პირველი ცნობები უგანდას ტერიტორიაზე ყავის ნარგავების მასობრივად დარგვის შესახებ თარიღდება 1860 წლით, მისი რეგულარული გაშენება პლანტაციების სახით კი კოლონიალურ ეპოქას უკავშირდება.
საინტერესოა, რომ უგანდაში ყავას არა მხოლოდ სასმელის მომზადების მიზნით იყენებდნენ, არამედ ადგილობრივი მოსახლეობა ყავის მწვანე მარცვლებისგან თილისმებს ამზადებდა, რომელსაც განსაკუთრებულ ბალახებს უმატებდა. ითვლებოდა, რომ ამგვარი ამულეტი იცავდა ყოველგვარი უბედურებისგან და მოჰქონდა წარმატება. უგანდაში ასეთი ამულეტების შეძენა დღემდეა შესაძლებელი.
უგანადას ყავის მსოფლიო ბაზარზე უჭირავს მერვე ადგილი. იგი წელიწადში აწარმოებს დაახლოებით 300 000 ტონა ყავას.
კარგი კლიმატური პირობები და სპეციფიკური ნიადაგი საშუალებას აძლევს უგანდას გააშენოს ყავა საკუთარ ტერიტორიებზე, თუმცა მუდმივი პოლიტიკური და საომარი კონფლიქტები არ აძლევს განვითარების საშუალებას.
გარდა ამისა, ცხელი, ეკვატორული კლიმატი ხელს არ უწყობს არაბიკის მარტივ კულტივირებას, ამიტომ უგანდაში უპირატესად მოჰყავთ შედარებით დაბალი ღირებულების რობუსტა, თუმცა აქვთ მაღალხარისხიანი არაბიკაც.
უგანდაში მოყვანილი რობუსტა გამოიყენება ხსნადი ყავის საფუძვლად სხვა ძვირადღირებულ მარცვლებთან ერთად კუპაჟის სახით.
ქვეყნის ყავის პლანტაციების ძირითადი ნაწილი კონცენტრირებულია მაღალმთიან რეგიონებში (ზღვის დონიდან 1200-2000 მეტრი). მოსავალი იკრიფება წელიწადში ორჯერ - აპრილიდან ივნისის და ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით.
საინტერესოა, რომ შეიძლება მიწის ერთი და იგივე ნაკვეთზე ახლად აღებული და მომავალში ასაღები მოსავალი გემოვნურად განსხვავებული იყოს.
ყავის გაშენებით დაკავებული არიან მცირე ფერმერული მეურნეობები - „შემბასები“. პლანტაციები ძირითადად ბანანებთან ერთად, მათ ჩრდილშია გაშენებული, რაც დადებითად მოქმედებს ნაყოფის გემოზე.
უგანდული ყავის გენოფონდის განახლება რეგულარულად ხდება. სასოფლო სამეურნეო სამუშაოებში ჭარბობს ტრადიციული მეთოდები. გამოიყენება ხელით შრომა ქიმიური სასუქების გარეშე.
ყავის ინდუსტრიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან ყავის ექსპორტი ავსებს უგანდას ხაზინის თითქმის ნახევარს. ამიტომ, მისი წარმოება და სწრაფი ტრანსპორტირება სახელმწიფო დონეზეა აყვანილი.
ყავის ექსპორტს ქვეყანაში მართავს უგანდას ყავის განვითარების სახელმწიფო ინსტიტუტი (UCDA), რომელიც ასევე ახარისხებს პროდუქტებს, ანიჭებს კატეგორიებსა და კლასს არსებული სტანდარტების შესაბამისად.
ადგილობრივი რობუსტა მომწარო გემოსია, რის გამოც იგი ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ამის კომპენსირებას ახდენს მისი დაბალი ფასი. უგანდას ყავის მარცვლებს შეისყიდიან მსოფლიოს მსხვილი კომპანიები და მათ იყენებენ სხვადასხვა სახის ბლენდების შემადგენლობაში.
სამაგიეროდ, უგანდული არაბიკა ნამდვილ ექსკლუზივად მიიჩნევა და მაღალ შეფასებას იმსახურებს ყავის გურმანებსა და პროფესიონალ ექსპერტთა შორის.
უგანდაში ყავის ხარისხი განსხვავდება გაშენების რეგიონის მიხედვით. მაღალი ხარისხის ყავის ჯიშებს შორის კი გამოირჩევა სამი ჯიშის ყავა:
Uganda Organic Bugisu - გაშენებულია მხოლოდ რამდენიმე პლანტაციაში ქვეყნის ჩრდილოეთით, ამიტომ პროდუქტს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს უნიკალური.
ყავას აქვს ხავერდოვანი ტექსტურა, რძის შოკოლადის გემო და ტროპიკული ხილის სასიამოვნო არომატი, მაგრამ არა აქვს ზედმეტ სიტკბო. იგრძნობა ბანანის, თხილისა და ღვინის ნოტები.
ზოგადად, ბუგისუს ახასითებს ძალიან ჰარმონიული, მრავალმხრივი გემო და მჟავიანობის, სინაზისა და სიმტკიცის თითქმის იდეალური წონასწორობა.
Uganda Drugar (Dry Uganda Arabica) - იზრდება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. წარმოების დროს გამოიყენება მშრალი დამუშავების მეთოდი (მოსავალს აშრობენ ღია ცის ქვეშ).
დრუგარის გემოს მაღალ შეფასებას აძლევენ მაგარი, გამოკვეთილი მჟავიანობის ყავის მოყვარულები. ყავას აგრეთვე გააჩნია მიწიერი და დიდხანს გამყოლი თამბაქოს გემო.
თუმცა დრუგარის ყავის შესახებ არსებობს ბევრი საწინააღმდეგო მოსაზრებაც, ჯიშის გემოვნური თვისებების ცვალებადობის გამო, რაც მოსავალზეა დამოკიდებული.
Uganda Organic Sipi - იზრდება ვულკანურ ნიადაგებზე მაღალ მთიან რეგიონებში, ალპურ პლანტაციებში.
გააჩნია სასიამოვნო, ბალანსირებული არომატი და შესანიშნავი ხავერდოვანი გემო ღვინის მჟავიანობით.
ადგილობრივი მოსახლეობა ყავის მოდუღების დროს წყალს რძით ანაცვლებს, რაც ხდება ორი ფაქტორის გამო. პირველი - ჯანსაღი სასმელი წყალი უგანდაში დეფიციტია და მეორე - რძიანი ყავის მომზადების ჩვევა ქვეყანაში შემორჩენილია ჯერ კიდევ ბრიტანელი პროტექტორატის დროიდან.
გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას დიდად არ უყვარს ყავა. ისინი მას ჩაის ამჯობინებენ. თუმცა, უგანადაში ამზადებენ შესანიშნავ ყავას. მომზადების მეთოდები არ გამოირჩევა ორიგინალურობით: ცეცხლი, ყავის მადუღარა, ფრენჩ პრესი, ყავის აპარატი.
მთავრობა ცდილობს უგანდელებმა მიირთვან მეტი ყავა, რადგან ადგილობრივ ბაზარზე რჩება მხოლოდ პროდუქციის 3-5%, დანარჩენი გადის ექსპორტზე. თითეული ფინჯანი ყავა, შესმული ადგოლობრივი მოსახლეობის ან ტურისტების მიერ ეხმარება ქვეყნის ეკონომიკას.
უგანდური ყავის ცნობილი ჯიშებია: Uganda Organic Bugisu, Teasia, Three Avocados, Big Shoulders, Uganda Drugar, Giving Grounds და სხვა...
















