ყოველ ენაში მოიპოვება სხვა ენებიდან შეთვისებული სიტყვები. ასეთ სიტყვებს ნასესხები სიტყვები ჰქვია. მაგალითად, ნ ა ს ე ს ხ ე ბ ი სიტყვებია: აბზაცი, აგრონომი, ავარია, ავტობუსი, აკადემია, ალგებრა, ანატომია, არითმეტიკა, ასიმილაცია, ატლასი, ბანკი, ბიბლიოთეკა, ბილეთი, ბოტანიკა; ბუფეტი, გარაჟი, გრამი, გრამატიკა, თეატრი, კლასი, კლუბი, სტუდენტი, პროფესორი, ორთოგრაფია, პუნქტუაცია, ტირე და სხვა...
სესხება, თუ იგი საჭიროებით არის გამოწვეული, ენის სიტყვათა მარაგის შევსების ერთ-ერთი საშუალებაა.
გვხვდება უცხოურ სიტყვათა გაუმართლებელი ხმარების შემთხვევებიც. მაგალითად, ს ტ ო ლ ი (მაგიდის ნაცვლად), ს ტ ა ქ ა ნ ი (ჭიქის ნაცვლად), ხ ა ზ ე ი კ ა (დიასახლისის ნაცვლად), შ კ ა ფ ი (კარადის ნაცვლად), რ უ ჩ კ ა (კალმისტრის ნაცვლად) და სხვ.
სხვა ენიდან საჭიროების გარეშე შემოტანილ სიტყვას ბარბარიზმი ეწოდება.
მაშასადამე, ზემოთ დასახელებული სიტყვები ქართულისათვის ბარბარიზმებია („ბარბარიზმი" წარმოშობით ბერძნული სიტყვაა).
ბარბარიზმია ენის ბუნებისათვის შეუფერებელი გამოთქმაც, რომელიც შექმნილია სხვა ენის გავლენით. მაგალითად, ბარბარიზმებია ასეთი გამოთქმები: ყველა სახეზეა, არ მაწყობს, საქმის კურსში ვარ და მისთ.
ბარბარიზმები არ უნდა ვიხმაროთ, ისინი ანაგვიანებენ ენას.
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები, აღნიშნეთ, დაყოფით დაბეჭდილ სიტყვათაგან რომელია ნასესხები და ქართულში დამკვიდრებული, რომელი ბარბარიზში.
1. - კ ნ ი ა ზ ო დავით! ეს რა ამბავია? - უთხრა გაჯავრებულსავით მოსემ. (ჭავ.)
2. ა ვ ტ ო ბ უ ს შ ი რამდენიმე კაცი და ქალი დაგვხვდა. (რ. ინან.).
3. განა გლეხკაცნი რომა ვართ, ზ ა კ ო ნ ი ს კანონი კი ვიცით, შენი ჭირიმე! (ჭავ.).
4. თევდორე პაპამ ჯოხი შეიმაღლა, მივიდა და თავს დაადგა მელას - დ რ ა ს ტი ! გამარჯობა! (რ. ინან).
5. არა, ეგ ჩემი საქმე არ არის: მე მიყვარს „ჩ ი ს ტ ა დ" საქმის დაჭერა. (ჭავ.)
6. - რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად? - გ რ ა მ ა ტ ი კ ა. გრამატიკა და მ უ ს ი კ ა. (რ. ინან.).
სავარჯიშო 2. მონახეთ და დაასახელეთ ქართული ენისა და ლიტერატურის (აგრეთვე სხვა საგნების) სახელმძღვანელოებში ნახმარი 10-15 ნასესხები სიტყვა.
















