა კვირაში;

თუ ასთმის გამო ადგილი აქვს ღამით გაღვიძებას უფრო ხშირად, ვიდრე ორჯერ თვეში;

ბრონჰების მოსადუნებლად მედიკამენტების ყოველდღიური საჭიროება (როცა გამოიყენება ასთმური შეტევების დროს);

გარეგანი სუნთქვის მაჩვენებლები არ არის ნორმაში;

შეზღუდულია ფიზიკური აქტიურობა;

ასთმის მკურნალობაზე უარის თქმის რისკ-ფაქტორები

ასთმის მკურნალობაზე უარის თქმის რისკ-ფაქტორებითუ ორსულობამდე ქალს არ აღენიშნებოდა ასთმის არანაირი სიმპტომი, არ არის საჭირო ზედმეტი თავდაჯერებულობა, რომ ორსულობის დროს - სულის ხუთვა ან სტვენითი სუნთქვა ასთმის ნიშანია.~

ძალიან ცოტა ქალი, რომელმაც ზუსტად იცის რომ ასთმა აქვს, აქცევს ყურადღებას უმნიშვნელო სიმტომებს.

არ შეიძლება დავიწყება, რომ ასთმა აზიანებს არა მხოლოდ მომავალი დედის, არამედ ნაყოფის ორგანიზმს. ამიტომ აუცილებელია პროფილაქტიკური ზომების მიღება.

თუ ორსულობის დროს დაავადება გამოვიდა კონტროლიდან, მოსალოდნელია:

მაღალი სისხლის წნევა;

პრეეკლამფსია (დაავადება, რომელიც მაღლა სწევს წნევას და შესაძლოა დააზიანოს პლაცენტა, თირკმლები, ღვიძლი და ტვინი);

ხანგრძლივი ტოქსიკოზი ორსულობის საწყის სტადიაზე (ორსულთა ჰიპერემეზისი);

არაბუნებრივი გზით გამოწვეული მშობიარობა (როცა ორსულობას აჩქარებს მკურნალი ექიმი) ან რთული მშობიარობა;

ორსულის ჰიპოქსია;

რისკები ნაყოფისთვის:

მოულოდნელი სიკვდილი დაბადებამდე ან დაბადების შემდეგ (პერინატალური სიკვდილი);

ნაყოფის ცუდად განვითარება (საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხება),

მშობიარობა 27-ე კვირამდე (ნაადრევი მშობიარობა);

დაბალი წონა დაბადებისას;

ნაყოფის ჰიპოქსია;

გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მაღალია დაავადების კონტროლი, მით უფრო ნაკლებია რისკი.

როგორ ვუმკურნალოთ ასთმას ფეხმძიმობის დროს

როგორ ვუმკურნალოთ ასთმას ფეხმძიმობის დროსრა არის საჭირო იმისთვის, რომ ორსულმა შეაჩეროს ასთმური შეტევები? საქმე იმაშია, რომ ასთმია მართვა ორსულობის დროს, ხდება ისე, როგორც ეს კეთდებოდა ორსულობამდე.

ექპერტების მიერ ჩატარებული მრავალწლიანი კვლევებით დადგენილი იქნა, რომ უმჯობესია გაგრძელდეს ასთმის მკურნალობა ორსულობის დროს, ვიდრე შეწყვეტილი იქნას იგი.

ამიტომ, ისე როგორც ნებისმიერმა ასთმიანი, ორსული ქალბატონებიც უნდა დაექვემდებარონ და მისდიონ დანიშნულ მკურნალობის აუცილებელ  პროგრამას, რათა აკონტროლოს ანთებითი პროცესები და შეჩერებული იქნას ასთმური შეტევები.

ორსული ქალის მკურნალობის პროგრამის ნაწილი უნდა დაეთმოს დაკვირვებას ნაყოფის მოძრაობაზე. ამის გაკეთება დამოუკიდებადაც შეიძლება თუ ჩაწერილი იქნება ნაყოფის თითეული მოძრაობა. თუ მოხდა ისე, რომ ასთმური შეტევის დროს ნაყოფის მოძრაობა ნაკლებად შესამჩნევი გახდა, აუცილებელია სასწრაფოდ მკურნალ ექიმთან ვიზიტი.

მიუხედავად იმისა, რომ ასთმის სამკურნალო პრეპარატები ორსულობის დროს თითქმის იგივეა, რაც ორსულობამდე, მედიკამენტები შერჩეული უნდა იქნას მკურნალ ექიმთან შეთანხმებით. იგი დანიშნავს ისეთ მედიკამენტებს, რომელიც ყველაზე უსაფრთხოა ორსულის და განსაკუთრებით ნაყოფის ჯანმრთელობისთვის.

მნიშვნელოვანია - არასოდეს არ შეწყვიტოთ მედიკამენტების მიღება და არ შეცვალოთ დოზა ექიმის ნებართვის გარეშე. მკურნალობაში რაიმე ცვლილების შეტანა საჭიროა მხოლოდ ორსულობის დამთავრების შემდეგ.

აკრძალულია - პრეპარატებს, რომელთაც შეუძლიათ მიაყენონ ნაყოფს პოტენციური ზიანი, მიეკუთვნება: ეპინეფრინი, სოლუტანი, ალფა-ადრენერგული კომპონენტები (გარდა ფსევდო ეპინეფრინისა), კალიუმის იოდიდის 3%-იანი ხსნარი, ანტიბიოტიკები (ტეტრაციკლინი, სულფანილამიდური პრეპარატები, ციპროფლოქსაცინი), იმუნოთერაპია (სტიმულაცია ან დოზის გაზრდა), იოდიდები.

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე ასთმით დაავადებულმა ორსულმა ან ორსულობის მსურველმა აუცილებლად უნდა გაიაროს სპეციალისტთან კონსულტაცია.

ასთმის მკურნალობის მნიშვნელოვანი დეტალები

თუ ასთმით დაავადებული ორსულის მკურნალობაში მონაწილეობს ერთ სპეციალისტზე მეტი, აუცილებელია ისინი მოქმედებდნენ ერთად და შეთანხმებულად. ასთმის მკურნალობაში უნდა მონაწილეობდეს მეან-გინეკოლოგიც.

საჭიროა მთელი ორსულობის განმავლობაში ყურადღებით კონტროლდებოდეს ფილტვების მუშაობა - ბავშვმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი.

იმის გამო, რომ ასთმის სერიოზულობის ხარისხი შეიძლება შეიცვალოს ორსულობის მეორე ნახევარში, აუცილებელია სიმპტომებისა და ფილტვების ფუნქციის რეგულარული შემოწმება.

ფილტვების ფუნქციის შესამოწმებლად მკურნალი ექიმი იყენებს სპირომეტრიას და პნევმოტაქომეტრს.

28-ე კვირის შემდეგ აუცილებელია ნაყოფის მოძრაობაზე დაკვირვება.

მძიმე ან რთულად კონტროლირებადი ასთმის შემთხვევაში, 32-ე კვირის შემდეგ აუცილებელია ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ეხმარება ექიმს განსაზღვროს ბავშვის მდგომარეობა ასთმური შეტევების შემდეგ.

საჭიროა ორსულმა ყველაფერი იღონოს, რათა აკონტროლოს და თავიდან აიცილოს ასთმის გამომწვევები (მაგალითად: თამბაქოს ბოლი, მტვერი, გამონაბოლქვი აირები, საღებავები, წვის პროდუქტები და სხვა). ამ შემთხვევაში, წამლის ნაკლები დოზის მიღება გახდება საჭირო.

ბევრ ორსულს აღენიშნება ნაზალური სიმპტომები, ამ სიმპტომებსა და ასთმურ შეტევებს შორის კი მჭიდრო კავშირია. გასტროეზოფაგეალური რეფლუქსიური დაავადება, რომელიც გავრცელებულია ორსულობის დროს, ასევე შეიძლება გახდეს სიმტომების გამწვავების მიზეზი (გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი - იგივე რეფლუქს-ეზოფაგიტი - საყლაპავი მილის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც საყლაპავის ქვედა ნაწილის ფუნქციის დარღვევის შედეგად კუჭის

მჟავე შიგთავსი (იშვიათად - ნაწლავების შიგთავსი) საყლაპავის კუჭისკენ მიმართულ ნაწილში გადაადგილდება (რეფლუქსი/წამოქაფება). საყლაპავში ნეიტრალური გარემოა, კუჭის წვენის ზეგავლენით კი ვითარდება საყლაპავის ანთება, რასაც, შესაძლებელია მოჰყვეს ეროზიებისა და წყლულების განვითარება).

ძალიან მნიშვნელოვანია გრიპის თავიდან აცილება. რეკომენდებულია გრიპის საწინააღმდეგო აცრა (ინფლუენსა). გრიპის ვაქცინა კეთდება სეზონში ერთხელ. იგი აბსოლიტურად უსაფრთხოა და იცავს როგორც მომავალ დედას მთელი ორსულობის პერიოდში, ასევე მომავალ პატარას დაბადებიდან რამდენიმე თვის მანძილზე.

ქალების უმრავლესობას, ასთმის გარდა აწუხებთ ალერგიები, მაგალითად ალერგიული რინიტი. ამიტომ, ალერგიების მკურნალობა ასთმის მკურნალობისა და მართვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

საინჰალაციო (შესასუნთქი) კორტიკოსტეროიდები (რეკომენდებულ დოზებში) ორსული ქალისთვის ეფექტური და უსაფრთხოა;

რეკომენდებულია ანტიჰისტამინი, ლორატადინი ან ცეტირიზინი;

თუ იმუნოთერაპია დაწყებულია ორსულობამდე, მისი გაგრძელება შესაძლებელია, მაგრამ ორსულობის პერიოდში მისი დაწყება არ არის რეკომენდებული.

ექიმთან შეთანხმებით შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება (პერორალური მიღება). შესაძლოა ექიმმა დანიშნოს მკურნალობის უკეთესი მეთოდი.

ასთმის სამკურნალო პრეპარატების შერჩევა 

ასთმის სამკურნალო პრეპარატების შერჩევაასთმის სამკურნელო მედიკამენტები უამრავია: ბუდეზონიდი, ტერბუტალინი, ჰორმონალური საშუალებები, როგორიცაა - ჰიდროკორტიზონი ან მეთილპრედნიზოლონი,   მეთილქსანთინები, გლუკოკორტიკოიდები, ინტალი, სიმპათომიმეტიკები, ქსანტინები, აგრეთვე ამინოფილინი, თეოფილინი და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მედიკამენტი არ იძლევა სრული უსაფრთხოების გარანტიას, კლინიკური კვლევებით ნაჩვენებია, თუ რომელი პრეპარატები არ აყენებს ნაყოფს ზიანს.

დადგენილია, რომ ორსულობის დროს, უმჯობესია გამოყენებული იქნას საინჰალაციო (შესასუნთქი) მედიკამენტები. მათი უპირატესობა იმაშია, რომ ისინი ხვდება პირდაპირ ფილტვებში და ნაყოფის ორგანიზმში წამლის მოხვედრის შანსი მინიმალურია.

პრეპარატების უმრავლესობა ინჰალატორის ფორმისაა. ორსულების მკურნალობის სქემაში შედის ანტიანთებითი პრეპარატებიც. ბრონჰების მოსადუნებელი მედიკამენტების რიცხვში შედის ბეტა-2 აგონისტები, რომელთაც შეუძლიათ შეამცირონ საშვილოსნოს შეკუმშვის ძალა.

ამ მოქმედების გამო, ბეტა-2 აგონისტები გამოიყენება ნაადრევის მშობიარობის დაწყების შესაჩერებლადაც. ორსულობის საწყის ვადებზე ბეტა-2 აგონისტებიის გამოყენება ნებადართულია.

რაც შეეხება მედიკამენტებს, რომლებც მიიღება ორალურად ან ინექციის სახით, მათი გამოყენების დროს სიფრთხილის დაცვაა საჭირო, რადგან ისინი სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და არის რისკი მოხვდნენ ნაყოფის ორგანიზმში.

იგივე ეხება ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ლაქტაციის პერიოდშიც. ამ შემთხვევაშიც რეკომენდებულია ინჰალატორის ფორმის პრეპარატების გამოყენება. ზოგადად კი ძუძუთი კვების დროს გამოიყენება იგივე მედიკამენტები, რაც გამოიყენებდა ორსულობის დროს.

იხილეთ ვრცლად: ფეხმძიმობა და ასთმა

 

მომავალი ბავშვი

 

მომავალი ბავშვი - ფეხმძიმობის 28-ე კვირანაყოფის ზომა ამ პერიოდისთვის დაახლოებით 35 სმ-ია, წონა კი პირველა აღწევს კილოგრამს და შეადგენს - 1000-1200 გრამს.

ნაყოფი აქტიური ტემპით აგრძელებს ზრდას და ინტერესით იკვლევს საკუთარ სხეულს: რეგულარულად ამოძრავებს ხელებს, ტრიალდება, ეთამაშება ჭიპლარს, ეხება ფეხებს, სწავლობს საკუთარ სახეს, წუწნის თითს და ა.შ.

28-ე კვირისთვის მისი მოძრაობა იმდენად აქტიურია, რომ დედისთვის უკვე მუდმივად შესამჩნევია, იგი პრაქტიკულად არ აძლევს მას მოსვენებას.

ბავშვის მოძრაობას ამ დროისთვის მომავალი დედა გრძნობს საათში დაახლოებით 10-ჯერ. თუ ეს მაჩვენებელი მკვეთრად დაბალია, საჭიროა ექიმის კონსულტაცი, რადგან შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს ნაყოფის პრობლემებთან.

იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი ძალიან აქტიურია ღამით, არ ღირს ნერვიულობა, რადგან დღის განმავლობაში დედის მუცელში პატარა ირწევა, რაც მას ამშვიდებს და აძინებს. ღამით კი, როცა თქვენ ისვენებთ, ნაყოფი ფხიზლობს და მისი აქტიურობაც ამით არის გამოწვეული.

შესაძლებელია შესამჩნევი იქნას მუცლის გადაადგილება ერთ მხარეს, რაც მუცელს თავისებური „მუთაქის“ ფორმას აძლევს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი მუცელში იმყოფება განივ მდგომარეობაში.

პატარას ასეთი აქტიურობა შეიძლება გაგრძელდეს 32-ე კვირამდე, როცა ბავშვი მუცელში თავს ვიწროდ იგრძნობს და ვეღარ მოახერხებს სასურველ პოზაში გადაადგილებას.

იგივე შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაზე, თუ ნაყოფი საშვილოსნოში იმყოფება მდგომარეობაში - ფეხებით ქვემოთ. ეს არ იძლევა აღელვების საბაბს, რადგან მას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ გადაბრუნდეს და მიიღოს საჭირო მდგომარეობა.

28-ე კვირამდე ნაყოფი გამხდარი იყო, ამ მომენტიდან კი მისი სხეული სულ უფრო ივსება, რადგან ინტენსიურად გრძელდება კუნთებისა და კანქვეშა ცხიმის განვითარება. მისი კანი ჯერ კიდევ ვარდისფერი, თხელი და დანაოჭებულია (თუმცა შედარებით ნაკლებად). 

თავის ტვინის ქერქი ამ დრომდე გლუვი იყო, მაგრამ ამ ეტაპიდან მასზე უკვე იწყებს წარმოქმნას დამახასიათებელი ნაოჭები და ხვეულები, ტვინის მასა კი აგრძელებს ზრდას, რაც ბავშვის გონებრივ განვითარებას მოასწავებს.

ქუთუთოებზე აგრძელებს ზრდას წამწამები, ხოლო ნაყოფის თავზე უკვე შეიმნევა თმის ბუსუსები, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.

თვალის ბადურა უკვე იმდენად მგრძნობიარეა, რომ ბავშვი ძლიერად რეაგირებს შუქზე, ხოლო თვალებს უკვე ახელს უფრო ხშირად და ხანგრძლივად. როგორც წინა კვირების მიმოხილვაში ავღნიშნეთ, დასაწყისში ყველა პატარას თვალები ცისფერი აქვს და დაბადებიდან რამდენიმე თვეში ფერი იცვლება (ან იგივე რჩება).

პატარა უკვე შეიგრძნობს გემოს. სულ უფრო სრულყოფილი ხდება მისი სმენა. იგი უკვე არჩევს დედის ხმის ტემბრს და ყურს უგდებს მას.

28-ე კვირისთვის კიდევ უფრო მაგრდება ძვლის ქსოვილები, ძლიერდება ენდოკრინული სისტემა, ყალიბდება ნივთიერებათა ცვლის პროცესის საკუთარი ტიპი, რომელიც ნარჩუნდება მთელის სიცოცხლის განმავლობაში. საკმაოდ განვითარებულია ნერვული სისტემა, ამიტომ თუ პატარას რამე არ მოსწონს, წარბებს ჭმუხნის და საკმაოდ ემოციურად რეაგირებს.

პატარა უკვე იწყებს მომზადებას დამოუკიდებელი არსებობისთვის. იგი ინტერესდება, თუ რა ხდება მისი „თავშესაფრის“ გარეთ. სხვათა შორის, კვლევებით დადგენილია, რომ სწორედ ამ მომენტიდან იწყებს ბავშვი მშობლიური ენის შეცნობას.

ასევე არსებობს ვერსია, რომ ახალშობილის პირველი ყვირილი (ხმა, რომელსაც გამოსცემს დაბადებისას), ინტონაციითა და რითმით წააგავს დედის ხმას.

თუ ბავშვი დაიბადება ამ ვადაზე, აუცილებელი მოვლისა და პირობების დაცვის შემთხვევაში იგი იცოცხლებს და ყველა შანსი აქვს, რომ ჯანმრთელი იყოს.

 

ორსულობის კალენდარი
ყველაფერი ორსულობის შესახებ
ყველაფერი მომავალი დედებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge

 
 
 

კომენტარები
რუსო
2019-11-24
"თქვენ უკვე გადადით მესამე ტრიმესტრში" - გადადით? ????
Tako
2018-11-02
Hemoglobini 53 maqvs da sashishia nayofistvis?
ნინო
2017-01-22
შეკითხვები დასვით სტატიაში ორსულობის ტესტი:

http://www.aura.ge/47-fexmdzimoba/3428-orsulobis-testi.html
eka
2016-10-06
madloba
Elo
2016-01-29
Rodis daideba??
aura.ge
2016-01-18
მიმდინარეობს მუშაობა და მალე დაიდება.
natali
2014-03-31
რატო არ დევს იმორმაცია 28 კვირაზე?
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10
11 12 13 14 15
16 17 18 19 20
21 22 23 24 25
26 27 28 29 30
31 32 33 34 35
36 37 38 39 40

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ღალატის შესახებ...
ყველაფერი ღალატის შესახებ

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

სექსის ენციკლოპედია

წყლის შესახებ