ძაღლების ყეფა - შარა-გზაზე მგზავრი გვიანი: დანიშნულ ქალებს ეხარებათ მკერდ-გაღეღილებს. გავსილი მთვარე ღამე მრავალ ვარსკვლავიანი. წირვამდის ფიქრი. მუსაიფი ჩოხის ქილებზე. ხშირი ღიმილი, სიამაყე ახალ წუღებით. კარებთან გიჟი მოწყენილი და დაჩოქილი. ვირების ლანდი საფლავებზე მოხრილ მუხებში. ვირების სევდა სამრეკლოზე აისის ახლოს. უბედურებმა სიყვარული ღმერთს დაუწინდეს და მოდის ქრისტე მათი სული რომ აამაღლოს. ისინი უხმოდ უცქერიან საფლავზე სოსანს. მათი საისრე წამწამები როგორც სიმები თითქოს მღერიან გარინდებით უცხო ოსანას. სიზმრებით გამთბარს მათ ფეხებთან დაეძინება. შორს სოფლის გაღმა ადრე მთვრალი არღანს ატირებს. წირვა თავდება და ხმაური მოდის ლხინებათ. ვირები მხოლოდ თავს უშვერენ მოოქრულ სარებს. ობოლ საფლავს ჰგავს მათი სახე ნაჯახირები - გუმბათი ბრწყინავს და ბავშვები ამტვრევენ ზარებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |