|
Über allen Gipfeln Ist Ruh, In allen Wipfeln Spürest du Kaum einen Hauch; Die Vögelein schweigen im Walde. Warte nur, balde Ruhest du auch.
მთარგმნელი: ხარიტონ ვარდოშვილი
დადუმებულან ზვიადი მთები, ღამე სწვევიათ. ხის კენწერონი ნიავის ფრთებით არ ირხევიან. შავი ბურუსი ტყეს ეფინება, სთვლემენ ჩიტები, დაიცა, მალე დაგეძინება, შენც დამშვიდდები.
მთარგმნელი: გალაკტიონ ტაბიძე
სიმშვიდეში თვლემს მწვერვალები მთის, ქარი არა სცემს, ფოთოლი არ თრთის; მოსვენების ჟამს მისცემია ტყეც, მოითმინე წამს, მოისვენებ შენც.
მთარგმნელი: ემზარ კვიტაიშვილი
გადათეთრებულ მწვერვალთა თავზე სიმშვიდე ელავს, დუმილით სავსე, დამშვიდებულა კენწეროც, ყველა; ჩქამიც არ წყდება მათ, გამჭვირვალე, დადუმებულან ფრინველნი ტყეთა, შენც ეღირსები სიმშვიდეს ნეტარს, დაცხრები მალე.
მთარგმნელი: ვახტანგ ბეწუკელი
გარინდებულან მწვერვალნი მთისა მოცულნი ბნელით, არ ირხევიან ფოთოლნიც ხისა შრიალით ნელით; ტყეში ფრინველნიც ნაბავენ თვალებს, შეწყვიტეს სტვენა... მოიცა მალე დასცხრები შენაც.
მთარგმნელი: რუსუსდან ღვინეფაძე
ყველა მწვერვალზე სიმშვიდე სუფევს, კენწეროებმაც განაბეს სუნთქვა, არ ისმის ჩქამი... ტყეში ჩიტები დადუმებულან. მოიცა ცოტა, შენც დაგიდგება სიმშვიდის ჟამი.
მთარგმნელი: გივი ძნელაძე
გარინდულან მთები, მდელოც აღარ ფშვენს... წყაროები თვლემენ, არც ფრინველი სტვენს... ნიავიც არ ტოკავს, მკვდრულად სძინავს ტყეს... მოითმინე ცოტა, - მოისვენებ შენც!...
მთარგმნელი: ლულუ დადიანი
მთის მწვერვალები გარინდებულან. ხის კენწეროთა სულ უნებური ჩამიჩუმიც კი არ გიკრთობს სმენას; ტყეში ჩიტების მიწყდა გალობა. ცოტაც და მალე იყუჩებ შენაც.
მთარგმნელი: კონსტანტინე გამსახურდია
დადუმებულან მთები, ველები, აღარ მოისმის არსიდან ჩქამი. აღარ ჟივიან ტყის ფრინველები, სთვლემენ თხემები ღამენასვამი. არ აკრთობს სმენას მცირედი ფშვენაც, მოიცა ცოტა, დაცხრები შენაც...
მთარგმნელი: იონა ვაკელი
ზვიად მთების ირგვლივ დუმილია წყნარი, ტყეში ფოთოლს ოდნავ არც კი არხევს ქარი... არ იძვრიან ხენი, არც ჩიტები სტვენენ, დაიცადე ცოტა და შენც დაისვენებ!
მთარგმნელი: ვალერიან გაფრინდაშვილი
მაღალნი მთანი სთვლემენ ღამეში, დადუმდნენ ხმანი ბნელ სიამეში. ყველგან სიმკრთალე... დაცხრნენ ჩიტები, დაიცა, მალე შენც დამშვიდდები!
მთარგმნელი: ნოდარ შამანაძე
მწვერვალები მთათა სდუმან დუმილს ჩვეულნი, ყველაფერი მართლა სმენად არის ქცეული. ტყეც აღარსად შფოთავს, სიმშვიდეა ზეცამდე, მოიცადე ცოტა, - დამშვიდდები შენც მალე. |
















