მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6903 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთ ქვეყანაში მივედი. ბევრი უცხო და საკვირველი წესი და რიგი ჰქონდათ. შევედი ქალაქში. მშიერი ვიყავი და ხუთი ბისტის ხორცი მინდოდა მეყიდა. 

იქაურმა კაცებმა ასე მიპასუხეს: შენ უცხო თემის კაცსა გავხარ, თორემ მაგდენი ხორცი მიმინოს ვერ ეყოფაო. 

ერთი მათი უხუცესი კაცი იყო, ოქროს სელზე იჯდა, მასთან მიმიყვანეს და ჩემი ხორცის ყიდვის ამბავი აცნობეს. მან სადაურობა მკითხა. ცოტა რამ ვუამბე, ვუთხარი: უცხო ვარ-მეთქი. 

მან მითხრა: კარგ ვინმეს მიგამსგავსე. მე შვილი და მემკვიდრე არ მყავს, ერთი ასული გამაჩნია, შეირთე და ჩემი ქონება და მამული შენ დაიმკვიდრეო. 

მე დავეთანხმე. ვნახე მისი ქალი, მეტად მშვენიერი იყო. შემრთო, ქორწილი გადამიხადა. თვითონ შინ დაჯდა და მე თავის ოქროს სელზე დამსვა. ხორცის ყიდვის საქმეც მე ჩამაბარა. 

ათი დღის შემდეგ, ქალი დასნეულდა და ოთხ დღეში მოკვდა. 

საუცხოოდ მომკაზმეს, რაც კი უკეთესი ჰქონდათ არ დაინანეს. პატიოსნი თვალითა და მარგალიტით შემმოსეს. ძვირფასები ჩამაცვეს მეც და მკვდარს ქალსაც. 

მე ვუთხარი: რას აკეთებთ? უნდა ვტიროდე და თავი დავაკლა და თქვენ კი მკაზმავთ-მეთქი. 

მე რა ვიცოდი, რას მიპირებდნენ? 

მათ მითხრეს: ჩვენი წესი ეს არის და ასე უნდა გავაკეთოთო. 

დაჰკრეს დოლი და ნაღარა, დაფდაფები და ლხინით მკვდარიც წაიღეს და მეც წამიყვანეს. 

მაღლა გორაზე ერთი დიდი ციხეში ავიდენ. ციხეში ერთი დიდი და ღრმა აკლდამა იყო, ორი უტევანი (125 ნაბიჯი) განი ჰქონდა. 

მკვდარი აკლდამაში ჩაიტანეს, მეც მასთან ჩამსვეს და შვიდის დღის საზრდო ჩამატანეს. კიბე უკან აიტანეს და დავრჩი მარტოკა. 

ავდექი, მივიარ-მოვიარე, ვნახე, ის აკლდამა იმ ქალაქის სასაფლაო იყო და რაც ქვეყანას კარგი და პატიოსანი იარაღი, ან სამკაული გააჩნდა, ყველაფერი იქ ეწყო. ქალისათვის საქალო იარაღი ჩაეტანებინათ და ვაჟისათვის - სავაჟო. ძალიან გამიკვირდა. 

აკლდამაში ოთხი დღე დავყავი. ერთხელაც დოლის, ნაღარისა და დააფდაფების ხმა მომესმა. მოვიდნენ. თურე ერთი დიდებული კაცი მომკვდარიყო. ახალ ნაქორწილევი ცოლი თან მოსდევდა. 

მკვდარიც და მისი ცოლიც ჩემთან ჩამოსვეს. შვიდის დღის საზრდო ჩამოატანეს,  კიბე აიღეს და წავიდნენ. ქალი გაჭირვებული იყო, თუმცა უზომოდ კეკლუცი. მისმა სილამაზემ გამაკვირვა.

ვჰკითხე ქალს: ეს რა არის, ასე რისთვის გვიყვეს-მეთქი? 

მე ჩემი ამბავი ვუთხარი. 

ქალმა მიპასუხა: 

- ამ ქვეყანაში ასეთი წესი აქვთ. თუ ცოლი მოკვდება, საფლავში ქმარი უნდა ჩაჰყვეს, და თუ ქმარი მოკვდა - ცოლი. შვიდის დღის საზრდოს მისცემენ და მერე ზედ უნდა დააკვდეს. მას შემდეგ აღარ უნდა იცოცხლოს და ვეღარც დღის სინათლე იხილოსო. 

გული დამიმძიმდა და ვთქვი: 

- ვაიმე, ჩემი ცხოვრება უსახელოდ მივლია, ცოლს და დიდებას რას დავეძებდი თუ ასე ადრე დამშხამდებოდა-თქო! 

რაღა უნდა მექნა. სასოწარკვეთა და უღონობა არ მარგებდა. იმ ქალს სხვაგვარი საუბარი დავუწყე. 

ვუთხარი: ვინც მოკვდა, რა სარგებელია? ხედავ, რამდენი მკვდარი დევს სრულიად წამხდარი? მე და შენ ღმერთს შესაყრელად ვუნდოდით და აწი გულის წადილს ვეწიოთ-მეთქი. 

ამგვარი რამეები ბევრი ვუთხარი, დავუტკბი და დავახლოვდით. ერთხელ ვნახე აკლდამაში ღორზე უფრო დიდი ზღარბი შემოვიდა. თურმე ციხე გამოეთხარა და მიწის ქვემოთ სორო გაეყვანა, მკვდრის ხორცს შემოჩვეოდა საჭმელად. 

ეს რომ ვნახე, გავიხარე და ქალს ვუთხარი: ღმერთმა დაგვიხსნა ჯოჯოხეთისაგან-მეთქი.

იქვე მრავალი აბრეშუმის თოკი ეყარა, მოვძებნე სოროს პირი და ზღარბს მახე დავუდგი; შევიპყარი, უკანა ორივე ფეხზე თოკი მოვაბი და გავუშვი. შევიდა ზღარბი სოროში. თოკი გამოვწიე და ზღარბმა მიწას თითებით ბრდღვნა დაუწყო. ამგვარად ბევრჯერ ვქენი და ისე გავათხრევინე, რომ ჩვენც გავეტეოდით. დავიწყე მიწის გადაყრა და სორო გავწმინდე. რამდენი ოქროს და თვალ-მარგალიტის ზიდვაც შეგვეძლო, ორივემ ავიკიდეთ და გამოვძვერით. 

გავუდექით გზას. დღისით ვიმალებოდით და ღამით მივდიოდით. ერთი კვირა ასე ვიარეთ. მერე ორი ცხენი ვიყიდეთ. შევსხედით და სისტანის ქვეყანაში მივედით. 

ერთი ძალიან დიდი კაცი დამხვდა წინ და მკითხა: ვინ ხარ, სად მიხვალო? 

მე შიშით ხმა ვერ გავეცი. შემატყო შეშინება და მითხრა: ნუ გეშინია, არაფერს გავნებ. ამ ქალს თუ მომცემ, შვილურად შევიტკბობ, თორემ ქალსაც წაგართმევ და ბევრსაც გავნებო. 

მე ჩემს თავს ვუთხარ: თუ მშვიდობით გადარჩები, სხვა რამეც დაუმატე-მეთქი. 

მივეც ის ქალი. ძალიან ეამა, გამეწყო, უბეს ჩამისვა და წამიტანა. 

მისი სიდიდე ამისგან კიდე რაღა გითხრა? 

როცა მთაზე ავედით, ორი დიდი კაცი ერთმანეთს ექიშპებოდა. ჩემზე დიდები იყვნენ, მაგრამ ამ კაცის ოდენები - არა. ქიშპობის მიზეზი ასეთი იყო: ერთს ზურგზე ერთი რუმბი ღვინო ჰქონდა აკიდებული და აღმართში დამძიმებოდა, მეორე დაწეოდა და ეთქვა: თუ გემძიმება, მე ამკიდე, მთამდე ავიტან და იქ ერთი ყლაპი მაქნევინეო. 

ღვინის პატრონს ეთქვა: თუ რუმბს მთამდე ამიტან, ყლაპსაც და ყლუპსაც გაქნევინებო. 

როცა მთის წვერზე ასულიყო, რუმბისათვის პირი დაედო და ღვინო ერთ ყლუპად შეესვა. 

ღვინის პატრონი ეჩხუბებოდა: სულ რატომ შემისვიო. ის კაცი კი თხოვდა: ყლაპსა და ყლუპს დამპირდი, ყლაპი შევსვი და ყლუპი აღარ მერგოო. 

დიდმა კაცმა კამათი აღარ დააცალა, ორივე შეიპყრო. ერთი ერთ ფეხსაცმლის ყელში ჩაისვა, მეორე - მეორეში. 

მივიდა შინ. ცოლი გამოეგება, დიდობაზე კეკელა ქალი იყო. უთხრა: ფეხსაცმელები გამხადეო! 

გახადა ერთი - კაცი იჯდა, მეორე გახადა, - მეორე იჯდა. მე უბიდან ამომიყვანა. მერე თავი მოიწონა და ცოლთან დაიკვეხნა: ჩემისთანა კაცი გინახავსო?! ქალი რომლიც მე წამართვა ისიც უბეში ეჯდა, ამოიყვანა და ცოლს მისცა. ცოლი თურმე მოტაცებით მოეყვანა და მისი სამშობლო არ ენახა. 

ქალმა უთხრა: მამაჩემს ვერ შეედრებიო. 

იწყინა კაცმა, მაშინვე უბეში ჩამისვა და წავიდა სიმამრის ნახვად. 

მისი სიმამრის სიდიდე როგორ გითხრა: ყანას რწყევდა და მის სარწყავ რუს რომ მივადექით, მისმა სიძემ შიგ გასვლა მოინდომა. წყალმა ცხენიან კაციანად აიტაცა და წაგვიღო. სიმამრმა რომ ნახა წყალს ცხენი და კაცი მიაქვსო, ამოჰკრა ბარი და ცხენიც და კაციც მშრალზე დასვა. 

ჰკითხა: ვინ ხარო? 

მან მისი ამბავი უამბო. 

კაცმა უთხრა: ვაგლახ! - ჩემი სიძე ყოფილხარ, კინაღამ მოგკალიო! 

გააშრო და დასვა. მალე ცოლი მოუვიდა, სადილი მოუტანა. სადილი ვჭამეთ, მეც პატივი მცეს, თუმცა მათი ქვეყნის თაგვის ოდენა თუ ვიყავი! 

მერე სიდედრი შინ წავიდა და სიძეც წაიყვანა. დიაცი უცხენოდ იყო. ზურგზე სასაგზლე გოდორი ეკიდა. სიძე ცხენს მიაჭენებდა და ვერ დაეწია. სიდედრმა მოიხედა და სიძე რომ დავარდნილი ნახა, აიყვანა ცხენით, გოდორში ჩაისვა, აიკიდა და წაგვიყვანა. 

შინ რომ მივიდა, კარგად გაგვიმასპინძლდა. როცა დაღამდა, ერთი ცალთვალა კაცი მოვიდა, თურე მის დიაცის აშიკი იყო; ბანიდან დაიწყო ჩამოსვლა, დიაცი სიძის სირცხვილით არ გავიდა. ცალთვალას გულმა არ მოუთმინა, ჩამოვიდა. მისი სიძე აითვალწუნა და დიაცს კოცნა დაუწყო. სიძემ იწყინა და სახლს სვეტები გამოაცალა, რომ ცალთვალასთვის თავზე დაექცია, თვითონ კი გარეთ გავიდა. დიაცმა ორივ ფეხი ძელებს სვეტებად შეუდგა, ვიდრე ცალთვალა კაცი მის ალერსს დაასრულებდა. მერე ცალთვალამ სვეტები ისევ შეუდგა, სახლი აღარ დაიქცა და ჩვენ გამოგვიდგა. 

ჩვენ მივრბოდით და ერთი კაცი ვნახეთ, ცერცვს თესავდა. საფარცხავი ფეხზე ება და თან ფარცხავდა. კალთაში ცერცვი ეყარა. თითო პეშვს პირში შეიყრიდა და იტყოდა: ეს ჰოო! თითო პეშვს დათესდა და იტყოდა: ან ჰო, ან არაო. 

დიდი კაცი შეევედრა: ერთი ცალთვალა კაცი მომდევს და მიშველეო!

კაცმა ცხენიანად აგვიყვანა და ცერცვიან კალთაში ჩაგვისვა. პირში რომ ცერცვი ჩაიბნია, ცხენ-კაციანად თან ჩაგვატანა. ერთი ქვედა კბილი მოტეხილი ჰქონდა, დიდმა კაცმა ცხენი იმაში ჩააყენა და ასე გადავრჩით. 

მოვიდა ცალთვალა კაცი და ჩვენი ამბავი ჰკითხა, მან უთხრა: აქეთ არ გამოუვლიათო. ცალთვალა გაბრუნდა და წავიდა.

კბილმოტეხილმა კაცმა კალათი ნახა, შიგნით აღარ ვიყავით. სინანულმა შეიპყრო, ეგონა გადავყლაპეო. დიდმა კაცმა შიგნიდან გამოსძახა: აქა ვარ და ცოცხალი ვარო! 

კბილმოტეხილმა გამოგვიყვანა და მიწაზე დაგვსხა. 

მერე დიდმა კაცმა სთხოვა, მიამბე: ეს კბილი რას მოუტეხიაო? 

კბილმოტეხილმა თავისი ამბავი უამბო: ჩვენ თორმეტი ამხანაგი ვიყავით, ყველა ჩემზე ახოვანი იყო. წავედით სამეკობროდ. ამოვარდაა ქარბუქი. დიდი მინდორი იყო და თავშესაფარი არსად გვქონდა. ვნახეთ, ერთი კაცის თავის ქალა ეგდო. ისეთი დიდი იყო, რომ თორმეტივე შიგნით დავეტიეთ. როცა ცოტა შევისვენეთ, თურმე ერთი მწყემსისთვის მგელს თიკანი მოეტაცნა და მას მოსდევდა. ხან ჯოხი ესროლა, ხან ქვა. როცა ჩვენთან მოვიდა, ისეთი დიდი კაცი იყო, აიღო თავის ქალა, რომელშიც თორმეტნი ვისხედით და შეგვსტყორცა მგელს. მგელი, რაღა კითხვა უნდა, იქვე გასრისა. თერთმეტი ჩემი ამხანაგი მოკვდა და მე ეს კბილი მაშინ მომტყდაო. 

დიდ კაცსაც გაუკვირდა მათი ძალა და სიდიდე, თორემ მე რაღა თქმა უნდა გამიკვირდებოდა.

წამოვიდა ცოლთან და უთხრა: რაც მიამბე, ყველაფერი მართალი გითქვამსო.

მე ერთი ჯორი მომცა, შემმოსა, საზრდო მომცა, ინდოეთამდე მიმიყვანა: არავინ გაწყენინოსო და უკან დაბრუნდა.

 

სულხან-საბა ორბელიანი - იგავ-არაკები - ადაპტირებული ტექსტი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ