მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 649 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

მე ამ ძველთაძველ ამბავთა აწ მსურს თხრობა და გამხელა:

მაშინ, ქრისტე რომ ცხოვრობდა - იდიდოს მისმა სახელმა! -,


ვიღაც ჭკუათხელს ხედავდნენ სოფელ-ქალაქის შარაზე,

არსად რომ არაფერს იქმდა და არც ნაღვლობდა არაზე.


იმ პირშავს მთელი სიცოცხლეც შავად ჰქცეოდა, მგონია, 

მასზე ამბობდნენ - ამ კაცთან ეშმაკი მონაგონია.


ნეტავი ვისთვის იცხოვრა, ან ახლოს გაიკარა ვინ?! 

მისგან სიკეთის მნახველი არ იყო ქვეყნად არავინ...


უტვინო, მაგრამ ამაყი, დაყიალობდა ასე და

არამი ლუკმის მძებნელი მუცელს ხშირ-ხშირად ავსებდა.


უნამუსობით ხალხს ყვლეფდა, ურცხვობით კალთებს ახევდა,

ტყუილით ისეთ ჯანღს ქმნიდა, თვალს ვეღარავინ ახელდა.


ის უმადური თვალებით ვერსად ხედავდა სიკეთეს,

მისმა ყურებმა თითქოს-და სმენის ჭიშკარი მიკეტეს.


იგი ხალხს სძულდა, ვით გვალვა -  აი, ეს არის სიმართლე! -

და თვალშიც ზიზღი უჩანდათ, ვით მცხრალსა მთვარეს სინათლე.


მას კი ჩირად არ უღირდა ეს და ცხოვრობდა ნებაზე,

არ წუხდა კაიკაცობის სახელის დატოვებაზე,


მალე მის შავთა საქმეთა და განცხრომათა მიგნებით

აავსეს ბედის მწერლებმა, სადაც რამ ჰქონდათ წიგნები.


პატივმოყვარეს სულ ცოდვით უელვარებდა თვალები,

ღამით სულ მთვრალი ღრეობდა, დღისით კი - სულ ნამთვრალევი...


თურმე იმ დროს, იმ მხარეში იესო იარებოდა,

მრავალ მლოცველს თუ განდეგილს მადლის მოფენით ხვდებოდა,


მისი ხილვისას მავან მწირს მოსძალებია წადილი

და დაცემულა მის ფერხთით, ვით ღვთისმოსავი ნამდვილი.


ის ცოდვილი კი, ვისზეც ვთქვით ზემოთ, რომ ზურგი აქციეს,

ფარვანასავით ათრთოლდა, რომ სჭვრეტდა მწირის საქციელს;


მას შერცხვა უცებ და ალბათ ბევრმა შურიც კი შენიშნა -

თითქოს მდიდარ კაცს შეხედა ღარიბ-ღატაკმა დერვიშმა.


ჩურჩულებდა და ამბობდა - "ვაგლახ! ვა, მეო, ვა, მეო...

უაზროდ მითენებია, ჰოი, რამდენი ღამეო!"


თვალთაგან ცრემლთა მოდენით ჰგავდა ღრუბელს და წვიმასა,

ცხოვრება ფუჭად რომ განვლო, სწუხდა ცოდვილი იმასა.


ამბობდა: "როგორ ამაოდ მივლია, რაც ვიარე და

სიცოცხლე ტკბილი მეგონა, თურმე ყოფილა მწარე და  

 

აწ ისღა დამრჩა - ვინატრო, რომ სიკვდილს მალე ვეწიო, -

სამყაროს დიად შემქმნელთან ესღა მაქვს შესახვეწიო;


ის ჯობდა, ვინმეს მოვეკალ, ბავშვი როდესაც ვიყავი,

ვიდრე სიბერის კარამდე სირცხვილით მივსულიყავი...


შემინდე, ღმერთო მაღალო, თუ არის ჩემთვის შენდობა,

თუკი რამ ნდობა შემომრჩა, განკითხვას შენსას ენდობა!"


კუთხეში სადღაც ერთ მხარეს ჩამოჯდა იგი მკვნესარი...

ასეა - ყველა ცოდვილის დიდი ტკივილი ეს არის:


ნანობდეს და ძლივს ამბობდეს, სიბრიყვეს თვისას ჩიოდეს,

თავჩაქინდრული იჯდეს და ჩუმად ცრემლები სდიოდეს.


იესოს ფერხთით მწირმა კი წარბი ამაყად აზიდა

და თქვა - "ამ ცოდვილ არაკაცს აქ ყოფნას ნეტავ რა რჯიდა?!


უბედურმა და უგნურმა ჩვენთან ყოფნა რად არჩია?!

სიავით თავი ყველასგან განა თვით არ განარჩია?!


ცოდვათა ცეცხლით დადაგვა მან თავად გაიზიარა,

ქარს გაატანა სიცოცხლე, სულ უნაყოფოდ იარა.


მისი სიკეთე ვის ახსოვს, ან მოამაგე ვისია?!

იგი ქრისტესთან მოსვლის და საუბრის განა ღირსია?!


მას ახლა რა განუზრახავს, ან სიტყვით რაის მთქმელია?! -

ის ჯოჯოხეთის გზას ადგას უკვე მრავალი წელია.


მისი სიავე თვალსა და ფეხქვეშ სულ ეკლად მეგება,

ჩემს სიახლოვეს რომ არის, მეც ავად მრაცხდნენ ეგება?!

 

მლოცველთა შორის ის რომ ჩანს, ვწუხვარ ფრიად და ფრიადო...

ვაითუ, განკითხვის დღემდე გვდიოს მან, ღმერთო დიადო!"


მწირი ასე რომ ჩიოდა - მწყობრი სიტყვით თუ უმეცრად,

იესომ უზენაესის ხმა გაიგონა უეცრად!


უფალმა ბრძანა: ეს თუა ცოდვილი, ის კი - წმინდანი,

ორთაგან სამოთხის ღირსად, ყველამ გაიგოს, ვცანი.


ცოდვილმა თუმცა იარა უაზროდ შარაგზანია,

დღეს ის განუდგა თვის ცოდვებს და ყველა მოინანია...

 

ვინც მაცდურ ყოფას ზურგს აქცევს და სურს უფლისკენ იაროს,

ის იმსახურებს, ზეგარდმო წყალობა გაიზიაროს.

 

ვინც ცოდვა მოინანია და დათმო ავი ზრახვანი,

სამოთხის კართან მიიყვანს ამგვარი გარდასახვანი.


ღვთისმოსავს თუკი არ ესმის - რა არის მონანიება

და არ სურს ცოდვილთან ერთად სამოთხის გზათა ძიება,


შერცხვეს ასეთი წმინდანი - მას ჯოჯოხეთში ელიან -,

ცოდვილს კი სამოთხის გზათა ძებნაში ყველგან შველიან,


სინანულით და ცრემლის ღვრით ცოდვილი სასჯელს თავს აღწევს,

მხოლოდ ღვთისმოშიშობით კი ბევრი ვერ ჰპოვებს საწადელს.


განა არ იცით - თუ მდიდარს მიადგა თხოვნით მავანი,

მან დააპურა ბეჩავი და არა ამპარტავანი.


თუ კაცის ლამაზ იერში მახინჯი სული სახლდება,

მას ჯოჯოხეთის ჭიშკარი ყოველთვის ღია დახვდება.


წუთისოფლის გზას მისდიო სჯობს თვინიერი თავდახრით,

ვიდრე პატივთა ძიებით ქედმაღლობისკენ გადახრით.


საკუთარ თავზე ვინც იტყვის - მცანით სრულყოფილ კაცადა,

ნუ გჯერათ - ღმერთმა სრულყოფა მხოლოდ თავმდაბალს აცადა.


თავისი კაიკაცობით ვისაც სჩვევია ტრაბახი,

არვის უნახავს მის მიერ ჩამოგდებული ყაბახი.


ზოგჯერ ხახვსაც კი უჩნდება სისავსის ფუჭი ვნებანი,

სიცარიელე თავისი ჰგონია კაკლის ლებანი.


ჩვენთა ცოდვათა ვერცნობით და მიწყივ ლოცვა-ვედრებით,

ვერაფერს ვინანიებთ და ამაოდ მლოცველს ვედრებით.


ქედმაღალსა და მკრეხელში ვერვინ იხილი სხვაობა,

თუ არცერთს არ გაეგება მონანიების რაობა.


თუნდ მომლოცველი იყავი ან განდეგილი ეული,

მაინც ვერასდროს გახდები ერთადერთი და რჩეული.


ისეთ კაცს ფარისევლობა ყოველ სიტყვაში ეტყობა,

ვინც რწმენით თავს იწონებს და ხალხს მედიდურად ეპყრობა.


სიბრძნის წესია, რომ არსად გაცუდდეს-გაააუგდეს,

საადიც იტყვის ერთ სიბრძნეს, მსმენელი ყურს თუ დაუგდებს:


ცოდვილი, ვისაც უფალთან მიიყვანს მონანიება,

სჯობს იმ ღვთისმოსავს, ვინც ლოცვას უგრძნობი ჩვევით მიება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - საადი  • • •   საადის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ