წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
 
  ნანახია 5156 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ პრინტერიპრინტერი არის პერიფერიული მოწყობილობა, რომელსაც გადააქვს დოკუმენტის ელექტრონული გამოსახულება ქაღალდზე.

ეს შეიძლება იყოს: ტექსტი, სურათი, ცხრილი, სხვადასხვა სახის გრაფიკა და საერთოდ ყველაფერი, რაც კი შეიძლება ვიზუალურად გამოჩნდეს თქვენი კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობის მონიტორზე.

მართალია ჩვენ ვცხოვრობთ მაღალი კომპიუტერული ტექნოლოგიების ერაში და ინფორმაციის შენახვა ძირითადად ელექტრონული სახით ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხშირად დგება საჭიროება სახლში (და მითუმეტეს ოფისში) სხვადასხვა სახის დოკუმენტების, ფოტოსურათების და სხვა მასალების ამობეჭდვის აუცილებლობა.

პრინტერი დღითიდღე სულ უფრო მზარდი მოთხოვნილების შეუცვლელ მოწყობილებას წარმოადგენს სახლში, ოფისში ან სხვადასხვა დაწესებულებეში მუშაობისთვის, სკოლისთვის ან ინსტიტუტის საჭიროებისთვის, კომპიუტერის საშუალებით დოკუმენტების, ფოტოსურათების ბეჭდვისთვის, ხატვისთვის და სხვადასხვა ფუნქციების შესრულებისთვის.

პრინტერთა უმრავლესობა ლოკალურად არის დაკავშირებული კომპიუტერთან, მაგრამ არსებობს ქსელური პრინტერებიც, რომლებსაც ინტეგრირებული ქსელის ინტერფეისი გააჩნიათ და ერთდროულად ემსახურებიან ქსელში ჩართულ რამდენიმე კომპიუტერს.

არსებობს მოდელები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია დოკუმენტების ბეჭდვა ფლეშ მეხსიერებიდან, ციფრული ფოტო აპარატებიდან, პლანშეტებიდან, სმარტფონებიდან, გარე მყარი მეხსიერებიდან, სკანერებიდან და სხვა მოწყობილობებიდან.

არსებობს მრავალფუნქციური მოწყობილობებიც, რომლებიც პრინტერის გარდა აღჭურვილია სკანერით, ფაქსით, ტელეფონით და ა.შ.

სასურველი ფუნქციონალის და ამავდროულად ფინანსურად ეკონომიური პრინტერის სწორად შერჩევა არც თუ ისე იოლი ამოცანაა. ამიტომ, შევეცადოთ გავერკვეთ რა ძირითად მონაცემებზე და მახასიათებლებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მისი შეძენის დროს.

პრინტერის მონაცემები შეიძლება დამოკიდებული იყოს გამოსახულების ტიპზე, ბეჭდვის პარამეტრებზე, ქაღალდის ტიპზე, გამოყენების სიხშირეზე, ტენიანობაზე და ბეჭდვის ტემპერატურაზე.

იმისათვის, რომ სწორად შევარჩიოთ პრინტერი, პირველ რიგში საჭიროა ზუსტად იცოდეთ რა საჭიროებისთვის გსურთ მისი გამოყენება სახლში თუ ოფისში და რა დანახარჯებთან იქნება მისი მოხმარება დაკავშირებული.

 

პრინტერის სახეობები

 

პრინტერის სახეობებიარსებობს 4 სახის ტექნოლოგია, რომელიც გვხვდება როგორც საოფისე, ისე სახლისთვის განკუთვნილ პრინტერებში

ჭავლური;

ლაზერული;

მყარი მელნის;

სუბლიმაციური;

გავაკეთოთ მიკლე მიმოხილვა და შემდეგ ვრცლად მიმობიხილოთ თითეული პრინტერის ტიპი, მისი დანიშნულება და თავისებურებები.

ჭავლური პრინტერი - გამოსახულებისა და ფერადი დოკუმენტების ხარისხიანი ბეჭდვა, მცირე ზომის ტექსტების ბეჭდვა.

ჭავლური ფოტოპრინტერი - ხარისხიანი ფოტოსურათების ბეჭდვა სახლის პირობებში.

თერმოსუბლიმაციური პრინტერი - 10х15 სმ ფორმატის ხარისხიანი ფოტოსურათების ბეჭდვა სახლის პირობებში; სუბლიმაციური პრინტერი გამოიყენება ქსოვილზე, ჭურჭელზე და სხვადასხვა სახის საგნებზე გამოსახულების გადასატანად.

ლაზერული / შუქდიოდური პრინტერი - ტექსტების, ცხრილების, გრაფიკების და დიაგრამების ხარისხიანი და ეკონომიური ბეჭდვა.

ჭავლური მრავალფუნქციური პრინტერი - დოკუმენტების, ფოტოსურათებისა და ფოტოფირების ბეჭდვა, კოპირება და სკანირება.

 

ჭავლური პრინტერები

 

ჭავლური პრინტერებიერთ-ერთ მასობრივ და გავრცელებულ მოწყობილობას, სახლისთვის და ოფისისთვის ჭავლური პრინტერი წარმოადგენს.

არსებობს ჭავლური ბეჭდვის რამოდენიმე ტექნოლოგია:

ფირმები - Epson და Brother ბეჭვდისთვის იყენებენ პიეზოელექტრულ ტექნოლოგიას.

ფირმები Lexmark და Hewlett-Packard - თერმოჭავლურ ტექნოლოგიას.

ფირმა Canon - ბუშტულოვან ტექნოლოგიას.

ეს ტექნოლოგიები ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან, განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ რა სახით ხვდება მელნის წვეთები მბეჭდავი თავაკებიდან ქაღალდზე. თუმცა თითეულ მათგანს გააჩნია თავის დადებითი და უარყოფითი თვისებები.

პიეზოელექტრული ტექნოლოგია - მისი დადებითი თვისებაა მელნის წვეთის მართვის მოქნილი შესაძლებლობა, რომელიც ხორციელდება ელექტრონულ დონეზე და ამარტივებს მაღალი გარჩევადობის ანაბეჭდის მიღებას.

აღსანიშნავია, რომ ასეთი სისტემის სანდოობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ჭავლური ბეჭდვის სხვა სისტემებისა.

სისტემის ერთ-ერთი მინუსია მბეჭდავი თავაკის შედარებითი სიძვირე. ამიტომ, როგორც წესი იგი ყენდება თავად პრინტერში და არ წარმოადგენს გამოსაცვლელი კარტრიჯის ნაწილს.

სამწუხაროდ პიეზოელექტრულ თავაკს „ეშინია“ ჰაერის მოხვედრის და უხარისხო მელნის გამოყენების, რადგან ორივე შემთხვევაში მოსალოდნელია თავაკის საქშენების დახშობა და როგორც წესი, დღის წესრიგში დადგება ძვირადღირებული თავაკის შეცვლის აუცილებლობა.

გარდა ამისა, მბეჭდავი თავაკის მუშა მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, საჭიროა ამ ტიპის პრინტერზე პერიოდულად რაიმეს დაბეჭდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მელნის ნარჩენები შეიძლება გაშრეს და თავაკი ამ შემთხვევაშიც გამოსაცვლელი გახდეს.

თერმოჭავლური ტექნოლოგია - ამ ტექნოლოგიის გამოყენების დროს, ხდება მელნის გაცხელება მაღალ ტემპერატურამდე და მაღალი წნევის შედეგად მისი გამოტყორცნა საბეჭდი თავაკის საქშენებიდან.

გაცხელებისა და გაგრილების პროცესი მეორდება რამდენიმე ათასჯერ ერთი წამის განმავლობაში.

ბუშტულოვანი ტექნოლოგია - ეს არის თერმოჭავლური ბეჭდვის კერძო შემთხვევა, რომლის დროსაც მელნის გამოტყორცნა ხორციელდება ფორმირებული გაზის ბუშტულების ხარჯზე, რომელიც წარმოიქმნება მელნის გაცხელების შედეგად.

თერმოჭავლური ბეჭდვის ხარისხი საკმაოდ მაღალია, ხოლო მბეჭდავი თავაკების დამზადების ტექნოლოგია ახლოსაა მიკროსქემების დამზადების ტექნოლოგიასთან, რაც მათ უფრო იაფსა და ეკონომიურს ხდის პიეზოელექტრული ტექნოლოგიასთან შედარებით.

თერმოჭავლური მბეჭდავი თავაკი, როგორც წესი ჩაშენებულია მოსახსნელ კარტრიჯში და შედარებით ძვირია, ვიდრე მელნიანი ჭურჭელი, თუმცა სამაგიეროდ „არაორიგინალური“ სახარჯი მასალა ვეღარ შეძლებს მწყობრიდან გამოიყვანოს პრინტერი.

 

ფოტოპრინტერი

 

როგორ ავირჩიოთ ფოტოპრინტერიფოტოსურათების დასაბეჭდად ძირითადად გამოიყენება ჭავლური პრინტერი. კარგ ფოტოპრინტერს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ექვსი ფერი, რათა ხარისხიანად დაბეჭდოს ყველა ფერთა გამა ფოტოსურათზე.

არსებობს ფოტოპრინტერები, რომელთაც აქვთ 8 კარტრიჯი სხვადასხვა ფერთა გამით, რაც საშუალებას იძლევა დაიბეჭდოს სტუდიის დონის ფოტოსურათები.

წვეთის ზომა - წვეთის პატარა ზომა საჭიროა იმისთვის, რომ ფერთა შორის გადასვლა იყოს მწყობრი და ბუნებრივი. მინიმალური წვეთის ზომა უნდა იყოს არაუმეტეს 1.5 პიკოლიტრი - თუ პრინტერს აქვს 6 ფერი. მაგრამ თუ ფერთა რაოდენობა არის 8, წვეთის ზომა შეილება იყოს 3 პიკოლიტრი.

ეს არ აისახება ბეჭდვის ხარისხზე, რადგან დამატებითი ფერები იძლევა ფერთა გამაში მწყობრად გადასვლის შესაძლებლობას.

ბეჭდვა მინდვრების გარეშე - სასურველია თუ პრინტერის საშუალებით შესაძლებელი იქნება ბეჭდვა მინდვრების გარეშე.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ ფოტოსურათს კიდეებზე არ დარჩეს ცარიელი თეთრი არეები.

გარჩევადობა - კარგ ფოტოპრინტერს ბეჭვდის გარჩევადობა არ უნდა ჰქონდეს 5760х1440 პიქსელზე ნაკლები.

რაც უფრო მაღალია გარჩევადობა, მით უფრო ხარისხიანი ფოტოსურათის მიღება იქნება შესაძლებელი.

ქაღალდის სიმკვრივე - ყველა ფოტოპრინტერი ბეჭდავს ქაღალდზე, რომლის სიმკვრივეა 300გ/მ2 -მდ, ზოგერთი მათგანი კი ბეჭდავს უფრო სქელ  ქაღალდზეც კი.

უნდა აღინიშნოს, რომ დაბალი სიმკვრივის ქაღალდზე, მაგალითად 60გ/მ2, ფოტოსურათის დაბეჭდვა ვერ მოხდება, რადგან ასეთი ფურცელი ძალიან თხელია და განკუთვნილია ტექსტის და არა ფოტოს დასაბეჭდად.

 

მყარი მელნის პრინტერი

 

მყარი მელნის პრინტერიასეთი მოწყობილობს მუშაობის პრინციპი მდგომარეობს სპეციალური ბრეკეტების ჩატვირთვაში, რომელიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით დნება და ხვდება პრინტერის მბეჭდავ თავაკზე.

გაცხელების შემდეგ, ასეთი პრინტერების მუშაობის სიჩქარე საკმაოდ მაღალია, თუმცა ტექნოლოგია არ არის ფართოდ გავრცელებული როგორც პრინტერის, ასევე სახარჯი მასალების სიძვირის გამო.

კომპლექტის სახარჯი მასალის გამოყენება განმეორებით შეუძლებელია. თუ მომზადებული პარტია გამოყენებული არ იქნა 3 დღის განმავლობაში. იგი უნდა გადაიღვაროს ნარჩენებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში.

მიუხედავად ამისა, ამ ტიპის მოწყობილობები წარმატებით გამოიყენება ოფისებში, სადაც საჭიროა სწრაფი და ხარისხიანი ბეჭდვა სხვადასხვა სახის მასალებზე.

მყარი მელნის პრინტერები უფრო სანდო და გამძლეა ვიდრე ლაზერული პრინტერები, რადგან უფრო მარტივი კონსტრუქცია გააჩნიათ. ბეჭდვის სიჩქარე იდენტურია. რაც შეეხება სახარჯი მასალების ფასს, იგი უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი, ლაზერული პრინტერისა.

 

სუბლიმაციური პრინტერი

 

სუბლიმაციური პრინტერიძირითადად გამოიყენება DVD და CD დისკებზე, პლასტიკურ ბარათებზე, ქსოვილებზე დასაბეჭდად, თუმცა რა თქმა უნდა მათი საშუალებით ქაღალდზე ბეჭდვაც შესაძლებელია.

სწორედ სუბლიმაციური პრინტერების საშუალებით ხდება ფოტოსურათების ან ნებისმიერი სხვა გამოსახულების დაბეჭდვა მაისურებზე და სხვადასხვა სახის ჭურჭელზე .

მიუხედავად იმისა, რომ თერმოპრინტერები ბეჭდავენ გაცილებით ხარისხიან ფოტოსურათებს, მათი სახლის პირობებში გამოყენება იშვიათად ხდება, რადგან სახარჯი მასალები საკმაოდ ძვირია.

აღსანიშნავია, რომ სუბლიმაციური პრინტერით ტექსტის დაბეჭდვა არ ხდება.

ასეთი პრინტერების კიდევ ერთი მინუსია ის, რომ მათი საშუალებით ფოტოსურათის ბეჭდვა ხდება ძალიან ნელა - დაახლოებით 3 წუთი 10х15 ზომის ფოტოს დასაბეჭდად, თუმცა დიდი უპირატესობაა ასეთი სურათის გამძლეობა და საიმედოობა, რომელიც მიიღწევა დამცავი შრით. იგი იცავს საღებავს სხვადასხვა სახის ზემოქმედებისგან.

 

ჭავლური უკარტრიჯო პრინტერი

 

ჭავლური უკარტრიჯო პრინტერიმწარმოებლები რა თქმა უნდა ცდილობენ შექმნან ახალი ნოვაციები, რაც მინიმუმამდე დაიყვანს სახარჯო მასალის ღირებულებას, მაგალითად კომპანია EPSON-მა შექმნა სრულიად განსხვავებული ტექნოლოგია - ჭავლური უკარტრიჯო პრინტერები პიგმენტური მელნით.

ეს არის ე.წ „EPSON - ის ბეჭდვის ქარხანა“, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე წარმოდგენილია ორი სახით:

მონოქრომული პრინტერი;

ფერადი პრინტერი;

მონოქრომული პრინტერი - გამოირჩევა ეკონომიური ბეჭდვით, რადგან არ სჭირდება კარტრიჯი და ლაზერული პრინტერისგან განსხვავებით მისი ანაბეჭდის ღირებულება დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია.

მას კომპლექტში მოყვება მელნით სავსე ორი კონტეინერი, თითოში 140 მილილიტრი მელნით, რაც საერთო ჯამში 12 000-მდე გვერდის დაბეჭდვის შესაძლებლობას იძლევა. მელნის დაცლის შემთხვევაში, ყოველგვარი სპეციალისტის გარეშე შეგიძლიათ თავად გამოაღოთ საცავი, გამოიღოთ კონტეინერი და შეავსოთ მელნით.

ფერადი ფოტოპრინტერი - ეს არის ფოტოპრინტერი „EPSON - ის ბეჭდვის ქარხნის“ სერიიდან. მისი საშუალებით შესაძლებელია მაღალხარისხიანი სურათების ბეჭდვა მინიმალური დანახარჯით.

ფოტოპრინტერს გააჩნია A4,  A3 და A3+ ფორმატის მხარდაჭერა. იგი ძალიან ეკონომიურია, რადგან ისევე, როგორც მონოქრომულ პრინტერს კარტრიჯის ნაცვლად მელნის კონტეინერი აქვს ჩაშენებული.

მოწყობილობის უნიკალური კონსტრუქციის წყალობით, უმაღლესი ხარისხის და დიდი რაოდენობით ფოტოსურათების დაბეჭდვა შეიძლება 

ფოტოპრინტერს აქვს ექვსი ფერი, მათ შორის ღია იასამნისფერი და ღია ცისფერი, რაც პორტერებისა და პეიზაჟების ბეჭდვისას რეალური და ეფექტური გამოსახულების ამობეჭდვას უწყობს ხელს.

ჭავლური პრინტერის პლიუსები:

მოწყობილობის დაბალი ღირებულება (ლაზერულ პრინტერთან შედარებით);

ფერადი ანაბეჭდების მაღალი სიჩქარე;

ერთი კარტრიჯის შეცვლის შესაძლებლობა დანარჩენების შეცვლის გარეშე;

ფერადი ფოტოსურათების ბეჭდვის მაღალი ხარისხი;

დაბალი ხმაურის დონე;

ჭავლური პრინტერის მინუსები

ბეჭდვის დაბალი სიჩქარე;

კარტრიჯების მაღალი ღირებულება;

მელნის შრობის რისკი გამოუყენებლობის შემთხვევაში;;

 

ლაზერული პრინტერები

 

ლაზერული პრინტერებილაზერული პრინტერი არის პრინტერების ერთ-ერთი პოპულარული სახე, რომელიც საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას მაღალხარისხიანი ანაბეჭდი ჩვეულებრივ ქაღალდზე.

ტექსტის და გრაფიკის ანაბეჭდი გამძლეა გახუნებისა და წაშლის მიმართ, კარგად იტანს ტენს.

ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენების მთავარი სფეროა საოფისე პროფესიონალური ბეჭდვა, სახარჯი მასალების ეკონომიისა და ბეჭდვის მაღალი სიჩქარის გამო.

ლაზერული პრინტერები ძირითადად ტექსტის, სხვადასხვა სახის გრაფიკებისა და დიაგრამების დასაბეჭდად გამოიყენება.

ასეთი გამოსახულების ხარისხი მაღალია, რადგან დაბეჭდილი ტექსტის და გრაფიკების ანაბეჭდი არ ხუნდება, არ იშლება და არ ეშინია ტენის.

ლაზერულ პრინტერებში თხევადი მელნის მაგივრად გამოიყენება ფხვნილისმაგვარი ტონერი, რომელიც ქაღალდზე გადადის „ფოტობარაბანის“ დახმარებით.

ლაზერული ბეჭდვის ერთ-ერთი გამარტივებული ვარიანტია შუქდიოდური ტექნოლოგია, რომელშიც ლაზერის სხივი შეცვლილია სწორხაზოვნად განთავსებული შუქდიოდებით.

სამომხმარებლო ბაზარზე  გვხდება LED პრინტერები, სადაც ლაზერული სხივის ნაცვლად გამოიყენება დიოდური სხივები.

შუქდიოდური პრინტერის ღირსებას წარმოადგენს ის, რომ მას არ გააჩნია რთული მექანიკა და ლაზერული სხივის სამართავი სარკეების სისტემა.

ამას გარდა, შემცირებულია პრინტერში არსებული მოძრავი დეტალების რაოდენობა, რაც ზრდის მის სანდოობას და პრინტერს პრაქტიკულად უხმოს ხდის.

მიუხედავად ამისა, მონოქრომული შუქდიოდური პრინტერები ბეჭდვის ხარისხით ჯერ კიდევ ჩამოუვარდება ლაზერულ პრინტერებს.

რაც შეეხება ფერად, საოფისე ბეჭდვას, შუქდიოდური პრინტერების აქ გვევლინებიან ლიდერებად - მათი ბეჭდვის სიჩქარე მნიშვნელოვნად აჭარბებს იგივე კლასის ლაზერული პრინტერის ბეჭდვის სიჩქარეს.

ფერადი ლაზერული პრინტერების გამოყენება ძირითადად ხდება იმ შემთხვევაში, როცა შავთეთრი ლაზერის მაღალი სიჩქარისა და ტექსტის ხარისხის გარდა საჭიროა ფერადი გამოსახულების მიღება,

არსებობს ფერადი ლაზერული პრინტერები, რომელთა საშუალებითაც დაბეჭდილი ფოტო სურათები ხარისხით არ ჩამოუვარდება ჭავლური პრინტერებით დაბეჭდილ სურათებს, თუმცა მაღალის კლასის ჭავლური პრინტერით დაბეჭდილ ფერად ფოტოსურათს რა თქმა უნდა კონკურენციას მაინც ვერ უწევს.

ლაზერული პრინტერი პლიუსები:

ბეჭდვის მაღალი სიჩქარე;

ტონერის დაბალი ხარჯი ბეჭდვის დროს (შესაბამისად ანაბეჭდის დაბალი ღირებულება);

შავ-თეთრი ბეჭდვის მაღალი ხარისხი, ფერადი სქემების ბეჭდვა;

ანაბეჭდის მაღალი მდგრადობა შუქისა და ნესტის მიმართ;

მაღალხარისხიანი ქაღალდის დაბალი მოთხოვნილება;

ლაზერული პრინტერის მინუსები:

მოწყობილობის მაღალი ღირებულება;

ფერადი ბეჭდვისა და ფოტოსურათების შედარებით დაბალი ხარისხი (ჭავლურ პრინტერთან შედარებით);

მაღალი ხმაურის დონე;

მაღალი ენერგომოხმარება;

 

კარტრიჯები

 

პრინტერის კარტრიჯებიკარტრიჯი წარმოადგენს სპეციალურ პლასტმასის ბოქსს, რომელშიც მოთავსებულია მელანი (ჭავლური პრინტერისთვის), ან ფხვნილი/ტონერი (ლაზერული პრინტერისთვის).

კარტრიჯების ასორტიმენტი და ფასების კატეგორია საკმაოდ ფართოა და დამოკიდებულია მათ ფუნქციონალზე, ზომაზე და სახარჯი მასალების ტევადობაზე.

კარტრიჯების რაოდენობა პრინტერებში დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე. იგი მერყეობს 1-დან 24-მდე.

ყველაზე უბრალო პრინტერი აღჭურვილია ერთი კარტრიჯით - შავ-თეთრი და ფერადი ბეჭდვისთვის. ასეთი კარტრიჯის მინუსია ის, რომ როცა მთავრდება თუნდაც ერთი ფერი, საჭირო ხდება კარტრიჯის მთლიანად შეცვლა.

უფრო ძვირადღირებულ მოდელებში კი კარტრიჯების რაოდენობა რამდენიმეა - 4, 6, 8 და ა.შ. ამ კარტრიჯებიდან ერთი შავ-თეთრია, დანარჩენი კი ფერადი, რაც საშუალებას იძლევა გამოიცვალოს ის კარტრიჯი, რომელშიც გათავდა ფერი.

მწარმოებელის ფირმები ცდილობენ აწარმოონ ისეთი კარტრიჯები, რომლებიც მიესადაგება და ვარგისი იქნება მხოლოდ განსაზღვრული სახის პრინტერისთვის, ამიტომ კარტრიჯს უყენებენ „ჩიპს“, რომელიც ითვლის დაბეჭდილი ფურცლების რაოდენობას, ხოლო ლიმიტის ამოწურვის შემდეგ იბლოკება, რათა არ მოხდეს მისი დატენა და განმეორებით გამოყენება.

ამიტომ, პრინტერის შეძენის წინ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმ საკითხს, იქნება თუ არა შესაძლებელი კარტრიჯის დატენა, ან სხვა მწარმოებლების კარტრიჯების გამოყენება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია „უჩიპო“ კარტრიჯის შეძენა.

კარტრიჯების რესურსიკარტრიჯების რესურსი არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ პრინტერების მწარმოებლები ძირითად შემოსავლებს იღებენ არა თავად პრინტერებისგან, არამედ კარტრიჯების და სხვა სახარჯი მასალების რეალიზაციისგან.

ეს რეალურიცაა, რადგან თუ პრინტერი მომხმარებელს ემსახურება რამოდენიმე წელი, კარტრიჯების ყიდვა მათ უწევთ გაცილებით ხშირად, მითუმეტეს დიდი რაოდენობით ბეჭდვის დროს.

ამიტომ, პრინტერის შეძენის წინ აუცილებლად დაინტერესდით, თუ რა რესურსი აქვს თქვენს მიერ შერჩეული მოდელის კარტრიჯს.

თუ ლაზერული და შუქდიოდური პრინტერების რესურს დაახლოებით ერთ და იგივეა (1600-2500 გვერდი და მეტი), ჭავლური პრინტერების რესურსი გაცილებით ნაკლებია და შეადგენს დაახლოებით 160-2500 გვერდს.

მაგალითად, თუ კარტრიჯით, რომლის რესურსია 180 გვერდი, თქვენ დაბეჭდავთ 2000 გვერდს, ამისთვის დაგჭირდებათ დაახლოებით 11 კარტრიჯის შეძენა, ხოლო თუ კარტრიჯის რესურსი 2300 გვერდია, 2000 გვერდის დასაბეჭდად მხოლოდ 1 კარტრიჯის შეძენა იქნება საჭირო.

ამიტომ დაბალფასიანი პრინტერის შეძენის დროს, კარგად დაფიქრდით და დათვალეთ, თუ რა რესურსის კარტრიჯების მხარდაჭერა აქვს კონკრეტულ მოდელს, და რა რაოდენობის კარტრიჯის ან მელნის შეძენა მოგიწევთ თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე.

რადგან, თუ გააკეთებთ ეკონომიას თავად პრინტერზე (რომელიც ბეჭდავს მაგალითად 180 გვერდს) ის დაბეჭდავს ძალიან ცოტა გვერდს, რომელიც არ გეყოფათ და კარტრიჯების ხშირად შეძენა მოგიწევთ, რაც ძვირი დაგიჯდებათ.

მაგრამ თუ შეიძენთ პრინტერს, რომელიც უფრო მეტი თანხა ღირს, ვიდრე ბიუჯეტური მოდელი, მაგრამ აქვს 2500 გვერდიანი კარტრიჯის მხარდაჭერა, შემდგომში კარტრიჯების ან მელნის შეძენაში დიდ ეკონომიას გააკეთებთ და საბოლოო ჯამში მოგებული დარჩებით.

კარტრიჯების მელანიმელანითუ საუბარია ლაზერულ ან შუქდიოდურ პრინტერებზე, აქ ყველაფერი ნათელია, მათში მელნის ნაცვლად გამოიყენება ფხვნილი და ასარჩევიც განსაკუთრებით არაფერია.

თუმცა სულ სხვა სიტუაციაა ჭავლურ პრინტერებთან დაკავშირებით, რომლის კარტრიჯებში მელანია გამოყენებული.

კარტრიჯებში არსებული მელანი შეიძლება იყოს ორი სახის:

წყლის საფუძველზე;

პიგმენტური;

წყლის საფუძველზე დამზადებული მელანი - მზადდება წყლის საფუძველზე დამზადებული საღებავებისგან. ასეთი მელანი პიგმენტურზე იაფია და კარგად გადასცემს ფერთა გამას.

ბევრ ჭავლურ პრინტერში ტრადიციულად გამოიყენება სწორედ წყლის საფუძველზე დამზადებული მელანი, თუმცა ასეთი მელნით დაბეჭდილი ფოტო და ტექსტი ადვილად „ითხაპნება“ მასზე წყლის ან ნესტის მოხვედრის დროს.

პიგმენტური მელანი - მზადდება პიგმენტური საღებავების საფუძველზე. ასეთი მელანი უფრო ძვირია, მაგრამ სამაგიეროდ მდგრადია წყლის, ნესტის და შუქის ზემოქმედების მიმართ.

მართალია ფერთა მდიდარ გამას ისე ვერ გადასცემს, როგორც წყლის საფუძველზე დამზადებული მელანი, მაგრამ სხვაობას შენიშნავთ მხოლოდ შედარების დროს.

პიგმენტური მელნის მინუსია ის, რომ იგი ძალიან სწრაფად შრება მბეჭდავ თავაკზე და ამ შემთხვევაში შემდგომი ბეჭდვა შეუძლებელია.

ამიტომ, ასეთი მელნის გამოყენების დროს ხშირი შემოწმებაა საჭირო, რომ პიგმენტური მელანი არ გაშრეს თავაკზე ან საქშენებში.

მელნის ტიპის მიხედვით პრინტერის არჩევა რა თქმა უნდა არ არის ძირითადი კრიტერიუმი პრინტერის არჩევის დროს და თუ გაკმაყოფილებთ სხვა პარამეტრები, მელნის ტიპის გამო არ ღირს არჩევანზე უარის თქმა, მაგრამ ცოდნით აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ რა ტიპის მელანს იყენებს თქვენი პრინტერი.

 

სახარჯი მასალები

 

პრინტერის სახარჯი მასალებიგახსოვდეთ, რომ პრინტერების მფლობელები სახარჯო მასალების მუდმივი მომხმარებლები არიან, რადგან ამ აპარატების ბევრი დეტალს გააჩნია მუშაობის განსაზღვრული რესურსი.

მაგალითად, ე.წ „ფოტობარაბანი“ - მოწყობილობა, რომელსაც გადააქვს გამოსახულება ქაღალდზე და გამოიყენება ლაზერულ და შუქდიოდურ პრინტერებში, გარკვეული რაოდენობის ფურცლების დაბეჭდვის შემდეგ ითხოვს შეცვლას.

ასეთ მოწყობილობებზე „ფოტობარაბანის“ რესურსი შეადგენს 6000-დან 1 000 000-მდე გვერდს.

ჩვეულებრივ პრინტერებში ან მულტიფუნქციურ მოწყობილობებში „ფოტობარაბანის“ რესურსი მეტია, რადგან იგი მდებარეობს კარტრიჯის შიგნით და მისი რესურსი კარტრიჯის რესურსის ტოლია.

ასეთ აპარატებზე „ფოტობარაბანის“ მუშაობის რესურსი გაცილებით დიდია და შეადგენს 10000 – 5 000 000 გვერდს.

როგორც ლაზერული, ასევე ჭავლური პრინტერების სახარჯ მასალებში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს კარტრიჯს

ლაზერულ პრინტერებში საღებავის სახით გამოიყენება მაგნიტური ფხვნილი - დეველოპერი, რომლის რესურსიც ასევე შეზღუდულია და შეადგენს 2200-600 000 გვერდს.

კარტრიჯი/ტონერის რესურსი, როგორც წესი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე „ფოტობარაბანის“ ან მაგნიტური ფხვნილის (დეველოპერის).

ლაზერულ, შუქდიოდურ პრინტერებში და მულტიფუნქციურ მოწყობილობებში გამოსახულების მისაღებად გამოიყენება ტონერი. იგი შეიძლება მდებარეობდეს კარტრიჯში ან სპეციალურ ჭურჭელში.

პერსონალური გამოყენებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებში ტონერის რესურსია 1000-5000 გვერდი, მაღალმწარმოებლურ საბეჭდ პრინტერებში კი 10000-30000 გვერდი.

ფერადი კარტრიჯ/ტონერის რესურსი შეადგენს დაახლოებით 52-52 000 გვერდს, შავ-თეთრი კარტრიჯ/ტონერის რესურსი კი დაახლოებით 80-100 000 გვერდს.

ჭავლურ პრინტერებში და მრავალფუნქციურ მოწყობილობებში მელნის კარტრიჯების რესურსი მნიშვნელოვნად დაბალია  - სულ 100-2500 გვერდი. მათი შედარებითი სიძვირის გამო.

ამიტომ პრინტერის შეძენის წინ, აუცილებლად იფიქრეთ რა თანხა დაგიჯდებათ მისი მომსახურება ანუ ისეთი სახარჯო მასალების ყიდვა,  როგორიცაა - კარტრიჯი, მელანი და ტონერი.

მაგალითად, ჭავლური პრინტერისთვის, მელნის გათავების შემდეგ საჭიროა ორიგინალი კარტრიჯების შეძენა - ასეთ რეკომენდაციას იძლევიან მწარმოებლები, თუმცა ეს საკმაოდ ძვირადღირებული გადაწყვეტილებაა. ამიტომ, ჭავლური პრინტერებისთვის უმჯობესია თავსებადი კარტრიჯების (კარტრიჯების დატენის) ან მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემით აღჭურვილი კარტრიჯების შეძენა.

ეს უკანასკნელი ყველაზე ეკონომიურია. ერთი ქილა მელანი გეყოფათ დიდი ხნის განმავლობაში, ხოლო მისი რეზერვუარში ჩასხმა შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც.

ლაზერული პრინტერის შემთხვევაში, მისი კარტრიჯის დატენას ვერ შეძლებთ, ამიტომ შეიძლება შეიძინოთ კარტრიჯები ალტერნატიული მწარმოებლისგან, რომლის ფასიც იქნება უფრო იაფი და მისაღები, მაგრამ მნიშვნელოვანია და კარგად დააკვირდით, რომ თქვენს მიერ არჩეულ პრინტერის მოდელს ჰქონდეს სხვადასხვა ფირმების კარტრიჯების მხარდაჭერა.

შესაძლებელია ორიგინალი კარტრიჯის შესაბამისი ტონერით დატენა, მაგრამ ამ პროცედურისთვის შეიძლება საჭირო გახდეს პრინტერის გადაპროგრამება (მწარმოებლები ცდილობენ, რომ კარტრიჯების დატენა იყოს შეუძლებელი).

ყველა შემთხვევაში უმჯობესია საქმე მიანდოთ პროფესიონალს. ლაზერული პრინტერის ტონერი საკმაოდ საშიშია, ამიტომ, თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ ნუ დატენით კარტრიჯს დამოუკიდებლად.

მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემამელნის უწყვეტი მიწოდების სისტემა - თუ თქვენ აპირებთ ბევრ ბეჭდვას ჭავლურ პრინტერზე, მათ შორის ფოტოსურათებისა და სხვადახვა სახის გრაფიკისა, რეკომენდებულია შეიძინოთ მოდელი, რომელსაც ექნება მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემა, რადგან იგი თქვენ ბეჭდვას გაცილებით ეკონომიურს და იაფს გახდის.

თუმცა, დღესდღეობით ასეთი სისტემა გააჩნია თითქმის ყველა ჭავლურ პრინტერს.

ზოგიერთი დაბალბიუჯეტური მოდელი ითხოვს კარტრიჯის შეცვლას ტექსტის პირველი ორასი სტრიქონის დაბეჭვდის შემდეგ, დაბალი სანდოობის და შეუთავსებლობის გამო კი იკარგება მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემისა და მრავალჯერადი კარტრიჯების მიერთების შესაძლებლობა.

ამიტომ, სანამ მოიხიბლებით დაბალი ფასით და გადაწყვეტთ დაბალბიუჯეტური მოდელის შეძენას, კარგად გაეცანით მის მონაცემებს, ფუნქციებს, შესაძლებლობებს და არჩევანი ამის შემდეგ გააკეთეთ.

 

ბეჭდვის ფორმატი

 

პრინტერის ბეჭდვის ფორმატიროგორც ოფისის, ასევე სახლისთვის განკუთვნილი პრინტერის არჩევის დროს უნდა ჩამოყალიბდეთ თუ რა ფორმატის დოკუმენტების ან ფოტოსურათების დასაბეჭდად გესაჭიროებათ იგი.

ფორმატების რაოდენობა პრინტერებში საკმაოდ დიდია - A0, A1, A2, A3, A3+, A4, A5, A6, B5, C6, DL, Half Letter, Legal, Letter, N10 და სხვა.

ყველაზე პოპულარული ფორმატია  А4 (297/210 მმ). ეს არის ოფიციალური დოკუმენტების სტანდარტულ ზომა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში გამოგადგებათ.

მაგრამ თუ დაკავებული ხართ გრაფიკით და არქიტექტურით, ხშირად გიწევთ პროექტების და მათ შორის სპეციალური პროგრამებით სამ განზომილებიანი პროექტების გაკეთება, უმჯობესია, თუ თქვენს პრინტერს ექნება A3 (297ხ420მმ) ბეჭდვის ფორმატიც.

A3 და  A3 + ფორმატით შესაძლებელია მცირე ზომის რუქების დაბეჭდვაც კი.

არსებობს პროფესიონალური ფართოფორმატიანი პრინტერები (პლოტერები), რომლებიც გამოიყენება გამომცემლობებში და ტიპოგრაფიებში. ასეთ პრინტერებს აქვთ დიდი ფორმატების - A2, A1, A0 - ის მხარდაჭერა.

პრინტერები/პლოტერები, რომლებსაც გაბარიტებიც შთამბეჭდავი აქვთ, ასევე მუშაობს ქაღალდის რულონებით, რომელთა სიგანე ამ ფორმატების ფურცლების სიგანის ტოლია.

A0 და A1 ფორმატების გამოყენება ხდება ძირითადად რეკლამის ინჟინრების მიერ, რომლებიც ასევე იყენებენ A2 ფორმატის პრინტერებს.

A2 ფორმატის პრინტერები წარმოადგენს შუალედურ მოწყობილობას ფართოფორმატიან და სტანდარტულ პრინტერებს შორის და ისინი სამომხმარებლო ბაზარზე ნაკლებად გვხვდება.

პროფესიონალი მოწყობილობების გარდა, არსებობს სუპერ კომპაქტური პორტატული პრინტერებიც, რომლებიც ბეჭდავენ მცირე - A6 (10х15 სმ) და უფრო ნაკლები ფორმატის ფოტოსურათებს.

ამიტომ, თუ პრინტერი სახლის პირობებში, სურათების დასაბეჭდად გესაჭიროებათ,  ფოტობარათის ყველაზე ოპტიმალურ ფორმატია A6 (10х15 სმ).

ასეთ პრინტერებზე შესაძლებელია პირდაპირ ბეჭდვა, კომპიუტერთან მიერთების გარეშე.

პორტატული ფოტოპრინტერი შეიძლება თან ატაროთ სადაც გსურთ, მაგალითად აგარაკზე, მოგზაურობაში და ა.შ, სადაც მისი საშუალებით მომენტალურად შეძლებთ სურვილის შემთხვევაში ამობეჭდოთ სურათები თქვენთვის ან უსახსოვროთ მეგობრებს.

 

ქაღალდის სიმკვრივე

 

პრინტერის ქაღალდის სიმკვრივებეჭდვის მაღალი ხარისხი დამოკიდებულია არა მხოლოდ პრინტერის მოდელზე და მის ფუნქციებზე, არამედ ქაღალდზეც, რომელზეც ხდება ტექსტის ან სხვადასხვა სახის გამოსახულებებისა და ფოტოსურათების ბეჭდვა.

ხარისხიანი ფოტოსურათის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ფოტო ქაღალდზე. ასეთი ქაღალდი საშუალებას აძლევს ფოტოპრინტერს დაბეჭდოს გამოსახულება, რომლიც არ განსხვავდება ჩვეულებრივი ფოტოსურათისგან.

ზოგადად კი პრინტერის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი სახის ქაღალდზე ბეჭდვა. აქ მთავარი სიმკვრივეა. ქაღალდის სიმკვრივე - ეს არის მაჩვენებელი, რომელიც აღნიშნავს ქაღალდის სისქეს, რომელზეც ხდება ანებეჭდის გადატანა.

ჩვეულებრივ ქაღალდზე ბეჭდავს ყველა პრინტერი, მაგრამ ქაღალდს, რომლის სიმკვრივე მაღალია, ზოგიერთი პრინტერი ვერ უმკლავდება.

თუ პრინტერს არა აქვს მკვრივ ქაღალდზე ბეჭდვის მხარდაჭერა, მისი საშუალებით ვერ დაბეჭდავთ მაგალიათად სავიზიტოო ბარათებს ან ფოტოსურათებს.

მაგალითად, პრინტერზე, რომელსაც აქვს ქაღალდის სიმკვრივის მხარდაჭერა - 64-95გ/მ2, დაბეჭდავს მხოლოდ ჩვეულებრივ ქაღალდზე, ხოლო პრინტერით, რომლის ქაღალდოს სიმკვრივის მხარდაჭერა 60-300გ/მ2-ია დაიბეჭდება როგორც ქაღალდზე, ასევე ფოტო ქაღალდზე.

ქაღალდის მაქსიმალური სიმკვრივე, რომელზეც შესაძლებელია პრინტერით (ან მრავალფუნქციური მოწყობილობით) ბეჭდვა, შეადგენს 60 დან 1190.0 გ/მ2. 

 

ბეჭდვის სიჩქარე

 

პრინტერის ბეჭდვის სიჩქარეპრინტერის ან მრავალფუნქციური მოწყობილობის ბეჭდვის სიჩქარე  - ეს არის გვერდების რაოდენობა, რომელსაც მოწყობილობა ბეჭდავს, ასკანერებს ან აკოპირებს ერთი წუთის განმავლობაში (გვერდი/წუთში).

რაც უფრო ხარისხიანად ბეჭდავს პრინტერი, მით უფრო დაბალია მისი ბეჭდვის სიჩქარე და პირიქით. თუმცა რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისი მოდელებიც.

მაღალი სიჩქარე მნიშვნელოვანია, როცა თქვენ მუშაობთ დიდი რაოდენობის ტესტის და გამოსახულების ამოსაბეჭდად, ამიტომ მაღალსიჩქარიანები პრინტერები ოპტიმალური ვარიანტია ოფისებისთვის, ბანკებისთვის და სხვა დაწესებულებებისთვის, სადაც დოკუმენტთბრუნვა საკმაოდ მაღალია.

დაბალსიჩქარიანი პრინტერები კი სრულიად საკმარისია და იყენებენ კიდეც სახლის პირობებში.

ლაზერული პრინტერი, ყველაზე ბიუჯეტური მოდელიც კი ბეჭდავს პრაქტიკულად მომენტალურად. მისი ბეჭდვის სიჩქარე უტოლდება პრინტერზე არსებული ქაღალდის მიმწოდებელი მოწყობილობის ბრუნვის სიჩქარეს.

ბეჭვდი სიჩქარე ლაზერულ პრინტერებში არის დაახლოებით 15-25 გვერდი/წუთში.

ჭავლურ პრინტერს, როგორც წესი დასაბეჭდად უფრო მეტი დრო ესაჭიროება ვიდრე ლაზერულს და თუ შავ-თეთრი ტექსტი იბეჭდება შედარებით სწრაფად, ფერადი ტექსტისა და დეტალური ფერადი ფოტოსურათის მისაღებად გაცილებით მეტი დროა საჭირო.

აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ სუპერთანამედროვე ჭავლური პრინტერები ბეჭდვის მაღალი სიჩქარით არ ჩამოუვარდება ლაზერულ პრინტერებს და აკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლის სურვილებსაც კი.

ზოგადად, ბეჭდვის სიჩქარე, რომელიც მითითებულია პრინტერის დოკუმენტაციაში და პრინტერის რეალური სიჩქარე განსხვავდება ერთმანეთისგან. სიჩქარის დიდი მაჩვენებელი ხშირად მწარმოებლების მიერ გამოყენებულ მარკენტიგულ ხრიკს წარმოადგენს.

ასე, რომ თუ თქვენი პრინტერით მითითებული გვერდების ზუსტი რაოდენობა არ დაიბეჭდა, ეს სრულიად ნორმალურია, მთავარია სხვაობა მითითებულსა და რეალურს შორის არ იყოს ძალიან დიდი.

 

ბეჭდვის გარჩევადობა (DPI)

 

პრინტერის ბეჭდვის გარჩევადობა (DPI)ბეჭდვის გარჩევადობა DPI - ეს არის წერტილების რაოდენობა, რომელიც შეუძლია დაბეჭდოს პრინტერმა ერთ კვადრატულ დიუმზე.

რაც უფრო დიდია DPI -ის მნიშვნელობა, მით უფრო ხარისხიანი გამოვა ანაბეჭდი და მით უფრო უკეთესად იქნება დამუშავებული გამოსახულებაზე ან ფოტოსურათზე არსებული მცირედი დეტალები.

600 DPI - ოპტიმალურია ტექსტის დასაბეჭდად გრაფიკის გარეშე;

1200 DPI და ზემოთ - ოპტიმალურია გრაფიკული ჩანართებით გაჯერებული ტექსტის დასაბეჭდად (გრაფიკები, დიაგრამები და ა.შ), აგრეთვე ჩვეულებრივი ფოტოსურათის დასაბეჭდად.

2400 DPI და ზემოთ - გამოიყენება ფროფესიონალური ფოტოსურათების დასაბეჭდად.

 

შეერთება / ინტერფეისი

 

პრინტერის შეერთება/ინტერფეისიპრინტერი თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია კომპიუტერთან ან რაიმე სხვა მოწყობილობასთან, რომლიდანაც ხდება სიგნალის გადაცემა დოკუმენტის დაბეჭდვისთვის.

ფოტოპრინტერები უკვე დიდი ხანია წარმატებულად ართმევენ თავს მოვალეობას კომპიუტერის გარეშე და აკეთებენ ანაბეჭდებს პირდაპირ ფოტოაპარატიდან.

იმისათვის, რომ მომხმარებელს გაუიოლდეს დასაბეჭდი ფოტოსურათის შეფასება და აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს მისი რედაქტირება, პრინტერები აღჭურვილია ფერადი მონიტორებით.

იგივე შეიძლება ითქვას პრინტერებზე, რომელთაც გააჩნიათ მეხსიერების ბარათით ან ფლეშ მეხსიერებით აღჭურვილი სლოტები და ეკრანზე ფოტოსურათების გამოტანა ხდება მათი საშუალებით.

იმ შემთხვევაში, თუ პრინტერი მიერთებულია კომპიუტერზე, ის როგორც წესი აღჭურვილია ვებ ინტერფეისით, რომელიც საშუალებას იძლევა განახორციელოს დისტანციური წვდომა პრინტერთან ან მულტიფუნქციური მოწყობილობასთან ნებისმიერი კომპიუტერიდან რომელიც ჩართულია ქსელში  HTTP პროტოკოლით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონექტი და მომართვა ხორციელდება ჩვეულებრივი ინტერნეტ ბრაუზერის საშუალებით. როგორც წესი, ასეთი პრონტერები გამოიყენება დიდ დაწესებულებებში.

ზოგადად კი მონაცემთა გადაცემა პრინტერზე ან მრავალფუნქციურ მოწყობილობაზე ხდება შემდეგი ინტერფეისების საშუალებით:

USB - ყველაზე გავრცელებული ინტერფეისიპერიფერიული მოწყობილობების კომპიუტერთან მისაერთებლად.

პრინტერის ან მრავალფუნქციული მოწყობილობის კომპიუტერთან მისაერთებლად, ჩვეულებრივ გამოიყენება USB კაბელი.

Ethernet (RJ-45) - სადენიანი ინტერფეისი რომლის საშუალებითაც მოწყობილობა უერთდება პრინტერს/მრავალფუნქციურ მოწყობილობას.

FireWire (IEEE 1394) - მაღალსიჩქარული ინტერფეისი მინაცემთა გადაცემისთვის (გადაცემის სიჩქარე 400 მგბ/წმ) კომპიუტერიდან პრინტერზე.

Bluetooth - უსადენო ინტერფეისი, რომლის საშუალებითაც მოწყობილობა უერთდება პრინტერს/მრავალფუნქციურ მოწყობილობას,

Wi-Fi - უსადენო  შეერთების სტანდარტი. გამოიყენება სახლებში ან ოფისებში უსადენო ქსელების მოსაწყობად.

AirPrint - ეს არის უსადენო ბეჭდვის ტექნოლოგია Wi-Fi - ის საშუალებით. არ არის საჭირო დრაივერების გადმოწერა, დაყენება და მომართვა, ასევე არ არის საჭირო დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა.

AirPrint მუშაობს თანამედროვე პრინტერების უმრავლესობასთან - როგორც სახლის ჭავლურ ასევე საოფისე ლაზერულ პრინტერებზე.

IRDA (ინფრაწითელი პორტი) - მონაცემთა გადაცემის უსადენო ინტერფეისი. გადასაცემად იყენებს ინფრაწითელ გამოსხივებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ანალოგიური პორტის მქონე ნებისმიერი მოწყობილობიდან ნებისმიერი დოკუმენტის ან გამოსახულების გაგზავნა დასაბეჭდად.

LPT - ადრე ფართოდ გავრცელებული სადენიანი პარალელური ინტერფეისი კომპიუტერის პრინტერთან მისაერთებლად, თუმცა მონაცემთა გადაცემის დაბალი სიჩქარის გამო ეს უკანასკნელი ამოდის ხმარებიდან და თითქმის აღარ გვხვდება.

კარტ-რიდერი - დისპლეი და კარტ რიდერი საჭირო იქნება მათთვის, ვინც გეგმავს სურათებს დაბეჭდვას კომპიუტერის გამოყენების გარეშე, პირდაპირ მეხსიერების ბარათიდან ან ფოტოაპარატის პრინტერზე მიერთებით.

კარტრიდერი მუშაობს SD (SDHC) ბარათებით და CF (Compact Flash), იშვიათად xD და Memory Stick ბარათებით.

 

საქაღალდის ზომა და სხვა ფუნქციები

 

საქაღალდის ზომა და სხვა ფუნქციებიქაღალდის მისაწოდებლად პრინტერებსა და მრავალფუნქციურ მოწყობილობებში გამოიყენება სპეციალური მიმწოდებელი საქაღალდე.

რაც უფრო დიდია საქაალდის (თაბახის) ზომა, მით უფრო მეტი ქაღალდი მოთავსდება მასში და იშვიათად დასჭირდება დამატება.

პატარა ოფისის, ან სახლის პირობებში, სრულიად საკმარისია პრინტერის საქაღალდეში თავსდებოდეს 100-150 ფურცელი.

საშუალო ზომის ოფისში საკმარისი იქნება 300-500 ფურცელი, ხოლო დიდი ზომის დაწესებულებებში 1000 ფურცელი და ზემოთ.

ზოგიერთ შემთხვევაში, ხდება ქაღალდის ხელით მიწოდება, რასაც მაღალი პრიორიტეტი გააჩნია, რადაგან ამ შემთხვევაში ხდება პირველ რიგში ამობეჭდვა და გამოიყენება მკვრივ ქაღალდზე, კონვერტზე ან ფირზე დასაბეჭდად (1-დან 900 ფურცლამდე).

ზოგიერთი პრინტერი და მრავალფუნქციური მოწყობილება აღჭურვილია დამატებითი მოდულით - სორტერით, რომლის დანიშნულებაა მოახდინოს დაბეჭდილი დოკუმენტების განცალკევება. ეს ძალიან მოსახერხებელია, როცა მომხმარებელს სურს ერთი და იგივე დოკუმენტის ასლის ავტომატური სორტირება.

არსებობს კიდევ უფრო „ჭკვიანი“ სორტერებიც, რომლებიც საშუალებას იძლევა დოკუმენტები დაიბეჭდოს ერთ თაბახად (სივრცის ეკონომიისთვის). ამ დროს ხდება თითეული კომპლექტის დაშორება მეორისგან გარვეული მანძილით, რაც მომხმარებელს უიოლებს გაარჩიოს ერთი კომპლექტი მეორისგან.

ასეთი პრინტერები ხშირად არის აღჭურვილი სტეპლერით, რომელიც ავტომატურად კინძავს ასლებს, ბროშურებს და აკეთებს ცალკეული დაბეჭდილი დოკუმენტებისგან მზა ბუკლეტებს.

 

პრინტერი და კომპიუტერი

 

პრინტერი და კომპიუტერიპრინტერთან მიერთებული კომპიუტერის ოპერაციული სისტემა შეიძლება იყოს ნებისმიერი - Windows, DOS, Linux, Mac OS, მაგრამ პრინტერის კორექტული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას ისეთი სისტემური მოთხოვნები, როგორიცაა პროცესორის ტიპი და ოპერატიული მეხსიერების მოცულობა.

ამიტომ, პრინტერის შერჩევამდე, ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული ამ პარამეტრებზე. თუმცა, თუ თქვენ თანამედროვე კომპიუტერი გაქვთ, სავარაუდოდ არავითარი პრობლემა არ უნდა შეიქმნას.

ოპერატიული მეხსიერება პრინტერებში და მულტიფუნქციურ მოწყობილობებში გამოიყენება ბეჭდვის წინ გამოსახულების შენახვისა და დამუშავებისთვის.

თუ თქვენ ბეჭდავთ მაღალი გარჩევადობის მასალებს, ამ შემთხვევაში, მათი შედარებით მაღალი სიჩქარით დამუშავებისთვის დაგჭირდებათ სოლიდური ოპერატიული მეხსიერება.

იგივე შეეხება მაღალსიჩქარიან ლაზერულ და შუქდიოდურ პრინტერებს, რომლებიც როგორც წესი გვხდება მსხვილ ოფისებსა და დაწესებულებებში.

სხვათა შორის, ზოგიერთ ასეთ პრინტერში ჩაშენებულია მყარი დისკი, რომელზეც ინახება გაგზავნილი დავალებების, სკანების და აპარატული პროგრამირების რიგითობა.

მნიშვნელოვანი პარამეტრია პროცესორის სიხშირეც. განსაკუთრებით მაშინ, თუ პრინტერით რამოდენიმე ადამიანი სარგებლობს და იგი ხშირად გადატვირთულია.

რაც უფრო მეტია პროცესორის სიხშირე, მით უფრო სწრაფად ხდება დავალების გადამუშავება და მოძრაობს რიგითობა.

თუ თქვენ პრინტერით მარტო სარგებლობთ და მას განსაკუთრებულად დიდი დატვირთვა არ აქვს, მაშინ ეს პარამეტრი არ არის კრიტიკული. ასე, რომ თუ სახლში ან ოფისში პრინტერს ამუშავებთ მცირე დატვირთვით, შეგიძლიათ ამ პარამეტრს არ მიაქციოთ ყურადღება.

პრინტერის მოხმარებული სიმძლავრე დამოკიდებულია მოწყობილობის ტიპზე და მის მწარმოებლობაზე. ერთი კლასის პრინტერების შედარების დროს, პრიორიტეტულია და არჩევანი გააკეთეთ იმ მოდელზე, რომელიც მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას.

 

ჭავლური თუ ლაზერული?

 

ჭავლური თუ ლაზერული?ბეჭდვის ჭავლურ და ლაზერულ ტექნოლოგიებს გააჩნიათ როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებებიც. ის, რაც ერთი მეთოდის ძლიერი მხარეა, მეორე მეთოდის სუსტ წერტილს წარმოადგენს და პირიქით.

თუმცა, სუპერ თანამედროვე ლაზერული და ჭავლური პრონტერები ტოლს არ უდებენ ერთმანეთ ისეთ მონაცემებში, როგორიცაა ბეჭდვის სიჩქარე, ხარისხი და ეკონომიურობა.

განვიხილოთ ის ძირითადი ნიუანსები, რაც განასხვავებს ერთმანეთისგან ამ ორი ტექნოლოგიას და შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს  მომხმარებლისთვის:

ბეჭდვის სიჩქარე - თანამედროვე სახლის და ოფისის ჭავლური პრინტერების ბეჭდვის სიჩქარე დღითიდღე იზრდება, თუმცა მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ლაზერული პრინტერის ბეჭდვის სიჩქარეს.

ამიტომ, თუ თქვენ პრინტერი მხოლოდ დიდი რაოდენობით დოკუმენტების დასაბეჭდად გჭირდებათ, უმჯობესია არჩევანი ლაზერულ პრინტერებზე გააკეთოთ.

ფერადი ბეჭდვა - დიდი ხნის განმავლობაში ფერადი ბეჭდვა მხოლოდ ჭავლური ტექნოლოგიის პრეროგატივას წარმოადგენდა. თუმცა დღეს უკვე არსებობს ლაზერული პრინტერების ფართო ასორტიმენტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ფერადი გამოსახულებების ბეჭდვა.

თუმცა ფერადი ლაზერული პრინტერები, ისევე როგორც მისი სახარჯი მასალები გაცილებით ძვირია საშუალო მომხმარებლისთვის, ვიდრე ჭავლური პრინტერის და მისი მასალებისა. 

ამიტომ, თუ თქვენ ფერადი დოკუმენტების დაბეჭდვა გსურთ, უმჯობესია არცევანი ჭავლურ პრინტერზე გააკეთოთ.

ფოტოსურათების ბეჭდვა - ფერადი ბეჭდვის ერთ-ერთი სახეობაა პრინტერის საშუალებით ფოტოსურათების ბეჭდვა.

თუმცა, დღესდღეობთ, არ არსებობს ლაზერული ბეჭდვის ტექნოლოგია, რომელიც დაბჭდავდა განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ფოტოსურათებს.

ამიტომ, თუ პრინტერის შეძენის დროს თქვენი პრიორიტეტი ფერად, მაღალის ხარისხის სურათების ბეჭდვაა, ერთმნიშვნელოვნად არჩევანი ჭავლურ პრინტერზე უნდა გააკეთოთ.

ბეჭდვის ღირებულება - ზოგადად, ერთი ანაბეჭდის ღირებულება უფო ნაკლებია ლაზერულ პრინტერზე ვიდრე ჭავლურზე.

პოპულარობით სარგებლობს მოდელები, რომელთაც გააჩნიათ მელნის უწყვეტი მიწოდების და კარტრიჯების დატენის სისტემები, რომელთა გამოყენებაც საგრძნობლად ამცირებს ბეჭდვის ღირებულებას.

ასე, რომ თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ბეჭდოთ ბევრი და იაფად, არჩევანი ლაზერულ პრინტერზე უნდა გააკეთოთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა მწარმოებელმა, მაგალითად იაპონურმა ფირმა Epson-მა შექმნა სრულიად განსხვავებული ტექნოლოგია - ჭავლური უკარტრიჯო პრინტერები პიგმენტური მელნით., რომელიც ბეჭდავს სწრაფად, ხარისხიანად და ლაზერულ პრინტერზე გაცილებით უფრო იაფად.

ენერგომომხმარება - ლაზერული პრინტერის ენერგომოხმარება უფრო მაღალია ვიდრე ჭავლურისა. შესაძლოა ეს საკითხი მნიშვნელოვნად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოგჯერ პრინციპიალურიც კი აღმოჩნდეს.

ზოგადად, ენერომოხმარებას თქვენთვის მნიშვნელობა აქვს, პრინტერის შეძენის წინ კარგად გაეცანით ინსტრუქციას, სადაც მითითებულია მისი სიმძლავრე და მოხმარებული ელექტროენერგია.

აირჩიეთ ლაზერული ან შუქდიოდური პრინტერი თუ:

გჭირდებათ დიდი მოცულობის დოკუმენტების ბეჭდვა;

თუ გჭირდებათ მხოლოდ მონოქრომული ბეჭდვა;

თუ პრინტერი დიდი ხნის განმავლობაში არ იმუშავებს

თუ არ აპირებთ ფოტოსურათების ბეჭდვას;

აირჩიეთ ჭავლური პრინტერი თუ:

თუ გსურთ ფერადი ბეჭდვა;

თუ გსურთ მაღალხარისსხიანი ფოტოსურათების ბეჭდვა;

თუ გსურთ CD ან DVD დისკებზე ბეჭდვა;

თუ გსურთ ლამაზი მოსაწვევის ან სავიზიტო ბარათების ბეჭდვა/

 

მრავალფუნქციური მოწყობილობა MFP

 

მრავალფუნქციური მოწყობილობა MFPდღესდღეობით, პრინტერის  ნებისმიერ ბაზას, იქნება იგი ლაზერული თუ ჭავლური, გააჩნია მოდიფიკაცია მრავალფუნქციური მოწყობილობის სახით.

ასეთი მოწყობილობის შეძენის დროს, რომელიც შეიძლება უმნიშვნელოდ მეტი ღირებულების იყოს იყოს ვიდრე მხოლოდ პრინტერი, თქვენ შეძლებთ დოკუმენტების სკანირებას, მათ კოპირებას კომპიუტერის ჩართვის გარეშე, ზოგიერთ მოდელს კი ჩაშენებული აქვს ფაქსის აპარატი და ტელეფონი.

ბევრი მრავალფუნქციური მოწყობილობა აღჭურვილია მოწყობილობით, რომელიც ანხორციელებს ორიგინალის ავტომიწოდებას საკნირებისთვის ან კოპირებისთვის. მომხმარებელი ათავსებს მასში ფურცლების შეკვრას და ხდება მათი თანმიმდევრული დამუშავება.

ავტომიწოდება შეიძლება იყოს ცალმხრივი, ან ორმხრივი. პირველი საშუალებას იძლევა მოხდეს დოკუმენტის საკნირება ან კოპირება მხოლოდ ერთი მხრიდან, ხოლო ორმხრივ „ავტომიმწოდებელს“ შეუძლია გადმოაბრუნოს საწყისი დოკუმენტი და მოახდინოს მისი ცალმხრივი ან ორმხრივი სკანირება ან კოპირება.

ისეთი ფართო ფუნქციონალი, როგორიც აქვს მულტიფუნქციურ პრინტერებს, საკმაოდ კომფორტულია როგორც სახლის, ასევე ოფისის პირობებში და სრულიად არ იქნება ზედმეტი ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებლისთვის.

თუმცა, სანამ მულტიფუნქციური პრინტერის შეძენას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით რამდენად გესაჭიროებათ ყველაფერი ის, რაც შეიძლება ჰქონდეს ასეთ პრინტერს.

მაგალითად გესაჭიროებათ თუ არა ფაქსი, ან პრინტერში დამატებით ჩაშენებული ტელეფონი.

მართალია ერთ კორპუსში მოქცეული პრინტერი, სკანერი, ფაქსი და ტელეფონი შესაძლოა ვიზუალურად და გამოყენების თვალსაზრისითაც მიმზიდველი იყოს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რომელიმე დეტალის დაზიანების შემთხვევაში, თქვენ შეიძლება დარჩეთ ყველაფრის გარეშე, ან დაზიანდეს რომელიმე მოწყობილობა და თქვენი აპარატი დარჩეს ნახევრად ფუნქციონალური.

გარდა ამისა, ხშირად თითეული კომბინირებული მრავალფუნქციური მოწყობილობის ხარისხი შეიძლება გაცილებით დაბალი იყოს ვიდრე ცალკე შეძენილისა.

მაგალითად, თქვენს მულტიფუნქციურ პრინტერს შეიძლება გაუფუჭდეს სკანერი (ასეთი რამ პერიოდულად ემართებათ მულტიფუნქციურ პრინტერებს), რომელიც ცალკე აღებული ძალიან იშვიათად ფუჭდება.

 

ზოგადი რჩევები

 

ზოგადი რჩევები პრინტერის არჩევის დროსრა თქმა უნდა, პრინტერის შეძენის დროს, მომხმარებლის სურვილია რაც შეიძლება ნაკლებ ფასად შეიძინოს უნივერსალური პრინტერი, რომელიც შეასრულებს მეტ და ხარისხიან ოპერაციებს მინიმალური დანახარჯის ფასად, თუმცა სამწუხაროდ ასე არ ხდება და ბიუჯეტურ, დაბალფასიან პრინტერებს შესაძლოა აღმოაჩნდეს შემდეგი უარყოფითი თვისებები:

დაბალი სანდოობა;

დიდი ხარჯი;

მუშაობის დაბალი სიჩქარე;

შეზღუდული ფუნქციონალი;

თუ შეზღუდულ ფუნქციებსა და დაბალპროდუქტიულ სიჩქარეს ასე თუ ისე შეეგუებით, დაბალ სანდოობასთან და მაღალ ხარჯთან შეგუება ნამდვილად გაგიჭირდებათ.

ამიტომ, უმჯობესია, თუ სახლში გამოყენებისთვის შეიძენთ მცირე ოფისებისთვის განკუთვნილ პრინტერს, რომლის სანდოობა, გამძლეობა და ფუნქციები მორგებული იქნება თქვენს მოთხოვნილობებზე.

რაც შეეხება ოფისებში და სხვადასხვა დაწესებულებებში გამოსაყენებელ პრინტერს, ის აუცილებლად უნდა იყოს მაღალი ხარისხის, სანდო, გააჩნდეს საჭირო ფუნქციონალი და სახარჯი მასალების ღირებულება იყოს დაბალი.

თუ პრინტერი გჭირდებათ სახლის პირობებში პერიოდულად დოკუმენტების დასაბეჭდად და უფრო მეტად ფოტოსურათების ამოსაბეჭდად, არჩევანი ჭავლურ პრინტერზე უნდა გააკეთოთ.

თუ პრინტერი დიდი რაოდენობით შავ-თეთრი დოკუმენტების ამოსაბეჭდად გესაჭიროებათ, არჩევანი ლაზერულ პრინტერზე (შავ-თეთრი ბეჭდვით) უნდა გააკეთოთ, რადგან ფერადი ლაზერული პრინტერი და მისი სახარჯი მასალები ძალიან ძვირი დაგიჯდებათ (ჭავლურ პრინტერებთან შედარებით).

თუ თქვენ გსურთ პრინტერით მხოლოდ ოჯახური ფოტოსურათების ბეჭდვა და დოკუმენტების დაბეჭდვა არ გესაჭიროებათ, თქვენი არჩევანი - ფოტოპრინტერია.

თუ პრინტერის საშუალებით გსურთ დიდი რაოდენობით როგორც დოკუმენტების, ასევე ფოტოსურათების ბეჭდვა, თქვენ გესაჭიროებათ პრინტერი, რომელსაც აქვს მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემის მიერთების შესაძლებლობა;

სასურველია თუ პრინტერის საშუალებით შესაძლებელი იქნება ბეჭდვა მინდვრების გარეშე.

პრინტერის არჩევის დროს ყურადღება მიაქციეთ, რომ გქონდეთ მისი კარტრიჯის დატენის შესაძლებლობა (ანუ კარტრიჯს არ უნდა ჰქონდეს ე.წ „ჩიპი“, რომლის შემთხვევაშიც მოგიწევთ ძვირადღირებული კარტრიჯის შეძენა).

ყურადღება მიაქციეთ პრინტერის ხმაურის დონეს. აკუსტიკური წნევიდან და სიმძლავრიდან გამომდინარე, მისი შუშაობის რეჟიმი უნდა იყოს რაც შეიძლება უხმაურო;

სასურველია თუ პრინტერის საშუალებით შესაძლებელი იქნება ბეჭდვა მინდვრების გარეშე (განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი ფოტოსურათების დასაბეჭდად გესაჭიროებათ.

 

მწარმოებელი ფირმები

 

პრინტერის მწარმოებელი ფირმებიაქ მოკლედ შევეხოთ ფირმებს, რათა ზოგადი წარმოდგენა გქონდეთ თანამედროვე პრინტერების ყველაზე მსხვილ მწარმოებლებზე:

Canon - გააჩნია საკმაოდ კარგი ასორტიმეტი როგორც მაღალფასიან მოდელებში, ასევე დაბალბიუჯეტურ სეგმენტში.

გამოირჩევა გამძლეობით. ჭავლურ პრინტერებში შესაძლებელია კარტრიჯების დატენის შესაძლებლობა.

Epson - სპეციალიზირებულია ძირითადად ფერად ბეჭდვაზე. აწარმოებს მაღალხარისხიან პრინტერებს და მრავალფუნქციურ მოწყობილობებს.

თუმცა, ამ ფირმის კარტრიჯებს დამოუკიდებლად ვერ დატენით. ან უნდა შეიძინოთ ახლაი კარტრიჯი, ან დასახმარებლად მიმართოთ სპეციალისტს.

HP - დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებელი. აწარმოებს მაღალხარისხიან ლაზერულ და ჭავლურ პრინტერებს საკმაოდ მისაღებ ფასად.

ძალიან ბევრ მოდელზე შესაძლებელია  კარტრიჯების დატენა, რაც ამ ფირმის პრინტერებს საკმაოდ მიმზიდველს და ხელმისაწვდომს ხდის.

Xerox - ერთ-ერთი ლიდერი პროფესიონალური ბეჭდვის სფეროში. აწარმოებს მაღალხარისხიან პრინტერებს და მრავალფუნქციურ მოწყობილობებს. თუ ფასი მისაღებია, ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იქნება განსაკუთრებით ოფისებსა და დაწესებულებებში.

Samsung - აწარმოებს საკმაოდ კარგი ხარისხის პრინტერებს, თუმცა მათი ფასი საკმაოდ მაღალია, სავარაუდოდ უფრო ბრენდის სახელის და არა განსაკუთრებული ხარისხის გამო.

რა თქმა უნდა არსებობს პრინტერების სხვა მწარმოებლებიც, მაგალითად Brother, Lexmark, Panasonic, Ricoh და სხვა მწარმოებლები, რომელთა შორის სასურველი პრინტერის არჩევა სტატიაზე დაყრდნობით არ გაგიჭირდებათ.

 

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 

პრინტერები ინტერნეტ მაღაზია www.be.ge-ში:

ჭავლური
პრინტერები
ლაზერული
პრინტერები
შავ-თეთრი
პრინტერები

მრავალფუნქციური
პრინტერები
ფერადი
პრინტერები
პრინტერების
სრული კატალოგი
პრინტერები ინტერნეტ მაღაზია www.deals.ge-ში:

პრინტერები
300 ლარამდე

HP-ის
პრინტერები
პრინტერების
სრული კატალოგი

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura