შენ ჩემო ვენახო მსხმოიარე, შენ ჩემო დახრილო ალამო. გეძებე ცა-მიწა მოვიარე, - ამაოდ, ამაოდ, ამაოდ!
სიცოცხლე გადაგისხი წვეთობით, სიკვდილმა რაღა შენ შეგიგულა, შენ ამოგირჩია შეცდომით.
შიში მაქვს სასაფლაოს სიწყნარის, დავდივარ სანახევროდ ძილმღვიძარი, ჩავკვდი ვით ლერწმებში ტბის წყალი.
მომექცა დრო-ჟამი უღირსად, შენ მე შორი გზისთვის გამზადებდი, გქონია გასავლელი კურდღლის გზა.
ჩემს სახლს შეეჩვია ავთვალი, სიკვდილი ყოფილა შენი დედა, ვაიმე, მე შვილად გნათლავდი.
მომაკვდავს ვერ წაგცხე მალამო, გზარდე, სულს სათუთად გიბერავდი, - ამაოდ, ამაოდ, ამაოდ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მედეა კახიძის პოეზია |