"თუ თაფლის ამოღება გინდათ, სკას ნუ გადააყირავებთ"
ასეთი რამ ნიუ-იორკის მცხოვრებლებს ჯერ არ ენახათ. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ლამას საცხოვრებელ კვარტალში მთელი საათის განმავლობაში პისტოლეტების სროლა და ტყვიამფრქვევის კაკანი ისმოდა, პოლიცია თავს დაესხა და დააკავა „ორი პისტოლეტის“ სახელით ცნობილი საშიში დამნაშავე კროული.
პოლიციის კომისარმა განაცხადა, რომ ის არაფრისთვის და არაფრის გამო კლავსო. თვითონ კროული, „ორი პისტოლეტი“ კი რას ამბობდა ეს კარგად ჩანს იმ ბარათიდან, რომელიც ხაფანგში მოქცეულმა პოლიციელებს გადმუეგდო. „ჩემს მკერდში ძგერს დაღლილი, მაგრამ კეთილი გული, რომელსაც არავისთვის არ მიუყენებია ნიანი“, - ნათქვაში იყო ბოროტმოქმედის წერილში.
„ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მოვახმარე ხალხზე, მას გართობასა და დროსტარებაზე ზრუნვას. მერედა, რა მივიღე ამის სანაცვლოდ? მხოლოდ შეურაცხყოფა და დევნა“ - ეს სიტყვები კი ეკუთვნის ალ კაპონეს, რომელიც თავის დროზე საზოგადოების პირველ მტრად ითვლებოდა.
ავიღოთ კიდევ ერთი ისტორიულ მაგალითი - თეოდორ რუზველტსა და პრეზიდენტ ტაფტს შორის გაჩაღებული დავა, რომელმაც კინაღამ დაშალა რესპუბლიკური პარტია. 1908 წელს პრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგ რუზველტმა ერთხანს აფრიკაში ლომებზე წაინადირა, შემდეგ ისევ შტატებში დაბრუნდა და აქტიური საზოგადოებრივი აქმიანობა დაიწყო. შემდეგ არჩევნებზე პრეზიდენტ უილიამ ჰოვარდ ტაფტსა და რესპუბლიკურ პარტიას მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
თეოდორ რუზველტმა ყველაფერში ტაფტი დაადანაშაულა, მაგრამ თვითონ ტაფტი თვლიდა თავს დამნაშავედ? რა თქმა უნდა, არა. თვალებზე ცრემლმომდგარ პრეზიდენტს თურმე უკითხავს; არ მესმის, სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავიო.
სინამდვილეში ვინ იყო დამნაშავე - რუზველტი თუ ტაფტი? გულახდილად გითხრათ, არ ვიცი და არც მაინტერესებს. მე მხოლოდ იმის დამტკიცება მინდა, რომ ერთი ადამიანის კრიტიკული შენიშვნები ვერაფრით ვერ არწმუნებს მეორეს, რომ ტყუის...
ასეთია ადამიანის ბუნება. ის თავის თავს კი არა, ყოველთვის სხვას ადანაშაულებს. ჩვენც ასეთები ვართ. ამიტომ, როდესაც ვინმეს გაკრიტიკებას მოვინდომებთ, გავიხსენოთ ზემოთ ნახსენები შემთხვევები. კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს - ყოველთვის უკან ბრუნდება. იმაზეც ვიფიქროთ, რომ კაცი, რომლის გასამართლებასაც ჩვენ ვაპირებთ, თავის მართლებას დაიწყებს, აქეთ დაგვადანაშაულებს და პრეზიდენტ ტაფტივით გვკითხავს: არ მესმის, სხვაგვარად როგორ უნდა მოვქცეულიყავიო.
1865 წლის 15 აპრილს, შაბათ დილით აბრაამ ლინკოლნი ერთ იაფფასიანი ავეჯით გაწყობილ ოთახში, ძალზე მოკლე საწოლზე იწვა. საწოლის თავთან, კედელზე ეკიდა როზა ბონერის ცნობილი ნახატის „ცხენების ბაზრობის“ იაფფასიანი რეპროდუქცია. სულთმობრძავი ლინკოლნის სარეცელთან სამხედრო მინისტრმა სტენტონმა თქვა, - აქ წევს ყველაზე უნაკლო ხელმძღვანელი, როგორიც მსოფლიოს უნახავსო.
რა იყო ლინკოლნის ხალხთან ურთიერთობაში წარმატების საიდუმლო?
მთელი ათი წელიწადი მოვანდომე აბრაამ ლინკოლნის ცხოვრების გზის შესწავლას. მთელი სამი წელი მივუძღვენი წიგნის „უცნობი ლინკოლნის დაწერასა და გადაწერას. მიმაჩნია, რომ შეძლებისდაგვარად დეტალურად და ამომწურავად შევისწავლე ლინკოლნის პიროვნება და მისი ოჯახური ცხოვრება. სპეციალურად გამოვიკვლიე მეთოდები, რომლებსაც ლინკოლნი იყენებდა ხალხთან ურთიერთობაში.
აძლევდა თუ არა თავს კრიტიკის ნებას? რა თქმა უნდა, აძლევდა. როცა ახალგაზრდა იყო და ინდიანას შტატში, ფიჯონ-სტრიტის ველზე ცხოვრობდა, გარშემომყოფთა მიმართ კრიტიკული შენიშვნების გამოთქმას არ ერიდებოდა. უფრო მეტიც წერილებსა და ლექსებსაც არ იშურებდა მათ დასაცინად და გასამასხარავებლად.
ამ ლექსებს ხშირად დაუდევრად ფანტავდა სოფლის შარაზე, სადაც მაშინვე უამრავი მკითხველი გამოუჩნდებოდა ხოლმე. კრიტიკისათვის არც მას შემდეგ დაუნებებია თავი, რაც სპრინგფილდში ადვოკატი გახდა. იგი მოწინააღმდეგეს აშკარად ესხმოდა თავს გაზეთში გამოქვეყნებული წერილებითაც. ერთხელ მართლაც მეტისმეტი მოუვიდა.
1842 წლის შემოდგომაზე, მან მწარედ დასცინა აგრესიულად განწყობილ ირლანდიელ პოლიტიკოსს ჯეიმს შილდსს. ანონიმური წერილი ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა. მთელი ქალაქი ხარხარებდა. თავმოყვარე შილდსი ბრაზისაგან კინაღამ გაგიჟდა. გამოიძია ვის ეკუთვნოდა ეს წერილი, ცხენს მოახტა, ლინკოლნთან მივარდა და დუელში გამოიწვია. ლინკოლნი საერთოდ დუელის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ახლა უარის თქმა არ შეიძლებოდა - ღირსების საქმე გახლდათ../
დანიშნულ დღეს ის და შილდსი ერთმანეთს მისისიპის ქვიშიან ნაპირზე შეხვდნენ და ორთაბრძოლისათვის სამზადისს შეუდგნენ. ბოლო წუთს საქმეში სეკუნდანტები ჩაერივნენ და დუელი ჩაშალეს.
ლინკოლნის ცხოვრებაში ეს იყო ყველაზე მძიმე ეპიზოდი, რომელიც ფასდაუდებელ გაკვეთილად ექცა ხალხთან ურთიერთობის ხელოვნებაში. ის იყო და ის. მას შემდეგ ლინკოლნს არ დაუწერია არც ერთი შეურაცხმყოფელი წერილი, არავისთვის არ დაუცინია და უსაფუძვლოდ არავინ არ გაუკრიტიკებია..
პრეზიდენტობისას, თეოდორ რუზველტი რაიმე რთულ პრობლემას რომ წააწყდებოდა, ჩვეულებრივ სკამზე უკან გადაიხრებოდა, თეთრ სახლში მისი საწერი მაგიდის თავზე დაკიდებულ ლინკოლნის დიდ პორტრეტს შეხედავდა და თავს ეკითხებოდა, რას იზამდა ჩემს ადგილზე ლინკოლნი, როგორ გადაჭრიდა ამ პრობლემასო.
ამის შემდეგ, როცა ვინმეს დატუქსვის ცდუნება გვძლევს, ჯიბიდან ამოვიღოთ 5 დოლარიანი ბანკნოტი, დავხედოთ ლინკოლნის გამოსახულებას და თავს ვკითხოთ: რას იზამდა ჩემს ადგილზე ლინკოლნი, როგორ გადაჭრიდა ამ პრობლემას?
ალბათ, არიან ისეთი ადამიანები, რომელთა შეცვლა, გადაკეთება ან სრულყოფაც გინდათ. ასეთებიც არიან, არა? ძალიან კარგი. მაგრამ... რატომ არ გვინდა დავიწყოთ საკუთარი თავით? წმინდა ეგოისტური თვალსაზრისითაც კი ეს გაცილებით უფრო სასარგებლო და ხელსაყრელია, ვიდრე სხვების გაკეთილშობილება.
„როცა ადამიანი თავის თავთან ბრძოლას იწყებს, ის უკვე ერთ რამედ ღირს“, - ამბობდა ბროუნინგი.
პირველ რიგში - თვითსრულყოფა - თავის მიხედვა.
სხვის თვალში ჩხირს რომ ვხედავთ, საკუთარში დირეს რატომ ვერ ვამჩნევთ?
ადამიანებთან ურთიერთობისას გვახსოვდეს, რომ საქმე გვაქვს არალოგიკურ, ემოციურ, ამაყ და თავმოყვარე არსებებთან. კრიტიკა კი ის სახიფათო ნაპერწკალია, რომელმაც შეიძლება ააფეთქოს თავმოყვარეობა...
ბენჯამენ ფრანკლინი, რომელიც სიჭაბუკეში დიდი ტაქტით არ გამოირჩეოდა, ისეთი დიპლომატიური, იმდენად სამართლიანი გახდა ადამიანებთან ურთიერთობაში, რომ საფრანგეთში, ამერიკის ელჩადაც კი დანიშნეს. რა იყო მისი წარმატების საიდუმლოება?
„არ მინდა ცუდი ვთქვა ვინმეზე და ყველაზე ვლაპარაკობ მხოლოდ იმას, რაც კარგი ვიცი მასზე“, - ამბობდა თვითონ ფრანკლინი.
ნებისმიერ სულელს შეუძლია, რომ სხვები აკრიტიკოს ან მათდამი უკმაყოფილება გამოთქვას. სულელთა უმრავლესობა სწორედ ასე იქცევა.
გაგებისა და მიტევებისათვის კი ნებისყოფისა და თვითკონტროლის გამომუშავებაა საჭირო.
"დიდი ადამიანი თავის სიდიადეს პატარა ადამიანთან ურთიერთობაში ამჟღავნებს, - ეს სიტყვები კარლეილს ეკუთვნის.
განსჯისა და განქიქების ნაცვლად შევეცადოთ გავუგოთ ადამიანებს, შევეცადოთ მივხვდეთ, თუ რატომ იქცევიან სწორედ ასე და არა სხვაგვარად. ასეთი ცდა გაცილებით უფრო სასარგებლოცაა და საინტერესოც, ვიდრე კრიტიკა.
ეს ადამიანს უვითარებს მოთმინების, თანადგომის და კეთილმოსურნეობის გრძნობას. "ყველაფრის გაგება ყველაფრის შენდობას ნიშნავს."
* * * * * * *
მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე
















