წვიმდა და... არ იყვნენ კოჯორში ჩიტები, წალეკა სიჩუმემ ერთი დღე მკათათვის... უკუთვლას ვიწყებ და არ მყოფნის თითები, იმ ზაფხულს ვეძებ და იმ წლამდე რა დათვლის!
ღრუბლიდან დავეშვი, სიჩუმე წვეთავდა ფოთლების მოვიდან... ...და მერე შენს მწვანე, წვიმიან თვალებში, მთელი წლის ნალექი ერთ დღეში მოვიდა.
კოჯრიდან არ მიშვებს, (სად ნაძვებს ლარივით მოუჩანთ წვივები) და ჩუმი დღეების ჩავარდნილ კლავიშებს ჯიუტად კენკავენ სულელი წვიმები....
ამ წვიმამ რა უნდა უშველოს იმ მწვანე თვალების ცრემლიან ქლოროფილს... წვიმს ახლაც... და შევრჩი ამ წკვარამს უშენოდ, როგორც იმ ცრიატი დღეების ბოლო ფირს...
ახლა ვართ საყვარლად დიდები, წვიმს... და იმ წვიმების ალმური გადამდის... უკუთვლას ვიწყებ და არ მყოფნის თითები, იმ ზაფხულს ვეძებ და იმ წლამდე რა დათვლის!..
ცის კარვებს ღრუბლების ჟინი შლის, და წვიმა მისველებს წერილის კაბადონს... ...და მე ამ წვიმის ლექსს ვატან შენს შვილიშვილს, წარწერით: „ჩემს ძვირფას, ჭაღარა ქალბატონს!" |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვასილ ბესელიას პოეზია |