მთარგმნელი: დავით წერედიანი
|
სიჩუმე კირის და მირტის. გარს მოლი ავლია ბალბას. ჩალისფერ ქსოვილზე ხელი ლევკოიონებს ქარგავს.
თრთის შვიდი ფრინველი პრიზმის. საყდარი დათვსა ჰგავს შორით, და შორი ბურდღუნიც ისმის.
გარშემო რა ნაყშებს აყრის! გამოჰყავს ჩალისფერ მოვზე ყვავილი თავისი ნატვრის.
კილიტებს რაგვარს და რაფერს, ზაფრანებს, მთვარეებს, ყაითნებს წმინდა დაფარნაზე აფენს.
სამზადში სინზე დაკრებილი, ხუთი წყლულია მაცხოვრისა, ალმერიაში დაკრეფილი.
მიქრის და ქარდაქარ ფრთონავს, და უკანასკნელი ჩქამი გაუწყვეტს პერანგის ზონარს.
გასცქერის უფსკრულზე დახრილს და ნელა იმსხვრევა გული, გული ვერბენის და შაქრის.
დაკბილულ აღმართზე მცინარებს. შემართულ მდინარეს ხედავს, ნატვრით გამოხმობილ მდინარეს.
ქარი კი თანდათან ჩადგა და სარკმლის ზემოდან სხივი თამაშობს გისოსთა ჭადრაკს. |
















