მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 202 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

მთელ ძველ თოჯინების თეატრში პულჩინელასთანა მოუსვენარ თოჯინას მეორეს ვერა ნახავდი. ნიადაგ უკმაყოფილო იყო და მუდამ ვიღაცას ედავიდარაბებოდა.

ხან შუა რეპეტიციის დროს ატყდებოდა, ჩემი ნებაა და სასეირნოდ უნდა წავიდეო, ხანაც პატრონს გადაუდგებოდა, კომიკურ როლს ტყუილად მაძალებ, მე ტრაგიკულის თამაში მინდაო.

- არა, მეტი აღარ შემიძლია, - გაენდო ერთხელ არლეკინს. - ვიცი, ერთ მშვენიერ დღეს ვეღარ გავუძლებ და გავიქცევი.

გაქცევით მართლაც გაიქცა. ოღონდ დღისით კი არა, ღამე გაიპარა. სუყველას რომ ჩაეძინა, ფრთხილად ადგა, აიღო მაკრატელი, პატრონს იღბლად მაგიდაზე რომ დარჩენოდა, შეიჭრა თავზე, ხელებსა და ფეხებზე მობმული ძაფები და, წამო, ერთად გავიქცეთო, მუჯლუგუნი წაჰკრა არლეკინს.

გაყოლებით გაჰყვებოდა არლეკინი, მაგრამ კოლომბინასთვის რა ექნა? მიეტოვებინა? არა, კოლომბინას სიყვარულს ვერ უღალატებდა, უიმისოდ ფეხს არ მოიცვლიდა. პულჩინელამ კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ტყუილია, მაგ პრანჭიკელას არსად არ წავიყვან, ჯერ ისიც შერჩეს, ყოველ წარმოდგენაში ენას რომ მიყოფდაო.

რაკი არლეკინი თავის ნებაზე ვერა და ვერ დაიყოლია, დაჰკრა პულჩინელამ ფეხი და მარტომ მოქუსლა.

«ძლივს არ ამოვისუნთქე! - ფიქრობდა სამშვიდობოზე გასული. - რახან ის ძაფები მოვიშორე და ხელ-ფეხი გავიხსენი, ჯანდაბას, აღარაფერსა ვჩივი. სხვისი ჭკუით როდემდე უნდა მევლო?»

ცისა და მიწის ანაბარა დარჩენილი ხის თოჯინასათვის ადვილი როდია ამოდენა ქვეყნიერებაზე მარტოდმარტო სიარული. ღამღამობით მაინც ათასი მშიერი კატა დაძრწის. ერთი გაფაჩუნება, და უკვე ბრჭყალებში ხარ მოქცეული.

კატებს, ხომ იცი, ბნელ ღამეში სულ თაგვებად ეჩვენებათ ყველაფერი. პულჩინელამ დაჯერებითკი დააჯერა ისინი, რა თაგვი, რის თაგვი, მსახიობი ვარო, მაგრამ მერე, სიფრთხილეს თავი არ ასტკივაო, სადღაც ბაღში შეძვრა, ღობის ძირას მყუდროში მიწვა და მიიძინა.

გათენებისას შიმშილმა გამოაღვიძა. გაიხედ-გამოიხედა და გარშემო ყვავილების მეტი ვერა დაინახა რა. ალაგ მიხაკი და კვირისტავა ღაღანებდა, ალაგ - ტიტა და ჰორტენზია.

- რას ვიზამ, შიმშილს წინ რა დაუდგება, - თავი დაიმშვიდა პულჩინელამ და მიხაკს წასწვდა, ფოთოლი ჩამოაწიწკნა.

მიხაკის ფოთოლი, რა თქმა უნდა, არც შეშიშხინებული მწვადი იყო და არც ქორჭილა თევზის უფხო ნაჭერი. ყვავილი ყვავილია, სურნელება რამდენიც გინდა, იმდენი აქვს, მაგრამ ბალახივით არის. თუმცა პულჩინელამ ბალახისა კი არა, თავისუფლების გემო ჩაატანა და მეორე ფოთლის მერე უკვე ისე ეგემრიელა, დაფიცებითაც დაიფიცებდა, სხვა უფრო თითების ჩასაკვნეტი რამ ჩემს დღეში არა მიჭამია რაო.

რაკი საჭმელი მოეწონა და ცოტა მოღონიერდა, პულჩინელას იქ დარჩენა ჭკუაში დაუჯდა, ამაზე კარგ ადგილას სხვაგან სად წავალო, და დარჩა კიდეც.

ძილით ერთი უზარმაზარი მაგნოლიის ძირას იძინებდა, - ქოლგასავით ხე იყო, ვერც წვიმა ატანდა, ვერც სეტყვა, ჭამით კი ისევ ყვავილებს მიირთმევდა: ხან - ვარდს, ხან - მიხაკს... და ცხადად თუ სიზმრად კატლეტისა და ახალი ყველის მთები ელანდებოდა, მაგრამ თავს უძალიანდებოდა, ფარ-ხმალს არა ყრიდა.

ქარმა და მზემ ერთიანად გამოფიტა და გამოაშრო პულჩინელა. საწყალი ბიჭი მაკარონივით გახდა, სამაგიეროდ ფუტკრები ყვავილებში ვეღარ არჩევდნენ, ისეთი საამო სუნი ჰქონდა. თვალს მოჰკრავდნენ თუ არა, დააფრინდებოდნენ თავზე და სწუწნიდნენ. მაგრამ გამოფიტულ ხის თავს აბა რა ნექტარს ამოსწუწნიდნენ?

მალე ზამთარიც დადგა. გაპარტახებულ ბაღში სუსხიანმა ქარმა დაუბერა.

პულჩინელა მთელი დღეობით მშიერი იყო ხოლმე. ვიცი, მეტყვი, მერედა წასულიყო სადმე სხვაგანო. თქმა ადვილია, შენმა მტერმა იარა უღონო ხის ფეხებით!

"რახან სიკვდილი მიწერია, - ეუბნებოდა პულჩინელა თავის თავს, - სხვაგან არსად წავალ, აქ მირჩევნია დავლიო სული. ჯანდაბას, ვიცი მაინც, თავისუფალი ვკვდები. ძაფს ვეღარც ხელებზე გამომაბამს ვინმე და ვეღარც ფეხებზე, თავსაც ძალით ვერავინ დამაქნევინებს".

მერე პირველი თოვლიც მოვიდა და თხელ თეთრ საბანქვეშ მოექცა პულჩინელა.

მაგრამ არ გეგონოს, რომ მოკვდა. ხის თოჯინები არასოდეს არ იხოცებიან. ცოტა ნიაღვარმა წალამა გაზაფხულზე, თორემ მეტი არაფერი. დღესაც ისევ იქ არის, იმ ბაღშია, ოღონდ არავინ არ იცის. უცაბედად თუ ფეხი წამოჰკრა და იპოვო, ხათრი არ გაუტეხო, ერთი თხოვნა შეუსრულე: თავზე არამც და არამც ძაფი არ გამოაბა.

მეფე რომ მეფეა და დედოფალი რომ დედოფალია, თოჯინების თეატრში უძაფოდ ისინიც არ არიან, პულჩინელას კი ძაფგამობმული ყოფნა არ შეუძლია და რა ქნას.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ