მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 32275 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ცოტა რამ საათის ისტორიიდან

 

საათის ისტორიამე-20 საუკუნის დასაწყისამდე, საათების მოდის ფუძემდებლად მამაკაცის ჯიბის საათები მიიჩნეოდა, რომელსაც ძეწკვზე გამობმულს ატარებდნენ შარვლის ან პიჯაკის გულის ჯიბეში.

1904 წელს პრაქტიკული მიზნებისთვის შეიქმნა პირველი მაჯის საათი, რომელიც ფრანგ მესაათე Cartier -თან ერთად შექმნა ბრაზილიელმა ავიატორმა  Alberto Santos Dumont-მა.

ამ საათის ძირითად იდეას, მისი მექანიზმის პრაქტიკულობა წარმოდგენდა. ფრენის პროცესში დროის გაგების მიზნით მაჯაზე დახედვა გაცილებით მოსახერხებელი იყო, ვიდრე ყოველ ჯერზე მისი ჯიბიდან ამოღება.

ამრიგად, Cartier «Santos» მსოფლიოში პირველი მაჯის საათი გახდა. მე-XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოდაში მრგვალი მაჯის საათების შემოვიდა, ხოლო მისი მექანიზმის ზომას დიზაინი კარნახობდა.

მწარმოებელმა კომპანიებმა თანდათანობით დაიწყეს საათების კორპუსებისთვის სხვადასხვა, განსხვავებული ფორმების მინიჭება და მომდევნო 30-40 წლის განმავლობაში, ერთმანეთის გვერდით „მშვიდობიანად“ თანაარსებობდა მრგვალი, კვადრატული, მართკუთხა ფორმები.

ამ საათების ზომა დღევანდელი დღესთან შედარებით ძალიან მცირე ზომის იყო : მრგვალ საათებს გააჩნდათ დიამეტრი - 28-32 მმ, ხოლო მართკუთხას - 26-29 მმ.

1970-1980-იან წლებში, ყველაზე მოდურ საათებში ლიდერობდა Rolex. იმ დროისთვის, მაგალითად მოდელ Rolex Cellini-ის დიამეტრი შეადგენდა 31,5 მმ-ს.

70-იანი წლებიდანვე ბაზარზე გამოჩნდა და საკმაოდ პოპულარული გახდა იაპონური კვარცის მექანიზმები, ამ საათებს გააჩნდა სხვადასხვა ფორმა და დიზაინი და მათი ზომა მერყეობდა 32-34 მმ-ს შორის.

80-იანი წლების შუა პერიოდში, კომპანიამ - Cartier - ბაზარზე წარმოადგინა 38 მმ დიამეტრის საათები, რითაც საფუძველი დაუდო გაბარიტული საატების მოდას. საატის კომპანიებში გამეფდა მოსაზრება, რომ რაც უფრო დიდი იყო მაჯის საათის გაბარიტი, მით უფრო წარმომადგენლობითად და თვალსაჩინოდ გამოიყურებოდა იგი.

 

საათის ტიპები

 

საათის ტიპებიმაჯის საათი არა მხოლოდ აუცილებელი და საჭირო ნივთია ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ იგი მოდურ აქსესუარსაც წარმოადგენს, რომელიც მფლობელის სოციალურ კლასს, სტატუსსა და იმიჯს განსაზღვრავს.

მაჯის საათი ყოველთვის ხაზს უსვამს მფლობელის სტილსა და გემოვნებას. არასწორად შერჩეულმა საათმა კი შესაძლოა მისი იერსახე არაფრისმთქმელად და კურიოზულადაც კი წარმოაჩინოს.

ამასთან, მაჯის საათი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს სამოსის სტილს და მისი ტარების შესაფერის ადგილს ან ღონისძიების ხასიათს.

საათის შერჩევის დროს აუცილებელია გახსოვდეთ, სად აპირებთ მის ტარებას: საქმიან შეხვედრებზე, დასვენების დროს, ყოველდღიური მოხმარებისთვის, კლუბური ღონისძიებისთვის და ა.შ.

საკუთარი სტილის მიხედვით საათის შერჩევა სულაც არ არის ადვილი ამოცანა. ალბათ იცით, რომ სპორტული ფეხსაცმელი და კლასიკური პიჯაკი სასაცილოდ გამოიყურება. ასევეა არასწორად შერჩეული საათის შემთხვევაშიც. იგი უნდა შეესაბამებოდეს მფლობელის გარეგნულ იერ-სახეს და ხვეწდეს მის იმიჯს.

აუცილებელია იცოდეთ, რომ საათის ტყავის სამაჯურის ფერთა გამა უნდა ეხამებოდეს ფეხსაცმელებისა და ქამრის ფერს.

საათი უნდა გამოიყურებოდეს მისი მფლობელის სოციალური მდგომარეობის ადეკვატურად. მაგალითად, რაც უფრო კონსერვატულია პროფესია, მით უფრო კლასიკური უნდა იყოს საათი რომელსაც ატარებთ სამსახურში.

მაჯის საათების ასორტიმენტი იმდენად უზარმაზარია, რომ დავყოთ ისინი დანიშნულების მიხედვით განპირობებულ ჯგუფებად:

კლასიკური საათები - ეს არის მკაცრი და ელეგანტური სტილის შეხამება. ძირითადად ასეთი საათები არის მრგვალი, იშვიათად კვადრატული ან მართკუთხა ფორმის.

გადაწყვეტილია თეთრ ან შავ ფერში და გააჩნია ტყავის შავი ან ყავისფერი სამაჯური.

სპორტული საათები - შეესაბამება აქტიურ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულია არიან სპორტით. ძირითადად ეს არის სხვადასხვა ფერის მასიური უჟანგავი ლითონის, ტიტანის ან კერამიკული საათები, რომელი მფლობელის ძალასა და ენერგიას უსვამს ხაზს.

საათის ფორმა ძირითადად მრგვალია. სამაჯური ლითონის ან კაუჩუკის. იშვიათად ტყავის. ასეთი საათები საკაოდ გამძლეა და დიდ დატვირთვებზეა გათვლილი.

ყოველდღიური საათები - გამძლე და მოსახერეხებელი მოდელებია, შესანიშნავად ეხამება პრაქტიკულად ყველა სტილს. ასეთი საათები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის და გააჩნდეს ტყავის ან მეტალის სამაჯური.

წარმომადგენლობითი საათები - ეს არის მოდელები ოფიციალური, მაღალი წრისთვის განკუთვნილი ღონისძიებებისთვის. გააჩნია სხვადასხვა ფორმა. ასევე დამზადებულია სხვადასხვა სახის ძვირფასი მასალისგან.

ასეთი საათები როგორც წესი ძირითადად სახელობითია, ხელითაა აწყობილი, აქედან გამომდინარე კი ძალიან ხარისხიანი და ძვირადღირებულია.

საიუველირო საათები - ეს არის საათები, რომელთა კორპუსი ან ციფერბლატი მოპირკეთებულია ნაკლებადძვირფასი, ნახევრადვირფასი ან ძვირფასი ქვებით, თვლებით ან ძვირფასი ლითონით, ეს თვლები შეიძლება იყოს სვაროვსკი, ცირკონი, ბრილიანტი და ა.შ.

იუველური საათები ასევე შეიძლება იყოს ყვითელი, თეთრი ან ვარდისფერი ოქროსი, პლატინის 

ბრუტალური საათები - ძირითადად ყველაზე ახირებული, უცნაური გემოვნების მომხმარებლისთვის იქმნება.

შესაბამისად ასეთივე შეიძლება იყოს საათიც, უცნაური ფორმის, კრეატიული მასალებისგან დამზადებული და მყვირალა ან იშვიათ ფერებში გადაწყვეტილი.

დაივერული საათები - ეს საათების ცალკე კატეგორიაა. ამ საათების მიმართ მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე სპორტული ექსტრემალური საათების  მიმართ.

ასეთი საათები გამოირჩევა ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების მიმართ მაღალი ამტანობით, ღამის საათებში მაღალი ხილვადობით და ა.შ. მაგრამ მისი ყველაზე მთავარი თავისებურებაა ის, რომ იგი გათვლილია დაივინგისთვის. წყლის ქვეშ მაქსიმალურ სიღრმეზე გამართული მუშაობისთვის.

დაივერული საათების შერჩევის დროს წყლის ქვეშ მუშაობის მონაცემი უნდა იწყებოდეს 20 ატმოსფეროდან (200მ).

ექსტრემალური საათები - ასეთი საათები სპეციალურად იქმნება ექსტრემალური სიტუაციებისთვის, როცა საათებს მაღალი დატვირთვის ქვეშ უწევს მუშაობა.

იგი თავის თავში აერთიანებს სპორტული და დაიუვერული საათის ფუნქციებს, თუმცა ამასთან ერთად გაცილებით უფრო ამტანია წყლი, ნესტის, მტვერის, წნევის, დარტყმის, ვიბრო დატვირთვების და ტემპერატურული ცვლილებების  მიმართ (-40 - +120 გრადუსი).

უნისექსი - უნისექსი არის საათი, რომელსაც გააჩნია ისეთი ფორმა და ზომა, რომელიც შეიძლება ატაროს როგორც მამაკაცმა, ასევე ქალმა. ასეთი საათები შეიძლება იყოს მრგვალი, კვადრატული ან მართკუთხედი, ხოლო კორპუსი და სამაჯური სხვადასხვა მასალისგან დამზადებული (ტყავი, ლითონი ან კერამიკა).

 

როგორ ავირჩიოთ საათის მექანიზმი

 

როგორ ავირჩიოთ საათის მექანიზმისაათის შეძენის წინ, ალბათ ყველა ადამიანი დამდგარა არჩევანის წინაშე, თუ როგორი მექანიზმის საათს მიანიჭოს უპირატესობა კვარცს თუ მექანიკურს. მექანიზმი ხომ საათის გულია, რომელიც გამართულად უნდა მუშაობდეს, ყოველგვარი, თუნდაც მცირედი გადახრების გარეშე.

ყველა მაჯის საათის შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ჯგუფად: მექანიკური და კვარცული. ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში სარგებლობს კვარცის საათებით, სხვები კი უპირატესობას მექანიკურ საათებს ანიჭებენ.

რა თქმა უნდა თითეულ მექანიზმს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები.

ძირითადი განსხვავება კვარცსა და მექანიკურ მექანიზმს შორის არის ის, თუ რა გამოიყენება ენერგიის წყაროდ, რომელიც უზრუნველყოფს მექანიზმის მუშაობას.

კვარცი (Quartz) - კვარცის საათებში ენერგიის წყაროს წარმოადგენს ელემენტი (ბატარეა), რომელიც კვებავს კვარცის საათის ელექტრონულ ბლოკს და საფეხურებრივ ელექტროძრავს. ელექტრონული ბლოკი წამში ერთხელ უგზავნის სიგნალს ძრავს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს საათის ისრების მოძრაობას.

გამომუშავებული იმპულსების სიხშირის მაღალ სტაბილურობასა და შესაბამისად საათის ისრების სვლის მაღალ სიზუსტეს უზრუნველყოფს კვარცის კრისტალი. სწორედ ამის გამო მიიღეს კვარცის საათებმა ეს სახელწოდება.

კვარცის საათს არ სჭირდება მომართვა, რადგან მისი ელემენტი რამოდენიმე წლის მუშაობაზეა გათვლილი - 2-3 და ზოგიერთ მაღალი კლასის მოდელებში 5 წლამდეც კი. 

მექანიკური (Hand Winding) – მექანიკური საათები საათების ხელოვნების კლასიკად მიიჩნევა და პრესტიჟულობის თვალსაზრისით კვარცის საათებზე მაღლა დგას.

ალიან ბევრ ადამიანს გაცილებით მოსწონს მექანიკური საათის წამების ისრის მწყობრი სვლა ციფერბლატის გარშემო და სასიამოვნო სიმძიმე მაჯაზე.

მექანიკურ საათებში ენერგიის წყაროდ გამოიყენება სპირალისებური ზამბარა, რომელიც მოთავსებულია დაკბილულ ბოლოებიან დისკოში.

მომართვის დროს, ზამბარა იხვევა, ხოლო გაშლის დროს, მოძრაობაში მოჰყავს დისკო, რომლიც უზრუნველყოფს საათის მთელი მექანიზმის მუშაობას.

ზამბარიანი ძრავის ძირითადი ნაკლი, ზამბარის გაშლის არათანაბარი სიჩქარეა, რაც ხელს უშლის საათის სვლის იდეალურ სიზუსტეს.

ავტომატური (Automatic ან Self-Winding) - იგივე მექანიკური საათია, იმ განსხვავებით, რომ მას არ სჭირდება ხელით მომართვა და ენერგიას იღებს ავტომატურად.

ავტომატური მომართვის შემთხვევაში, საათის მექანიზმში ჩამაგრებულია სპეციალური ფორმის მძიმე დისკი (როტორი), რომელსაც შერეული სიმძიმის ცენტრი გააჩნია და რომელიც ბრუნავს საათის კორპუსის ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილების დროს.

როტორი, ბრუნვით მიღებულ ენერგიას გადასცემს მიმმართველ ზამბარას და საათის მექანიზმიც მოდის მუშაობაში. ეს საშუალებას იძლევა დღეღამეში დაახლოებით 8 საათის განმავლობაში საათმა იმუშაოს ხელით დაქოქვის გარეშე.

ავტომატური საათების ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მას არ სჭირდება ხელით მომართვა.

მეორე უპირატესობაა ის, რომ როტორი მუდმივად ამყოფებს ზამბარას იმ მდგომარეობასთან, რაც ძალიან ახლოსაა საათის სრულ მომართვასთან, რაც საშუალებას იძლევა მიღწეული იქნას მაღალი სიზუსტე.

კიდევ ერთი უპირატესობა საათის წყალგაუმტარობაშია. ყველაზე სუსტი წერტილი წყალგაუმტარ საათებში მოსამართი თავაკია. ავტომატურ საათებში კი ეს თავაკი საათის მოსამართად თითქმის არ გამოიყენება, რის გამოც მასში წყლის ან ნესტის მოხვედრის შანსი ნაკლებია.

ავტომატური საათები რთული მოწყობილობაა. რა თქმა უნდა, სირთულესთან ერთად მაღალია მისი დაზიანების რისკიც.

ავტომატური საათების მინუსია ის, რომ კვარცის და მექანიკურ საათებთან შედარებით დიდი ზომითა და სიმძიმით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებით მოუხერხებელია ქალის საათებისთვის.

ავტომატური საათები დარტყმის მიმართ მგრძნობელობითაც გარმოირჩევა. თუ ავტომატური საათი სპეციალურად არ არის დამზადებული, როგორც დარტყმა გამძლე, ძლიერი დარტყმის გამო შესაძლოა როტორის სიმძიმემ მისი საყრდენები დაამტვრიოს.

ავტომატური საათების უმრავლესობაში საათის სვლის მარაგი შეადგენს 36-46 საათს, სრული დაქოქვის შემდეგ.

ზოგიერთ ავტომატურ საათს ხელით დაქოქვის ფუნქცია საერთოდ არ გააჩნია, რაც პრობლემაა მათთვის, ვისაც ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი აქვს.

ავტოკვარცული (Autoquartz Movement) - არსებობს კვარცის საათებიც, რომლებიც ასევე იყენებენ როტორის ბრუნვით მიღებულ ენერგიას.

ეს არის ავტომატური და კვარცული მექანიზმების შეთავსება, რომლის დროსაც ხელის ყოველდღიური მოძრაობით, გენერატორი მუხტავს საათის მინი აკუმულატორს.

სრულად დატენილი ბატარეა-აკუმულატორი გამართულად მუშაობს 50-100 დღის განმავლობაში.

რომელი საათები უფრო ზუსტია კვარცული თუ მექანიკური? - მექანიკური საათების სვლის სიზუსტე დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: გარე ტემპერატურა, საათის მდებარეობა, დეტალების ცვეთის ხარისხი, რეგულირება და ა.შ.

ამიტომ, მექანიკური საათებისთვის ნორმად ითვლება ზუსტი დროიდან 15-30 წამით გადახრა დღეღამის განმავლობაში. საუკეთესო შედეგად კი მიიჩნევა 4-5 წამით გადახრა 24 საათის განმავლობაში.

კვარცულ საათებში კი ყველაფერი მარტივადაა - კვარცის გენერატორის მიერ გამომუშავებული სიხშირე პრაქტიკულად მუდმივია.

ამიტომ, კვარცის საათები იდეალური სიზუსტით გამოირჩევა. ზუსტი დროის ცდომილება ამ საათებში საშუალოდ შეადგენს თვეში 15-25 წამს, ხოლო მაღალი კლასის კვარცის საათებში ასეთი ცდომილება წელიწადში მხოლოდ 5 წამია.

როგორც ხედავთ სიზუსტის თვალსაზრისით კვარცის საათები გაციოლებით მაღლა დგას, ვიდრე მექანიკურ-ავტომატური საათები, რადგან თუ ამ უკანასკნელში ცდომილების საუკეთესო შედეგად მიიჩნევა 4-5 წამი დღეში, კვარცის საათების ცდომილების საუკეთესო შედეგი 4-5 წამია წელიწადში.

აქედან გამომდინარე, დაბალ ბიუჯეტიანი კვარცის საათებიც კი უფრო ზუსტია, ვიდრე მექანიკური, ქრონომეტრიანი საათები.

მექანიზმების მწარმოებლები - რაც შეეხება საათის მექანიზმებს, მსოფლიოში ყველაზე საიმედო, პრესტიჟული და სანდო მექანიზმების მწარმოებლებია:

მექანიკურ/ავტომატურ მექანიზმებში - ETA (შვეიცარია) (2824-2, 2834-2, 2836-2 და ა.შ)

კვარცულ მექანიზმებში - Ronda (შვეიცარია)

კვარცულ/მექანიკურ მექანიზმებში - Miyota (იაპონია) 

შვეიცარული კონცერნი ETA  - მსოფლიოში ყველაზე უმსხვილესი და ფართო ასორტიმენტის საათის მექანიზმების შვეიცარიელი მწარმოებელია, რომელიც შედის ცნობილ კონცერნში SМН.

იგი დაარსდა 1793 წელს და ოთხი საუკუნის განმავლობაში აწარმოებს მექანიზმებს სახელგანთქმული საათის მწარმოებელი კომპანიების უდიდესი ნაწილისთვის.

ეტას მექანიზმების ბაზაზე იქმნება პრაქტიკულად ნებისმიერი სირთულის ნაკეთობები: - ქრონოგრაფებით, სრული კალენდრით, რეტროგრადული ფუნქციებით და ა.შ

თუ თქვენს საათს აქვს ETA-ს მექანიზმი, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ნამდვილად ფლობთ პრესტიჟულ და საიმედო ნივთს, რომლიც მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ.

იაპონური კონცერნი Miyota - დაარსდა 1981 წელს. წარმოადგენს ასევე იაპონური კონცერნის - CITIZEN WATCH CO. LTD - ის ქვედანაყოფს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი საათების კომპანიაა. იგი აწარმოებს მსოფლიოში წარმოებული საათების 22% -ს (240 მილონ საათზე მეტი წელიწადში).

კონცერნი Miyota სერიოზულ კონკურენციას უწევს მაღალი სიზუსტის შვეიცარული საათის მექანიზმების მწარმოებლებს მსოფლიო ბაზარზე. მას გააჩნია მექანიზმების წარმოების 12 სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის მექანიკური მექანიზმებისა (იგი აწარმოებს 3 კალიბრის მექანიკურ/ავტომატურ მექანიზმებს).

წარმატების საიდუმლო არა მხოლოდ წარმოების მოცულობაში, არამედ ყველას მიერ აღიარებულ ხარისხშია. Miyota ერთ-ერთია მსოფლიოში აღიარებული საათის მექანიზმების მწარმოებელი სამი კომპანიიდან იაპონურ Seiko და შვეიცარულ ЕТА-სათან ერთად.

ძალიან ბევრი სახელგანთქმული ევროპული, ამერიკული და იაპონური წარმოების საათები აღჭურვილია სწორედ Miyota -ს მექანიზმებით.

აღსანიშნავია, რომ Miyota-ს მექანიზმების წარმოება ხდება მხოლოდ იაპონიაში და გამოირჩევა უმაღლესი სიზუსტით და დიდი სანდოობით. ასეთი მექანიზმებია მაგალითად MIYOTA FS01 «Mini Chrono, OS90 «Professional Chrono» და სხვა.

კომპანია Time Module (TMI)  - დაარსდა 1987 წელს სამი უმსხვილესი იაპონური კორპორაციის მიერ - Seiko Watch Corporation, Seiko Instruments Inc და Seiko Epson Corporation.

დღესდღეობით იგი წარმოადგენს მსოფლიო საათების ინდუსტრიის ლიდერის Seiko Group-ის მნიშვნელოვან დანაყოფს.

Time Module Inc. (TMI) შედის საათის მექანიზმების მწარმოებლების მსოფლიო ლირდერების რიცხვში. იგი ძირითადად ცნობილია მაღალტექნოლოგიური კვარცული მექანიზმების წარმოებით დევიზით - „მაღალი ხარისხი მისაღები ფასებით“.

უამრავი ევროპული, ამერიკული, რუსული, ჩინური თუ იაპონური საათის მწარმოებლები საკუთარ საათებში იყენებენ Time Module Inc. (TMI) - ის მექანიზმებს მაღალი ხარისხისა და დაბალი ფასის გამო.

TMI - ის მექანიზმებს წარმატებით იყენებენ Fashion სათების მწარმოებლები, რადგან გარდა ხარისხისა, მცირე ზომებისა და კომპაქტურობის გამო, ამ მექანიზმებით შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი დიზაინისა და ფუნქციონალობის საათების წარმოება.

იხილეთ ვრცლად: როგორ ავირჩიოთ საათის მექანიზმი

 

როგორ ავირჩიოთ საათის კორპუსის მასალა

 

როგორ ავირჩიოთ საათის კორპუსის მასალასაათის კორპუსის დასამზადებლად გამოიყენება ისეთი მასალები, როგორიცაა: პლასტმასი, უჟანგავი და ჩვეულებრივი ფოლადი, ტიტანი, ვოლფრამი, კერამიკა, მოოქროვილი ან მოვერცხლილი ფოლადი, კეთილშობილი ძვირფასი ლითონები (ჩვეულებრივი ან თეთრი ოქრო, პლატინა, სუფთა ვერცხლი და ა.შ)

როგორც წესი საათის კორპუსის მასალა მითითებულია საათის მეორე მხარეს, მარკირების სახით, ან დოკუმენტებში.

უჟანგავი ფოლადი - როგორც წესი, ხარისხიანი შვეიცარული და იაპონური საათების უმრავლესობა უჟანგავი ფოლადისგან და ტიტანისგანაა დამზადებული.

ზოგჯერ, კორპუსი მზადდება რამოდენიმე მეტალისგან (უფრო ხშირად ოქროსა და უჟანგავი ფოლადის, ან ტიტანისა და მაღალტექნოლოგიური შენადნობის 316L -ის კომბინაცია),

პოპულარობით სარგებლობს და ფართოდაა გავრცელებული უჟანგავი ფოლადის კორპუსები PVD ან IP დაფარვით.

PVD და IP საფარს მაღალი სიმტკიცე და გამძლეობა გააჩნია.

უჟანგავი ფოლადი 316L - ძალიან ძვირფასი შენადნობია თავისი თვისებების გამო: იგი არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს (ჰიპოალერგენი), მდგრადია კოროზიის მიმართ, ამიტომ ნაკლებად აფუჭებს წყალი და ოფლი, არ იკაწრება, რადგან არის მტკიცე და ამტანი მექანიკური ზემოქმედების მიმართ, რის გამოც საათი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს გარეგნულ იერ-სახეს.

ყველაზე ძვირფასი და პრესტიჟული საათის მარკები სწორედ ძვირფასი ლითონების ან 316L შენადნობის მეტალიგანაა დამზადებული.

ტიტანი - სიმტკიცით ტიტანი ბევრჯერ აღემატება უჟანგავ ფოლადს. მისი მნიშვნელოვანი უპირატესობა -  ფოლადთან შედარებით დაბალი მასა და მაღალი თბოგამტარობაა (საათი სწრაფად იღებს ადამიანის სხეულის ტემპერატურას და ქმნის „თბილი საათის“ ეფექტს.

ტიტანს „ფრთოვან“ მეტალს უწოდებენ, რადგან წარმატებით გამოიყენება ავიაციაში და რაკეტების წარმოებაში, მაღალი სიმტკიცისა და დაბალი მასის გამო. ტიტანი საკმაოდ მყიფე ლითონია, ამიტომ საათების წარმოებაში გამოიყენება შედარებით პლასტიური შენადნობები.

ტიტანის კორპუსის ერთ-ერთი უპირატესობა მისი ანტიმაგნიტურობაა, რაც ძალიან ფასობს საათების წარმოებაში.

ნაკაწრების მიმართ ამტანობა ტიტანს და უჟანგავ ფოლადს პრაქტიკულად ერთი და იგივე აქვს, თუმცა ნაკაწრის გაჩენის შემთხვევაში ტიტანის კორპუსზე ჩნდება დამცავი ფენა (ნაკაწრის ირგვლივ), რაც იცავს საათს კოროზიისგან. გაცილებით კარგად იტანს ტიტანი ზღვის მარილიან წყალს.

ტიტანი, ისევე როგორც უჟანგავი ფოლადი ჰიპოალერგიულია და არ იწვევს კანის დაავადებებს (სწორედ ამიტომ ის ფართოდ გამოიყენება მედიცინაში როგორც იმპლანტების მასალა).

საათების უმრავლესობაში ტიტანის კორპუსს სპეციფიკური მქრქალი ნაცრისფერი ფერი აქვს, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი საათის კორპუსს ამზადებს პოლირებული ტიტანისგან, რაც ძალიან საინტერესო მიგნებაა, რადგან საათი გარეგნულად გამოიყურება როგორც ფოლადი, თუმცა ამასთან აქვთ ძალიან დაბალი მასა.

ტიტანის ძირითადი ნაკლოვანება მნიშვნელოვანია მწარმებლებისთვის და არა მომხმარებლებისთვის. საქმე იმაშია, რომ ტიტანის დამუშავება ძალიან ძნელია, სწორედ ამით არის გამოწვეული ტიტანის კორპუსიანი საათების მაღალი ფასი.

მაღალტექნოლოგიური კერამიკა (High-tech ceramic) - მზადდება უმაღლესი ფილტრაციის ცირკონის ჟანგისგან, კრისტალების ზომით 1/1000მმ (შედარებისთვის, ადამიანის თმის დიამეტრია 1/200 მმ).

ცირკონის ფხვნილს ათავსებენ ყალიბში 1000 ატმ. წნევის ქვეშ და წნეხავენ 1450 გრადუს ტემპერატურაზე, რის შედაგადაც მიიღება უმაღლესი სიმტკიცის კერამიკის კომპონენტები.

ამის შემდეგ, მას აფრქვევენ ალმასის მტვერს, რისი საშუალებითაც მაღალტექნოლოგიური კერამიკა იღებს მისთვის დამახასიათებელ ბზინვარებას.

მიღებული მასალა სიმტკიცით მხოლოდ ალმასს ჩამოუვარდება. კერამიკული საათები პრაქტიკულად მუდმივია და ათეული წლის შემდეგაც ისე გამოიყურება როგორც ახალი.

კერამიკა ქიმიურად ინერტულია, რაც გამორიცხავს ალეგიულ რეაქციებს. იგი არ ცვდება, არ ხუნდება, არ იცვლის ფერს, არ ეშინია წყლი, ცეცხლის და შესანიშნავად ინარჩუნებს თვისებებს ნებისმიერ აგრესიულ გარემოში.

სხვა მასალები - საათის კორპუსი შესაძლოა დამზადებული იყოს მაღალტექნოლოგიური ალუმინისგან, ვოლფრამისგან. ორივე საკმაოდ მაღალხარისხიანი და ძვირფასი მასალად მიიჩნევა, რომელთაც საუკეთესო თვისებები გააჩნიათ.

IPG (Ion Plating Gold) - ასეთი დაფარვა, ოქროს იონური დაფრქვევის შედეგად მიიღება. ყველაზე მეტად გავრცელებული დაფარვაა. შესაძლებელია ოქროს ნებისმიერი შეფერილობის მიღება.

PVD (Physical Vapour Deposition) - ეს არის დაფარვა, რომელიც ხდება ვაკუუმში, მაღალი წნევის ქვეშ და  იონებით დაბომვის გზით, დამტვერვის მეთოდით მეტალიზაციით, აორთქლება-კონდენსაციით და ა.შ.

ეს ძალიან თხელი დაფარვაა, სისქით დაახლოებით 1-დან 3 მიკრონამდე, ყოველგვარი მინარევების გარეშე. თუმცა, მიუხედავადა ამისა, საფარველს გააჩნია მაღალი გამძლეობა და სიმტკიცე ნაკაწრების მიმართ.

საფარის დროში გამძლეობა და სიმტკიცე დამოკიდებულია დაფარვის მეთოდზე, სისქეზე, მეტალზე, რომელზეც ხდება საფარის დატანა და ექპლუატაციის პირობებზე.

არ შეიძლება დარწმუნებით თქმა, თუ რამდენ ხანს გაძლებს ესა თუ ის საფარი. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.

საათის კორპუსის ცვეთის და ნაკაწრების გამოვლენის საშუალო სტატისტიკა კი ასეთია: 1 მიკრონი წელიწადში.

საათის კორპუსის საფარის გამძლეობაზე ზემოქმედებას ახდენს შემდეგი ფაქტორები:

ტყავის ტანსაცმელი (საგრძნობლად ამცირებს კორპუსის ექსპლუატაციის ვადას);

საათის მფლობელის ოფლის მჟავიანობა (საათი ძალიან მალე ცვთება კორპუსის უკანა მხარეს და კიდეებზე);

საფარის სისქე;

საფარის კორპუსზე დატანის ტექნოლოგია;

მეტალი, რომელზეც დატანილია საფარი (განაპირობებს ადგეზიას;

ექსპლუატაციის პირობები;

 

როგორ ავირჩიოთ საათის მინა

 

როგორ ავირჩიოთ საათის მინადღესდღეობით, საათების წარმოებაში გამოიყენება სამი ძირითადი ტიპის მინა:

საფირონის მინა (Sapphire Crystal);

მინერალური მინა (Mineral Glass);

პლასტმასის მინა (Hesalite Glass);

საფირონის მინა  - არის მინა, რომელიც დამზადებულია სინთეტიკური საფირონისგან. საფირონის მინა შედარებით ძვირფასი მასალაა. იგი განსხვავდება სხვა მინებისგან მისთვის დამახასიათებელი ბზინვარებით, რომელსაც ინარჩუნებს წლების განმავლობაში.

საფირონის მინა გამოირჩევა ნაკაწრების მიმართ ძალიან მაღალი მდგრადობით. საფირონის მინის სიმაგრე არის - 2200-2300 ვიკერსის შკალის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ასეთ მინაზე ნაკაწრების დატოვება ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელი.

საფირონის მინისთვის საფრთხეს წარმოადგენს ალმასი, ან ზოგიერთი სინთეტიკური შენაერთი, რომელიც შეიცავს კაჟის კარბიდს და გამოიყენება ავეჯისა და ნატურალური ძვირფასი ქვების იმიტაციის დასამზადებლად.

საფირონის მინის უარყოფითი მხარე არის მისი სიმყიფე, რაც სწორედ მისი დიდი მდგრადობით არის გამოწვეული. ძლიერი დარტყმის შემთხვევაში, შანსი, რომ საფირონის მინა დაიფშვნება წვრილ ნამსხვრევებად, ძალიან მაღალია, მაგალითად მინერალურ მინასთან შედარებით.

მინერალური მინა - მინერალური მინა საფირონის მინისგან განსხვავებით ნაკლებად მდგრადია. მისი სიმაგრე ვიკერსის შკალის მიხედვით არის 500-800, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძალიან სათუთად მოპყრობის შემთხვევაშიც კი დროთა განმავლობაში მინაზე გაჩნდება წვრილი ნაკაწრები.

ამასთან, მინერალური მინა დროთა განმავლობაში, საფირონის მინასთან შედარებით გაცილებით მალე იბურება და კარგავს ბზინვარებას.

მეორეს მხრივ, მინერალურ მინას, საფირონის მინასთან შედარებით აქვს უპირატესობაც - იგი გაცილებით დიდ დატვირთვას უძლებს, ამიტომ მისთვის ნაკლებად საშიშია შემთხვევითი დარტყმა ან ძირს დავარდნა.

აქედან გამომდინარე, მინერალური მინის გატეხვა გაცილებით რთულია, ვიდრე საფირონის მინისა.

თუ საფირონი გატყდა, იგი დაიფშვნება და მინის ნამსხვრევებმა შესაძლოა საათის მექანიზმი დააზიანოს. იგივე ძალის დარტყმის შემთხვევაში კი საათის მინერარული მინა მთელი დარჩება, ან უარეს შემთხვევაში გაიბზარება.

საფირონის მინისგან განსხვავებით, მინერალური მინის გამოცვლა გაცილებით მარტივია, რადგან ხელმისაწვდომია პრაქტიკულად ნებისმიერი ზომა და ფორმა, ამასთან მინერალური მინის გამოცვლა ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

პლასტმასის მინა - პლასტმასის მინა გაცილებით მსუბუქია მინერალურ და მითუმეტეს საფირონის მინასთან შეადრებით. ის გაცილებით ნაკლებად მდგრადია მინერალურ მინასთან შედარებით და მისი სიმაგრე ვიკერსის შკალის მიხედვით 200-500-ია.

ამ თვისების გამო პლასტმასის მინა საკმაოდ პლასტიურია და შემთხვევითი დარტყმის ან დავარდნის შემთხვევაში მისი გატეხვა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე მინერალური მინისა.

თუმცა ამ თვისებების გამო პლასტმასის მინის დაკაწვრა ძალიან ადვილია. თქვენს სამუშაო მაგიდაზეც კი საკმაოდ მოიძებნება ნივთები, რომელთაც ძალუძთ დააზიანონ პლასტმასის მინის ზედაპირი.

ძალიან ადვილია პლასტმასის მასალით საათის მინისთვის პრაქტიკულად ნებისმიერი ფორმის მიცემა.

პლასტმასის მინას ბოჭკოვანი სტრუქტურა გააჩნია, რის გამმოც იგი მაღალი სიმტკიცით გამოირჩევა. ამიტომ იგი ხშირად გამოიყენება სპორტულ საათებში.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სხვა ძვირადღირებულ ანალოგებთან შედარებით, პლასტმასის მინა შესანიშნავად ექვემდებარება პოლირებას. ანუ ეკრანზე არსებული ნაკაწრების მოცილება პოლირების საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერ ნორმალურ საათების სახელოსნოში.

სხვა მასალები - ამ სამი ძირითადი მინის გარდა გვხვდება კომბინირებული საათის მინებიც, მაგალითად Sapphlex რომელიც შედგება ორი შრისგან - პირველი სქელი ფენა მინერალური, და ზემოდან თხელი საფირონის საფარი.

აგრეთვე სხვადასხვა ვარიაციები დამატებითი ფუნქციებით, მაგალითად ზოგი მწარმოებელი საათის მინაზე აკეთებს სპეციალურ არეკვლის საწინააღმდეგო საფარს, რომელზეც მკვეთრი მზის სხივების ან მძლავრი ელქტროენერგიის დანათების შემთხვევაშიც კი ირეკლავს მზის სხივებს და ნებისმიერ ამინდში იდეალურად ჩანს.

ზოგჯერ ასეთი საფარი საათის მინას ოდნავ შესამჩნევ მოლურჯო ფერს აძლევს, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია ნათელი ციფერბლატის მქონე საათებზე. როგორც წესი, ასეთი საფარი უკეთდება საფირონის მინებს.

პს - მხოლოდ მხედველობითი აღქმით მინერალური და საფირონის მინების გარჩევა შეუძლებელია, რადგან გარეგნულად ორივე პრაქტიკულად ერთნაირად გამოიყურება.

საფირონის გამოსაცნობი ერთადერთი სწორი, მაგრამ არაპრაქტიკული გზა, მისი ზედაპირის დანით, ან რაიმე ბასრი საგნით დაკაწვრაა. თუ მინა მინერალურია, იგი დაიკაწრება, საფირონი კი არა.

გამომდინარე ყველაფერი ზემოთ თქმულიდან, უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მასალისგან დამზადებული მინა, რაც არ უნდა მტკიცე იყოს იგი, შესაძლოა გატყდეს.

თუ მინა გატყდა, აუცილებლად მაშინვე უნდა გააჩეროთ საათის მექანიზმი (მაგალითად მოსამართი თავაკის მოხსნით) და მიმართოთ სერვის ცენტრს ან საათების ოსტატს.

საათის მინას მოფრთხილება სჭირდება, ყოველთვის უნდა ეცადოთ, რომ იგი აარიდოთ დარტყმას. მინა უნდა გაწმინდოთ რბილი სტრუქტურის მქონე სუფთა ქსოვილით.

 

საათის ციფერბლატი და ისრები

 

საათის ციფერბლატი და ისრებიციფრული და ანალოგური - როგორც ვიცით საათი არსებობს სამი ტიპის:

ანალოგული;

ციფრული;

კომბინირებული (ციფრულ-ანალოგური);

ანალოგურ საათებს გააჩნია ციფერბლატი, წამებისა და წუთების ისარი, ქრონოგრაფები, ქრონომეტრები და ა.შ

ციფრული საათები LCD ან LED დისპლეითაა აღჭურვილი და ყველაზე ბიუჯეტურად მიიჩნევა. მასზე საათის მაჩვენებელი დიპლეიზე ციფრების სახითაა გამოსახული. მაგალითად 12:30, 18:45 და ა.შ

ციფრულ-ანალოგურ საათებს კი ციფერბლატის რომელიმე კუთხეში ციფრული მცირე დისპლეი გააჩნია და დროს როგორც ისრების, ასევე დისპლეის მეშვეობით აჩვენებს.

ციფერბლატი - შორეულ წარსულში საათის ციფერბლატებს სპილენძისგან ამზადებდნენ. მოგვიანებით მათი ემალირება დაიწყეს. დღესდღეობით კი არსებობს ციფერბლატის დამუშავებისა და მოპირკეთების ათამდე მეთოდი.

ზოგიერთი ციფერბლატი დეკორირებულია გრავირებით, რომელსაც გიოლშირებას უწოდებენ. ამ მეთოდის დროს, გრავირების მანქანით ან ხელით, ციფერბლატზე აკეთებენ სწორხაზოვან ან მრუდე ნახატებს, წარწერებსა და ხაზებს.

გიოლშირების მეთოდი ხშირად გამოიყენება ციფერბლატის კონტრასტულობის ასამაღლებლად, არეკვლის ეფექტის შესამცირებლად და ა.შ.

ციფერბლატებს სხვადასხვა მეტალისგან ამზადებენ, თუმცა მის საფუძველში განთავსებული მეტალი როგორც წესი სპილენძისგან ან თითბერისგანაა დამზადებული. ზოგჯერ კი გამოიყენება სპეციალური მასალები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა პერლამუტრი.

ზოგიერთ ციფერბალტს გალვანური საფარი გააჩნია, ან დაფარულია ტრაფარეტული ბეჭდვის მეთოდით.

საათის დანაყოფები, თუ ისინი არ არის დაბეჭდილი, დატანილია ციფერბლატზე როგორც აპლიკაცია. დანაყოფები და ინდექსები ხშირად დაფარულია იგივე მეტალით, რითაც საათის კორპუსია დამზადებული.

ციფერბლატის ყველა პატარა დეტალის დამზადება და პოლირება ხდება განცალკევებულად, შემდგომ კი მათზე ადუღებენ მინაიტურულ ფეხებს.

თავის მხრივ, ციფერბლატზე, ყოველი ელემენტის ქვეშ კეთდება ღიობი, შემდეგ თითოეული ციფრი ფაქიზად თავსდება ამ ღიობში და მაგრდება უკანა მხრიდან წებოს საშუალებით.

ციფერბლატზე წარწერის გაკეთების გავრცელებულია მეთოდია, ე.წ. ტამპონური ბეჭდვა. ამ ტექნოლოგიით, თავიდან  ხდება სურათის გრავირება მეტალის ფირფიტაზე - მატრიცაზე. მატრიცაზე ასხამენ საღებავს, ხოლო შემდეგ ტამპონის საშუალებით გამოსახულება გადააქვთ ციფერბლატზე.

თუ გამოსახულება ფერადია, ოპერაცია მეორდება ცალ-ცალკე, თითეული საღებავისთვის.

ციფრები და მარკერები შესრულებულია სხვადასხვა სტილით, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის დანაყოფები, რომაული და არაბული ციფრები.

საათის ისრები - საათის ისრები შეიძლება იყოს თითბერის, ვერცხლის, ოქროსი, ფოლადის და ა.შ. ან შესაძლოა იყოს ფოლადის და გააჩნდეს ოქროსა და ვერცხლის საფარი.

სუფთა ოქროსგან დამზადებული საათის ისრები ძალიან სუსტია და მალე დეფორმირდება გამოწრთობილი ფოლადის (ან ოქროთი და ვერცხლით დაფარული ფოლადის) ისრებთან შედარებით.

ხშირად საათის ისრების დასამზადებლად გამოიყენება ცისფერი ლეგირებული ფოლადი  - ლურჯი ან ცისფერი ისრების შესაქმნელად. ასეთი ისრები გარდა იმისა, რომ მოდური და ლამაზია, ძალიან გამძლეა კოროზიის მიმართ. სტილისტიკურადაც, ლურჯი ისრები უკეთეს კონტრასტს ჰქმნის ვერცხლისფერ, გიოლშირებულ ციფერბლატზე.

თუმცა, არსებობს მოდელები, სადაც გამოიყენება სტილი „ოქროსფერი ოქროსფერზე“, „ვერცხლისფერი ვერცხლისფერზე“, „შავი თეთრზე“ და ა.შ. 

ისრების ფერების კომბინაცია, ისევე, როგორც მათი ფორმა, საკმაოდ მრავალფეროვანია და მისი არჩევა მომხმარებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

 

არის თუ არა საათი წყალგამძლე

 

არის თუ არა საათი წყალგამძლე და წყალგაუმტარინებისმიერ ნორმალური ხარისხის საათზე უნდა იყოს აღნიშვნა, არის თუ არა საათი წყალგაუმტარი. თუმცა ტერმინი წყალგაუმტარი ზოგადი ცნებაა და მის ქვეშ შეიძლება იგულისხმებოდეს სხვადასხვა პარამეტრები.

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, ადამიანები დაინახავენ რა საათზე წარწერას წატერ რესისტანტ (წყალგამძლე), თამამად შედიან შხაპის ქვეშ, ან არ იხსნიან საათს აუზზე, მდინარეში ან ზღვაზე ბანაობის დროს.

ამის შედეგი კი საათის პრობლემები და კიდევ უფრო უარესი მისი მწყობრიდან გამოსვლაა. რაც ხდება იმის გამო, რომ ისინი ვერ ერკვევიან თუ რას ნიშნავს წყალგაუმტარობის წარწერის გვერდზე მითითებული ციფრები.

აუცილებელია ერთმანეთისგან გაარჩიოთ წყალგამძლე და წყალგაუმტარი საათები, რადგან წყალგამძლე საათების უმრავლესობას შეუძლია გაუძლოს მცირე რაოდენობის წყალს მოკლე დროის მონაკვეთში.

ხელების დაბანა, ან წვიმაში მოხვედრა წყალგამლე საათებს არ დააზიანებს, მაგრამ შხაპის მიღება (განსაკუთრებით გელით), ან დიდი ხნის განმავლობაში წყლის ქვეშ ყოფნა, გამოიწვევს კორპუსის შიგნით წყლის გაჟონვას და საათის მექანიზმის დაზიანებას.

საათზე მითითებული წყალგამძლეობის მაჩვენებლები (მეტრი, ფუტი, ბარი, ან ატმოსფერო), შეესაბამება წნევის იმ განსაზღვრულ მაჩვენებელს, რომელსაც შეუძლია გაუძლოს აღნიშნულმა საათმა.

წნევა გამოხატება ატმოსფეროებში. ერთი ატმოსფერო უტოლდება 10 მეტრი სიგრძის წყლის სვეტს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საათის მოუხსნელად შესაძლებელია წყლის ქვეშ ჩაყვინთვა 10 ან 30 მ სიღრმეზე.

საათი წყალგამძლეობაზე მოწმდება შემდეგნაირად: სულ ახალ, კონვეირიდან გამოსულ საათს ათავსებენ კოლბაში, სადაც შესაბამისი წნევით წნეხავენ ჰაერს. ამგვარად, საათზე არსებული ციფრები, მიუთითებს, თუ რა წნევის დროს არ ხდება საათში ჰაერის შეპარვა.

რეალურ პირობებში კი საათი არ იმყოფება სტატიკურ მდგომარეობაში, ისე როგორც ექსპერიმენტის დროს და წნევის მომატებაც არ ხდება ნელა და თანაბრად.

მაგალითად, ყვინთვის დროს, წყლის ქვეშ ხელების რეგულარული მოძრაობა უფრო მეტი წნევის ზემოქმედებას იწვევს საათზე, რომ არაფერი ვთქვათ წნევის მკვეთრ ცვლილებაზე, რომელსაც ადგილი აქვს წყალში გადახტომის დროს.

თუ საათზე სართოდ არ არის მითითებული წყალგამძლეობის მაჩვენებელი, ასეთი საათი არაკომფორტულია უბრალო წვიმის დროსაც კი. ეს განსაკუთრებით ეხება დაბალ ბიუჯეტიან კვარცის საათებს. ასევე სიფრთხილეა საჭირო როცა საათი მოოქროვილი, ან თუნდაც ოქროსია, რადგან როგორც ცნობილია, ოქრო რბილი მეტალია და ძალიან რთულია მასზე ჰერმეტულობის შენარჩუნება.

1ბარ=1ატმ=10м

1 ფუტი = 12 დიუმი, 1 დიუმი = 2,54 სმ. შესაბამისად 1 ფუტი = 30,48 სმ

მაგალითად: თუ საათზე არის წარწერა - "Water Resistance": 5ბარ, 5ატმ, 50 მეტრს, ეს ნიშნავს, რომ ასეთ საათს ჰერმეტული მოსამართი გააჩნია და შესაძლებელია საათი იყოს წყალში მცირე დროის მონაკვეთის განმავლობაში.

ამ მონაცემების გათვალისწინებით ქვემოთ მოყვანილია ცხრილი, რომლის საშუალებითაც მარტივად დაადგენთ რა დონის წყალგაუმტარია თქვენი საათი და რა შემხებლობა უნდა ჰქონდეს მას წყალთან:

ექვივალენტი, რომელიც გამოხატულია ატმოსფეროებში (1 атм – 20 атм), არ უნდა განიხილოთ, როგორც წყლის სიღრმეში საათის ჩატვირთვის ექვივალენტი, რადგან ჩაყვინთვის დროს, მოძრაობა, რომელიც ხდება წყლის ქვეშ, ზრდის საათზე წნევის დაწოლას.

თუ საათზე არ არის წარწერა (Water Resistant), ეს ნიშნავს, რომ საათი არის ჰერმეტული და მისი წყალთან (ან სხვა სითხეებთან) ყოველგვარი კონტაქტი არ არის დასაშვები.

თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად ლუქსის კლასის საათებზე წარწერა W.R. შესაძლოა საერთოდ არ არსებობდეს, მაგრამ საათი იყოს წყალგამლე ან წყალგაუმტარი. ასეთ შემთხვევებში ეს მონაცემები უნდა მოიძიოთ საათის დოკუმენტებში.

ნუ იფიქრებთ, რომ საათის წყალგაუმტარობა ან წყალგამძლეობა მუდმივია. საჭიროა ორ წელიწადში ერთხელ მექანიკურ/ავტომატურიწყალგაუმტარი საათის სერვის ცენტრში მიტანა დამატებითი კონტროლისთვის. ხოლო კვარცის საათების კონტროლი რეკომენდებულია ყოველი ელემენტის გამოცვლის დროს.

თუ საათში მაინც მოხვდა წყალი, რაც უფრო მალე მიმართავთ სერვის ცენტრს ან კომპეტენტურ მესაათეს, მით უფრო გარანტირებულად ააცილებთ საათს შესაძლო პრობლემებს.

ჰერმეტულობის დარღვევაზე მიუთითებს საათის მინის შიდა მხრიდან დაორთქვლა. ამ დროს, ასევე აუცილებელია სწრაფად მიმართოთ საათების ოსტატს ან სერვის ცენტრს.

იხილეთ ვრცლად: წყალგამძლე და წყალგაუმტარი საათები

 

საათის ფუნქციები

 

საათის ფუნქციებისაათები იყოფა მათ მიერ განხორციელებული ფუნქციების მიხედვითაც. საათის ფუნქცია ნიშნავს მის შესაძლებლობას მიაწოდოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია მომხმარებელს. ეს ფუნქციების შეიძლება იყოს:

სტანდარტული ფუნქციები - ასეთ ფუნქციებს მიეკუთვნება საათის ინდიკაცია, წუთები, წამები, დღეები და თვეები.

რთული ფუნქციები - ამ კატეგორიას მიეკუთვნება საათები გართულებული ფუნქციებით. სწორედ ასეთი საათებია ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული და არა საიუველირო საათები.

ასეთი საათები თავის მხრივ ფუნქციების მიხედვით იყოფა 4 ჯგუფად:

- საათები რეპეტირით;

- საათები ასტრონომიული ინდიკაციით;

- საათები ტურბიონით;

- საათები რეტროგრადული მაჩვენებლებით;

ქრონოგრაფი - ეს არის საათი, რომელიც აღჭურვილია ერთი ან რამდენიმე მრგვალ ან ოთკუთხედ წრეში მოთავსებული პატარა ისრით, დროის მონაკვეთებს შორის შუალედის დასადგენად.

ერთი სიტყვით, ქრონოგრაფი დამატებითი ფუნქციაა, რომელიც ზომავს გარკვეული დროის შუალედს და რომელიც იწყებს მუშაობას, ჩერდება და უბრუნდება საწყის მდგომარეობას ისე, რომ არ ახდენს საათის ძირითადი მექანიზმის მუშაობაზე უშუალო ზემოქმედებას.

ქრონოგრაფიანი საათების საერთო იერსახე დამოკიდებულია დამხმარე ციფერბლატების რაოდენობაზე. პატარა ზომის დამხმარე ციფერბლატები შეიძლება იყოს ერთი, ორი, სამი და ოთხიც კი. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი (როგორც წესი ძირითადად ციფერბლატის კიდეშია განლაგებული) და აჩვენებს მიმდინარე დროის წამობრივ მაჩვენებელს.

ცენტრალური წამების ისრის მიერ სრული ბრუნის გაკეთების და მაჩვენებელთან „12 საათი“ დაბრუნების შემდეგ, ქრონოგაფის წუთების ისარი გადადის შემდეგ დანაყოფზე.

წუთობრივი ციფერბლატები ჩვეულებრივ, არსებობს 30, 40 ან 60 წუთიანი. უფრო რთულ ქრონოგრაფებს წუთობრივის გარდა, დამატებით საათობრივი ციფერბლატიც გააჩნიათ, რაც საშუალებას იძლევა გაიზომოს დროის მონაკვეთი 12 საათამდე ხანგრძლივობით.

ქრონოგრაფის მექანიზმს უნდა გააჩნდეს სამი ძირითადი ფუნქცია: სტარტი, გაჩერება (სტოპი), და განულება.

რეპეტირი (Repetition) - საათის მექანიზმის დამატებითი მოწყობილობა, რომელიც კნოპზე თითის დაჭერის შემთხვევაში სხვადასხვა ტონალობით მელოდიურად რეკავს დროს;

კომპლექსური საათის მექანიზმი, როგორც წესი, აჩვენებს სრულ საათს, საათის მეოთხედს და წუთებს (Minute Repetition - წუთობრივი რეპეტირი). თითოეულ დარეკვას აქვს საკუთარი მელოდია და სიხშირე.

რეპეტირის გამოგონება მოხდა სიბნელის გამო. ლუმინესცენტური საღებავის გამოგონებამდე (მანათობელი საღებავი), ძალიან რთული იყო სიბნელეში დროს გაგება.

პირველი რეპეტირები გამოიგონეს ადამიანებისთვის, რომლებიც ბევრს მოგზაურობდნენ, განსაკუთრებით ღამეში.

დღესდღეობით რეპეტირების წარმოება საათის მწარმოებელი კომპანიების უმაღლეს ოსტატობაზე და პროფესიონალიზმზე მიუთითებენ.

ტურბიონი - ეს არის მექანიზმი, რომელიც ახდენს დედამიწის მიზიდულობის კომპენსირებას. ანუ საათის ბალანსის რგოლი (ბორბალი) და გამშვები მექანიზმი ყენდება სპეციალურ მოძრავ პლატფორმაზე.

პლატფორმა, ბრუნავს საკუთარი ღერძის ირგვლივ (როგორც წესი ერთი ბრუნი წუთში) და ცვლის მთელი მექანიზმის სიმძიმის ცენტრს.

პლატფორმის მოძრაობის დროს, საათი ხან ნახევარი წუთით აჩქარდება, ხან კი ნახევარი წუთით რჩება უკან და ამგვარად ხდება საათის სვლის ცდომილების კომპენსირება, რომელიც დამოკიდებულია დედამიწის მიზიდულობაზე.

უნდა ავღნიშნოთ,რომ ტურბიონი ბრუნავს მხოლოდ ერთ სიბრტყეში და კარგად ასრულებს საკუთარ ფუნქციას მხოლოდ მაშინ, თუ საათი არის ვერტიკალურ მდგომარეობაში, ანუ გიკეთიათ ხელზე. მაგრამ თუ საათი დევს მაგიდაზე, აუცილებელია მისი ბრუნვა სხვა სიბრტყეში.

დღესდღეობით, ტურბიონები არის ორი სახის: ტრადიციული და მოლივლივე. ტრადიციულ ტურბიონებში პლატფორმა დამაგრებულია გამჭოლ მოძრავ ღერძზე. ხოლო მოლივლივე ტურბიონებში მხოლოდ ერთ, ქვედა ღერძზე, რისი წყალობითაც ჩვენ არაფერი გვიშლის ხელს დავტკბეთ ამ მექანიზმის მუშაობით. თუმცა ასეთი ტურბიონები უფრო მყიფეა.

ტურბიონების ბრუნვის სიჩქარე შეიძლება იყოს წუთიანი, ნახევარწუთიანი და კარუსელისებრი.

კარუსელისებრი ტურბიონი ყველაზი მარტივი დასამზადებელია და შესაბამისად ნაკლებად ღირებულია.

უფრო ძვირფასად და ძვირადღირებულად მიიჩნევა ტურბიონი, რომლის ბრუნვის სიჩქარე არის წუთში ერთი ბრუნი. მხოლოდ ძალიან პრესტიჟულ და ცნობილ ბრენდის საათების მწარმოებლებს ძალუძთ თავს მისცენ უფლება, საკუთარი საათები აღჭურვონ ასეთი მექანიზმებით.

სვლის რეზერვი - ეს არის მოწყობილობა, რომელიც სულ უფრო ხშირად გვხვდება მექანიკურ საათებში.

სვლის რეზერვის ინდიკატორი აჩვენებს სვლის მარაგს, რომელიც დარჩენილი აქვს მექანიკურ/ავტომატურ საათს მუშაობისთვის.

როგორც წესი სვლის რეზერვი გამოხატულია 0-იდან 40-46 საათამდე შკალით. თუ საათს მომართვის შემდეგ მეტი რეზერვი გააჩნია, ეს შეიძლება ასახული იყოს შკალაზე მაჩვენებლით 10 დღემდე.

სვლის რეზერვის შკალას როგორც წესი აქვს ერთი ისარი და ძირითადად განთავსებულია საათის ზედა ნაწილში. თუმცა საათების დიზაინები ეხლა ისეთი მრავალფეროვანია, შკალა შეიძლება განთავსებული იყოს საათის ციფერბლატის ნებისმიერ კუთხეში (ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ).

GMT -  საათის მექანიზმის პრინციპი, დროის ზონებით საკმაოდ მარტივია. ორი დროის მაჩვენებლის შემთხვევაში, დროის მეორე ზონის ინდიკაცია განხორციელდება დამატებითი, პატარა ციფერბლატით.

თუ საათს აქვს ფუნქცია GMT, შესაძლებელია ორი ვარიანტი: პირველ შემთხვევაში, ციფერბლატში ჩადგმულია დამატებითი, მოძრავი ბრტყელი რკალი, რომელზეც გრავირებულია ერთ-ერთი ქალაქის სახელი, რომელიც შეესაბამება მოცემულ საათობრივ სარტყელს.

მეორე შემთხვევაში კი ყენდება დამატებითი ისარი, რომელიც უჩვენებს საათობრივ სარტყელს მოცემულ დროით ზონაში.

მთვარის ფაზები (Moon Phase) - საათი ჩაშენებული კალენდრით უჩვენებს მთვარის ფაზებს: სავსე მთვარეს, ახალ მთვარეს და მთვარის მეოთხედებს.

როგორც წესი, მთვარის ფაზები ნაჩვენებია ილუსტრირებული ფორმით, მთვარის სურათებით ნახევრადრკალისებურ ღიობში.

ზოგიერთ შემთხვევებში ღიობი მოჩარჩოებულია მთვარის კალენდრის 29.5 დღით და ვარსკვლავიანი ცის რუქებით.

ტახიმეტრი - ეს არის მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევს საათის მფლობელს, გაზომოს საკუთარი მოძრაობის საშუალო სიჩქარე (კმ/საათი) გზის ფიქსირებულ მონაკვეთზე, საათის ქრონოგროფიული ფუნქციების გამოყენებით.

როგორც წესი, თანამედროვე ქრონოგრაფების უმრავლესობა აღჭურვილია ტახიმეტრული შკალით, რომელიც განთავსებულია ციფერბლატის გარეთა მხარეს (ან თავად ციფერბლატზე, ან საათის კორპუსზე).

ჩვეულებრივ, შკალის ნორმალიზაცია ხდება გზის 1კმ სიგრძის მონაკვეთზე, ხოლო აღნიშვნა, რომელიც მასზეა გაკეთებული, შეესაბამება საშუალო სიჩქარეს ამ მანძილზე.

მაგალითად, თუ საათის მფლობელი მოძრაობს მანქანით ავტომაგისტრალზე, რომელზეც კილომეტრები არის მონიშნული, სიჩქარის დასადგენად მან საკმარისია ჩაინიშნოს ქრონოგრაფის საშუალებით, თუ რამდენ ხანში დაფარავს 1კმ-ს. ამასთან, ქრონოგრაფის წამების ისარი უჩვენებს შკალაზე იმ წამობრივ დროს, რა დროშიც იქნა დაფარული გზის 1 კმ. ხოლო ტახიმეტრის შკალა უჩვენებს მოძრაობის საშუალო სიჩქარეს ამ მონაკვეთზე.

ზემოთ აღნიშნული მართებულია იმ შემთხვევაში, თუ მანქანის მოძრაობის სიჩქარე აღემატება 60 კმ/სთ-ს (ამ შემთხვევაში გაზომვის დრო არ აჭარბებს 60 წამს და წამობრივი ისარი აკეთებს არა უმეტეს ერთ ბრუნს).

60კმ/სთ-ზე დაბალი სიჩქარის გაზომვის შემთხვევაში, გამოიყენება უფრო რთული კოაქსიალური შკალები, რომელთაგან თითოეული შეესაბამება ქრონოგრაფის ისრის მეორე, მესამე და ა.შ ბრუნს. ანუ დროებით იტერვალს - 60-120 წამი, 120-180 წამი და ა.შ.

პს. გულწრფელად რომ ვთქვათ, მიუხედავად ქრონომეტრების მიერ დროის შუალედების ზუსტი გაზომვისა, დღევანდელ დღეს ქრონომეტრებით და ტახომეტრებით აღჭურვილი საათები უფრო მოდური აქსესუარია, ვიდრე სერიოზული მოწყობილობა.

საათზე ამ მოწყობილებები არსებობა,  პრესტიჟზე და მფლობელის გემოვნებაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე გარკვეული პროფესიის გამო მის საჭიროებაზე.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებისა, მაჯის საათებს შეიძლება ჰქონდეს კომპასი, ბარომეტრი, ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებელი, მაღვიძარა, ამინდის პროგნოზი და ა.შ

 

მანათობელი საათები

 

მანათობელი საათებისაავიაციო, დაივერული და სპორტული საათების უმრავლესობას, აგრეთვე ბევრ კლასიკურ მოდელსაც,  ციფერბლატზე და საათის ისრებზე დატანილი აქვს სპეციალური ფოსფორის შემცველი ნივთიერება, რომელიც ღამით, როცა საათის მაჩვენებლის დანახვა შეუძლებელია, ანათებს და დროის გაგებას ხელმისაწვდომს ხდის.

ამ ნივთიერებით ამუშავებენ საათის დანაყოფებს, ციფრებს, ისრებს და ა.შ. არსებობს საათები, რომელზეც მანათობელი ფოსფორის შემცველი ან სხვა ნივთიერება ციფერბლატის მთელს ზედაპირზეა დატანილი და შესაბამისად ანათებს ციფერბლატის მთელი ზედაპირი.

განსხვავებულია ციფერბლატის კომპოონენტებზე და ისრებზე დატანილი ლუმინოფორის შემადგენლობა. იმის მიხედვით, თუ რა ნივთიერებითაა ეს კომპონენტები დამუშავებული, ზოგიერთი საათი ანათებს უფრო ძლიერად, ზოგიერთი სუსტად.

განსხვავებულია განათების დროც. ზოგიერთი საათი ანათებს ძალიან დიდხანს, ხოლო ზოგიერთი მოკლე დროის განმავლობაში, რაც ასევე ლუმინოფორის შემცველი ნივთიერების შემადგენლობაზეა დამოკიდებული.

მანათობელი ნივთიერებები, რომლითაც ამუშავებენ საათის კომპონენტებს საკმაოდ მრავალფეროვანია, რომლებიც შეიცავენ ყვითელ ფოსფორს, თეთრ ფოსფორს და სხვა ნივთიერებებს.

მაგალითად იაპონელები იყენებენ ნივთიერებებს LumiNova და LumiBright. ეს ნივთიერებები მართალია ხარისხით აღემატება ადრე გამოყენებულ ფოსფორის მასას, თუმცა სრულად არ შეესაბამება სტანდარტს ISO 3157.

მაგალითად, LumiNova-ს შემცველი ნივთიერება დასაწყისში ანათებს ძლიერად, შემდეგ მკვეთრად ეცემა, ხოლო 3-6 საათის შემდეგ განათება ისე სუსტია, რომ დროის გარჩევა თითქმის შეუძლებელი ხდება.

მანათობელი ნივთიერებების კიდევ ერთი ნაკლია ის, რომ ციფერბლატის ზედაპირს სჭირდება რეგულარული „დამუხტვა“, ანუ მზის სინათლის ან მკვეთრი განათების ქვეშ გაჩერება.

თუ საათი პიჯაკის ან პერანგის ქვეშაა დამალული, იგი ვერ იღებს საკმარის ენერგიას და მისი განათების შანსი რა თქმა უნდა ნაკლებია.

შვეიცარული კომპანიები დღესაც უამრავ თანხებს დებენ, ფოტოლუმინესცენციის დახვეწისა და  განათების ვადების გახანგრძლივებისთვის.

როგორც ავღნიშნეთ, სხვადასხვა საათებში გამოიყენება სხვადასხვა შემადგენლობის ლუმინოფორი. მაგალითად დაივერულ საათებში, იმისთვის, რომ მან წყლის ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში გაანათოს, გამოიყენება რადიოაქტიული ლუმინოფორი (რა თქმა უნდა შედარებით).

უსაფრთხო ლუმინოფორი, რომელიც გამოიყენება კლასიკურ საათებში, მალე იკრებს გასანათებელ ენერგიას, მაგრამ მალევე კარგავს მას.

აქედან გამომდიანრე, ზოგიერთ საათზე მითითებულია წარწერები:  T ან T25.  წარწერა T (swiss made-ს გვერდით, ან მის გარეშე) ნიშნავს, რომ ფოსფორის შემცველობა უსაფრთხო ნორმაზე მეტია.

ხოლო წარწერა T25 ნიშნავს, რომ მანათობელ ნივთიერებაში ფოსფორის შემცველობა არის 25 mci-ზე ნაკლები.

ზოგიერთ საათებში ადრე იყენებდნენ და ახლაც გვხვდება რადიაქტიულად საშიში ნივთიერებების რადიუმისა და ცეზიუმის კომბინაციით დამზადებული განათება. თუმცა ეს ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის საშიშია, ამიტომ მწარმოებლები ცდილობენ საათის განათებისთვის გამოიყენონ მხოლოდ უსაფრთხო ლუმინოფორი (რომელიც ნაკლებად ანათებს და იმუხტება), გამონაკლისია მხოლოდ სამხედრო და საავიაციო დანიშნულების საათები.

კვლევებით დადგენილია, რომ წლიურად, სხვადასხვა წყაროებიდან ადამიანის მიერ მიღებული რადიაქტიული გამოსხივების დოზა, უტოლდება წლის განმავლობაში რადიოლუმინესცენტური ციფერბლატის მქონე საათის ტარებით მიღებულ გამოსხივებას.

ამ გამოკვლევის თანახმად, საათის გამოსხივების დოზა წლის განმავლობაში არის 4 მიკროზივერტი. შედარებისთვის - გულმკერდის რენტგენის გადაღების დროს გამოსხივების დოზა 70 მიკროზივერტია, ხოლო ნატურალური რადიაციული ფონით მიღებული რადიაციის წლიური დოზა შეადგენს მიახლოებით 2100 მიკროზივერტს.

აქედან ნათელია, რომ საათის რადიაციული გამოსხივება უმნიშვნელოა და არ წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საათის მანათობელი ელემენტები არც დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე.

დღესდღეობით, განათება, რომელიც მზადდება ფოსფორის საფუძველზე, შედარებით უკეთესი მეთოდია ღამის საათებში დროის ინდიკაციისთვის.

 

რა ზომის საათი ავირჩიოთ

 

რა ზომის საათი ავირჩიოთიმისათვის, რომ გაერკვეთ, თუ რა ზომის ციფებლატის მქონე საათია თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური, საჭიროა წინასწარ გაიზომოთ მაჯის გარშემოწერილობა. ეს შეიძლება გააკეთოთ საზომი (სანტიმეტრიანი) ლენტით, რომელსაც მილიმეტრებიანი დანაყოფები გააჩნია, ან ძაფით, რომელსაც შემდეგ გაზომავთ ჩვეულებრივი სახაზავით.

კლასიკურ ვარიანტად ითვლება, როცა საათის კორპუსის სახელურები (რაშიც სამაჯურია გაყრილი), არ გადასცდება ხელის გარშემოწერილობას.

ზოგადი ფორმულით, მაჯის გარშემოწერილობასა და საათის კორპუსის დიამეტრე შორის პროპორცია ასეთია:

მაჯის წვრილი გარშემოწერილობა (16 სმ-მდე) – 40 მმ-მდე დიამეტრის საათები;

მაჯის საშუალო გარშემოწერილობა (18 სმ-მდე) – 40-დან 43 მმ-მდე დიამეტრის საათები;

მაჯის მსხვილი გარშემოწერილობა ( 19 სმ-დან) – 43 მმ-დან ზემოთ დიამეტრის საათები;

საათი 15 მმ-დან 40-მმ-მდე კარგად გამოიყურება პატარა და საშუალო ზომის ხელზე. თუ ხელის გარშემოწერილობა 10-დან 16 სმ-მდეა, ასეთი ხელისთვის იდეალურია 40 მმ-მდე დიამეტრის კორპუსის მქონე მაჯის საათი.

ზოგადად, მინიატურული ზომის საათები (ქალის 20 მმ-მდე, მამაკაცის 30 მმ-მდე) უხდება სუსტი გარეგნობის და ტანადობის ადამიანებს.

41-43 მმ დიამეტრის საათები კარგად გამოიყურება ხელზე, რომლის მაჯის გარშემოწერილობა არის 16-დან 19 სმ-მდე.

44-50 მმ - საათის კორპუსის დიამეტრისთვის საკმაოდ დიდ რიცხვად მიიჩნევა. ეს საკმაოდ მაშტაბური ზომის საათებია. იგი მოუხდება ადამიანებს, რომელთა მაჯის გარშემოწერილობა იწყება 18 მმ-დან და ადის 22-25 მმ-მდე.

თუ თქვენ არ იცით მაჯის ზუსტი გარშემოწერილობა და გსურთ შეიძინოთ საათი, მაგალითად საჩუქრად. უკეთესია ისარგებლოდ უსაფრთხო, საყოველთაოდ აღიარებული „უსაფრთხო“ ზომებით:

მამაკაცებისთვის: 42-44 მმ;

ქალებისთვის: 33-38 მმ;

რა თქმა უნდა საათის შერჩევის დროს მთავარი კრიტერიუმის არის მისი მიზომება და უპირველასად იგი ხელზე კარგად უნდა მოირგოთ, რათა დარწუნდეთ რომ ზომა თქვენთვის კომფორტულია.

თუმცა შესაძლებელია მიახლოებითაც მოარგოთ საათის დიამეტრი მაჯის გარშემოწერილობას. გამოთვლის მარტივი სქემა ასეთია: მაჯის გარშემოწერილობა (მილიმეტრებში) უნდა გაყოთ 4-ზე. მაგალითად, თუ თქვენი მაჯის გარშემოწერილობაა 17 სმ - 170 : 4 = 42,5. მიღებული შედეგი წარმოადგენს თქვენი მაჯის საათის დიამეტრის იდეალურ ზომას.

თავად საათის დიამეტრის გაზომვა ასევე ხდება საზომი (სანტიმეტრიანი) ლენტით, რომელსაც მილიმეტრებიანი დანაყოფები გააჩნია.

იყავით ყურადღებით, რადგან ძალიან ხშირად მაღაზიებში საათზე მითითებულია არა ციფერბლატის ზომა, არამედ კორპუსის სისქე, ან სამაჯურის ზომები.

თუ საათი თან არ გაქვთ და მის შეძენას ინტერნეტით აპირებთ, ან საათს გჩუქნიან და გაინტერესებთ როგორი იქნება მისი ზომა თქვენს მაჯაზე, არსებოიბს მარტივი გამოსავალი: სასურველი ზომის რადიუსის წრე შემოხაზეთ ქაღალდის ფურცელზე, სუფთად გამოჭერით და დაიდევით მაჯაზე. მიიღებთ მაქსიმალურად მიახლოებულ შედეგს, თუ როგორ გამოიყურება აღნიშნული ზომის საათი თქვენს ხელზე.

ხშირად ციფერბლატის დიამეტრი მითითებულია დიუმებში. როგორც ცნობილია 1 დიუმი = 2.54 სმ. ამიტომ, თუ ციფერბლატის დიამეტრის ზომად მითითებულია მაგალითად 1, 58 დიუმი. საათის დიამეტი მილიმეტრებში იქნება 1,58 X 2,54 = 4, 01 სმ, ანუ 40 მმ.

როგორც წესი, ქალის საათების დიამეტრის ზომა მერყეობს 22-დან 44 მმ-მდე, ხოლო მამაკაცის 34-დან 50 მმ-მდე.

46 მმ-ზე დიდი დიამეტრის საათი უნდა გაიკეთონ მაღალმა მამაკაცებმა რომელთაც მძლავრი ხელებიდა მსხვილი მაჯა გააჩნიათ.

იხილეთ ვრცლად: როგორ ავირჩიოთ საათის ზომა

 

როგორ ავირჩიოთ საათის სამაჯური

 

როგორ ავირჩიოთ საათის სამაჯურისაათის სამაჯურები და ბრასლეტები გაჩნდა დაახლოებით 100 წლის წინ, მაშინ როდესაც მასიურად შემოვიდა მაჯის საათები.

თავდაპირველად, სამაჯური ან ბრასლეტი წარმოადგენდა ჯაჭვს, მოგვიანებით კი იგი ტყავის სამაჯურმა ჩაანაცვლა.

დღესდღეობით ფართოდაა გავრცელებული ტყავის, კაუჩუკის, ნეილონის და მეტალის სამაჯურები.

ზოგადად, შეძენის დროს საათს თან ახლავს ხოლმე სამაჯური, რომელიც  შეესაბამება საათის სტილს, ფერს, ფორმას და მასალას.

ზოგჯერ იგი არის ცალკე, საათისგან განცალკევებულად და მფლობელი თავად ირჩევს საკუთარი გემოვნებით თუ როგორი სამაჯური სურს.

ამასთან, დროთა განმავლობაში სამაჯური ცვდება, ფუჭდება, ან გამოდის ახალი დიზაინის ძალიან ლამაზი სამაჯური. შესაძლოა სამაჯური არ გაფუჭდეს, მაგრამ იგი იყოს ტყავის, და მფლობელს ჰქონდეს სურვილი მასთან ერთად იქონიოს მეტალის სამაჯური და პირიქით.

ტყავი - ტყავის სამაჯური შეიძლება დამზადებული იყოს მაღალხარისხიანი ხბოს ან ღორის ტყავისგან. ფუფუნების და ძვირფასი ნივთების მოყვარულები კი უპირატესობას ეგზოტიკური ცხოველების ტყავისგან დამზადებულ სამაჯურებს ამჯობინებენ, როგორიცაა მაგალითად: ალიგატორი, ზვიგენი, სკაროსი და ა.შ.

ხარისხიანი ტყავის სამაჯურის დამზადება საკმაოდ რთული პროცესია. ტყავს ამუშავებენ სპეციალური წესით, პოხავენ ცხიმით, ხოლო შემდეგ აერთებენ სამი შრით - ორი შიგა და ერთი გარე შრე.

მიუხედავად ამ ძალისხმევისა, ტყავის სამაჯური ნაკლებად გამძლეა, ვიდრე მეტალის სამაჯური და მისი გამოცვლა მფლობელებს ხშირად უწევთ ხოლმე.

იმისათვის, რომ გაიზარდოს ტყავის სამაჯურის ექსპლუატაციის ვადა, საჭიროა გარკვეული პირობების დაცვა: მაგალითად, ეცდეთ არ დაასველოთ ტყავის სამაჯური, გაწმინდეთ მხოლოდ მშრალი მასალით, მოარიდეთ ქიმურ ნივთიერებებთან ზემოქმედებას და არ დატოვოთ ნესტიან გარემოში.

მეტალი - მეტალის სამაჯურები თავის მხრივ შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის: სპეციალურად დამზადებული მეტალის რეზინისებური სამაჯური (შესაკრავის გარეშე), მეტალის მასალისგან ნაქსოვი (შესაკრავით), დაწნული (ე.წ მესჰ-ბანდ) რომელიც შედგება მცირე ზომის რგოლებისგან და გააჩნია მრავალფეროვანი კონსტრუქცია და ა შ...

მეტალის სამაჯურის მასალა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მაგალითად:

ლითონი - ასეთი სამაჯური ძირითადად არის ორგვარი: ჩამოსხმული უჟანგავი ფოლადის შენადნობი და დაპრესილი ფოლადისგან დამზადებული.

რა თქმა უნდა უჟანგავი ფოლადის შენადნობისგან დამზადებული სამაჯური უფო მტკიცე, ძვირადღირებული და პრესტიჟულია.

თითბერი - რომელიც ხშირად ქალის საშუალო ხარისხის საათებში გამოიყენება.

თითბერი (ლატუნი) მსუბუქი და პრაქტიკულია, თუმცა შესაძლოა მისი ზედა ფენა გაიცვითოს და საათმა დაკარგოს პრეზეტაბელური იერ-სახე.

კერამიკა - ელეგანტურ ქალის საათების სამაჯურები ხშირად მზადდება მაღალხარისხიანი კერამიკისგან, რომელიც ხშირად გაფორმებულია სვაროვსკის, ან სხვა ტიპის თვლებით. კერამიკა მსუბუქია, მტკიცე, ანტიალერგიული და ამასთან გამორჩეული ვიზუალური თვალსაზრისით.

კერამიკის სამაჯურები ხშირად გხვდება მამაკაცის საათებშიც. უნდა აღინიშნოს, რომ კერამიკის სამაჯურიანი საათის შეძენას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კერამიკა მაღალხარისხიანია და არ არის ფალსიფიცირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ადველად გაცვდება და დაიკაწრება.

ტიტანი - ძალიან პრაქტიკული და პოპულარულია. იგი მტკიცეა, მსუბუქი და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს კანთან კონტაქტის დროს.

ძვირფასი ლითონები - იუველური საათების სამაჯურები ხშირად მზადდება ძვირფასი ლითონებისგან. მაგალითად ზოგიერთი ფირმის ოქროს საათს შესაბამისად ახლავს ოქროს სამაჯური, ხოლო ვერცხლის საათს ვერცხლის სამაჯური.

შესაძლოა საათი იყოს ოქროსი, მაგრამ სამაჯური ჰქონდეს არა ოქროსი, არამედ მოოქროვილი (ან საათი იყოს ვერცხლის, ხოლო სამაჯური მოვერცხლილი).

შესაძლოა საათის არ იყოს ოქროსი, ან ვერცხლის, მაგრამ სამაჯური იყოს მოოქროვილი ან მოვერცხლილი.

ოქროს აღმნიშვნელი სიმბოლოებია:

10K -  417 სინჯი, 42%-იან ოქრო.

14K -  585 სინჯი, 58%-იან ოქრო.

18K - 750 სინჯი, 75% სუფთა ოქრო.

23K – 958 სინჯი, 92% სუფთა ოქრო

კაუჩუკი - კაუჩუკის და სილიკონის სამაჯურები ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია. არ სრიუალებს, არ სხლტება და შესანიშნავად „ზის“ ხელზე.

კაუჩუკის სამაჯურები საკმაოდ ფუნქციონალურია, თუმცა საათს, რომელსაც ასეთი სამაჯური აქვს, სფეციფიკური, შეხამებული დიზაინი უნდა ჰქონდეს. კაუჩუკი უფრო სპორტსმენების და მოგზაურებისთვისაა გათვლილი.

თუმცა არსებობს მაღალი ხარისხის და ლამაზი დიზაინის კაუჩუკის სამაჯურები, რომელთა გამოყენება ყოველდღიურ პირობებშიც შეიძლება.

სინთეტიკური (ნეილონის) - ასეთი სამაჯურები არ არის პრესტიჟული და ძვირადღირებული, თუმცა გამოირჩევა სიმტკიცით და პროაქტიკულობით.

ნეილონის სინთეტიკური სამაჯურები ყველაზე მეტად მოსახერხებელია სპორტსმენებისთვის, რადგან იგი არ ხუნდება და არ ზიანდება ნესტის ზემოქმედების შედეგად.

სამაჯურის შერჩევის დროს, რა თქმა უნდა უპირველესი ფაქტორი მისი სილამაზე და სტილია, თუმცა ამასთან იგი უნდა იყოს ხარისხიანი, მოხერხებული და შეესაბამებოდეს თქვენი მაჯის გარშემოწერილობას.

იმისათვის, რომ სამაჯური სწორად იქნეს შერჩეული, პირველ რიგში აუცილებელია ზუსტად იცოდეთ მისი ზომა. ზომის აღება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი ჩვეულებრივი სახაზავით.

ზოგადად, ყველაზე გავრცელებულ ზომად მიიჩნევა სამაჯურის სიგანე -  20/18 ასევე გავრცელებული ზომაა 20/16 ან კლასიკური 20/20 (სამაჯურს აქვს ერთი სიგანე მთელს სირძეზე).

რაც შეეხება სამაჯურის სიგრძეს, იგი უნდა შეესაბამებოდეს მაჯის გარშემოწერილობას და ბოლოში რჩებოდეს მცრეოდენი დამატებითი სიგრძე. სამაჯურის ბოლოში, როგორც წესი განთავსებულია ნასვრეტები შესაკრავისთვის.

ქვემოთ მოყვენილია ზოგადი მონაცემები, რომლით სარგებლობაც შეგიძლიათ სამაჯურის სასურველი სიგრძის შერჩევის დროს:

მაჯის გარშემოწერილობა    სამაჯურის სიგრძე

165-178 მმ – 125-75

178-190 მმ – 130 / 80;

190-203 მმ – 135 / 85;

203-215 მმ – 140 / 85;

217-229 მმ  - 145 / 90.

იხილეთ ვრცლად: როგორ ავირჩიოთ საათის სამაჯური

 

როგორ გავარჩიოთ ორიგინალური საათი მისი ასლისგან

 

როგორ გავარჩიოთ ორიგინალური საათი მისი ასლისგანალბათ საათების საკითხში ზედმეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული მომხმარებლისთვის ცნობილია ჭეშმარიტება, რომ იაპონური და განსაკუთრებით შვეიცარული საათები ღირს ძალიან ძვირი და ძირითადად მათი ღირებულება ათეულობით ათას დოლარს აჭარბებს.

რა თქმა უნდა ძალიან ბევრ ადამიანს არა აქვს ასეთი ფუფუნების საშუალება, მაგრამ თითქმის ყველას სურს შეცვალოს სიტუაცია და ფლობდეს საუკეთესო ბრენდის საათს.

ზოგიერთი მომხმარებელი ეძებს პრესტიჟული დასახელების საათს და ყიდულობს კიდეც სხვადასხვა სახის ყალბ ნაკეთობას ისე, რომ ყურადღებას არ აქცევს გამოყენებულ მასალას, მწარმოებელ ქვეყანას და სხვა მნიშვნელოვან ნიუანსებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ხარისხიანი საათის შერჩევის დროს.

დღესდღეობით, სახელგანთქმული ბრენდის საათების ასლების (კოპიოების) წარმოება ისე ფართოდ არის გავრცელებული და დახვეწილი, რომ ხშირად პროფესიონალსაც კი უჭირს განასხვავოს ორიგინალი საათი მისი ასლისგან.

რა თქმა უნდა შეიძლება ფასსზე ორიენტირება, მაგრამ რადგან ადამიანები მაინც ყიდულობენ ასეთ საათებს, ხომ არ არის ამაში რაიმე სარგებელი? შევეცადოთ გავერკვეთ ორიგინალი საათების ასლების კლასიფიკაციაში.

იმისათვის, რომ უფრო კარგად გაერკვეთ საათების სამყაროში, საჭიროა იცოდეთ გარკვეული ტერმინოლოგია.

ხარისხის მიხედვით არაორიგინალი საათები პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ჯგუფად:

რეპლიკა

ორიგინალის ასლი 

ყალბი საათი

 

რეპლიკა

შედარებით ყველაზე ხარისხიან და შესაბამისად ძვირად ღირებულ ბრენდული საათების ასლებს - რეპლიკებს უწოდებენ.

მართალია რეპლიკების წარმოება არ ხდება საფირმო ქარხნებში, მაგრამ ამ საათების შემადგენელი მექანიზმების, კორპუსების, ციფერბლატების და სხვა შემადგენელი ნაწილების შესრულების დონე (მის კომპლექტაციასთან ერთად) საკმაოდ მაღალია.

როგორც წესი, რეპლიკების წარმოებისთვის გამოიყენება ხარისხიანი მეტალი და ძვირფასი ქვებიც კი. რაც შეეხება მექანიზმს, არც თუ ისე ხშირად, დეტალებს არ გააჩნია მარკირებამ ხოლო ქვების რაოდენობა რამდენადმე ნაკლებია, ვიდრე ორიგინალში.

სხვა ნაკლოვანებებთან ერთად უნდა აღინიშნოს გახუნებული და ძვირფასი ქვებისთვის არაშესაბამისი ფერი, უხეშად შემოსაზღვრული და ცუდად დამაგრებული ელემენტები.

თუმცა მიუხედავად ამისა, რეპლიკები საკმაოდ ძვირადღირებული საათებია, რომელიც ყველაზე მეტად არის მიახლოებული ორიგინალთან.

ასლი 

სუსტი და ზომიერი ხარისხის ასლები, შვეიცარული და იაპონური საათების უფრო ეკონომიურ ვარიანტს წარმოადგენს.

ორიგინალისაგან ასეთი საათების გარჩევას არაპროფესიონალიც კი თავისუფლად შეძლებს, თუ ერთხელ მაინც აქვს ნანახი ბრენდის ორიგინალი.

ყველაზე ხშირად ორიგინალი საათის პრინტებს აქვს შემდეგი სახის ნაკლოვანებები:

ციფერბლატის დანაყოფებს აქვს უსწორმასწორო კონტურები, ზოგჯერ კი საერთოდ განსხვავდება ორიგინალისაგან. კორპუსის გრავირება არასწორადაა შესრულებული. ოქროს მაგივრად გამოყენებულია მოოქროვილი თითბერი და სხვა

და ყველაზე მთავარი, შვეიცარული და იაპონური მექანიზმების ნაცვლად, ხშირად ორიგინალი საათის ასლებში გამოიყენება იაფფასიანი ჩინური კვარცის და ავტომატური მექანიზმები, რომლებიც ხარისხით რა თქმა უნდა ჩამოუვარდება მათ „ჯიშიან“ ანალოგებს.

არავითარი სახელობითი წარმომადგენლობები დუბაიში, ბელგიაში, ფინეთში და სხვა ქვეყნებში, შვეიცარულ და იაპონურ ბრენდებს არ გააჩნიათ, ამიტომ ენდეთ მხოლოდ ისეთ მოდელებს, რომელსაც გააჩნია ორიგინალური და ხარისხიანი მარკირება swiss made ან swiss quartz.

ყალბი

ბაზარზე სამწუხაროდ გვხვდება ყალბი, სრულიად გაურკვეველი წარმოების საათები, რომლებიც არათუ ორიგინალი, არამედ ძვირადღირებული რეპლიკების და საშუალო ხარისხის ასლების სასცილო პაროდიას წარმოადგენს.

ასეთი საათების გამოცნობა შედარებით მარტივია თუნდაც მხოლოდ ფასის საშუალებით - 15, 20, 30, 50 და თუნდაც 100 ლარი... რაც ყოვლად წარმოუდგენელია.

ასეთი საათების ხარისხზე საუბარიც კი სასაცილოა. უხარისხო მეტალი, ციფერბლატი, მექანიზმი, შეცვლილი მარკირება და ა. შ...

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი გარეგნულად შეიძლება შესანიშნავადაც იყოს შეფუთული და საათი ღირსეულად გამოიყურებოდეს.

სოლიდური ადამიანი, როელიც უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას, ასეთ საათს ნამდვილად არ იყიდის.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არა ძვირფასი შვეიცარული და იაპონური საათების ყალბი ასლი, არეამედ ნაკლებად ცნობილი ბრენდების ხარისხიანი საათების შეძენა დაბალი ბიუჯეტით სრულიად შესაძლებელია.

 

გაითვალისწინეთ!

 

გაითვალისწინეთ და აირჩიეთძვირფასი ორიგინალი საათების შეძენა (10 000 $-ის ზემოთ), მხოლოდ ბრენდების ოფიციალურ ბუტიკებში და  ოფიციალურ ავტორიზებულ ცენტრებშია რეკომენდებული. ოფიციალურ დილერთა სია საათების ბრენდების ოფიციალურ საიტებზეა მითითებული.

ერიდეთ ძვირფასი ბრენდების საათების შეძენას ბაზრობებზე, ქუჩის დახლებზე და არაავტორიზებული ინტერნეტ მაღაზიებში, რადგან დიდია კონტრაფაქტული საათის შეძენის რისკი.

რაც შეეხება შედარებით დაბალი ფასის (10 000 $-მდე), მაგრამ ასევე ორიგინალი და ძვირფასი ბრენდების საათებს შეძენას, რომელიც განთავსებულია სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე.

შეამოწმეთ გამყიდველის იურიდიული მონაცემები, რომელიც მითითებული უნდა იყოს საიტზე და მოსთხოვეთ მას წარმოგიდგინოთ ავტორიზაციის სერთიფიკატი, რომელიც გაცემულია მოცემული მარკის ოფიციალური დისტრიბუტორის მიერ.

თუ შემოწმებას ვერ ახერხებთ, ან კომპანიამ ბოლომდე ვერ დაგაჯერათ, შეადარეთ სასურველი ბრენდის საათის რეკომენდებული საცალო ფასი ინტერნეტში რამოდენიმე სანდო ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.

თუ ფასთა სხვაობა თვალსაჩინოა, ჩათვალეთ, რომ ეს გარანტირებული ფეიკია და მისი შეძენისგან თავი შეიკავეთ. არ შეიძლება ხარისხიანი ბრენდის საათი იაფი ღირდეს და მისი ფასი საბაზრო ფასისგან მკვეთრად განსხვავდებოდეს.

წარწერა Swiss Made - ხარისხის კონცეფციაა, რომელსაც საფუძველი ასწლეულების განმავლობაში ეყრებოდა. საათის შეძენის დროს ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს: მარკირებას ციფერბლატზე, უკანა ხუფზე, მოსამართ თავაკს, ისრების, ციფერბლატის, სამაჯურის, სამაჯურის შესკრავის შესრულების ხარისხს, ყურადღება მიაქციეთ საფირმო კოლოფის ხარისხსაც კი, რადგან ეს ყველაფერი იდეალური და ვიზუალურად დახვეწილი უნდა იყოს.

საათის შეძენის დროს, მომსახურე პერსონალმა საათი სწორად უნდა დააკომპლექტოს და საფირმო ყუთში აუცილებლად ჩადოს დოკუმენტაციის კომპლექტი: ინსტრუქცია სხვადასხვა ენებზე, საქონლის ჩეკი, საგარანტიო ტალონი (სავარაუდოდ 1-დან 3 წლამდე საერთაშორისო გარანტია) და პლასტიკური ბარათი საერთაშორისო გარანტიით (არ მოჰყვება ყველა ბრენდს).

ყურადღება მიაქციეთ ბრენდის სახელწოდებებს. ხშირად ჩინელი მწარმოებლები სპეციალურად ამახინჯებენ ბრენდების სახლეწოდებებს. მაგალითად: Alberto Cavalli - არის ფეიკი. ორიგინალის სახელწოდება არის Roberto Cavalli. ან ბრენდი Calvin Klein, რომელსაც ჩინელები ნათლავენ როგორც Kalvin Klein-ს.

იხილეთ ვრცლად: როგორ გავარჩიოთ ორიგინალი საათი და მისი ასლი


– რეკომენდებული საათები –


ქვემოთ განთავსებულია შვეიცარული, იაპონური, გერმანული, ამერიკული და ჩინური ბრენდული საათების ფართო ასორტიმენტი ამერიკულ გიგანტ AMAZON.COM-ზე;

იქვე ნახავთ სმარტ საათების, ქალის Fashion საათების, კედლის საათებისა და მაღიძარების მრავალფეროვან არჩევანს.

ფასები მოცემულია AMAZON-ის რეგიონალური 30-60%-დე ფასდაკლებით.

 

საათები ამაზონზე
საათების ფართო ასორტიმენტი Amazon.Com-ზე
AMAZON.COM - ის პარტნიორული პროგრამა.©

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ