წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 21792 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

როგორ ავირჩიოთ ნოუთბუქინოუთბუქების ბაზარი ისე სწრაფად ვითარდება, რომ რთულია დაეწიო დროს და შეარჩიო ყველა იმ ფუნქციით და ნიშან-თვისებით აღჭურვილი მოწყობილობა, რომელიც თავის მონაცემებით და ვიზუალით ხანგრძლივი დროის განმავლობაში დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ ნოუთბუქი, პირველ რიგში უნდა ჩამოყალებდეთ, თუ რა კონკრეტული მიზნის ან მიზნებისთვის არის იგი თქვენთვის საჭირო (ინტერნეტი, საოფისე პროგრამები, გრაფიკა, თამაშები და ა.შ)

პრინციპი - „რაც უფრო ძვირია - მით უფრო უკეთესია“ - ნოუთბუქის არჩევის დროს არ გამოდგება. ნოუთბუქის ფასს განსაზღვრავს ბევრი ფაქტორი - მწარმოებელი (ბრენდი), პროცესორისა და ვიდეობარათის (ვიდეოკარტის) სიმძლავრე, ფუნქციონალობა, მეხსიერება, კორპუსის მასალა, ფერი და ა.შ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულებით შესაძლებელია მისაღებ ფასად ისეთი ნოუთბუქის შეძენა, რომელიც იქნება სანდო, გამძლე და ერთგულად მოგემსახურებათ მრავალი წლის განმავლობაში.

თუმცა შეიძლება პირიქითაც მოხდეს, გადაიხადოთ საკმაოდ დიდი თანხა, შეიძინოთ კონსულტანტის ან სფეროს სპეციალისტის რჩევით ყველაზე მძლავრი ნოუთბუქი, შედეგად კი გახდეთ სერვის-ცენტრების მუდმივი კლიენტი.

უნდა იცოდეთ, რომ რაც უფრო მაღალია ნოუთბუქის ფასი, მით უფრო მძლავრია იგი, შედარებით ხარისხიანი მასალისგან არის დამზადებული და უკეთესად შეიძლება მისი საშუალებით თამაში, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ იგი იქნება უფრო სანდო და გამძლე. შეიძლება პირიქითაც იყოს - მაღალი ტემპერატურა, რომელიც წარმოიქმნება მძლავრი ნოუთბუქის შიგნით, მისი მწყობრიან გამოსვლის და ძვირად ღირებული რემონტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

იმისათვის, რომ გაერკვეთ, რას შეიძლება ელოდოთ ახალი ნოუთბუქისგან, აუცილებელია იცოდეთ რა ჯგუფებად იყოფიან ისინი. საზღვარი ამ ჯგუფებს შორის პირობითია, მაგრამ შესაძლებლობას იძლევა უფრო ზუსტად გაარკვიოთ, რა გსურთ.

 

ნეთბუქი

 

ნეთბუქინეთბუქი კომპაქტური მოწყობილობაა, რომელსაც გააჩნია შედარებით პატარა ზომები (9-დან 12,5 დიუმამდე) და ნაკლები სიმძლავრის პროცესორი. მას არა აქვს DVD დისკის მხარდაჭერა და მის მაგივრად აქვს USB სლოტი ფლეშ-ბარათისათვის.

თუმცა ამასთან ნეთბუქებს გააჩნიათ მულტიმედიური ფუნქციების სრული ნაკრები და ბატარეა (აკუმულატორი) მუშაობის საკმაოდ მაღალი რესურსით (3-დან 12 საათამდე). აგრეთვე ჩამონტაჟებული კამერა ვიდეო კავშირისთვის.

ნეთბუქი სატარებლად საკმაოდ კომფორტული და მოსახერხებელია კომპაქტური ზომების გამო, ხოლო მცირე მასის გამო, დავარდნის შემთხვევაში  საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია.

თუმცა სუსტი შიგთავსის გამო, იგი გაცილებით ხშირად გამოდის მწყობრიდან, ვიდრე ჩვეულებრივი საშუალო კლასის ნოუთბუქი.

ყველაზე ხშირად ნეთბუქებით სარგებლობენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, აგრეთვე ახალგაზრდა გოგონები და ქალები. იშვიათად, მაგრამ მაინც, ნეთბუქებს იყენებენ მობილური, საქმიანი ადამიანები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია კომპაქტურობა და მცირე მასა, თუნდაც მისი მწარმოებლობის ხარჯზე.

ნეთბუქების სისწრაფე ძალიან მოკრძალებულია სუსტი პროცესორის გამო. მძლავრი ნეთბუქები იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ხოლმე. მათ არ აწარმოებენ ომის გამო, რომ ძალიან ხურდება მუშაობის პროცესში.

 

სუბნოუთბუქი

 

სუბნოუთბუქისუბნოუთბუქი ნოუთბუქისა და ნეთბუქის ერთგვარი ჰიბრიდია, მოწყობილობა გამოირჩევა მაღალი ხარისხის მობილურობით, მას შესანიშნავი ფუნქციები, მცირე, კომპაქტური ზომა და დაბალი მასა გააჩნია.

სუბნოუთბუქების წარმოებაში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, ისინი საკმაოდ მწარმოებლური და მძლავრია, თუმცა დიაგონალი იშვიათად აჭარბებს 13, 3 დიუმს, მასა კი 2კგ-მდეა.

დიზაინი მოდურია, ლამაზი, არ წააგავს ჩვეულებრივი ნოუთბუქისა და ნეთბუქის მოდელებს, და მათგან განსხვავებით ექსკლუზიური დიზაინით გამოირჩევა.

მისი ენერგომომხმარებისა და გაგრილების სისტემა უნივერსალურია, რადგან ამ მინი ნოუთბუქს გააჩნია პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ, სახლის პერსონალურ კომპიუტერს.

სუბნოუთბუქების მცირე მასა მიიღწევა იმით, რომ მწარმოებლები იყენებენ ძვირადღირებულ მასალებს, რომლისგანაც ძირითადად დამზადებულია მისი კორპუსი. ამასთან, სუბნოუთბუქის პროცესორი, ისევე როგორც კომპლექტაციაში შემავალი სხვა ნაწილები, მაღალმწარმოებლურია და გამოყოფს ბევრ სითბოს. გაგრილების პრობლემის მოგვარება კი რთულია ნოუთბუქის მცირე ზომების გამო.

კომფაქტურობისა მაღალი მწარმოებლობის გამო მას ხშირად გამოიყენებენ საქმიანი ადამიანები და ბიზნესმენები (ისე, როგორც ბიზნს კლასის ნოუთბუქს), რადგან თხელი, დაახლოებით - 1-1,5 კგ მასისა და 10 დიუმი ეკრანის სუბნოუთბუქი თავისუფლად თავსდება საქმიან პორტფელში, რაც ძალიან მოსახერხებელია ექსპლუატაციისთვის.

სუბნოუთბუქებში მწარმოებლები ძირითადად აყენებენ ინტეგრირებულ ვიდეობარათს. ამიტომ, იგი არ არის განკუთვნილი თანამედროვე, 3D თამაშებისთვის, თუმცა მისი საშუალებით მძლავრ საოფისე პროგრამებზე მუშაობა და HD ხარისხში ფილმების ნახვა პრობლემას არ წარმოადგენს.

რა თქმა უნდა არსებობს დისკერტული ვიდეო ბარათით აღჭურვილი სუბნოუთბუქებიც, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აკუმულატორის მუშაობის ავტონომურობა ამ დროს შესამჩნევადაა შემცირებული.

 

ბიუჯეტური (ოფისის) ნოუთბუქი

 

ბიუჯეტური (ოფისის) ნოუთბუქითანამედროვე ნოუთბუქების მასობრივი სეგმენტი სწორედ ბიუჯეტურ მოდელებზე მოდის.

ნიუჯეტური ნოუთბუქები გამოირჩევა შესანიშნავი დიზაინით, პრაქტიკულად უხმოა, გააჩნია მწარმოებლობის საკმარისი დონე თითქმის ყველა პროგრამისთვის. კომფორტულია ინტერნეტში მუშაობისთვის, მასზე შესაძლებელია თითქმის ყველა თამაშის გაშვება (ხარისხის დაბალი რეგულირებით).

ამ თვისებების გამო, ასეთი ნოუთბუქები შესანიშნავია სწავლისა და მუშაობისთვის.

ბიუჯეტური ნოუთბუქების თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ გააჩნიათ მხოლოდ ინტეგრირებული ვიდეო ბარათი (ჩიპსეტში ან პროცესორში), რის გამოც არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ მძლავრ თამაშებს (ხარისხის საშუალო ან მაღალი რეგულირებით).

შიგთავსის პრობლემების გამო, ბიუჯეტური მოდელები ნაკლებად ფუჭდება და გამოდის მწყობრიდან. უცნაურია, მაგრამ ფაქტია და სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასეთი ნოუთბუქები უფრო იშვიათად საჭიროებენ რემონტს, ვიდრე უფრო ძვირფასი და სოლიდური მოდელები.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ბიუჯეტურ ნოუთბუქებში უფრო დაბალი ტემპერატურაა, ვიდრე უნივერსალურ და თამაშისთვის განკუთვნილ ეგრეთ წოდებულ გეიმერების ნოუთბუქებში. ამიტომ ისინი პრაქტიკულად არ საჭიროებენ რემონტს გადახურების გამო.

ბიუჯეტურ ნოუთბუქებით სარგებლობენ სტუდენტები, ოფისის თანაშრომლები და ოჯახები, რომელთაც არა აქვთ განსაკუთრებული მოთხოვნები თამაშების  მიმართ და უპირველეს ყოვლისა აფასებენ სანდოობასა და გამძლეობას.

 

უნივერსალური ნოუთბუქი

 

უნივერსალური ნოუთბუქიუნივერსალურ ნოუთბუქი (DTR- DeskTop Replacement ) განიხილება, როგორც სახლის სტაციონალური კომპიუტერის შემცვლელი.

ასეთ მოწყობილობებს გააჩნიათ უფრო მაღალი მწარმოებლობა, ვიდრე ბიუჯეტურებს. მათი გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია როგორც სწავლის, ასევე მუშაობის მიზნით  ოფისში.

ასეთი ნოუთბუქები გამოირჩევა დიდი ეკრანითა და მძიმე ბატარეით, ისინი შესანიშნავია ინტერნეტში მუშაობისთვის, კარგად უმკლავდება საოფისე და სპეციალიზირებულ პროგრამებს, ამასთან, უნივერსალური ნოუთბუქით შესაძლებელია თანამედროვე თამაშების გაშვება (ხარისხის საშუალო რეგულირებით).

უნდა ითქვას, რომ მუშაობის პროცესში უნივერსალური ნოუთბუქები შესამჩნევად ხურდება და ხმაურობს.

უნივერსალური ნოუთბუქით სარგებლობენ ძირითადად სახლში და ოფისში ისინი, ვისაც სურს მაღალი მწარმოებლობა პროგრამებსა და თამაშებში.

ასეთი ნოუთბუქი კარგი ვარიანტია სახლში პერსონალური კომპიუტერის ჩასანაცვლებლად, როცა საჭიროა მცირე ადგილი კომპიუტერისთვის, თუმცა შედარებით მოუხერხებელია გადასატანად, მისი მძიმე მასის და შედარებით დიდი ეკრანის გამო.

 

ბიზნეს კლასის ნოუთბუქი

 

ბიზნეს კლასის ნოუთბუქიბიზნეს კლასის ნოუთბუქი თავისი ტექნიკური მახასიათებლებით, პრაქტიკულად ანალოგიურია ბიუჯეტური, საშუალო კლასის ნოუთბუქისა.

იგი განკუთვნილია საქმიანი ადამიანებისთვის, ბიზნესმენებისთვის და განსხვავდება თავისი მკაცრი, ლაკონური დიზაინით, უფრო ძვირფასი მასალებით, რომლითაც დამზადებულია კორპუსი.

ასეთ ნოუთბუქებს გააჩნია უფრო მყარი კონსტრუქცია და ერგონომიული კლავიატურა, რომელიც უძლებს აქტიურ ექსპლუატაციას.

ბიზნეს ნოუთბუქები ძალიან ხშირად მიეკუთვნება სუბნოუთბუქების კატეგორიას (მაღალი მწარმოებლობის კომპაქტური ნოუთბუქი), და განკუთვნილი პირველ რიგში მათთვის, ვინც ხშირად დადის მივლინებებში.

იშვიათად, ბიზნეს კლასის ნოუთბუქები გვხვდება როგორც მაგიდის პერსონალური კომპიუტერის შემცვლელი, ანუ მათთვის, ვისაც მისი ოფისის ან კაბინეტის გარეთ გატანა არ სჭირდება.

ზოგიერთი ასეთი მოდელი აღჭურვილია პროფესიონალური ვიდეო ბარათებით, რომელიც განკუთვნილია რამოდენიმე მოწყობილობის დისპლეიზე ინფორმაციის გამოსატანად (ასეთი ვიდეოადაპტორები სერთიფიცირებულია კორპორატიული პროგრამირებისთვის).

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ბიზნეს კლასის ნეთბუქებიც.

 

ულტრაბუქი

 

ულტრაბუქიულტრაბუქი თხელი, ელიტური ან ნახევრად ელიტური ნოუთბუქია, რომელიც ლამაზია, მსუბუქი, ძვირფასი მასალისგან დამზადებული (ალუმინი, მინა, კარბონი და სხვა), გააჩნია შესანიშნავი დიზაინი და გამოიყურება რამდენადმე უკეთესად, ვიდრე ჩვეულებრივი ნოუთბუქი.

თუმცა უნდა ითქვას, რომ გარეგნულ მიმზიდველ დიზაინს უპირისპირდება მისი მაღალი ფასი, შედარებით სუსტი პროცესორი, DVD დისკის მხარდაჭერის არ არსებობა (თუმცა უკვე არსებობს ულტრაბუქები, რომელთაც აქვთ DVD დისკის სლოტი), აგრეთვე მისი სიფაქიზე (არის მყიფე და სათუთი მოსავლელი).

ულტრაბუქის მომხმარებლები ძირითადად არიან ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც ნოუთბუქი იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ულტრბუქის არჩევის შემთხვევაში, უნდა გაკეთდეს არჩევანი და შეირჩეს ისეთი მოდელი, რომელსაც აქვს ან ინტეგრირებული ვიდეობარათი (დედაპლატასთან ან პროცესორთან დაკავშირებული), რომლის გამოცვლა საჭიროების შემთხვევაში შეუძლებელია, ან დისკრეტული ვიდეობარათი (ვიდეობარათი საკუთარი გრაფიკული პროცესორით და მეხსიერებით), რომლის გამოცვლაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია.

მართალია ერთი შეხედვით დისკრეტული ვიდეობარათი უკეთესია, თუმცა ულტრაბუქის მწარმოებლები ძირითადად სერიოზულ, ინტეგრირებული ვიდეობარათებით აღჭურვილ ულტრაბუქებს აწარმოებენ, კომპაქტურობის გამო. ესეც რომ არ იყოს, დისკრეტული ვიდეობარათი მოსახერხებელია უფრო თამაშებისთვის განკუთვნილი ნოუთბუქებისთვის, ულტრაბუქი კი თამაშებისთვის არ არის გამიზნული და ცუდად გადაააქვთ სათამაშო დატვირთვა.

ამ მიზეზთა გამო სათამაშო ულთრაბუქის შეძენა არ არის რეკომენდებული.

ულტრაბუქზე არჩევანს აკეთებენ საქმიანი ან კომფორტის მოყვარული ადამიანები, რომელთათვისაც მთავარია სტატუსი და არა ნოუთბუქის ძირითადი დანიშნულება და მასში გადახდილი თანხის რაოდენობა.

 

სათამაშო ნოუთბუქი

 

სათამაშო ნოუთბუქისათამაშო, ე.წ გეიმერების ნოუთბუქი ყველაზე მძლავრია. მას როგორც პროცესორის, ასევე ვიდეო ბარათის ყველაზე კარგი მწარმოებლობა გააჩნია, რაც ყველაზე თანამედროვე თამაშების მაღალ პარამეტრებში გაშვების საშუალებას იძლევა (ხარისხის მაქსიმალური რეგულირებით).

ვინც ამ ნოუთბუქს აირჩევს, მზად უნდა იყოს იმ ფაქტთან შესაგუებლად, რომ მოწყობილობა შესამჩნევად ხურდება და ხმაურობს.

ამიტომ, მიუხედავად გაგრილების გაძლიერებული სისტემისა, რომელიც მას აქვს, აუცილებელია დამატებითი გაგრილების სისტემაც.

გასხოვდეთ, რომ ძლიერი გაგრილებისა და გაგრილების სისტემის პერიოდული მომსახურების გარეშე, სათამაშო ნოუთბუქები მწყობრიდან გამოდის უკვე 2-3 წლის შემდეგ.

სრულფასოვანი სათამაშო ნოუთბუქები პრაქტიკულად არ არსებობს. ყველაზე მძლავრი სათამაშო ნოუთბუქიც კი გაცილებით სუსტია, ვიდრე სათამაშო პერსონალური კომპიუტერი.

ამიტომ თუ ნოუთბუქს თამაშის მიზნით ყიდულობთ, იგივე თანხით შეგიძლიათ შეიძინოთ გაცილებით მძლავრი პერსონალური კომპიუტერი, რომელსაც ექნება დიდი, ხარისხიანი ეკრანი, შესანიშნავი აკუსტიკა, ძალიან მძლავრი ვიდეოკარტა და რაც მთავარია არ ექნება გადახურების პრობლემა.

ამიტომ, შესაძლოა ღირდეს დაფიქრება და სათამაშო ნოუთბუქის ნაცვლად, რომელსაც ექნება შეზღუდვები სიმძლავრისა და ვიდეოკარტის თვალსაზრისით, მეტი ხმაურის დონე და მწყობრიდან გამოსვლის მაღალი რისკი, შეიძინოთ სრულფასოვანი სათამაშო პერსონალური კომპიუტერი.

 

სენსორული (ტრანსფორმერ ბუქი)

 

სენსორული (ტრანსფორმერ ბუქი)სენსორული ნოუთბუქები ცალკე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც სწრაფად ვითარდება და იმკვიდრებს ადგილს სამომხმარებლო ბაზარზე.

სენსორული ნოუთბუქები, ძირითადად ტრანსფორმერ ბუქების (შესაძლებელია კლავიატურის მოხსნა და ნოუთბუქის პლანშეტად გამოყენება) სახით არის წარმოდგენილი.

სენსორული ნოუთბუქების უმრავლესობას, აქვს სპეციალური კალამის - სტილუსის მხარდაჭერაც, თუმცა ზოგიერთ მოდელს სტილუსის მხარდაჭერა არ გააჩნია. ეს კი დისკომფორტს შეუქმნის მას, ვისაც დიდი მოცულობის ტექსტების აკრება უწევს ნოუთბუქის საშუალებით.

ასეთ ნოუთბუქებს დიდი წონა და  სისქე გააჩნია. ამას გარდა მას ეკრანზე აჩნდება თითების ანაბეჭდი, რაც იძულებულს ხდის მფლობელს ეკრანი მუდმივად გაწმინდოს და გაასუფთაოს. უნდა აღინიშნოს, რომ იგი ნაკლებად გამძლეცაა საკმაო რაოდენობის ფაქიზი დეტალების გამო.

თუმცა, უკვე არსებობს სენსორული უტრაბუქებიც, რომლებიც გამოირჩევიან თანამედროვე, მოდური დიზაინით. უმრავლესობას ასეთი სენსორული ნოუთბუქებისა, არ გააჩნია ოპტიკური დისკის მხარდაჭერა.

მიუხედავად ყველაფრისა, მიიჩნევა, რომ მომავალი სწორედ სენსორული ნოუთბუქებისაა და ყველა ის შესაძლო მინუსი და დიკომფორტი, რაც ამ ტიპის მოწყობილობის ექსპლუატაციას ახლავს თან, დროთა განმავლობაში დაიხვეწება და სრულყოფილი გახდება.

 

დაცული ნოუთბუქი

 

დაცული ნოუთბუქიდაცული ნოუთბუქები განკუთვნილია ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობისთვის. მათში გამოყენებულია სპეციალური კომპონენტები, რომლებიც გამძლეა გარეგანი ზემოქმედების მიმართ.

ასეთი ნოუთბუქებს გააჩნია მაღალი გამძლეობა ვიბრაციის, დარტყმის, მტვრის, ნესტისა და აგრესიული ქიმიური საშუალებების მიმართ.

დაცულ ნოუთბუქს შეუძლია იმუშავოს ექტრემალურად მაღალ და ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურაზე. ასეთი მოწყობილობის კორპუსს შეუძლია გაუძლოს დიდ, სტატიკურ დატვირთვას (შედარებისთვის - შეუძლია გაუძლოს მანქანის გადავლასაც კი).

ამ კლასის ნოუთბუქებს ძირითადად იყენებენ არმიაში, ავარიულ-სამაშველო სამსახურებში, გეოლოგიურ ექსპედიციებში, არქტიკულ პირობებში, შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც საწარმოო კომპიუუტერები და ა.შ.

ხშირად, მსგავსი ტიპის მოწყობილობები იწარმოება სპეციალურად, სახელმწიფო ორგანიზაციების (ძირითადად შეიარაღებული ძალების) შეკვეთით.

დაცული ნოუთბუქები ფართო დ არარის გავრცელებული საკმაოდ მაღალი ფასისა და მძიმე მასის გამო.

 

პროცესორი (CPU)

 

ნოუთბუქის პროცესორინებისმიერი ნოუთბუქის ძირითად კომპონენტს პროცესორი წარმოადგენს.

მასზე პირდაპირ არის დამოკიდებული მუშაობის სისწრაფე და ენერგომოხმარება (უფრო მძლავრი პროცესორი, სტაბილური მუშაობისთვის, მოიხმარს მეტ ელექტროენერგიას).

პროცესორის შერჩევის დროს, ძირითადი ყურადღება გაამახვილეთ მის 4 კომპონენტზე:

1. პროცესორის მწარმოებლობა;

2. პროცესორის ენერგომოხმარება და სითბოს გამოყოფა;

3. პროცესორის ბირთვების რაოდენობა;

4. პროცესორის ტიპი;

სიხშირე - პროცესორის ტაქტური სიხშირე აჩვენებს შესრულებული ოპერაციების სისწრაფეს ჰერცებში, ან ამ ოპერაციების რაოდენობას წამში.

თანამედროვე პროცესორები მუშაობენ რამდენიმე მილიარდი ჰერცის დიაპაზონში, ამიტომ ტაქტური სიხშირეს აღნიშნავენ გიგა ჰერცებში - GHz - ანუ მილიარდი ჰერცი. ან მეგა ჰერცებში - MHz - ანუ მილიონი ჰერცი.

პროცესორის ტაქტური სიხშირე ძირითადად მერყეობს 1,5 GHz - დან 4,5 GHz -მდე. რა თქმა უნდა იგი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ნოუთბუქის სხვა მონაცემებთან და უნდა იქნეს მათთან ბალანსში.

ბირთვები - ნიუთბუქებში გამოყენებული პროცესორები ძირითადად არის სამი სახის: კლასიკური ერთბირთვიანი, ორბირთვიანი და ოთხბირთვიანი.

ერთბირთვიანმა პროცესორებმა პრაქტიკულად ამოწურეს თავისი თავი, ხოლო ორბირთვიანი პროცესორები, ნოუთბუქებისთვის იქცა ნორმად. ამიტომ არჩევანის გაკეთების დროს რეკომენდებულია შეიძინოთ ნოუთბუქი ორ ბირთვიანი პროცესორით.

რაც შეეხება ოთხბირთვიან პროცესორებს - ისინი ყენდება უპირატესად მძლავრ, სათამაშო ნოუთბუქებზე.

ქეშ მეხსიერება (cache) - ყველა თანამედროვე პროცესორს გააჩნია ქეშ მეხსიერება. რომელიც წარმოადგენს თავისებურ ჩქაროსნულ მასივს, ძირითადი ოპერატიული მეხსიერებიდან ამოღებული ინფორმაციული ბლოკების კოპიოების შესანახად და წარმოადგენს ბუფერს შედარებით ნელ ოპერატიულ მეხსიერებასა და პროცესორს შორის.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქეში არის შუალედური მეხსიერება პროცესორის ბირთვებსა და ოპერატიულ მეხსიერებას შორის.

განასხვავებენ სამი დონის ქეშს - 1, 2 და მე-3 დონე - აღინიშნება როგორც - L1, L2 и L3 (Level 1, Level 2 и Level 3 -სგან).

ქეშ-მეხსიერების პირველი დონე (L1)  - ყველაზე სწრაფი დონეა, თუმცა მოცულობით ყველაზე პატარა, ვიდრე სხვა დონეები.

ქეშ-მეხსიერების მეორე დონე (L2)  - მოცულობა უფრო მეტი აქვს ვიდრე ვიდრე პირველ დონეს, თუმცა უფრო ნელია მასთან შედარებით.

ქეშ-მეხსიერების მესამე დონე (L3) - მოცულობა უფრო მეტი აქვს ვიდრე მეორე დონეს, თუმცა ნელია მასთან შედარებით. მიუხეავად ამისა, იგი გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე ოპერატიული მეხსიერება.

ქეშ-მეხსიერების მოცულობა მერყეობს 128კბ-დან 16 მბ-მდე. რა თქმა უნდა , რაც უფრო მეტია ეს მაჩვენებელი, მით უფრო კარგია, თუმცა პირდაპირი დამოკიდებულება არ არსებობს.

პროცესორის ტიპი - დღესდღეობით, პროცესორების ბაზარზე ლიდერი პოზიცია უჭირავს პროცესორების ორ მწარმოებელს Intel (Intel Corporation) და AMD (Advanced Micro Devices). პრინციპში, მათ შორის განსაკუთრებული სხვაობა არ არსებობს, თუმცა Intel-ს,  რომელიც დაფუძნდა 1968 წელს, მცირედი, მაგრამ მაინც უპირატესობა გააჩნია AMD -სთან შედარებით, რომელიც დაფუძნდა ერთი წლის შემდეგ - 1969 წელს.

თითოეულ ამ პროცესორს გააჩნია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები, თუმცა მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ინტელის პროცესორები მუშაობენ ოდნავ უფრო სწრაფად და სტაბილურად ვიდრე ამდ პროცესორები. ეს აისახება ფასშიც, რის გამოც ინტელის პროცესორები უფრო ძვირიც ღირს, ვიდრე ამდ-სი.

თუ თქვენ აირჩევთ ნოუთბუქს, რომელსაც აქვს  პროცესორი Intel, რეკომენდებულია Core i3, Core i5 ან Core i7 ტიპის პროცესორები (ინტელი უკვე მუშაობს Core i9 ტიპის პროცესორზე, რომელიც გავრცელებული ხმების თანახმად იქნება სიმძლავრით i7-ზე ორჯერ მძლავრი).

იმ შემთხვევაში კი, თუ არჩევანს გააკეთებთ ნოუთბუქზე, რომელსაც აქვს AMD პროცესორი, რეკომენდებულია პროცესორის ტიპები - Phenom II, Turion II, A6, A8 ან A10.

რა თქმა ამ ტიპის Intel და AMD პროცესორებით აღჭურვილი ნოუთბუქები უფრო ძვირი ღირს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კომპიუტერული ტექნიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და ძველი ტიპის პროცესორის მქონე ნოუთბუქი უკვე ძველდება როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად - ვერ შეძლებს შეასრულოს ახალი, უფრო რთული ამოცანები.

 

მყარი დისკი (HDD, SSD, SSHD)

 

ნოუთბუქის მყარი დისკი (HDD, SSD, SSHD)ნოუთბუქის მყარი დისკის მოცულობას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვისაც ლეპტოპი სახლში, პერსონალური კომპიუტერის შემცვლელად, ან სათამაშოდ სჭირდება.

სახლის პირობებში, ეს აუცილებელია, რათა მასზე შენახული იქნას რაც შეიძლება მეტი სასურველი ინფორმაცია, ფოტო და ვიდეო ფაილები და ა.შ. მყარი დისკის მოცულობა დღევანდელ ნოუთბუქებში შეადგენს 120 გბ-დან 1 ტერა ბაიტამდე და ზემოთ.

სახლის ნოუთბუქი, მფლობელისთვის ასრულებს კინოთეატრისა და მუსიკალური ცენტრის ფუნქციას, ამასთან მისით ხშირად სარგებლობს ოჯახის რამოდენიმე წევრი, ასე რომ, ასეთ ნოუთბუქზე საკმარისი რაოდენობით ინფორმაციის შესანახად, აუცილებელია დიდი მოცულობის მყარი დისკი.

რაც შეეხება თამაშის მოყვარულებს, მათთვის მყარი დისკის დიდი მოცულობა მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ თანამედროვე, კარგი ხარისხის და რეალისტური თამაშები იკავებს ძალიან დიდ ადგილს (დაახლოებით - 20-30 გბაიტი - ერთი თამაში).

ხოლო თუ თამაშები ინტერნეტიდან არის გადმოწერილი, მას მოჰყვება თამაშის გასაშვებად აუცილებელი ფაილები, რომელიც დამატებით იკავებს მიახლოებით 10-15 გბ-ს.

ასე, რომ თუ ნოუთბუქი სახლში „მთავარ“ კომპიუტერად ან სათამაშოდ გჭირდებათ, რეკომენდებულია მისი მყარი დისკის მოცულობა იყოს 500 გბ და ზემოთ (700 გბ, 800 გბ, 1 ტბ და ა.შ).

მაგრამ თუ ნოუთბუქი მხოლოდ ინტერნეტისთვის, სოციალური ქსელებისთვის, კავშირის დასამყარებლად, ან საოფისე პირობებში სამუშაოდ გჭირდებათ, სრულიად დაგაკმაყოფილებთ 120გბ, 250 გბ, ან 320 გბ მოცულობის მყარი დისკი.

შესანიშნავი იქნება, თუ თქვენს ნოუთბუქს ჩვეულებრივ, HDD (Hard Disc Drive ) მყარ დისკთან ერთად ექნება SDD (Solid State Drive) ინტეგრირებული ფლეშ დამგროვებელი.

SDD მოწყობილობა ჩვეულებრივი HDD დისკისგან განსხვავდება იმით, რომ განყოფილებებსა და საქაღალდეებს შორის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე გაცილებით სწრაფია. მასზე ჩაწერა ხდება პრაქტიკულად მომენტალურად.

ამას გარდა SDD უფრო მტკიცე და გამძლეა მექანიკური დაზიანების და ვიბრაციის მიმართ, მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას.

SDD დისკს აქვს მინუსიც - გააჩნია გადაწერის განსაზღვრული ციკლი, რომლის ამოწურვის შემდეგ, მოწყობილობა შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან. (თუმცა ეს საეჭვო ნაკლია, რადგან გადაწერის ციკლის რესურსი იმდენად დიდია, რომ საეჭვოა ამოიწუროს მანამ, სანამ თქვენ სარგებლობთ ნოუთბუქით).

მიუხედავად SDD-ს ასეთი უპირატესობებისა, HDD დისკზე უარის თქმა ჯერ ადრეა, ამიტომ მწარმოებლები ნოუთბუქებს, მასთან ერთად აღჭურვავენ მცირე მოცულობის SDD დისკით.

ასეთი დისკი არის - SSHD - ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული მყარი დისკი.

SSHD დისკის SDD ნაწილზე ძირითადად განთავსებულია ოპერაციული სისტემის დისტრიბუტივი და გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა, რაც გაცილებით ზრდის კომპიუტერის (ვინდოუსის) გაშვებისა და მუშაობის სისწრაფეს.

ეს კი, SSHD დისკის დიდი მოცულობის HDD ნაწილთან ერთად, რომელიც განკუთვნილია სამომხმარებლო მონაცემების განსათავსებლად, კომპიუტერის სწრაფი და სტაბილური მუშაობის გარანტიას ქმნის.

 

ოპერატიული მეხსიერება (RAM)

 

ნოუთბუქის ოპერატიული მეხსიერება (RAM)ბევრი მომხმარებელი ცდება იმ საკითხში, როდესაც თვლის, რომ ოპერატიული მეხსიერება მთავარი ნიშან-თვისებაა, რომელიც პასუხისმგებელია კომპიუტერის სისწრაფეზე.

გარკვეულწილად ეს ასეცაა, მაგრამ ოპერატიული მეხსიერება (RAM - დროებითი მეხსიერება) არანაირად არ შეუწყობს ხელს კომპიუტერის სისწრაფეს, თუ ნოუთბუქის დანარჩენი პარამეტრები დგას დაბალ დონეზე.

ოპერატიული მეხსიერება ნოუთბუქებში ძირითადად გვხვდება:

2 გბ - საკმარისია უმრავლესი საოფისე ამოცანების შესასრულებლად;

4-6 გბ - აუცილებელია თანამედროვე თამაშებისთვის და დიდი რაოდენობის სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ერთდროულად შესასრულებლად;

8 გბ და მეტი - საჭიროა ვიდეოსა და გრაფიკის დამუშავების პროგრამებთან, აგრეთვე სხვა დიდი რესურსების მქონე კონტენტთან სამუშაოდ.

უნდა იცოდეთ, რომ ოპერატიული მეხსიერების დამატება ნოუთბუქში ყოველთვის შეიძლება, რადგან იგი წარმოადგენს მცირე ზომის პლატას, რომლის მოთავსებაც მარტივად შეიძლება სპეციალურად მისთვის განკუთვნილ  სლოტში (რომელიც განთავსებულია ნოუთბუქის ქვედა კორპუსის შიგნით და ამისთვის კორპუსის გახსნა არ არის საჭირო).

ამიტომ, უმჯობესია აირჩიოთ ნოუთბუქი, რომელსაც ექნება თუნდაც დაბალი ოპერატიული მეხსიერება, მაგრამ ამასთან, ექნება დიდი პოტენციალი - მაგალითად მასში იქნება მხოლოდ 2 გბ ოპერატიული მეხსიერება, მაგრამ სამაგიეროდ, დედა პლატას ექნება რესურსი ოპერტიული მეხსიერება 8 ან 16გბ-მდეც კი გაიზარდოს.

ამ შემთხვევაში, ნოუთბუქის არჩევის დროს, უმჯობესია უპირატესობა არა ოპერატიულ მეხსიერებას, არამედ მძლავრ პროცესორს მიანიჭოთ, რადგან იგი არ ექვემდებარება გამოცვლას (ყოველ შემთხვევაში არა ისე მარტივად როგორც ოპერატიული მეხსიერებისა).

თუ ნოუთბუქი სამუშაოდ გჭირდებათ, სრულებით საკმარისია 2 ან 4 გბ ოპერატიული მეხსიერება, მაგრამ თუ ნოუთბუქი სათამაშოდ ან უფრო რთული ამოცანების შესასრულებლად არის საჭირო, მაშინ ოპერატიული მეხსიერება უმჯობესია იყოს (ან შემდგომში დაუმატოთ) - 4გბ და ზემოთ (6გბ, 8გბ, 12 გბ და ა.შ).

 

ვიდეო ბარათი (VGA)

 

ნოუთბუქის ვიდეო ბარათი (VGA)გრაფიკული კონტროლიორის, ანუ როგორც ეძახიან - ვიდეო ბარათის (ვიდეო კარტა) არჩევანი, ისევ და ისევ დამოკიდებულია იმ ფაქტზე, თუ რა მიზნით გსურთ ნოუთბუქის შეძენა.

ნოუთბუქებში გამოყოფენ სამი სახის ვიდეო ბარათს:

1.ინტეგრირებული (ვიდეობარათის მოდული ჩაშენებულია პროცესორში);

2.დისკრეტული (ვიდეო ბარათი წარმოადგენს ცალკე მოწყობილობას);

3.ინტეგრირებული + დისკრეტული;

ინტეგრირებული - თუ თქვენ იშვიათად თამაშობთ თანამედროვე თამაშებს და არ ასრულებთ რთულ გრაფიკულ სამუშაოს, ამ შემთხვევაში ვიდეო ბარათს არსებითად არა აქვს მნიშვნელობა და ინტეგრირებული ვიდეო ბარათით თავისუფლად შეძლებთ ინტერნეტში მუშაობას, ჩვეულებრივი საოფისე სამუშაოს შესრულებას და სხვა.

ასეთი ტიპის ვიდეო ბარათით აღჭურვილი ნოუთბუქი უფრო ნაკლები თანხაც ღირს.

დისკრეტული - მაგრამ თუ თანამედროვე თამაშები თქვენთვის მნიშვნელოვანია, ასრულებთ რთულ გრაფიკულ სამუშაოს სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, მუშაობთ ფოტოებზე და უყურებთ 3D ფილმებს, ვიდეოს, ამ შემთხვევაში თქვენი ნოუთბუქი აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი დისკრეტული, ანუ არაინტეგრირებული ვიდეო დაფით.

ასეთი ტიპის ვიდეო ბარათით აღჭურვილი ვიდეო დაფა უფრო ძვირი ღირს, თუმცა ამ შემთხვევაში იგი ამართლებს თავის ფასს.

ინტეგრირებული + დისკრეტული - ამ ტიპის ვიდეო დაფები ნოუთბუქებში იშვიათად გვხვდება, თუმცა იგი არსებობს და მისი არსი შემდგომშია:

საოფისე პროგრამებთან მუშაობის დროს, ირთვება მხოლოდ ინტეგრირებული ვიდეო ბარათი, ხოლო რთული გრაფიკის დროს (თამაშები,მ ფილმები, გრაფიკული რედატორები) - ირთვება ცალკე ვიდეო ბარათი.

მუშაობის ასეთი პრინციპი გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს ნოუთბუქის მუშაობის ხარისხს, ეხმარება მოწყობილობას სამომხმარებლო სიმძლავრის შემცირებაში, რაც საგრძნობლად ზრდის აკუმულატორის, ანუ ნოუთბუქოს ავტონომიურად მუშაობის ხანგრძლივობას.

მწარმოებელი - ვიდეო დაფები ძირითადად გვხვდება  ორი მსხვილი მწარმობლის  NVIDIA და ATI . NVIDIA ეს არის იგივე - geforce, ხოლო ATI არის იგივე - radeon.

არ შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ  NVIDIA უკეთესია ვიდრე ATI ან პირიქით. საქმე იმაშია, რომ, ნებისმიერი თამაში იქმნება კონკრეტული ტექნოლოგიის მიხედვით (NVIDIA ან ATI). ამიტომ, თუ ავიღებთ პირობითად ერთი და იგივე პარამეტრების NVIDIA და ATI -ის ორ ვიდეო დაფას - ერთ თამაშში უკეთეს შედეგს აჩვენებს პირველი ვიდეო დაფა, ხოლო მეორე თამაშში მეორე.

მონაცემები - დავიწყოთ ვიდეო ბარათის მოცულობიდან. ჩვეულებრივ, ეს პარამეტრი მერყეობს 128 მგ-დან 5გბ-დე.  უმჯობესია, თუ ვიდეო ბარათის მოცულობა არ იქნება 512 მბ ან კიდევ უკეთესი - 1გბ-ზე ნაკლები.

ძალიან ხშირად, ტქქნიკაში გაურკვეველი ადამიანები, საერთო ჯამში, სწორედ ამ პარამეტრით აფასებენ ვიდეო ბარათის სიმძლავრეს, რაც შეცდომაა. სინამდვილეში, ვიდეო ბარათის სიმძლავრე დამოკიდებულია შემდეგ პარამეტრებზე:

გრაფიკული პროცესორი (GPU) - მის სიმძლავრეზეა დამოკიდებული, თუ რა სიჩქარით გადაადგილდება სურათის ეკრანზე).

ვიდეო ბარათის მეხსიერება: გვხვდება DDR, DDR2, GDDR3, GDDR4  და GDDR5 სიხშირის ვიდეო ბარათები. იმისათვის, რომ გრაფიკულმა პროცესორმა მაქსიმალურად პროდუქტიულად იმუშაოს, საჭიროა არა მხოლოდ საკმარისი მეხსიერება, არამედ მონაცემთა წაკითხვა/ჩაწერის მაღალი სიჩქარე. რაც უფრო მაღალია მეხსიერების აღმნიშვნელი ნომერი, მით უფრო უკეთესია მისი თვისებები.

კარგია თუ ვიდეო ბარათს ექნება DirectX-ის მხარდაჭერა, DirectX თანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელიც გამოიყენება თანმედროვე თამაშებში. რაც უფრო მაღალია მისი ვერსია (DirectX 11, DirectX 12) მით უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებია გამოყენებული თამაშში და მით უფრო ხარისხიანი, რეალური და ვიზუალურად მიმზიდველი იქნება იგი.

არსებობს აგრეთვე SLI და CrossFire ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა დაყენდეს ორი ვიდეო ბარათი ერთდროულად. იმისათვის, რომ დაყენდეს მეორე ვიდეო ბარათი, საჭიროა, რომ კომპიუტერის დედა პლატას და ვიდეო ბარათს ქონდეს ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ორი ვიდეობარათი გაცილებით ზრდის ნოუთბუქის მწარმოებლობას.

იმის გამო, რომ მძლავრი ვიდეო ბარათები გამოყოფს დიდი რაოდენობის სითბოს, საჭიროა სრულყოფილი გაგრილების სისტემა. ამიტომ, თუ ვიდეო ბარათი ცხელდება, საჭიროა არა მხოლოდ რადიატორი, არამედ კარგი ვენტილიატორებიც (ქულერი). თუ ვიდეო ბარათი გადახურდა, თამაშზე, ფილმზე ან გამოსახულებაზე გამოვლინდება არტეფაქტები (სურათის დეფექტები).

ამიტომ, ნოუთბუქის ვიდეო ბარათს უნდა გააჩნდეს ბალანსირებული (ერთნაირად მძლავრი) პარამეტრები, ისევე, როგორც მთლიანად ნოუთბუქს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იქნეს მიღწეული ნოუთბუქის მაქსიმალური მწარმოებლობა.

 

ეკრანი

 

ნოუთბუქის ეკრანინოუთბუქის ეკრანი რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია არჩევანის გაკეთების დროს.

ეკრანის დიაგონალი:

11-13 დიუმი - კომფორტულია ტექსტზე მუშაობისთვის, ფოტოსურათების დასათვალიერებლად და ვიდეოს სანახავად.

14-15 დიუმი -  ეკრანის ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ზომაა. გარდა ინტერნეტისა და საოფისე პროგრამებისა, კომფორტულია გრაფიკულ პროგრამებზე სამუშაოდ და სათამაშოდ.

17-19 დიუმი - განკუთვნილია ძირითადად სახლის ან ოფისის სტაციონალური კომპიუტერების შემცვლელად. შესანიშნავად ასახავს ვირტუალურ რეალობას, ძალიან კომფორტულია გრაფიკული სამუშაოების შესრულებისთვის, თანამედროვე თამაშებისთვის და HD ხარისხის ფილმების სანახავად.

გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტია ეკრანის დიაგონალი, მით უფრო მძიმეა ნოუთბუქი, მით მეტ ენერგიას მოიხმარს და მცირდება ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა.

ეკრანის გაფართოება:

ეკრანის გაფართოება ნიშნავს იმ წერტილების რაოდენობას ეკრანის ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე, რომლისგანაც შედგება ეკრანი. ამ წერტილებს პიქსელი ეწოდება, ამიტომ ეკრანის გაფართოება იზომება პიქსელებში.

დიდი გაფართოება საშუალებას იძლევა ნოუთბუქის ეკრანზე განთავსდეს მეტი ინფორმაცია, უზრუნველყოფს კონტრასტულ, ნათელ და მკვეთრ გამოსახულებას, საუკეთესო ხარისხში ვიდეოსა და ფილმების ჩვენებას, თანამედროვე თამაშების შესანიშნავ დონეს.

არსებობს:

1. პირდაპირი ან კვადრატული მატრიცები - ფორმატი (4:3 ან 5:3)

XGA (1024 X 768 ), SXGA (1280 X 1024), SXGA+ (1400 X 1050), UXGA (1600 X 1200), QXGA (2048 X 1536)

2. ფართოფორმატიანი მატრიცები (W - wide) - ფორმატი 16:10

WXGA (1280 X 768 или 1280 X 800), WXGA+ (1440 X 900), WSXGA+ (1680 X 1050 ან 1680 X 945), WUXGA (1920 X 1200).

3. მაღალი სიმკვეთრის მატრიცები (HD - High Definition) - ფორმატი 16:9

HD (1366 X 768), HD+ (1600 X 900), FullHD (1920 X 1080).

1366 X 768 - ზე დაბალი გაფართოება ძირითადად გამოიყენება ნეთბუქებში. იგი იძლევა კომფორტული მუშაობისა და ფოტოსურათების დათვალიერების კარგ შესაძლებლობას

1366 X 768 - ყველაზე გავრცელებული და ოპტიმალური გაფართოება 14-15 დიუმის ნოუთბუქებში. კარგია როგორც სამუშაოდ, ასევე თამაშებისთვის და ფილმების სანახავად.

1600/1440 X 900 - გამოიყენება 17 დიუმის ნოუთბუქებში, კომფორტულია ყველა ტიპის სამუშაოს შესასრულებლად, გასართობად.

1920 X 1200/1080 და მეტი -  იდეალურია პროფესიონალური, მულტიმედიური სამუშაოსთვის, აგრეთვე ვიდეოსა და ფილმების HD ხარისხში სანახავად.

მატრიცა

თხევადკრისტალურ მატრიცებში დღესდღეობით გამოიყენება 4 ძირითადი ტიპი

1. TN+film (ხშირად აღნიშნავენ როგორც TN);

2. IPS (SFT);

3. PLS;

4. MVA;

აქ არ ავღწერთ ამ ტექნოლოგიებს, უბრალოდ მოკლედ გავამახვილებთ ყურადღებას მათ შორის სხვაობაზე.

TN + film (Twisted Nematic + film) - ყველაზე უბრალო ტექნოლოგია. გააჩნია დაბალი ფერთა გადაცემა და ნაკლები გარჩევადობის კუთხე.

IPS (In Plane Switching) ან SFT (Super Fine TFT) - ერთი ტექნოლოგიის ორი სახელწოდება. მასში TN+film-თან შედარებით, გააჩნია უფრო მაღალი გარჩევადობის კუთხე, მაღალი კონსტრატულობა და ფერთა გადაცემა.

PLS (Plane to Line Switching) - IPS-ის ალტერნატივა, რომელიც შექმნილია კომპანია სამსუნგის მიერ. გააჩნია მაღალი სიმკვეთრე, კარგი ფერთა გადაცემა, გარჩევადობის მაღალი კუთხე, დაბალი ენერგომოხმარება. თუმცა აქვს დაბალი კონტრასტულობა და ნაკლები მგრძნობელობა.

MVA (Multi-domain Vertical Alignment) - წარმოადგენს კომპრომისს TN და IPS (SFT, PLS) ტექნოლოგიებს შორის.

მქრქალი („მატოვი“) თუ პრიალა ეკრანი?

ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, რომელი ეკრანია უკეთესი, მქრქალი (ე.წ „მატოვი“) თუ პრიალა. ან რით განსხვავდება ეს ეკრანები ერთმანეთისგან.

მქრქალი ეკრანი არ ირეკლავს შუქს და ნაკლებად ღლის თვალებს, თუმცა გამოსახულებას ასეთ ეკრანზე გააჩნია ნაკლები სიკაშკაშე და ცოცხალი ფერები.

პრიალა ეკრანი შესანიშნავად გადასცემს კონტრასტულობასა და სიკაშკაშეს, თუმცა არ გააჩნია მზის სხივის, ან შუქის არეკლვის საწინააღმდეგო თვისება.

ითვლება, რომ სამუშაო ნოუთბუქებისთვის იდეალურია მქრქალი ეკრანი, ხოლო მულტიმედიური ნოუთბუქებისთვის - პრიალა ეკრანი.

PPI (პიქსელების სიმჭიდროვე)

დიდი მნიშვნელობა აქვს მაჩვენებელს PPI (Pixels Per Inch) - ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს პიქსელების რაოდენობას ერთ დიუმ ნოუთბუქის (სმარტფონის, პლანშეტის, მონიტორის და ა.შ) ეკრანზე.

რაც უფრო მეტია ეს მაჩვენებელი, ანუ რაც უფრო მეტი პიქსელია განთავსებული ეკრანის ერთ დიუმზე, მით უფრო ნაკლებია პიქსელის ზომა და მათი შემჩნევა შეუიარაღებელი თვალით ნაკლებადაა შესაძლებელი. შესაბამისად კი მით უფრო მკვეთრი და ხარისხიანია გამოსახულება, რომელიც ჩანს ეკრანზე.

 

ქსელური კავშირები

 

ნოუთბუქის ქსელური კავშირებიWi-Fi - უკაბელო კავშირია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თანამედროვე ფუნქციაა. თუ ნოუთბუქი სახლში ან ოფისში გიდგათ, საჭირო იქნება Wi-Fi როუტერის შეძენა, რომლის საშუალებითაც ნოუთბუქზე ინტერნეტ კაბელის მიერთების გარეშე გექნებათ ინტერნეტზე წვდომა.

ამას გარდა, უსადენო ინტერნეტი უკვე არის საკმაო რაოდენობის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც Wi-Fi-ის საშუალებით შეძლებთ არა მარტო ინტერნეტში შესვლას, არამედ დოკუმენტის გაგზავნას პრინტერზე, ამოსაბეჭდად, აგრეთვე ფაილების გადასაცემად სხვა კომპიუტერში, ან მობილურ ტელეფონში.

Wi-Fi-ის საშუალებით შესაძლებელია HD რესივერებისა და HD ფლეერების ჩართვაც, ყოველგვარი კაბელისა და სადენის გარეშე. Wi-Fi-ის გააჩნია სტანდარტული სიხშირეები:

802.11 A ( 5 GHz   23-54 Mbit/s   35 მეტრი);

802.11 B ( 2.4 GHz  5 - 11Mbit/s  30 მეტრი);

802.11 G ( 2.4 GHz  22 - 54Mbit/s  100 მეტრი);

802.11 N ( 2.4GHz -5GHz   108-600 Mbit/s   300 მეტრი);

Bluetooth - რა თქმა უნდა ამ ტექნოლოგიამ დაკარგა ძველი „დიდება“, მაგრამ მისი საჭიროება და მნიშვნელობა ყოველთვის აქტუალური იქნება.

Bluetooth-ის საშუალებით შესაძლებელია ქსელში ჩაირთოს ტელეფონები, სმარტფონები, კლავიატურები, კომპიუტერის თაგვები (მაუსები) და ა.შ.

Bluetooth-ით რადიოკავშირი მყარდება დაახლებით 10 მეტრის რადიუსში. თუ თქვენ უსადენო კლავიატურის ან მაუსის შეძენას აპირებთ, ეს ფუნქცია თქვენს ნოუთბუქში უბრალოდ შეუცვლელია. მისი საშუალებით აგრეთვე შეიძლება ყოველგვარი სადენის გარეშე ნოუთბუქთან MP3 ფლეერით დაკავშირება მასში სასურველი მუსიკის ჩაწერა.

3G/4G - თუ  ნოუთბუქს გააჩნია ჩაშენებული უსადენო მოდემი, რომელსაც აქვს ტექნოლოგია 3G ან 4G/LTE -ს მხარდაჭერა, ეს საშუალებას იძლევა უზრუნველყოს სწრაფი ინტერნეტი ნებისმიერ ადგილზე.

ჩაშენებული 3G მოდული განკუთვნილია მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტისთვის 3G ოპერატორისგან (საჭიროა სიმ ბარათის ჩართვა).

თუ ნოუთბუქს ჩამონტაჟებული 3G მოდემი არა აქვს, მობილური ინტერნეტის მისაღებად საჭიროა სპეციალური, USB 3G მოდემის შეძენა. ხოლო თუ ლეპტოპში 3G მოდემის მხარდაჭერა არსებობს, სიმ ბარათის საშუალებით (ნოუთბუქს  3G მოდემთან ერთად აქვს სიმ ბარათის მხარდაჭერა).

იგივე პრინციპია 4G/LTE მოდემთან დაკავშირებითაც, ეს არის მეოთხე თაობის მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტი, რომელიც გაცილებით სწრაფი და თანამედროვეა. მისი საშუალებით მონაცემთა გადაცემის სიჩქარე მერყეობს 30 მგ/წმ - დან 1გბ/წმ-მდე (გააჩნია ქვეყანას).

HDMI - ნოუთბუქი, რომელსაც აქვს HDMI-ის მხარდაჭერა, შესაძლებელია მიუერთდეს ტელევიზორს ან დიდ მონიტორს, რათა სასურველი ვიდეო და ფოტოსურათები იხილოთ დიდ ეკრანზე HD ხარისხით.

LAN - ქსელური პორტი, მისი საშუალებით კომპიუტერი შესაძლოა მარშრუტიზატორის (router) საშუალებით ჩაერთოს ერთ ქსელში სხვა კომპიუტერებთან ან ქსელურ მოწყობილობებთან.

FireWire - მისი საშუალებით, შესაძლებელია სურვილის შემთხვევაში გადატანილი იქნეს ვიდეო და ფოტოსურათები MiniDV კამერიდან ან ფოტოაპარატიდან ნოუთბუქში.

PC Card - იგივე Express Card ან PCMCI, სპეციალური სლოტი ტელეფონის სიმ ბარათის, ტვ ტიუნერის, „კარტ რიდერების“ (Memory Card Reader) და სხვა უსადენო მოდემების შესაერთებლად.

TV Tuner - მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა ნოუთბუქი გამოყენებული იქნეს როგორც პორტატული ტელევიზორი. (იმისთვის, რომ მითებული სიგნალი იყოს მაღალხარისხიანი, საჭიროა გარე ანტენა).

USB სლოტები - ნოუთბუქს აუცილებლად უნდა გააჩნდეს USB სლოტები, რაც შეიძლება მეტი და მოხერხებულად განლაგებული, სხვადასხვა ტიპის გარე მოწყობილობების მისაერთებლად (ყურსასმენები, დინამიკები, ფლეშ ბარათები და ა,შ). თანამედროვე სტანდარტია– USB 2.0, თუმცა უკვე არსებობს სტანდარტი USB 3.0 – გაცილებით სწრაფი.

ჩაშენებული ვებკამერა და მიკროფონი - უკვე ეჭვ გარეშეა ნოუთბუქში ჩაშენებული ვებ-კამერისა და მიკროფონის უპირატესობა, ამიტომ თანამედროვე მწარმოებლის თითქმის ყველა ბრენდი აღჭურვილია ინტეგრირებული ვებ-კამერით ვიდეო კავშირებისთვის ან ვებინარებისთვის.

ყურსასმენების შესაერთებელი - მისი საშუალებით შესაძლებელია მიუერთდეს ყურსასმენები ნოუთბუქს მუსიკის მოსასმენად, ვიდეო კავშირის დასამყარებლად ან ფილმების სანახავად, იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოთ გარშემომყოფებს.

 

კლავიატურა

 

ნოუთბუქის კლავიატურანოუთბუქების კლავიატურა რამდენადმე განსხვავდება სტაციონალური კომპიუტერების კლავიატურისგან, რაც გამოწვეულია მისი მცირე ზომებით.

მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ასეთი კლავიატურები ამაოდ მოხერხებულია და კლავიშების ადგილმდებარეობის მიჩვევაც მალე ხდება.

ზოგადად, ნოუთბუქის კლავიატურების არის ორი სახის - სრულფუქციონალური და შეკვეცილი ფუნქციებით.

სრულფუნქციონალური კლავიატურები ძირითადად გვხვდება 15, 17 და 19 დიუმიან ნოუთბუქებში და მაქსიმალურად მიახლოებულია ჩვეულებრივ, პერსონალური კომპიუტერის კლავიატურასთან.

ხოლო შეკვეცილი კლავიატურები ძირითადად გვხვდება 12, 13, 14 დიუმიან ნოუთბუქებში. ასეთ კლავიატურებს არ გააჩნიათ დამატებითი, ციფრების აღმნიშვნელი პანელი და ამის გარდა გამოირჩევიან ზოგიერთი ძირითადი კლავიშის თავისებური (ხშირად არც ისე მოხერხებული) განლაგებით.

ამას გარდა, მწარმოებლები, რომლებიც ცდილობენ მიაღწონო ნოუთბუქის მეტ კომპაქტურობას, იმდენად ამცირებენ კლავიშების ზომებს, რომ მათზე ტექსტის აკრება ძალიან მოუხერხებელია, ხოლო ბრმა მეთოდით მუშაობა თითქმის შეუძლებელი.

არჩევის პროცესში, უნდა გაისინჯოს კლავიატურა, შემოწმდეს კლავიშების ზომა თითებთან მიმართებაში. კლავიშები არ უნდა ჭრიჭინებდეს, არ იჭედებოდეს, ტექსტის აკრების დროს არ უნდა ქონდეს ზედმეტად მაღალი და შემაწუხებელი (კაკუნის) ხმა. ჰქონდეს სასურველი ანბანი (ინგლისური, რუსული), ასოები აჩნდეს მკაფიოდ და ა.შ

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მაღალი კლასის თანამედროვე ნოუთბუქს, გააჩნია მტვერგაუმტარი და ნესტგამძლე კლავიატურა, რაც ნოუთბუქის მუშაობის ხანგრძლოვობას ზრდის და ამცირებს მისი დაზიანების რისკს.

 

კორპუსი

 

ნოუთბუქის კორპუსინოუთბუქის კორპუსის მასალა და ხარისხი სხვადასხვა მოდელისთვის განსხვავებულია.

ბიუჯეტური ნოუთბუქების კორპუსი დამზადებულია საშუალო ხარისხსის პლასტმასის მასალისგან, რომელიც დაფარულია საღებავით ან ლაქით.

იგი მყიფეა, არ არის თერმოგამძლე და არც თუ კარგად ინარჩუნებს ფორმას. იმისთვის, რომ მან დიდხანს გაძლოს, ფრთხილი მოპყრობა და განსაკუთრებული მოვლაა საჭირო.

არსებობს დრეკადი პლასტმასისგან დამზადებული კორპუსებიც, იგი ადვილად დეფორმირდება და ადვილად შეიძლება უბრალო დაწოლის შედეგად დაზიანდეს ნოუთბუქის დისპლეი.

საშუალო და უფრო მაღალი კლასის ნოუთბუქების კორპუსი, ასევე პლასტმასისგან არის დამზადებული, თუმცა პლასტმასი უფრო მაღალხარისხიანია, დამზადებულია მყარი მინაბოჭკოვანი ან ნახშირბოჭკოვანი მასალისგან, ნაკლებად ხუნდება, თერმოგამძლეა და მეტად უძლებს მექანიკურ ზემოქმედებას.

ბიზნეს კლასის ნოუთბუქები და ულტრაბუქები მზადდება კიდევ უფრო მაღალხარისხიანი ძვირფასი პლასტმასისგან (კარბონისგან), ალუმინის, მაგნიუმის ან ტიტანის შენადნობისგან.

მეტალის კორპუსები სოლიდურად გამოიყურება, მსუბუქია, მტკიცე, სასიამოვნოა შეხებისას და შესანიშნავად ანაწილებს სითბოს. თუმცა ზოგიერთ მოდელს კარბონის კორპუსთან შედარებით, მეტად ეტყობა ნაკაწრები.

ეხლა კი მოკლედ განვიხილოთ თუ რა ტიპის ნოუთბუქისთვის როგორი კორპუსის მასალა უნდა ავირჩიოთ:

საოფისე და სახლის ნოუთბუქებისთვის, რომელთა გადატანა-გადაადგილება იშვიათად ხდება, გამოდგება ნებისმიერი მასალის კორპუსი, საქმე მხოლოდ დიზაინში და გემოვნებაშია.

იმ ნოუთბუქებისთვის, რომელთა გადატანა პერიოდულად ხდება, უმჯობესია უფრო ხარისხიანი და მტკიცე პლასტმასისგან დამზადებული კორპუსი.

ხოლო ბიზნეს კლასის, ან იმ ნოუთბუქებისთვის, რომელთა გადატანა ხდება ყოველდღიურ რეჟიმში, პრაქტიკულად აუცილებელია მაგნიუმის შენადნობის ან კარბონის ჩარჩო და ალუმინის, მინაბოჭკოვანი ან ნახშირბოჭკოვანი კომპიზიტებისგან დამზადებული კორპუსები.

ხოლო სხვა, პრემიუმ კლასის ან საიმიჯო ნიუთბუქების კორპუსებში მაგნიუმის შენადნობის, ალუმინის და მაღალხარისხიანი კარბონის კომბინაცია ნორმად ითვლება.

ნოუთბუქის კორპუსები შეიძლება იყოს როგორც პრიალა, ასევე მქრქალი (ე.წ.“მატოვი“) ზედაპირით.

პრიალა ზედაპირი ვიზუალურად ეფექტურად და მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა მოსავლელად უფრო რთულია, რადგან გაცილებით ადვილად იკაწრება და აჩნდება ხელის ან რაიმე სხვა ტიპის ანაბეჭდები.

ასეთი ტიპის ნოუთბუქები ძირითადად გვხვდება სახლისთვის განკუთვნილ და მულტიმედიურ მოდელებში.

მქრქალი (ე.წ.“მატოვი“) ზედაპირი კი შესაძლოა გარეგნულად არ ბრწყინავდეს, მაგრამ უფრო სოლიდურად გამოიყურება, ადვილის მოსავლელია, რადგან პრაქტიკულად არ იკაწრება და ნაკლებად აჩნდება ხელის ანაბეჭდები.

ასეთი ზედაპირები ძირითადად გვხვდება ბიზნეს კლასის და საოფისე მოდელებში.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არსებობს საიმიჯო ნუთბუქები, რომელთა კორპუსი მოპირკეთებულია ბამბუკით, ტყავით, ოქროთი, პლატინით, ძვირფასი ქვებით და ა.შ.

 

ბატარეა

 

ნოუთბუქის ბატარეანოუთბუქის აკუმულატორის სიმძლავრე განსაზღვრავს, თუ რამდენ ხანს იმუშავებს ნოუთბუქი ელექტროენერგიის გარეშე ავტონომიურ რეჟიმში.

აკუმულიატორის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის მოცულობაზე  და ნოუთბუქის სიმძლავრეზე.

ანუ, რაც უფრო ნაკლებად მძლავრია პროცესორი და ვიდეობარათი, მით უფრო დიდხანს იმუშავებს კომპიუტერი ავტონომიურ რეჟიმში და პირიქით.

ბატარეის სიმძლავრე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ნოუთბუქი ხშირად სჭირდება გადასატანად, ან რეგულარულად ხვდება ხოლმე ისეთ ადგილებში, სადაც არ არსებობს მისი დამუხტვის შესაძლებლობა. ამიტომ, ამ შემთხვევაში უნდა შეირჩეს მოდელი, რომლის ბატარეასაც ავტონომიური მუშაობის მაქსიმალური ხანგრძლივობა გააჩნია.

ასე, რომ ტურისტებისთვის, ან მათთვის, ვისაც ნოუთბუქი ძირითადად სჭირდება გზაში, მივლინებებში ან საველე პირობებში, უმჯობესია დათმონ და აირჩიონ ნაკლები სიმძლავრის პროცესორი, ან ნაკლები მოცულობის მყარი დისკი და არჩევანი გააკეთონ მაქსიმალური სიმძლავრის ბატარეაზე.

კარგი იქნება თუ ამ დროს თან იქონიებთ მეორე, დამუხტულ ბატარეას, რომელიც ორმაგად გაზრდის ნოუთბუქის ავტონომიურად მუშაობის ხანგრძლივობას.

სტაბილური მუშაობის რეჟიმში (ეკრანის მინიმალური სიმკვეთრე, ტექსტის კითხვა, ან ინტერნეტში მუშაობა) ნოუთბუქის ბატარეა საშუალოდ მუშაობს 2-დან 8 საათამდე (ნოუთბუქის მოდელისა და ბატარეის სიმძლავრის მიხედვით).

თუმცა ეკრანის მაქსიმალური სიმკვეთრის, სხვადასხვა პროგრამების მუშაობის ან თამაშების და ფილმების ყურების დროს, ბატარეის მუშაობის ავტონომიურობა მცირდება 2-3-ჯერ.

არის შემთხვევები, როცა ტექნიკური მონაცმების მიხედვით, ნოუთბუქის ბატარეა უნდა მუშაობდეს ავტომომიურ რეჟიმში 8-9 საათი, მაგრამ პრაქტიკაში მისი მუშაობის ხანგრძლივობა არ აღემატება 4 საათს.

თუ ნოუთბუქით მუშაობას სახლის ან ოფისის პირობებში აპირებთ, არ ღირს ზედმეტი თანხის გადახდა მძლავრი ბატარეის გამო.

სხვათა შორის, დროთა განმავლობაში ნებისმიერი ბატარეა კარგავს თავის სიმძლავრეს, თუ ნოუთბუქი მუდმივად ჩართულია ელექტრო ქსელში.

 

პს

 

ნოუთბუქის უსაფრთხოებაგახსოვდეთ, რომ ყველაზე კარგი ნოუთბუქი არის ის, რომელიც არასოდეს საჭიროებს რემონტს. თუმცა არ არსებობს ნოუთბუქი, რომელსაც იყიდით და მთელი სიცოცხლის მანძილზე მოგემსახურებათ.

გათვალეთ, რომ მშვიდი, კეთილსინდისიერი ექსპლუატაციის პირობებში (თუ არ დააზიანებთ მექანიკურად), ნოუთბუქი მოგემსახურებათ 5-10 წელი.

ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი უკვე იქნება მორალურად მოძველებული და თავს იჩენს ფიზიკური პრობლემებიც: გაცვდება კლავიატურა, მწყობრიდან გამოვა ბატარეა, მოირყევა USB პორტები, შიდა დეტალები და ა.შ.

იმისათვის, რომ ნოუთბუქი რაც შეიძლება დიდხანს გემსახუროთ, ფაქიზი მოპყრობის გარდა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ გაგრილების სისტემას.

ყველა ნიუთბუქის გაგრილების სისტემა, დროთა განმავლობაში ივსება მტვრით, რაც იწვევს გადახურებას, ეს კი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის პირველი მიზეზია.

ამიტომ თუ ნოუთბუქი შეიცვლის ხმას, დაიწყებს ხმაურს და გამორთვასაც კი, აუცილებელია ვენტილიატორის (ე.წ. ქულერის) დაუყონებლივი გაწმენდა. არ არის აუცილებელი დაელოდოთ, რომ ხმა უფრო დიდი და აუტანელი გახდება. მტვრით გაწმენდის გარდა აუცილებელია მისი დაზეთვაც, რასაც თუ ვერ მოახერხებთ თქვენ, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს.

ასე რომ, სტატიის დამხმარებით შეარჩიეთ ბალანსირებული, თქვენს მიზნებზე მორგებული საიმედო მოდელი და იგი მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებათ.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

ნოუთბუქები ინტერნეტ მაღაზია www.be.ge-ში:

სტანდარტული
ნოუთბუქები
ნოუთბუქ
ტრანსფორმერები
ნოუთბუქ
ულტრაბაუქები

ნოუთბუქბები
სტანდარტული და დიდი ეკრანით
საშუალო და მაღალი სიმძლავრის
ნოუთბუქები
ნოუთბუქების
სრული კატალოგი
ნოუთბუქები ინტერნეტ მაღაზია www.deals.ge-ში:
ნოუთბუქები
800 ლარამდე
ნოუთბუქები
დისკრეტული ვიდეო დაფით
ნოუთბუქების
სრული კატალოგი

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura