რა არის და რისთვის არის საჭირო ჰოსტინგი
ჰოსტინგი არის საიტის ფაილების საიმედოდ შენახვისა და მართვის პლატფორმა. ჰოსტინგ-პროვაიდერები აქირავებენ ადგილს სერვერზე და უზრუნველყოფენ საიტს აუცილებელ სიმძლავრით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მის უწყვეტ და შეუფერხებელ მუშაობას 24 საათის განმავლობაში.
რისთვის არის საჭირო ჰოსტინგი?
ახალი პროექტის დასაწყებად, საიტისთვის ჰოსტინგის არჩევა მნიშვნელოვანი ეტაპია. ნებისმიერ რესურსს სჭირდება საიმედო საფუძველი, რომელსაც შეუძლია უწყვეტი, გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ჰოსტინგის არჩევისას, საკვანძო კრიტერიუმების უგულვებელყოფა ხშირად იწვევს პრობლემებს, რომელმაც შესაძლოა საიტის მუშაობა ჩიხში შეიყვანოს.
რომელი ჰოსტინგი უნდა ავირჩიოთ საიტისთვის?
პასუხი ყოველთვის დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე, საჭიროებებზე, მოსალოდნელ ტრაფიკზე, ფინანსურ რესურსებზე და ა.შ...
ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გაეცნოთ ჰოსტინგის სახეობებს და მათ შორის განსხვავებებს.
ჰოსტინგის ტექნიკური მახასიათებლები
ჰოსტინგის შეფასების ერთ-ერთი ეტაპია მისი ტექნიკური პარამეტრების ანალიზი. ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ ვებ პროექტის მოთხოვნებს. კერძოდ:
• ჰოსტინგის თავსებადობა საიტის CMS (საიტის ძრავი)-თან;
• დისკის საკმარისი მოცულობა, გამტარუნარიანობა, მონაცემთა ბაზების რაოდენობა;
• სერვერის მაღალი მწარმოებლობა, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს საიტზე მოსალოდნელ ტრაფიკს და დატვირთვას;
• ტექნიკური ფუნქციების არსებობა და ხელმისაწვდომობა, რომელიც აუცილებელია საიტის ამოცანების რეალიზაციისთვის..
რა რისკებს შეიცავს უფასო ჰოსტინგი
ჰოსტინგის პროვაიდერის ძებნისას, ალბათ ხშირად შეხვდებით მაცდურ შეთავაზებებს ძალიან დაბალი ფასის, ან სრულიად უფასო ჰოსტინგის შესახებ, რაც რა თქმა უმდა მიმზიდველია განსაკუთრებით მაშინ, თუ გსურთ სავიზიტო საიტის გაშვება სატესტო რეჟიმში. ამ შემთხვევაში, უფასო ან დაბალფასიანი ჰოსტინგი დაზოგვაში დაგეხმარებათ.
მაგრამ თუ ვებ-პროექტი მოცულობითია და განკუთვნილია დიდი აუდიტორიისთვის, რისკები, რომ საიტი ვერ იმუშავებს გამართულად, ძალიან მაღალია. ამიტომ პირველ რიგში უნდა იხელმძღვანელოთ პროვაიდერის საიმედოობით, მისი მომსახურების ხარისხით და არა ფასით.
საუკეთესო უფასო ჰოსტინგიც კი ვერ შეძლებს მოგცემთ გარანტიას, რომ ადგილი არ ექნება ზოგიერთი ტიპიური პრობლემებს.
განვიხილოთ ეს პრობლემები დეტალურად:
სერვერის არასტაბილური მუშაობა - ვებსაიტების-გაუმართაობა და მისი მუშაობის შეწყვეტა უკიდურესად უსიამოვნო მოვლენაა და სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს.
უფასო სერვერი არ მოგცემთ საშუალებას სრულად დაიცვათ თქვენი რესურსი საიტის დროებითი გათიშვებისგან, შეფერხებული მუშაობისგან და სხვადასხვა შეცდომებისა თუ ხარვეზებისგან.
საიტის ჩატვირთვის დრო - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან თუ საიტი სწრაფად არ ჩაიტვირთა, მის გახსნას დასჭირდება დიდი დრო, შესაბამისად თქვენ დაკარგავთ არა მხოლოდ მომხმარებელს, რომელთათვის საიტის მუშაობს სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ რეიტინგის თვალსაზრისთ პრობლემები შეექმნება საძიებო სისტემებში: Google, Bing და სხვა..
ძალიან ცუდი ან არარსებული უკუკავშირი (საფორთი) - დაბალფასიანი, ან უფასო ჰოსტინგის არჩევის შემთხვევაში, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ შესაძლო ხარვეზების შემთხვევაში, ძალიან გაგიჭირდებათ სერვისის მომსახურე პერსონალთან უკუკავშირის დამყარება .
ამგვარ ჰოსტინგებს ძალიან უხარისხო უკუკავშირი აქვთ. ან კიდევ უარესი, შესაძლოა „საფორთს“ (ადმინისტრატორს, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი დაფიქსირებული პრობლემის განხილვაზე და ტექნიკურ ჯგუფზე გადაცემაზე), საერთოდ ვერ დაუკავშირდეთ.
შესაბამისად, პრობლემების მოგვარება დროში იწელება, თქვენ კი არავინ გპასუხობთ და შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ თქვენს წერილები მიდის „მოუსვლელში“ და მათ არც არავინ კითხულობს.
გადაუწყვეტელი პრობლემები - პრობლემებისა და პრეტენზიების გადაუჭრელობის შემთხვევაში, ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებში, საეჭვო ორგანიზაციასთან სამართლიანობის მიღწევა ძალიან რთული იქნება.
ჰოსტინგის უფასო გამოყენება არ ჯდება სტანდარტულ „კონტრაქტორ-შემსრულებლის“ სქემაში. შესაბამისად, დაბალი ხარისხის მომსახურებაზე პასუხისმგებლობა კლიენტის წინაშე იქნება მინიმალური.
დისკის მოცულობის შეზღუდვა - საიტის ზომა, მისი ყველა აპლიკაცია და მედია ფაილები შეიძლება აღემატებოდეს გამოყოფილ ადგილს, რაც გამოიწვევს საიტის მუშაობის შეფერხებას.
სხვა შეზღუდული სერვისები: შეზღუდული ტრაფიკი, MySQL მონაცემთა ბაზები, დომენების რაოდენობა, ქვედომენების რაოდენობა, ელ-ფოსტების რაოდენობა და ა.შ...
სამუშაო ინსტრუმენტების ვიწრო სპექტრი - უფასო ჰოსტინგზე საიტის დაყენების დროს შეიძლება შეამჩნიოთ ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების არარსებობა, როგორიცაა PHP, MySQL, ელ-ფოსტა და სხვა...
თუ ჰოსტინგს არ აქვს PHP მხარდაჭერა, არ გექნებათ საშუალება გამოიყენოთ პოპულარული CMS და შექმნათ თქვენი საკუთარი ძრავი. ასეთი ჰოსტინგი შეიძლება გამოდგეს მხოლოდ მარტივი, ერთგვერდიანი სავიზიტო საიტებისთვის.
გარე რეკლამა თქვენს საიტზე - უფასო ჰოსტინგს, შეუძლია შეზღუდვის გარეშე გაუშვას რეკლამა კლიენტის საიტზე. ამგვარი რეკლამის ამოღება კი არც თუ ისე იოლი ამოცანაა.
ჰოსტინგის ტიპები
ვირტულური ჰოსტინგი - ჰოსტინგის ყველაზე პოპულარული სახეობაა. ეს არის ეგრეთ წოდებული საზიარო ჰოსტინგი. მისი მოქმედების პრინციპია დიდი რაოდენობის საიტების ერთ სერვერზე განთავსება.
ვირტუალურ ჰოსტინგზე თითოეული ვებ-რესურსისთვის გამოყოფილია ცალკე ადგილი (სივრცე), ხოლო ჰოსტინგზე განთავსებული ყველა საიტი იყენებს საერთო პროგრამულ უზრუნველყოფას.
საერთო/საზიარო ჰოსტინგს აქვს შეზღუდვები დისკის ვებ-სივრცეზე, ტრაფიკზე და ერთ მომსახურების პაკეტში საიტების რაოდენობაზე. იგი საკმაოდ ბიუჯეტური ვარიანტია რაც ბუნებრივია დაკავშირებულია უფრო მეტ რისკებთან, ვიდრე სხვა სახის (ქვემოთ ჩამოთვლილი) ჰოსტინგები.
უარყოფითი ასპექტები შეიძლება იყოს: დაცვის ნაკლებად ეფექტური კომპლექტები, DDoS შეტევების რისკი, სპამი, ვირუსების ფილტრაცია, გაზიარებული IP მისამართი და სხვა...
თუმცა თანამედროვე ჰოსტინგ-პროვაიდერები აუმჯობესებენ და ხვეწენ ვირტუალური ჰოსტინგის ხარისხსა და უსაფრთხოებას დამატებითი უსაფრთხოების ხელსაწყოებითა და სხვადასხვა საშუალებებით.
ამიტომ, ვირტუალური ჰოსტინგი ნორმალური და ეკონომიური არჩევანია, როცა იგი საჭიროა პატარა და საშუალო ზომის საიტებისთვის.
ფიზიკური/გამოყოფილი ჰოსტინგი (Co-location) - ფიზიკურია ჰოსტინგი (კოლოკაცია), როცა კლიენტი საკუთარ სერვერს ათავსებს ჰოსტინგ-პროვაიდერის გლობალურ მონაცემთა ცენტრში (დატა ცენტში), ხოლო შემსრულებელი კომპანია უზრუნველყოფს სერვერის კავშირს თავის დატა-ცენტრთან, მის უწყვეტ მუშაობას, ტექნიკურ მხარდაჭერას და საიტის მონაცემთა ბაზის უსაფრთხოებას.
ამ შემთხვევაში, სერვერის ყველა რესურსი მუშაობს კონკრეტული ვებ საიტისთვის. გარდა ამისა, დასაშვებია ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება და რამდენიმე პროექტის ერთდროულად გაშვება.
კოლოკაცია და გამოყოფილი სერვერი რეკომენდებულია ვებ პროექტებისათვის, რომლებსაც ყავთ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა, სჭირდებათ გამოთვლითი სიმძლავრეები, დიდი ტრაფიკი და დიდი პროცესორული დრო. კლიენტს შეუძლიათ სერვერის სრული კონტროლი, რაც იძლევა ნებისმიერი სირთულის პროექტის განხორცილების საშუალებას.
VPS ჰოსტინგი - (Virtual Private Server) - ეს არის ვირტუალური, გამოყოფილი სერვერი, რომელიც მართვის თვალსაზრისით ფიზიკური ჰოსტინგის მსგავსია, თუმცა თუ საერთო (საზიარო) ჰოსტინგი ითვალისწინებს საზიარო პროგრამულ უზრუნველყოფას, VPS ჰოსტინგი იძლევა ალტერნატიული ვარიანტების გამოყენების საშუალებას.
VPS ჰოსტინგი იყენებს ფიზიკურ სერვერს, რომელიც დაყოფილია მრავალ ინდივიდუალურ ვირტუალურ სერვერად მაგრამ მიუხედავად იმისა, რომერთ ფიზიკურ სერვერზე შეიძლება იყოს რამოდენიმე ვირტუალური სერვერი, არ ხდება ერთმანეთის ხარჯზე რესურსის განაწილება.
VPS ჰოსტინგზე არსებული საიტს აქვს გარანტირებული წვდომა ფიზიკურ სერვერთან, გაზრდილი დატვირთვის პერიოდებში მისი რესურსის სხვა საიტებთან კონკურენციის აუცილებლობის გარეშე.
VPS სერვერის ვირტუალიზაცია ხორციელდება ოპერაციული სისტემის ფარგლებში (კონტეინერიზაცია) სპეციალური ტექნოლოგიების საშუალებით (FreeBSD Jail, Parallels Virtuozzo Containers, iCore Virtual Accounts, OpenVZ და სხვა...).
კლიენტს შეუძლია იმუშაოს პერსონალურ იზოლირებულ პროგრამულ გარემოში სუპერმომხმარებლის უფლებებით, მაგრამ არ შეუძლია შეცვალოს თავად ოპერაციული სისტემა ან მისი ბირთვი. ასევე არსებობს სხვადასხვა შეზღუდვები ჰოსტინგ-პროვაიდერის პოლიტიკის საფუძველზე (მაგალითად, სერვერის რესურსების უწყვეტი ხელმისაწვდომობა).
VDS ჰოსტინგი - (Virtual Dedicated Server) - ასეთი სერვერის ვირტუალიზაცია ხორციელდება აპარატულ დონეზე. ეს არის ფიზიკური ელემენტების ემულაცია (ემულიაცია) სპეციალური ტექნოლოგიების (VMWare, LDoms, KVM, Microsoft Hyper-V, XEN და სხვა...) საშუალებით.
ამ დროს კლიენტი არა მხოლოდ იღებს მუდმივი გამოყენებისთვის CPU-ს, დისკის და მეხსიერების რესურსებს, არამედ შეუძლია სხვა ოპერაციული სისტემის დაყენება და მასში ცვლილებების შეტანა (BIOS-ის პარამეტრების შეცვლაც კი).
ამ ტიპის ჰოსტინგი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს მსოფლიოში ფასი/ხარისხის თანაფარდობის გამო. აქ ხარისხი, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ჰოსტინგზე განთავსებული პროექტების მართვის შესაძლებლობებს და გამოყოფილი რესურსების მასშტაბურობას.
VDS ჰოსტინგი მოსწონთ არ მხოლოდ საიტების მფლობელების ან სისტემის ადმინისტრატორებს, იგი განსაკუთრებით უყვართ დეველოპერებს - ახალი პროგრამული უზრუნველყოფის რეალური განვითარებისა და ტესტირებისთვის.
VPS/VDS ჰოსტინგი ხელს უწყობს ბიზნესისთვის განკუთვნილი ვებ-საიტების ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას.
ღრუბლოვანი ჰოსტინგი - ღრუბლოვან ჰოსტინგში სერვერები გაერთიანებულია ერთ ჯგუფში. რამოდენიმე სერვერის გამოყენება აფართოებს საიტის შესაძლებლობებს და ზრდის მისი სიმძლავრის პოტენციალს.
გარდა ამისა, რამდენიმე აქტიური სერვერის არსებობა პრობლემებისგან ერთგვარი დაზღვევაა, რადგან თუ ერთი სერვერი გამოვა მწყობრიდან, სხვა სერვერი გააგრძელებს მუშაობას
ღრუბლოვანი სერვისები ხასიათდება გამოყოფილი რესურსების მოქნილობით. მათი მოცულობა შეიძლება იცვლებოდეს იმის მიხედვით, თუ როგორ არის დატვირთული საიტი.
ღრუბლოვანი ჰოსტინგის სერვისების გადახდა დამოკიდებულია მოხმარებულ სიმძლავრეზე, ასე რომ, თქვენ არ დაგჭირდებათ დროის დაკარგვა ტარიფის არჩევაზე ან მის შეცვლაზე.
რომელი/როგორი ჰოსტინგი ავირჩიოთ
ჰოსტინგის შერჩევის დროს, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ფაქტორებს:
ოფიციალური რეგისტრაცია - სანდო ჰოსტინგ-პროვაიდერი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული როგორც კერძო მეწარმე პირი ან შპს. იგი უნდა ახორციელებდეს საქმიანობას ლიცენზიის საფუძველზე.
სასურველია თუ კომპანიას ექნება ოფისი და ფიზიკური მისამართი, რომელიც უნდა ემთხვეოდეს საკონტაქტო ინფორმაციებში მითითებულ მისამართს.
ბაზარზე ყოფნის ხანგრძლივობა - ისევე, როგორც ნებისმიერ სფეროში, გაცილებით მეტ ნდობას იმსახურებენ ის პორვაიდერები, რომლებიც ოპერირებენ სამომხმარებლო ბაზარზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ამიტომ, ზედმეტი არ იქნება ყურადღება მიაქციოთ ჰოსტინგ პროვაიდერის კომპანიის დაფუძნების თარიღს და მის წილს ბაზარზე (თუ ეს ინფორმაცია არ იძებნება, შეგიძლიათ დამოუკიდებლად დაადგინოთ კომპანიის დომენის რეგისტრაციის თარიღის მიხედვით).
გამოხმაურება/კომენტარები - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. სოციალურ ქსელებში და სპეციალურ რესურსებზე განთავსებული გამოხმაურებებისა და კომენტარების საშუალებით შეგიძლიათ გარკვეულწილად განსაზღვროთ, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს ჰოსტინგ-პროვაიდერი თავის ვალდებულებებს.
ხარისხიანი ტექნიკური მხარდაჭერა - შეიძლება ითქვას, რომ ეს საკვანძო ფაქტორია, რადგან დიდწილად განსაზღვრავს საიტის სრულყოფილ მუშაობას და არსებული ხარვეზებზე ოპერატიულად რეაგირებას.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რამდენად სწრაფად რეაგირებს ტექნიკური სამსახური (საფორთი) არსებულ პრობლემებზე.
კარგი ნიშანია ჰოსტინგ-პროვაიდერის საიტზე ონლაინ ჩატის არსებობა ან 24 საათიან რეჟიმში მხარდაჭერა. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სასწრაფოდ გადასაჭრელი და გადაუდებელი საკითხების მოგვარებისთვის.
მონაცემთა საიმედო დაცვა - მაღალხარისხიანი ჰოსტინგ-პროვაიდერი ყოველთვის პასუხისმგებლობით უდგება მონაცემთა დაცვას, რომელიც მას ანდო კლიენტმა.
სანდო პროვაიდერების დატა-ცენტრები აღჭურვილია მაღალი ხარისხის აპარატურით და უსაფრთხოების სისტემებით, ხოლო ჰოსტინგის მუშაობას აკონტროლებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთა მიდგომა შესაძლო პრობლემების მიმართ კრიტიკულ სიტუაციებში მაქსიმალურად გააზრებულია.
კლიენტთა უსაფრთხოების და სიმშვიდის საშუალებას იძლევა საიტების რეგულარული Backup (სარეზერვო კოპირება) და შენახვა. იდეალური ვარიანტია, როცა სარეზერვო ასლების შექმნა და შენახვა ხდება ყოველდღიურად.
ჰოსტინგის მართვის პანელი (FTP) - ჰოსტინგის მართვის პანელი (File Transfer Protocol) - საიტის ფაილების მართვის პროცესს ხდის უფრო ხელმისაწვდომს. ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს საიტის FTP-ზე წვდომის პაროლები, შეუძლია ფაილების დრიექტორიაში მუშაობა: ფაილების კოპირება, მიღება, წაშლა და სხვა ფუნქციებით სარგებლობა.
ჰოსტინგის მართვის პანელი შესაძლებელია იყოს როგორც ფასიანი, ასევე უფასო
ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როდესაც საიტზე მუშაობს რამდენიმე ადამიანი.
ინტერფეისი - მნიშვნელოვანია როგორია ადმინისტრირების პანელი (Cpanel, DairectAdmin, Plesk...). ინსტრუმენტების ფართო სპექტრი და მოსახერხებელი, ინტუიციურად გასაგები ინტერფეისი საშუალებას მოგცემთ საიტზე შესასრულებელი ამოცანების მოკლე დროში განხორციელების საშუალებას.
HTTP/HTTPS - მნიშვნელოვანია, რომ ჰოსტინგ პროვაიდერმა საიტს მიანიჭოს დაცვის SSL სერტიფიკატი (Secure Socket Layer/დაშიფრული ბმული), ანუ სერვერი ამყარებდეს უსაფრთხო კომუნიკაციას არა HTTP, არამედ HTTPS პროტოკოლის საშუალებით.
ადრე SSL სერტიფიკატები ძირითადად გამოიყენებოდა ისეთი ვებ საიტების მიერ, რომლებზეც ხორციელდებოდა მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გადაცემა ან რაიმე სახის ფინანსური ოპერაციები, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ დღესდღეობით HTTPS პროტოკოლი განსაზღვრავს: დაცულობას, კონფიდენციალურობას და სანდოობას მომხმარებლის თვალში.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ Google მხარს არ უჭერს არასერთიფიცირებულ საიტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ დაცვის სისტემები, რაც უარყოფითად აისახება ვებ-გვერდის რეიტინგზე.
ჰოსტინგის ფასი
ჰოსტინგის პაკეტების ტარიფის არჩევისას საჭიროა სწორად შეაფასოთ საიტისთვის საჭირო დისკის მოცულობა.
მნიშვნელოვანია ოქროს შუალედი - ანუ უნდა განსაზღვროთ საიტისთვის საჭირო სივრცე, რათა არ გადაიხადოთ ზედმეტი მეგაბაიტებისთვის. ამავდროულად, უნდა გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა დაგჭირდეთ სათადარიგო სივრცე, რადგან დროთა განმავლობაში, საიტის მასშტაბები შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჩაშენებული მოდულების, გრაფიკული ფაილების, მონაცემთა ბაზების და ა.შ. ხარჯზე.
დისკის პირობითი მოცულობის გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ვებ-საიტის საშუალო ზომა და გვერდების საერთო რაოდენობა, ასევე საჭიროა გათვალოთ, თუ როგორია საიტის განვითარების პოტენციალი (მომსახურების პაკეტის არჩევა ხშირად მოიცავს ვებ რესურსის მოსალოდნელი ტრაფიკის პროგნოზს).
ჰოსტინგ-პროვაიდერის კონსულტანტები, როგორც წესი, დეტალურ რჩევებს იძლევიან მიმდინარე ტარიფებისა და მათ შორის განსხვავებების შესახებ.
იდეალურია, თუ კომპანია იძლევა ჰოსტინგის სატესტო გამოყენების საშუალებას. ამ შემთხვევაში, ნუ იჩქარებთ მომსახურების საფასურის წინასწარ, დიდი პერიოდით გადახდას, რადგან ეს კარგი შესაძლებლობაა, შეაფასოთ პროვაიდერის მუშაობის ხარისხი და არჩეული ტარიფის მართებულობა.
რესელერი
რესელერი არის ჰოსტინგის გადამყიდველი, ანუ შუამავალი- ჰოსტინგ-კომპანიასა და კლიენტს შორის. რესელერი შესაძლოა ყიდდეს ერთდროულად რამდენიმე პროვაიდერის მომსახურებას.
ხშირად, რესელერების საქმიანობა საწყისი წერტილია ჰოსტინგ კომპანიისთვის, რომელიც წარმატებით იყენებს მომსახურების რეალიზაციის ამ ფორმას ბიზნესის გაფართოებისთვის.
რესელერების მომსახურების უარყოფითი მხარე შეიძლება იყოს ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც ხარისხით ჩამოუვარდება სერვისის მსხვილი მომწოდებლების ხარისხს, თუმცა ამავდროულად, რესელერებს ყავთ ნაკლები კლიენტი, შესაბამისად უფრო დაბალი ფასები და მეტი ყურადღების შესაძლებლობა კლიენტების მიმართ.
ჰოსტინგ-პროვაიდერი შეცვლა
ახალი ვებ-საიტის გაშვებიდან გარკვეული პერიოდის, ან კონკრეტულ ჰოსტინგ-პროვაიდერთან ხანგრძლივი წლების განმავლობაში თანამშრომლობის შემდეგ, შეიძლება საჭირო გახდეს პროვაიდერის შეცვლა ობიექტური მიზეზების გამო.
საიტის ბევრი მფლობელს აშფოთებს საკითხი, თუ როგორ იმოქმედებს ჰოსტინგის შეცვლა ვებ-საიტის მუშაობაზე და გამოიწვევს თუ არა ეს მომხმარებელთა დაკარგვას.
ვინაიდან ჰოსტინგის შეცვლა არ ნიშნავს დომენის სახელის შეცვლას, საიტის გადატანა ერთი ჰოსტინგ-პროვაიდერიდან მეორეზე, ნიშნავს მხოლოდ ფაილების და მონაცემთა ბაზების სტრუქტურის კოპირებას ერთი სერვერიდან მეორეზე.
ასევე შესაძლებელია სხვა ჰოსტინგზე ტრანსფერი საიტის მუშაობის დროებითი შეჩერების გარეშე, ანუ ისე, რომ ვიზიტორები ვერც კი გაიგებენ ამას. ანუ, თუ ახალი ჰოსტინგ-პროვაიდერი უზრუნველყოფს ტექნიკურ დომენს, თქვენ შეგეძლებათ გატესტოთ საიტის ზუსტი ასლი ახალ ჰოსტინგზე, საიტის ძირითადი ვერსიის შეჩერების გარეშე.
სატესტო ვერსიაში შეცდომების გამოვლენისა და გამოსწორების შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ საიტის მონაცემების კოპირება და საჭირო პარამეტრების დაყენება.
ბოლო ნაბიჯია DNS მისამართების შეცვლა და საიტი დაიწყებს ფუნქციონირებას ახალ ჰოსტინგზე.
ქართული თუ უცხოური ჰოსტინგი
არჩევანი ქართულ ან უცხოურ ჰოსტინგ-პროვაიდერს შორის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ ფაქტორებზე: ინტერნეტ კავშირის სიჩქარე, საიტის ჩამოტვირთის სიჩქარე, ჰოსტინგის პაკეტების ფასი, ტექნიკური დახმარების ხარისხი, დაცვისა და მომსახურების ხარისხი, კვალიფიკაცია და ა.შ...
ყველა ამ ინფორმაციას თავისუფლად მოიძიებთ ქართული თუ უცხოური ჰოსტინგ პროვაიდერების ვებ გვერდებზე. სადაც შეგიძლიათ იხილოთ და შემდეგ ერთმანეთს შეადაროთ თქვენთვის საჭირო და აუცილებელი ფუნქციები, სერვისები და ფასები.
ზოგადად კი ქართული ჰოსტინგი რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ ჰოსტინგზე გეგმავთ ძალიან დიდი ფაილების: ვიდეო რგოლების, ფილმების და ა.შ. განთავსებას.
PS
ჰოსტინგის არჩევანს უნდა მიუდგეთ კომპლექსურად.
ანდეთ თქვენს საიტს მხოლოდ სანდო პროვაიდერებს, შეაფასეთ ჰოსტინგის ტექნიკური შესაძლებლობები და აირჩიეთ საუკეთესო ვარიანტი თქვენი ვებ-პროექტისთვის.
კარგ ჰოსტინგზე განთავსებული ვებ-საიტი იმუშავებს როგორც სრულყოფილად გამართული მექანიზმი, რომელიც დაგიზოგავთ დროსა და ნერვებს.