- შეკრთა, გაიპო, გაბრწყინდა, თვალთ მეხილება, დედავ, მტრედისფერ საგალობლებში წმინდა კვირიკეს ვხედავ! რა ლამაზია კვირიკე, ცრემლის ნათელში მდგარი! როგორც ნიავის ალერსი, როგორც ჩონგურის ლარი! ყველა ხმა, ყველა სანთელი თავის სასწაულს ელის, სალბუნსა სასოებისა, ნარდის სურნელში ნაზელს. ნეტავი მაცნედ მატარა, შენგან დასავლელ გზაზე... ვერ კურნავს გულის სიბრმავეს, ღვთისგან დადებულ სასჯელს. ირხევა ცრემლით, იმედით, ნათლით დაწნული ტანი, მოდიან ცისადცისადნი, ბორგნეულნი და ბრმანი, ქიტონის კალთა შემეხო! - მაკურნებელი ქობა! გზად შინაბერებს გაუვლის, ყვავილს აჩუქებს თითოს... ყველა ჩამქრალი სარკმელი ნეტავ შენს გზაზე იდოს... უჩინარ საგზალს გვიტოვებს, გაის-ამ-დღემდე სამყოფს. წაიღებს ქენჯნის ფორეჯებს, კეთრის, ფილენჯის დაღებს, ცისკენ, იქ, სადაც ბეთლემი ვერცხლის კარიბჭეს აღებს, და ხუთი წმინდა ჭრილობა ყველა სნებისგან განბანს... სად მიკრთი, ივერთ-ნათელო, მზით, ვარსკვლავებით, მთვარით? ნუთუ სიკვდილიც ფუჭია, არსად გვეღება კარი? ტროპარის ნუსხურ გზაწვრილზე თეთრი მტრედები სხედან. ნუ ტირი, ობლის საგზლითაც გავწევთ სამეფო ნადიმს, რადგან სიმღერის ბილიკი უფლის წალკოტზე გადის. უფლის ლაჟვარდი გვაპკურე, ედემს ნაჟური წყალი... რაჟამს დაიწყებს ივლისი ულოს გვირგვინთა ახდას, კვლავ უბრუნდება კვირიკე თავის პატარა საყდარს, საყდარში კედელს ნოტიოს, სადაც ზეგარდმო ნებით დაუკეცია ანგელოზს ნელსევდიანი ფრთები... |