ენკი... ბენკი... სიკლი... სა… სანამ მოგისაკლისე შენი გრძელი ნაწნავი, უკვე სხვამ მიითვისა, სხვას ეხვია მკლავზე.... დედო ქვასთან ისევ წუხს შენი ბაფთის ნახევი... სხვა სამალი იპოვნე, სხვის შეძახილს აჰყევი. ნეტავ როდის დავითვლი, საბოლოოდ, უთვალავს, თითებშუა მომზირალს ვინმეს გადაუთვალავს გაქცეული სიყრმე და ცასმიკრული თვალები, შავხუჭუჭა ქოჩორი, სხვისას ნანაცვალები? ყურში ისევ ჩამესმის ენკი... ბენკი... სიკლი... სა... ამ ფოტოზე არ ჩანხარ, მზერამ მოგისაკლისა. შეშინება დაეტყო დაწვრილებულ კვირისთავს... მე არ მჯერა, რაც ჭორმა ჩუმად ჩააგვირისტა. ენკი... ბენკი... სიკლი... სა... ენკი... ბენკი... სიკლი... სა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოტე კაკიტაძის პოეზია |