წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 1383 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ერთი გლახაკი კაცი იყო, ერთი მჭლე ვირი ჰყვანდა. გაიპარა ვირი, წავიდა მთაში გასასუქებლად. გასუქებული მუნვე პატრონთან მოვიდა. 

იამა პატრონს დიდად და ცოლს უთხრა: საფქვავი აჰკიდე, წადი წისქვილში, დაფქვიო. 

ცოლმან უთხრა: თუ ჩვენს ვირს ამდენი ჭკუა ჰქონდა, მთაში მჭლე წავიდა, გასუქდა და მოვიდა, მაგას როგორ ვერა იქმს, უკაცოდ დაფქვას და მოიტანოსო? 

დაუჯერა ცოლს, ვირს ჯოხი დაჰკრა და გააძო. წავიდა ვირი. ვინცაღა კაცმან წაიყვანა, ვინ იცის! 

გამოხდა ერთი კვირა. ვირი აღარ მოვიდა. წავიდა ვირის პატრონი, მივიდა, მეწისქვილეს ჰკითხა: ვირი გამოვგზავნე შენთანა საფქვავითა და რა იქმნაო? 

მან ჰკითხა: ვინ გამოატანეო? 

ვირის პატრონმან უთხრა: ჩემი ვირი ასე ჭკვიანი იყო, კაცი არ უნდოდაო. 

იგი მეწისქვილე ხრიკიანი რამ იყო, მის კაცის სიბრიყვე შეიგნა. მის ზემოდ ერთი ქოსა მეწისქვილე იყო, დია ეშმაკი, მასთან მიასწავლა: აქ ჯერი არ ერგო და მასთან გავგზავნეო. იცოდა, რომ ის ისეთს უცხოს ტყუვილს ეტყოდა. მივიდა მას ქოსა მეწისქვილესთან, ყველა უთხრა. 

მან ეგრე უთხრა: აქ მოვიდა, დაფქვა, მე ისრე ჭკვიანი ვირი არ მინახავს! ერთი შავი ჯოროსანი, ოქროთ აკაზმული კაცი მოვიდოდა, მისი ჯორი ფქვილით იყიდა. შენი ვირი ზედ შეჯდა, ზანგას ჩავიდა. მუნებური ყადი მომკვდარიყო და ყადად შენი ვირი დასვეს, იქ მონახეო! 

მან კაცმან დაუჯერა. ზანგას წავიდა. ნახა, ყადი შავს ჯორსა ზის, ოქროთ აკაზმულსა. მის კაცის სიტყვა ენიშნა, შავი ჯორი იყო. 

უთხრა ყადს: მე ვერ მიცნობო? 

ყადი რას იცნობდა, პასუხი არ მისცა. 

მერმე უთხრა: ჩემი ვირი ხარ, რად აგრე მალე გაამპარტავნებულხარო? 

რა ეს ისმინა, მრავალი სცეს, თავი გაუტეხეს და გააძევეს. 

რა ყადი ტარუღასთან მივიდა, მოვიდა იგი კაციც და იჩივლა: ეგე ჩემი ვირია, საფქვავი მაგ ჯორში მიუცია, გამომეპარა და აქ ყადად დამჯდარა. 

ყადმან თქვა: რას ამბობ? ვერავინ მიცნობთ? მამა-პაპანი ჩემნი აქ დაბერებულან, რად არ გააძებთ მაგ კაცსაო. 

მან კაცმან ასრე თქვა: მოსამართლენო! ეგ ყადი ნახეთ, ჩემს ვირს შიგნით ბარკლებზე, ორგნითვე დაღი აზის. თუ ეს ნიშანი ჰქონდეს, ჩემი ვირია, მომეცით და თუ არა და, ვსტყუიო. 

ყადს თურე ქარი სჭირდა და ორსავ ბარკალზე შიგნით დუგუნები დაესხა. რა ნიფხავი ჩაჰხადეს, ნიშანი ნახეს. გამტყუნდა ყადი, სამართლით მისი ვირი შეიქმნა! მისცეს მას კაცსა. 

მერე ყადი შეეხვეწა: შენც იცი, რასაც რეგვენობით არ მედავები. ჩემთან შენ ხელი არა გაქვს, მაგრა ამ ჯორს თავისის აკაზმულობით მოგცემ, შენს ვირს ხომ ესე სჯობს და ნუღარ მარცხვნიო. 

მისცა ქრთამად ჯორი ოქროს აკაზმულობით. და მან კაცმან კიდევ დავა დაუწყო: ეს ჯორი ჩემის ფქვილით გიყიდია, შენ ჩემი ვირი ხარო. 

დაღონდა, რას გადავეკიდე მე ამ კაცსაო. სხვა ღონე ვეღარა ქმნა რა და ასი ფლურიც თავის თავში მისცა. 

შეჯდა ჯორსა ოქროთ აკაზმულსა და წამოვიდა კაცი იგი.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura