მზე იღვენთება, უკანასკნელ სხივს ჰფენს მაიდანს და ორთაჭალას ეძალება ბინდის ვარაყი... გარინდებული მტკვარს გაჰყურებს ნიკალაი და აკანკალებულ მღვრიე ჭიქას ავსებს არაყით... და აწეწილი შეენარცხა ისევ ბედ-იღბალს, წარსულს მოსხლეტილს უნებურად ისევ ახადა თავსაბურველი და მყობადი იჭვით შენიღბა... რომ ვერ შევიცან შენმიერი ვარსკვლავთ სავალი, სევდის პატრუქზე ვაოქროვე დენთი მღელვარე და ყოველ მწუხრის გასაყარზე წარსულს ვსვამ ალით... სული ხორცითურთ გაჟღენთილი ლეშად ვაქციე, გადავაჩვიე ლიტურგიებს, მირონცხებათ და ახლა ეშმასგან განდგომილსაც არ ვჰგავ მაქციას... და ცეცხლი მისი შეუმკრთალი ჯერაც არ ცხრება: - რიყის შეღმართებს დავუყვები ულუკმაპურო და მოკისკასე ლამაზმანთა ციალით ვძღები... და ჩემი სულის ვიაილეთს ეშხით ავსებდა, ვარდთა დასტებით სიყვარული გამოვისყიდე და მასთან ერთად განვიძარცვე მთელი არსებაც... მკერდში ამოზრდილს შევაკვეცე ყლორტი უკმეხ რტოს, ვერ გამოვწურე ჩემგან ჩარჩი, ვერც მეწვრილშვილე და ამიტომაც დავისაჯე ასე უღმერთოდ... გზებს ავედევნე შემოჭირხლულს, ხანაც ნაგვალევს, დავეხეტები დუქან-დუქან, გაღმა-გამოღმით და ყოველ ალაგს მოწიწებით ვტოვებ ნაკვალევს... ჩემს სახის ნაკვთებს შეხიზნული დროის დარაჯად, წელთა სიღრმეში შეუცნობლად დავხეტიალობ და სამშვიდობო მაინც ღმერთო, არსით არა სჩანს... გზამ იდუმალმა, შენიღბულმა ატლას-ფარჩებით, ალბათ დრო ცრემლით გადარეცხავს ამ ჩემს ნაჯაფარს და ჩემი ხსოვნის ნატამალიც არსად დარჩება... ხვალ თუ არა ზეგ მივბარდები მაინც მიწრიელს, ეს უფერული, უპირისწყლო ღამეც გავა და სადმე ჯურღმულში აღმომხდება სული... ვიცი ეს... (ბოლოს ხომ ქრება, ვინც კი ნებსით ამ გზას შემდგარა), ვიცი, წამართმევს ყოველივეს ერთად განგება და ჩემს სამარხსაც მოეღება ბოლო ჩემდარად... ყოფიერებით, ტრფიალებით, რა მხვდა არჩივად, რომ ჩემში ვარდთა უპირობო ამპარტავნებამ, ჩარჩი ჩაჰკლა და შემოქმედი გადაარჩინა! რახან განგება ცხონებისთვის კვლავ ფორას მაძლევს, რომ ხვალ კვლავ რიყეს მივაშურო ულუკმაპურომ და მოკისკასე ლამაზმანთა ციალით გავძღე...” ვიქტორიანულ ინტერიერს უღრენს ალისფრად და ესალტება ტილოს, ვითარც სულეთს ჰადესი, მილიონებად შეფასებულს ფიროსმანისას... |