მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 312 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

უძველეს დროში, როცა ხალხის გონებრივი განვითარება მეტად დაბალ საფეხურზე იდგა, ხალხს მთელი ხილული ბუნება, ყველაფერი რასაც იგი ხედავდა, წარმოდგენილი ჰქონდა ღვთაების სახით.

მზე, დედამიწა, მთები, ვულკანები, მდინარეები, ღელეები და ხეები ადამიანის ჯერ კიდევ განუვითარებელ გონებას წარმოდგენილი ჰქონდა ღმერთებად, რომელთაც ხალხი მოკრძალებით პატივსა სცემდა და ადიდებდა.

განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანის გონებას მზე წარმოდგენილი ჰქონდა ბრწყინვალე ღვთაებად, ვულკანები - ბუმბერაზ ადამიანებად, რომლებიც ყოვლად შემძლებელი ღმერთების მეტოქეობასაც კი ბედავდნენ, ქარიშხალი - პოსეიდონ ღმერთის მრისხანების განსახიერებად და სხვა.

მეორეს მხრით, პირველყოფილ ადამიანს დიდი ენერგია უნდა დაეხარჯა, რომ თავისი პრიმიტიული ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინა და გაეადვილებინა.

სახნავ-სათესი მიწები ხშირად სრულიად დაუმუშავებელი რჩებოდა, თვალუწვდენელი ტყეები და ველები წყლით იფარებოდა, ქვემძრომებით სავსე ჭაობებს აუტანელი სუნი დაეყენებიათ.

ამ აუტანელი ცხოვრების შესამსუბუქებლად იღვწოდნენ უცნობი მებრძოლნი, რომელნიც, დროთა განმავლობაში, თანდათანობით ცალკეული ზეკაცების, ცალკეული გმირების სახეს იღეადნენ.

ხალხი ამ გმირებს შესტრფოდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ უბრალო მოკვდავს, უბრალო ადამიანს არ შეეძლო იმ საქმეების შესრულება, რომელთაც გმირები ხალხის საკეთილდღეოდ ეწეოდნენ.

უძველეს დროში ხალხმა, როცა იგი ჯერ კიდევ პრიმიტიული ცხოვრების ფერხულში იყო ჩაბმული, მხატვრული, პოეტური ენის საშუალებით გამოთქვა თავისი შეხედულება ღმერთებსა და გმირებზე.

იმ მხატვრულ თქმულებებს, რომელშიაც ხალხი გამოთქვამს თავის შეხედულებას ღმერთებსა და გმირებზე, მითები ჰქვია.

მეცხრამეტე საუკუნის გერმანიის სწავლულები ფრ.შლებელი,შელინგი და კრეიცერი, რომლებიც მეცნიერულად იკვლევდნენ ძველი დროის ადამიანების ყოფაცხოვრებას, ფიქრობდნენ, რომ მითებს საფუძველი ჩაეყარა ინდოეთში, ეგვიპტესა და ზემო აზიაში, საიდანაც ეს მითები, ქურუმების საშუალებით, ევროპის კონტინენტზე გავრცელდა, განსაკუთრებით კი ძველ საბერძნეთში, სადაც ხალხის ამ პოეტურს შემოქმედებას ნოყიერი ნიადაგი აღმოაჩნდა.

ძველი საბერძნეთის მკვიდრთა გონებამ და ფართო გაქანების ფანტაზიამ თავისებურად გადააკეთა და გაალამაზა უცხო ქვეყნიდან გამოტანილი მითები.

მითების გარეგანი მოცულობა და შინაარსი, დროთა განმავლობაში, იცვლებოდა და უფროდაუფრო დამთავრებულ, საკითხავად მიმზიდველ სახეს იღებდა.

გერმანიის გამოჩენილი მკვლევარის კ.ო. მილერის მოწმობით, ძველი საბერძნეთის მითები ღმერთებსა და გმირებზე მხატვრული ენით მოცემული თხრობაა, რომელსაც ძალიან შორეული კავშირი აქვს საბერძნეთის ნამდვილი ისტორიის ფაქტებთან.

მიუხედავად ამისა, მითებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, რადგან უძველესი დროის ადამიანმა მითებში ჩააქსოვა მთელი თავისი მსოფლმხედველობა, მთელი თავისი ცოდნა და აზროვნება.

ცხადია, მითები თავისი შინაარსით ბევრ რასმე ზღაპრულს შეიცავს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ეს მხატვრულად მოთხრობილი ხალხის გონების ნაწარმოებნი მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფად წარმოვიდგინოთ.

პრეისტორიული ხალხის ყოფაცხოვრების, მისი გონებრივი განვითარებისა და შემოქმედების სურათის მთლიანად აღსადგენად მითები იძლევა მდიდარ მასალას, რომლითაც ყველა დროისა და ქვეყნის კულტურის მაძიებელნი ფართოდ სარგებლობდნენ და ნაყოფიერადაც იყენებდნენ თავის ნაწარმოებებში.

ყველა დროისა და ქვეყნის გამოჩენილი მწერლები, მგოსნები, მხატვრები, ხუროთმოძღვრები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები დაუშრეტელ წყაროს პოულობდნენ მხატვრულად მოთხრობილ მითებში და უხვად სარგებლობდნენ ამ მითებში მრავლად გაბნეული ძვირფასი მარგალიტებით.

ჰომიროსმა, ძველი დროის ამ დიდბუნებოვანმა მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესმა მგოსანმა, მითებში შთაბერა თავისი ეპოქის სულისკვეთება და არსებული მითების ფონზე შექმნა ის დიდი ეპოპეა, რომელიც, „ილიადასა“ და „ოდისეას“ სახით, ხით, ძველი საბერძნეთის უტყუარი სარკეა, ძველი საბერძნეთის მხატვრული ენციკლოპედიაა,

რომელშიაც სრული სინამდვილით ასახულია ისტორიის წინახანების ძველ ელინთა სულისკვეთება, მათი მსოფლმხედველობა და სარწმუნოებრივი კულტი, მათი მთელი კულტურა.

ჰომიროსმა თავის მხატვრულ თხზულებაში გააცოცხლა მითოლოგიურ ფონზე აღმოცენებული ძველ ელინთა შეხედულება ღმერთებზე და ძველი ელადის სარწმუნოებრივ კულტს მკვიდრი საძირკველი ჩაუყარა.

ასეთია ჰომიროსის „ილიადასა“ და „ოდისეას“ უდიდესი მნიშვნელობა და ამიტომ ეს პოემები თითქმის ყველა ერის ენაზეა მთლიანად გადათარგმნილი.

სამწუხაროდ, ქართველ ერს ჯერჯერობით არ მოეპოვება ამ პოემების თარგმანი.

სანამ ასეთი თარგმანი ჩვენს სინამდვილეში გაჩნდებოდეს, ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ ქართველი მოზარდი თაობისათვის და აგრეთვე მშრომელთა ფართო ფენებისათვის მიგვეწოდებინა „ილიადასა“ და „ოდისეას“ პროზად მოთხრობილი შინაარსი.

ამ მიზნის პირნათლად შესასრულებლად ჩვენ გამოვიყენეთ მასალად პოემების ტექსტი და აგრეთვე ამ პოემების საკმაოდ მცოდნე მწიგნობრების ფ. შმიდტის, ვ. შტოლის, გ. შვაბის და სხვათა საუცხოოდ მოთხრობილი ნაწარმოები და შევადგინეთ, რაც შეიძლებოდა, გასაგები ქართულის ენით, ორი მოზრდილი ტანის წიგნი - „ტროადის ომი“ და „ოდისეა“.

ეს წიგნები, რომლებიც წარსული წლის გასულს სახელგამმა გამოსცა, შეიცავს ჰომიროსის „ილიადასა“ და „ოდისეას“ შინაარსს, იმრიგად და თითქმის იმ მოცულობით დალაგებულს როგორადაც ეს თვით ჰომიროსს აქვს მოცემული თავის უკვდავ პოემებში.

ვფიქრობ, ეს ჩვენს მიერ შედგენილი წიგნები მცირეოდენ სამსახურს მაინც გაუწევს მოზარდ თაობას და მშრომელთა ფართო მასებს, რომლებიც დღევანდელ პირობებში ესოდენ სიყვარულსა და ინტერესს იჩენენ კლასიკური მწერლობის გაცნობისა და შესწავლის საქმეში.

ჰომიროსის თანამედროვე ეპიკურმა პოეტმა ჰეზიოდემ, რომელიც ძველ კლასიკურ ლიტერატურაში კოსმოგონიური და თეოგონიური მითოლოგიის ბუმბერაზ წარმომადგენლადაა მიჩნეული, მოგვცა მთლიანი კონცეფცია, მთლიანი სურათი იმისა, თუ როგორ წარმოიშვნენ ბუნების წიაღიდან ტიტანები, თუ როგორ წარმოიშვა ღმერთების გვარეულობა, რა ცვლილებები განიცადა ღმერთების ოჯახმა კაცობრიობის განვითარების სარბიელზე.

ჰეზიოდეს თხზულებები „საქმენი და დღენი“, „თეოგონია“ და „ჰერკულესის ფარი“ მთლიანად აღმოცენებულია ძველი ელადის

მითოლოგიურ ფონზე; ავტორი ცდილობს შეაგროვოს ერთი-მეორის საწინააღმდეგო მითები და მკითხველს მისცეს მთლიანი წარმოდგენა ქვეყნიერებისა და ღმერთების წარმოშობაზე, ღმერთების დანაწილებაზე მნიშვნელობის მხრით და მათ ნათესაურ კავშირზე.

ლირიკული პოეზიის წარმომადგენელი პოეტები თავისებურად იყენებდნენ მითოლოგიურ მასალას, ამრავლებდნენ, ასხვაფერებდნენ და თავისი ეპოქის მსოფლმხედველობას, თავისი ეპოქის სულისკვეთებას ჩააქსოვდნენ ხოლმე ხალხის მიერ მხატვრულად შემუშავებულ მითებში.

ჩვენს წელთაღრიცხვამდის მეექვსე საუკუნის დიდბუნებოვანი პოეტი პინდაროსი, მართალია, მითების ფაქტიურ მხარეს არ უარყოფს, მაგრამ, საჭიროების მიხედვით, როცა მითის შინაარსი არ შეესაბამება პოეტის ზნეობრივ შეხედულებას, როცა მითების შინაარსი ამათუიმ სახით ღმერთების ღირსებას ამცირებს, მითების შინაარსსა ცვლის, თავის შეხედულების მიხედვით ამოკლებს და ამრიგად იყენებს არსებულ მითოლოგიურ მასალას თავისი შემოქმედებისათვის.

ასეთია, მაგალითად, პინდაროსის ეგრეთწოდებული „ეპინიკივბი“, ანუ სადღესასწაულო ლექსები, რომლებშიაც მხატვრულად მოცემულია ელინთა დღესასწაულების დროს საზოგადო თამაშობებში მონაწილეთა გამარჯვების ან დამარცხების ამბავი.

იმპერატორ აუგუსტოს თანამედროვე პოეტმა ოვიდიუს ნაზონმა ქრონოლოგიურად დაალაგა და დაამუშავა ის მითები, რომლებშიაც მოცემულია ხალხის დამოკიდებულება ბუნებასა და მის მოვლენებთან.

ამ მითების მიხედვით, ბერძნებისა და რომაელების წარმოდგენით, უსულო საგნები, ადამიანები და თვით ყოვლად შემძლებელი ღმერთებიც კი სასწაულებრივ იცვლიან თავის გარეგან სახეს, თავის გარეგან შეხედულებას.

პოეტმა სავსებით გამოიყენა ეს მითოლოგიური მასალა და საფუძვლად დაუდვა თავის ეგრეთწოდებულ „მეტამორფოზებს“, რომელიც ნიჭიერი პოეტის მიერ იშვიათი მხატვრობითა და საუცხოო ლექსთაწყობითაა აკინძული.

გამოჩენილმა რომაელმა პოეტმა ვირგილიუსმა თავის შესანიშნავ პოემას „ენეიდას“ საფუძვლად დაუდვა ბერძენთა თქმულებანი ტროადის ომის შესახებ, და პოემის ექვსი წიგნი თითქმის მთლიანად ამ ძვირფას მასალაზეა აგებული.

ძველი საბერძნეთის გამოჩენილი ტრაგიკოსები ესხილე, სოფოკლე და ევრიპიდე თავის თხზულებათა სუჟეტებს უმთავრესად უძველესი დროის მითოლოგიიდან იღებდნენ.

ესხილეს ტრაგედიები: 1) პრომეთე, 2) ტრილოგია, ორესტეა, 3) ევმინიდები, 4) შვიდნი თების წინააღმდეგ და სხვა მისი ტრაგედიები უმთავრესად ემყარებიან ჰომეროსის თხზულებაში მოცემულ მითოლოგიურ თქმულებებს და მხატვრული თხრობით, შინაარსის ფართოდ გაშლითა და განვითარებით მსოფლიოს კლასიკურ დრამატულ ლიტერატურაში უდიდესი მნიშვნელობის ადგილი უჭირავთ.

ესხილეს ტრაგედიებში, ისე როგორც ძველი ელადის მითოლოგიურ თქმულებებში, ბედისწერა შეუბრალებლად ეუფლება თითოეულ მოქმედ პირს და ჩადენილი დანაშაულისათვის სასტიკად სჯის.

მეორე უდიდესი ტრაგიკოსი, სოფოკლეც, გვერდს ვერ უხვევს ელინთა მხატვრულ მითებს და თავისი შემოქმედებისათვის ფართოდ სარგებლობს მითოლოგიური მასალით.

ამ დიდბუნებოვანი ხელოვანის ტრაგედიები: „ანტიგონა“, „ოიდიპოს მეფე“, „ოიდიპოსი კოლონში“, „აიაქსი და ფილოქტეტესი“ აღებულია უმთავრესად არგოსის მითების ციკლიდან, ხოლო თუ პატრიოტული მოსაზრება მოითხოვდა, ატიკის მითოლოგიური თქმულებებითაც სარგებლობდა ხოლმე.

ძველი საბერძნეთის მესამე გამოჩენილი ტრაგიკოსი ევრიპიდე, ადამიანის სულისა და გულის შეუდარებელი მესაიდუმლე, თუმცა ფართოდ სარგებლობდა უძველესი დროის მითოლოგიურ თქმულებათა მასალით, თავის მხატვრულ ნაწარმოებებში ანგარიშს უწევდა თანამედროვე ეპოქას და ცხოვრებას გადმოგვცემდა იმ სახით, როგორც მისი დროის სინამდვილეში მიმდინარეობდა იგი.

სწორედ ამ თვისებით ხასიათდება ევრიპიდეს ტრაგედიები: „ჰეკაბა“, „ფინიკიელი ქალები“, „ორესტე“, „იჰოლიტი“, „მედეა“, „ანდრომახე“, „იფიგენია ავლისში“, „იფიგენია ტავრიდაში“, „ელექტრა“ და „ციკლოპი და პოლითენე“, რომლებიც ავტორის მიერ შეკეთებულია და პოეტის ეპოქის მსოფლმხედველობასთანაა შეფარდებული.

ძველისა და ახალი დროის ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენელებმა ფართოდ გამოიყენეს ხალხის მიერ შექმნილი და შემდგომი პოეტებისაგან თავისებურად დამუშავებული მითები და კაცობრიობას მიუძღვნეს უდიდესი მნიშვნელობის ხელოვნების ძეგლები, რომლებიც დღესაც შარავანდის სხივებითაა მოსილი.

ტაძრების შინაგანი და გარეგანი მხატვრობა, ჭურჭლებისა და საოჯახო სამკაულების დეკორატიული სურათები და წარწერები მითოლოგიურ მასალებზე აღმოცენებულ ხალხის შემოქმედების მხატვრულ შედევრებად უნდა ჩაითვალოს.

უუდიდესმა სკულპტორმა ფიდიასმა, რომლის მსგავსი სკულპტორი დედამიწას ჯერ არ მოვლენია, მოგვცა ორი შესანიშნავი ნაწარმოები - ათინა პართენოსი (ქალწული ქალი) და ოლიმპიელი ზევსი.

პირველი ქანდაკება გაკეთებული, სპილოს ძვლისა და ოქროსაგან. ქალღმერთი ფეხზე დგას და მარჯვენა ხელში „გამარჯვება“ უჭირავს, ხოლო მარცხენაში - შუბი. ქალღმერთის თვალები ძვირფასი ქვებისაგანაა გაკეთებული, ტანის შიშველი ნაწილები კი - სპილოს ძვლისა და ოქროსაგან.

ოლიმპიელი ზევსი უფრო მშვენიერი და უფრო განთქმული ძეგლია.

თითოეული ბერძენი თავის მოვალეობად თვლიდა თავის სიცოცხლეში ერთხელ მაინც ენახა ეს შესანიშნავი ნაწარმოები.

ღმერთების მამამთავარი ზევსი ზის ტახტზე, რომელიც გაკეთებულია ოქროს, სპილოს ძვლისა, მარმარილოსა და შავი ხისაგან. ყოვლად შემძლებელ ოლიმპიელს ერთ ხელში სკიპტრა უჭირავს, მეორეში - „გამარჯვების“ ქალღმერთის სურათი. ზევსის მრისხანე პირისახე ცოცხლად გამოხატავდა ერთსა და იმავე დროს ოლიმპიელის მრისხანებას, დიდებულობასა და ყოვლადშემძლებლობას.

უძველესი დროის გამოჩენილმა მხატვარმა ტიმანთმა მოგვცა მედეას საუცხოო სურათი. დიდებულ ხელოვანს აღებული აქვს არგონავტების მითიდან ის მომენტი, როცა იაზონის მოღალატეობით გაბოროტებული მედეა შეუბრალებლად ასალმებს სიცოცხლეს თავის პირმშო შვილებს.

პარჰაზიმ და ევფრანორმა მოგვცეს ატენის გამოჩენილი გმირის თეზევის საუცხოო სურათები. ევფრენონი ამ დიდებულ ნაწარმოებთა შესახებ ამბობდა: პარჰაზის თეზევი ვარდებით იკვებება, ჩემი თეზევი კი - ხორცითაო.

აღორძინების ეპოქის საუკეთესო მხატვრები თავისი შემოქმედებისათვის ხშირად იყენებდნენ ძველი საბერძნეთის მითოლოგიიდან აღებულ სუჟეტებს და შეუდარებელი ყალმით გვისურათებდნენ ძველი ელადის ფართო გაქანების სულისკვეთებას. ასეთია, მაგალითად, რაფაელის საუცხოოდ შესრულებული სურათები: სამი გრაცია, მედეა და ვატიკანის დარბაზების ერთი ნაწილის მხატვრობა; რუბენსისა - ამაზონელი ქალების ლაშქრობა, აფროდიტეს დღესასწაული და პარისის მსჯავრი; ტიციანესი - აფროდიტეს დღესასწაული, აფროდიტეს და ამური, მადრიდელი აფროდიტე და ხელოვნების მრავალი სხვა წარჩინებული ნაწარმოები.

მეცხრამეტე საუკუნის მხატვრული ხელოვნების დიდმა ოსტატმა ეჟენ დელეკრუამ არგონავტების შესახებ მითოლოგიური თქმულებიდან მოგვცა საუცხოო ტილო, რომელზედაც იშვიათის ხელოვნებით მოცემულია მრავალტანჯული მედეას სურათი.

საბრალო ქალის პირისახე საშინელ ტანჯვას განიცდის. შვილების უსაზღვრო სიყვარული და ამავე დროს შურისძიების სურვილი საბრალოს მთელ არსებას იპყრობს და აუტანელ ტანჯვასა ჰგვრის.

გამოჩენილი ისტორიკოსები ჰეროდოტე, პოლიბი, თუციდიდე, დიოდორე სიცილიელი, პლუტარხი, სტრაბონი და პავზანი ძველი ელადის მთლიანი სურათის აღსადგენად თავის ისტორიულ გამოკვლევებში დიდად აფასებდნენ საბერძნეთის მითებში მოცემულ მასალას და ამ ძვირფასი მასალიდან იღებდნენ ისტორიული მნიშვნელობის ფაქტებს.

ახალი დროის ისტორიკოსები - გროტი, კურციუსი, დროიზენი, დიურუი, ფუსტელ დე-კულანჟი, ჟირარი, ბუშე. ლეკლერკი და სხვანი - დაუშრეტელ მასალას პოულობენ უძველესი დროის მითებში და დიდი ერუდიციით გვითვალისწინებენ ძველი ელადის მთლიან სურათს.

ფილოსოფიური აზროვნების წარმომადგენლებმაც ვერ აუხვიეს გვერდი იმ ძვირფას მასალას, რომელიც ასე მრავლად მოიპოვება ძველი ელადის შესახებ არსებულ მითებში.

ძველი და ახალი ფილოსოფიური სკოლების კორიფეები - პლატონი, არისტოტელე, პირონი, ეპიკური და ზენონი - ამა თუ იმ ფილოსოფიური სისტემის დადგენის დროს სხვადასხვა სახით იყენებდნენ მითებში მოცემულ მასალას.

მეტად საგულისხმიერო და დამახასიათებელია ზენონის ფილოსოფიური სისტემის კონცეპცია, რომლითაც იგი საკუთარი სამშობლოს მაგიერ კაცობრიობის საერთო სამშობლოს პრინციპის განხორციელებას აღიარებს. ეს დიდი ფილოსოფოსი, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდის მეოთხე საუკუნეში, გმობდა მონობას და გაბედულად, მოურიდებლად ქადაგებდა ხალხთა თანასწორობასა და სოლიდარობას.

ამ მხატვრულ ნაწარმოებთა ფონზე აღმოცენდა და ფართოდ გაიშალა მწერლობა, ხელოვნება, ისტორიული კვლევაძიება და ფილოსოფიური აზროვნების სისტემები.

კიდევაც ამიტომაა, რომ მითების ღირებულება მეტად საგულისხმიერო და მნიშვნელოვანია.

მითები გარკვეულად და ხაზგასმით გვითვალისწინებენ ძველი საბერძნეთის მსოფლმხედველობას, მის სარწმუნოებრივ კულტს, მხატვრულად მოგვითხრობენ ძველი საბერძნეთის შეხედულებას გმირებისა და საზოგადოდ ადამიანის დანიშნულებაზე.

მითების საშუალებით ჩვენ ვეცნობით ძველი ელინის იმ დაუშრეტელ ფანტაზიას, რომელმაც შექმნა უდიდესი კულტურა.

მითების საშუალებით ჩვენ ვეცნობით ძველი საბერძნეთის მიერ წამოყენებულ უდიდეს პრინციპებს - პრინციპს ადამიანის თავისუფლებისა და პრინციპს კანონის წინაშე ყველას თანასწორობისას.

ძველი საბერძნეთის შეუდარებელმა გენიამ იმდენი კეთილშობილური და დიდმნიშვნელოვანი აზრი შეიტანა კაცობრიობის სალაროში, რომ ეს აზრები დღესაც გზას გვინათებს და ადამიანის პიროვნების საბოლოოდ განთავისუფლებისაკენ მოგვიწოდებს.

წინამდებარე წიგნი, რომელშიაც შეკრებილია საბერძნეთის საგმირო ეპოქის მითები, უმთავრესად განკუთვნილია მოზარდი თაობისათვის და აგრეთვე მშრომელთა ფართო მასებისათვის.

ძველი ისტორიის სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით, ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობა, უეჭველია, წარმატებით გამოიყენებს ამ მითებში მოცემულ მასალას და ძველი საბერძნეთის ისტორიის შესწავლას უფრო მკვიდრ ნიადაგზე დაამყარებს.

ჩვენ ამ წიგნში შევიტანეთ საბერძნეთის საგმირო ეპოქის ის მითები, რომელთა ვარიანტები ამჟამად მაინცდამაინც სადაოდ არაა მიჩნეული.

კლასიკურ ლიტერატურაში მითების ამგვარ ვარიანტებად მიღებულია: ოვიდიუსის, გ. შვაბის, გ. შტოლის და ლუბკერის მიერ მოთხრობილი მითები, და ჩვენც ამ წიგნის შედგენის დროს ზემოხსენებული ავტორების ვარიანტებით ვისარგებლეთ.

ვფიქრობთ, მოსწავლე ახალგაზრდობა ამ მითებში მოცემული მასალის გამოყენებით საკმარისად გაიცნობს ძველი საბერძნეთის საერთო კულტურას, მის სარწმუნოებრივ კულტსა და იმ რჩეულ გმირებს, რომლებმაც მრავალი სიკეთე, მრავალი კარგი საქმე დათესეს ცხოვრების სარბიელზე კაცობრიობის მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად.

პრომეთეს ხალხისათვის თავდადებისა და მეგობრობას, ყოველგვარი ძალმომრეობის წინააღმდეგ პროტესტით აღსავსე მებრძოლ ბუნებას;

ჰერკულესის შრომასა და ენერგიას, მის ცივილიზატორობას, მაშვრალთა და დაჩაგრულთა მოსარჩლეობას;

თეზევის კეთილსობილებასა და სამართლიანობას, გაჭირვებულთა და უმწეოთა შებრალებას;

ორფევის მტკიცე და შეურყეველ ნებისყოფას;

ვფიქრობთ, მკითხველი ღრმად ჩაიწერს გულში და ყოველდღიურ საქმიანობაში სახელმძღვანელოდ გამოიყენებს.

 

ალექსანდრე მიქაბერიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ