მე მქვია ბათუმი, შენ გქვია ბათუმი, ჩვენ გვქვია ბათუმი, ჩვენ ერთად ჩვენივე ქალაქის აწმყო ვართ, შენ ხედავ და თუ მეც, შენ გტკივა და თუ მეც, შენ გეწვის და თუ მეც, მადლობა მაცხოვარს, რომ შეგვრჩა თვალი და ხსოვნა და ლოგიკა, კარგად გავარჩიოთ მტერი და მოყვარე და როგორც ქალაქის ერთადერთ მოჰიკანს, ვით სხალთის ტაძარში დამწვარი მოძღვარის ბოლო ამოლოცვას, ცრემლის ამოხეთქვას, ვინ გვრჩება, რა გვრჩება? - ღმერთი და იმედები, არადა რა გვქონდა სადაო ამ ოხრებთან, თავისით მოდიოდნენ და სამტროდ გვიმეტებდნენ.
ეს სისხლის (ნაკაცარი) მწოველი კაცუნები, თუ რამეს გაიგონებ, გულზე ყურს რომ დამადებ, ცეცხლმოკიდებული აკვნების ტკაცუნია.
სულაბრიალებული ტაძრების ანარეკლი, თუ დღესაც იგივე გეენა გვეპარება, იმ ძველი გაკვეთილის შოლტი და ნარ-ეკალი.
(მთვარე დაკარგული კონკიას ქოშია) ჯანდაბას, მშიერი ლომები ავყეფდეთ, თუ თბილ სავარძლებთან ფეხმორთხმულ გოშიებს,
სიზმრები სიზმრებში წონაში იკლებენ, ჯანდაბას, დავიწყოთ, და თუ დღეს ათნი ვართ, ხვალ ასნი, ზეგ კიდევ ათასნი ვიქნებით.
დრო სანამ იმ წინა ფურცელსაც ამახევს, თუ ჩვენი წინაპრის გმირობა გვედიდა, დღეს რომ ხარ, დღეს რომ ვარ, დღეს თუ ვართ ამაყი...
კედლებზე, ასფალტზე, დაორთქლილ მინაზე დავიწყოთ, დავიწყოთ, დავიწყოთ ამ დილით მკაცრად მზენაკლული სიზმრების ჯინაზე
თუ ერთად ჩვენივე ქალაქის აწმყო ვართ, თუ ხედავ და თუ მეც, თუ გეწვის და თუ მეც, მადლობა მაცხოვარს. |