მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12404 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პროზისა  და  პოეზიის  ნიმუშები

(წაუკითხეთ  თქვენს  პატარებს!)

მომდევნო მეცადინეობაზე პედაგოგი საკითხთან დაკავშირებით აქაც პოეზიისა და პროზის ნიმუშებს შემოიტანს გაკვეთილის პროცესში. მშობლების ფუნქცია ბავშვების შემზადებაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ წაუკითხონ და შეასწავლონ თავიანთ პატარებს აქ წარმოდგენილი და  სხვა მოთხრობები, ლექსები და ამბები, რათა ბუნებრივად ჩაერთონ ისინი შემაჯამებელი გაკვეთილების მსვლელობაში. ამ გაკვეთილებზე განამტკიცებენ მეექვსე ეტაპზე ნასწავლ პირველ ათ სიტყვას. ესენია: ჰიმნი, ჰამაკი, ჰაერი, ხოხობი, კაკაბი, დედალი, მამალი, წიწილა,  ჩოჩორი და შოშია.

სახელმწიფო ანუ ეროვნული ჰიმნი არის საზეიმო სიმღერა, პატრიოტული მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც მიღებულია სახელმწიფოებრივი ერთიანობის სიმბოლოდ. ქვეყნის მთავრობის მიერ იგი კანონით გამოცხადებულია სახელმწიფოს ოფიციალურ სიმღერად. ჰიმნს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც ტრადიციულად გამოხატულია სამშობლოს ქება, მისი წარსულის და მომავლის შეფასება, მოცემული ერის ერთიანობის, კონსოლიდაციის და სოლიდარობის იდეა.

ჰამაკი - ბადისებურად მოქსოვილი ჩამოსაკიდებელი საწოლია.

„დღეს იცი რა მესიზმრა? მზე და სადღაც შორს მთვარე, მზე საშინლად გამოიყურებოდა. თვალები ჰქონდა ჩაცვენილი, სხივები დასუსტებული, გარშემო ცხელ ჰაერად ელავდა, თითქოს დნებოდა მისი ხელები, პატარა ჰამაკთან ვიდექი და ცას გაკვირვებული ვუყურებდი… მზესთან ერთად მთვარეც მოჩანდა, ის ნაცრისფერი აღარ იყო, თითქოს გაცოცხლდაო, მთვარე თვალებს ახამხამებდა და რბილად სუნთქავდა, ვუყურებდი და ვერ გამეგო რა ხდებოდა, უკან მივიხედე, ჰამაკი თავისით ქანაობდა, ეგ არ გამკვირვებია, მზეზე ვფიქრობდი, ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ამ დღეში“...

დახუჭეთ თვალები… წარმოიდგინეთ, რომ ოთახის კედლები უკიდეგანო სივრცეს იტევენ თავის ჩარჩოებში… ჩაისუნთქეთ ღრმად, რომ შეიგრძნოთ საკუთარი ფანტაზიების სურნელი… ჰაერი… აივნის კარებიდან შემოსრიალებული გრილი ნიავი, რომლიც ფარდების შრიალით უცნაურ მელოდიას ქმნის,
პირველი, რასაც  ჩვენ ამქვეყნად მოვლინებისას ვაკეთებთ, ღრმა, ლაზათიანი ჩასუნთქვა გახლავთ. უკანასკნელი კი, რასაც  იმქვეყნად გამგზავრებისას ვაკეთებთ, ამოსუნთქვაა. დაბადებისას და სიკვდილს შორის ძევს სიცოცხლე, რომელიც მთლიანად სუნთქვაზეა დამოკიდებული.

მკურნალ სუფთა ჰაერს სურს, რომ ჩვენ დიდხანს და აქტიურად ვიცოცხლოთ. მან, როგორც სპეციალისტმა, იცის, რომ თუკი ღრმა სუნთქვის თაობაზე მის მარტივ ინსტრუქციებს შევასრულებთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ყოველი ჩასუნთქვისას თქვენს სხეულს მაცოცხლებელ  ჟანგბადს აწვდით. ისინი ვინც მკურნალის რჩევას უგულებელყოფენ და სუფთა ჰაერზე არ დადიან, საკუთარ თავს სერიოზულ საფრთხეში აგდებენ.

ნება მიბოძეთ მოკლედ აგიხსნათ სუნთქვის ფუნქციები. ჯერ ერთი, სუნთქვა უჩინარი საკვებია, სწორედ ის, ურომლისოდაც 5-7 წუთის მეტს ვერ გავძლებთ. უჰაეროდ ყველა ვიხოცებით. ჩვენ ჰაერიდან ვღებულობთ ჟანგბადს, ორგანიზმის ყოველი უჯრედისთვის აუცილებელ პროდუქტს; როცა ჩავისუნთქავთ, სისხლი მას ფილტვებისკენ გააქანებს და იქ უკვე სასწაულები ხდება. ჟანგბადი შთანთქავს მომაკვდინებელ ნახშიროჟანგს, რომელშიც შხამიანი ტოქსინებია გახსნილი. ცხოველმოქმედების დროს ჩვენ იმ შხამებს გამოვიმუშავებთ, რომლებიც სისხლში გროვდება და როცა სისხლი ნახშიროჟანგს ფილტვებში მიიტანს, ჟანგბადის ყოველი ახალი ულუფის მისაღებასთან ერთად იგი შხამებისგან იწმინდება.

თუკი ადამიანი სუფთა ჰაერის საკმარის რაოდენობას არ ჩაისუნთქავს და საერთოდ ზერელედ ისუნთქავს, თუკი მიღებული ჟანგბადის რაოდენობა არ უტოლდება ორგანიზმიდან გამოდევნილი ნახშიროჟანგის რაოდენობას, ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ორგანიზმის შხამებითა და ნახშიროჟანგით მოწამვლას. ეს შეიძლება მრავალი დაავადების მიზეზად იქცეს.

სილამაზე

არა შრომით და გარჯითა,

როგორც პატარა ნარჩიტა,

ფარშევანგი და ხოხობი

თავს იწონებენ ფარჩითა...

ეზოში წარამარაო კუდს შლიან როგორც მარაოს,

ამბობენ: - ჩვენგან, ბატონო, ეს სილამაზეც კმარაო.


ხულიგანი

იყო ქორწილი ორისა,

შევარდნისა და ქორისა,

მოფრინდა მართვე არწივთა,

თამამად დაჯდა ყანწითა.

გვერდით მოისვა ხოხობი,

ტუჩმოთხუპნული ანწლითა.

მოვიდა ბატი ბუტია,

თეთრი, ვით ბატიბუტია.

მერე მოვიდა ჩოჩორი,

შუბლზე დაყრილი ქოჩორით,

მოფრინდნენ შაშვი, კაკაბი,

რა ფარჩითა და რა კაბით.

ჩხიკვი, კოდალა, ტოროლა

და განა თითო-ოროლა...

უცებ მოვარდა მოზვერი,

სტუმრები მიჟვერ-მოჟვერა.

ვერ იქცეოდა უძრახად,

ჩოჩორს სულ ვირი უძახა.

იბღავლა: - მე ვარ ხარია! -

ქორწილი არივ-დარია.

ჩოჩორმა ერთხანს უთმინა,

მერე მოთხარა სარია,

იმდენი ურტყა ხულიგანს,

წაიღეს ცოცხალმკვდარია.



ქორი

ჰაუ, ჰაუ, ქორო, ნუ ფრენ

ჩვენს ეზოში დილ-დილასა,

არ გაგატან, ვერ წაიღებ

ჩემს საყვარელ წიწილასა.

 

ქორი  და  იხვი

ერთმა ქორმა იხვი დაიჭირა. ამ დროს მონადირისაგან შეშინებულმა კაკაბმა თავზე გადაუფრინა. ქორი წაეტანა, ამასაც დავიჭერო. იხვმა იდროვა, ქორს კლანჭებიდან გაუსხლტა და თავს უშველა. ვერც კაკაბი დაიჭირა ქორმა და იხვიც დაკარგა.

საბრალო დედაბერი

იყო ერთი მარტოხელა დედაბერი. საბრალოს ერთი ქათამი ჰყავდა. ყოველ დღე თითო კვერცხს უდებდა, მაგრამ დედაბერს ეცოტავებოდა. უნდოდა, რომ ქათამს დღეში ორი-სამი კვერცხი დაედო.

ერთხელაც იფიქრა, მოდი მომეტებულ საკენკს დავუყრი და უფრო ბევრ კვერცხს დამიდებსო. ასეც მოიქცა; მაგრამ ქათამი მეტისმეტად გასუქდა და ერთი კვერცხიც აღარ დადო.

კაკანა

ისე იკლებს კაკანით

ეს დედალი ამ ერდოს,

თითქოს კვერცხი კი არა

ოქროს ბურთი დაედოს.


კაკანას წუხილი

დედალი იკლებს ეზო-კარს,

სიტყვა გამიტყდა, შევრცხვიო...

პატრონს ოქროს კვერცხს დავპირდი,

გამომივიდა ვერცხლიო.

 

მამალი

როცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი

და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი.

ერთხელ ძია გვესტუმრა, ბაბუამ თქვა: - რა ვქნათო?

ბებიამ თქვა: - სასწრაფოდ მამლაყინწა დავკლათო.

ჰოდა, ეს რომ გავიგე, მამალს ხელი დავავლე

და ბებიას უჩუმრად კარადაში დავმალე.

მერე იცით, რა მოხდა? ბებომ შიშით იკივლა...

იმ სულელმა მამალმა კარადაში იყივლა.


მამლაყინწა

სულ არაფრად არ მიაჩნდა

მაღლა ცა და დაბლა მიწა,

ყვინჩილობდა, ყოყოჩობდა

ყოყლოჩინა მამლაყინწა,

ლამის თავი წააცალეს,

სანამ ნამდვილ მამლად იქცა.

 
მისარითმი

კაცის კუჭის წამალი,

მელის კუჭის წამალი,

მიდი-მოდის ამალით

ყოყლოჩინა მა . . . . .


მაჯამურა

დაინახეთ

მამა, ლია,

ხორბლის  ხვავზე
. . . . . . .

 

 

მეგობრობა

ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა,

ირემმა ირემს ნეტავ რა უწოდა?
- მეგობარი!

წიწილამ წიწილას საკენკი დაუთმო,

წიწილამ წიწილას ნეტავ რა გაუთბო?
- გული!


გმირი კვერცხის ციხიდან

მელაკუდა რას დამაკლებს,

მე ვაჯობებ სისხარტითა,

კვერცხის ციხე დამილეწავს

პაწაწინა ნისკარტითა.


დამხმარე

კვერცხში წივის წიწილა:

- გამოფრენა ძნელია, -

- მე დაგეხმარებიო, -

ტუჩს ილოკავს მელია.


*******

„ჭუჭულს ქექვის ხერხი არ აქვს,

წიწილს - ცურვის უნარი;

თითო ნაკლი ყველასა აქვს

სხვისი დასაწუნარი“

 

*******
„- წივ - წივ!... ცივა!... - წიწილები

წივწივებენ წიწილურად, -

თუმც ზამთარი მილეულა,

თებერვალიც მიწურულა“!

 

წიწილას ხიდი

ზურამ ეზოში ძველი, შუაზე გატეხილი საცერი იპოვა და გიორგის უთხრა: მოდი, ამ პატარა რუზე ხიდი გავდოთო. ბიჭებმა ქვიშა და აგური იშოვეს და საქმეს შეუდგნენ. სულ მალე პატარა რუზე კოპწია ხიდი გაჩნდა.

სწორედ ამ დროს ეზოში კრუხი გამოჩნდა, რომელიც წიწილებთან ერთად პირდაპირ იმ რუსკენ მიდიოდა. თვითონ კი ისკუპა, მაგრამ წიწილებმა გადახტომა ვერ გაბედეს და აბუზულები შეჩერდნენ.

ერთ-ერთმა წიწილამ ბიჭების გაკეთებული ხიდი დაინახა, შეხტა და წია- წიას ძახილით გადაირბინა, სხვებიც მიჰყვნენ.

- აი, თურმე ვის სჭირდებოდა ეს ხიდი, - გაიცინეს ბიჭებმა და მას წიწილას ხიდი დაარქვეს.


გონიერი  სახედარი

(იგავ - არაკი)

ერთ წვიმიან დღეს დატვირთულ სახედარს პატრონი შინისკენ მიუძღოდა. გზაზე უზარმაზარი ტალახიანი გუბე დაინახა. სახედარი  შეჩერდა, ეტყობოდა, იმ ადგილზე გავლა არ სურდა, პატრონს კი ეჩქარებოდა. ამიტომ სახრე გადაუჭირა და გზა გააგრძელებინა.

დამძიმებული სახედარი ტალახში ჩაეფლო. გამვლელებმა რის ვაივაგლახით ამოათრიეს. ორი კვირის შემდეგ სახედარი ისევ  იმ  გზაზე  მიბაკუნობდა. მიწაზე გუბეს და ცაზე ღრუბელს ვერ დაინახავდი, მაგრამ როცა იმ ადგილს მიუახლოვდა, შედგა და ფეხი აღარ გადადგა.

- ჩემზე ჭკვიანი ყოფილა ეს სახედარი, - გაიფიქრა პატრონმა, - ვირი ეძახე და ხედავ, ერთხელ დაშვებული შეცდომა რომ აღარ გაიმეორა?

 

ჩოჩორი

ბაბუაჩემს წიგნები დავუხიე ამ დილით,

დამსაჯეს და მთელი დღე არ მაჭამეს სადილი.

რომ  ვიტირე, დედიკომ დამაწიწკნა ქოჩორი,

ბებიამ კი მიძახა გაუზრდელი ჩოჩორი.

იმას კი არა ვტირი, რომ დავფხრიწე წიგნები,

თურმე რომ გავიზრდები, დიდი ვირი ვიქნები.

*******
„კვიცთან მორბის ჩოჩორი -

დავიყენე ქოჩორი,

ამ ფაფარში ვგავარ ცხენს,

მიყიდიან  სავარცხელს“.


გათვლა

აწკმუტუნდა ძაღლი, მოენატრა სახლი,

აკიკინდა ციკანი, რაც თქვა, გამოიცანი,

აყროყინდა ჩოჩორი, გავუსწორე ქოჩორი,

აჭიხვინდა კვიცი, მეტი აღარ ვიცი.
 


ბაყაყი

„რა ყოფილა ბაყაყი

ბრიყვი, ენატარტალა,

ყველა ერთად ყიყინებს -

დიდიცა და პატარაც,

პატარები უფროსებს

არ აცდიან ლაპარაკს“.

 
ბაყაყისა  და  ქეთინოს  გასაუბრება

გაბერილი და ამაყი, წყალში ყიყინებს ბაყაყი.

- ცურვა რომ იცი, ბაყაყო,

ყვინთვა რომ იცი, ბაყაყო,

იმითი ხომ არ ამაყობ?!

აბა, ნაპირზე ამოდი, ნახე, რა მაგრად დაგნაყო!

- ცურვა და ყვინთვა რომ ვიცი,

სწორედ იმიტომ ვყიყინებ,

გაბედე, წყალში ჩამოდი, სულ დაგაწიწკნი კიკინებს!


ბაყაყმა  მოატყუა

დათვი შეშას აპობდა.

ბაყაყი კი ამბობდა:

- ყუა, ყუა, ყუა, ყუა...

დათვმა ჯირკზე დაჰკრა ყუა.

აისხლიტა, მოხვდა პირით

დათვს, - ბაყაყმა მოატყუა.

 

*******
„- ყი-ყი, ყი-ყი! - ყიყინებენ

ყბახევია ყიყინები, -

მზეო, მალე გადმოგვხედე,

თორემ წყალში ვიყინებით“!



ბაყაყი და თაგვი

ბაყაყი და თაგვი წაიჩხუბნენ, ავიდნენ მაღლობზე და დაუწყეს ერთმანეთს ცემა-ტყეპა. ისე ცხარედ იბრძოდნენ, რომ ყველაფერი დაავიწყდათ.

ქორსაც ეს უნდოდა: ჩამოუქროლა, დაავლო კლანჭები ორივე ჭკუამოკლე მოჩხუბარს და წააწიალა თავის ბუდეში.



რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი და ლაქები

ოდესღაც, დედამიწის ზედაპირზე ყველაზე მაღალი ცხოველი, ჟირაფი, ჩვეულებრივი ცხენის სიმაღლე იყო და არც ლამაზი, ყავისფერი ლაქები ჰქონდა. მისი კანი მთლიანად მოყვითალო ფერის იყო.

ერთხელ ჟირაფების ოჯახში საოცარი სილამაზის, განსხვავებულად გრძელკისერა გოგო-ჟირაფი დაიბადა. პატარამ, როგორც ყველა მისმა თანატოლმა, რამოდენიმე წუთში აიდგა ფეხი, ტანი შეიფერთხა, გაიზმორა. კისერი წაიგრძელა და კეკლუცად მიიხედ-მოიხედა.

დაყვებოდა ეს კოპწია ჟირაფიკო დედას, თან ეკეკლუცებოდა პატარა თანატოლებს, შემხვედრ ცხოველებს, ფრინველებს, ხეებს, ბალახებს. ძალიან უყვარდა თავზე ყვავილების დამაგრება. პატარა ბეწვებს იქით-აქეთ კიკინებივით გაიკეთებდა და ყვავილს შიგ ჩაიმაგრებდა ხოლმე.

ერთ დღეს მეჩხერ ტყეში სეირნობისას ძალიან, ძალიან მაღალ, ლამაზ ხეს მოჰკრა თვალი, რომელსაც ქვედა ტოტზე ულამაზესი, ყავისფერი ყვავილი ესხა.

ჟირაფიკომ ხესთან მიირბინა:

- რა ლამაზი ხარ! - მიესიყვარულა ის.

- შენც ლამაზი ხარ - გაუღიმა ხემ.

- უფრო მინდა გავლამაზდე. მაჩუქე შენი ყვავილი - თხოვა ჟირაფმა.

ხეს კი დაენანა ყვავილი მოსაწყვეტად, მაგრამ ლამაზ ჟირაფს უარი ვერ უთხრა.

- კარგი, მოწყვიტე - დაეთანხმა ის.

ჟირაფმა ყვავილი მოწყვიტა, თავზე დაიბნია, ხეს მადლობა გადაუხადა და გახარებული დედისკენ გაიქცა (სირბილი კი, იცოცხლე, შეუძლიათ. თუ საჭირო გახდა, საათში 50 კილომეტრს გაირბენენ).

ორიოდე დღეში ყვავილი დაჭკნა. ჟირაფიკოს მისი გადაგდება  დაენანა და ტანზე  მიიწება. შემდეგ ისევ იმ ხეს ესტუმრა. ხეს ისევ მოესხა კიდევ უფრო ლამაზი ყვავილი, ოღონდ ზედა ტოტზე.

ჟირაფიკომ ისევ თხოვა ყვავილი. ხემ ისევ ვერ უთხრა უარი. ყვავილს რომ მიწვდომოდა, კისერი წაიგრძელა ჟირაფმა.

მალე ეს ყვავილიც დაჭკნა. ესეც ტანზე დაიმაგრა და ისევ ეწვია ხეს. მესამე ყვავილი კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა, ოღონდ უფრო მაღალ ტოტზე. მის მოსაწყვეტად კიდევ უფრო წაიგრძელა კისერი ჟირაფმა და ისევ დაიმაგრა თავზე საკოპწიაოდ.

ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. ყოველი ახალი ყვავილი უფრო ზედა ტოტზე  ყვაოდა. უფრო და უფრო იგრძელებდა კისერს ჟირაფიკო. დამჭკნარ ყვავილებს კი ტანზე, სხვადასხვა ადგილზე იწებებდა.

და აი, ბოლო ყვავილი კენწეროზე გამოისხა ხემ. კიდევ ერთხელ დაჭიმა კისერი ჟირაფმა, მოწყვიტა ის ყვავილიც. ხეს ისევ მადლიერად გაუღიმა და თავმომწონედ, ამაყად, ყელმოღერებულად გასწია თავისიანებთან.

ის კიკინებად შეკრული თმა, რომელთა შორისაც თავზე ყვავილს იმაგრებდა, ორ პაწაწინა, ბეწვით დაფარულ რქად  გადაექცა. კისერი ეგრევე წაგრძელებული დარჩა (რის გამოც მისი სიმაღლე ექვს მეტრამდეა), ტანზე ის ულამაზესი ყვავილები ლაქებად შემორჩა.

დღესაც ყელმოღერებული დადის და იწონებს თავს. თვალებში ისევ კეთილი ღიმილი უდგას. ამიტომაა, რომ ყველას მოსწონს და უყვარს ეს უწყინარი ცხოველი, რომელსაც მტერი ნაკლებად ყავს თავისი სიმაღლისა და ძლიერი ფეხების გამო.


შოშია

“შოშია ლამაზი ფრინველია, მბზინავი ბუმბულის პატრონი, ოქროსფერი ნისკარტი აბია, მეტად ცქვიტია და მხიარული ხასიათისა. მისი პირი დილიდან საღამომდე არ ჩერდება, სულ ყბედობს, გალობს, უსტვენს, ტრიალებს, ცელქობს.

რაც უნდა ცუდ გუნებაზე იყოს კაცი, შოშია დარდს უქარვებს; თავისი მხიარულებით და სიცოცხლით სავსე მოძრაობით კაცს თითქო ეუბნება: რას ჩამოგიყრია ყურები, ესე ჩემსავით ყოჩაღად იყავიო.

კიდეც ამიტომ ცდილობს ადამიანი თავის ახლო გააკეთებინოს ბინა ამ მხიარულ და ცოცხალ ფრინველს”.

 

რად მოფრენილხარ, შოშიავ

რად მოფრენილხარ, შოშიავ, შენ ესე ადრიანადა?

- რა ვქნა, ვერ ვძლებდი, სულ მუდამ ვიყავი დარდიანადა.

ვიცოდი, ზამთრის ნაწყვეტი აქ კიდევ დამიხვდებოდა,

შემაწუხებდა შიმშილი და კიდეც შემცივდებოდა.

მაგრამ მივენდე იღბალსა, არ შევუშინდი ზამთარსა

და მოვატანე კიდეცა ჩემის სამშობლოს მთა-ბარსა.

რა ვქნა, ვერ ვძლებდი შორს  ქვეყნად, გული სულ არა დგებოდა,

იქ მუდამ დარდში მყოფელსა აქ შვება მელოდებოდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ