მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 3964 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: გივი გეგეჭკორი

* * * * * * *

 

როცა მე მდორე მდინარეთა მივყევ დინებას,

ვიგრძენ, მეგზური აღარ მყავდა და ვერც მოვძებნე,

სამიზნოდ სამოსგანძარცული მებაგირენი

გაეკრათ ველურ ინდიელებს ფერად ბოძებზე.


მხოლოდ მე ვიყავ უდარდელი ინგლისურ ბამბის

და ფლამანდური ჭირნახულის იმ მზიდავებში

და როცა მიწყდა ჟრიამული, გავყევი ნაპირს

და მდინარებას მინდობილი ქვევით დავეშვი.


იმ ზამთარს ვიყავ ყრუ ყრმის ტვინზე, ვერ ამშვიდებდა

ზღვას ვერაფერი და მოქცევის იდგა ხმაური;

ასე მივქროდი! იმ კუნძულებს და იმ კიდეებს

არ მოსწრებიათ ჯერ იმგვარი დღესასწაული.


გამოვეთხოვე სიზმრებიან და მშვიდ ღამეებს,

მათამაშებდა საცობივით ზვირთის ალერსი,

ამ ბრუნვას ერქვა უსასრულოდ მსხვერპლის წამება,

ათ ღამეს კრთოდა გულგრილობა ჭრაქის თვალებში.


უტკბესი, როგორც ბავშვებისთვის ვაშლი მაჟალო,

გვამში ჩამიდგა მწვანე ზვირთი თითქოს სისხლივით,

ღვინის ნარწყევი გადარეცხა და ფრთა გაშალა,

ღუზა მოგლიჯა, საჭეს ეცა და დამიმსხვრია.


მეც ჩამითრია ზღვის სიმღერამ, იქ ცის კამარა

და ვარსკვლავებით მოჭედილი მარადისობა

იმზირებოდა და ქცეული უძღებ სამარედ

ხანდახან ცხედარს, ჩაფიქრებულს, ზევით ესროდა.


უცებ დაირღვა ლილისფერი ზღვის მაქმანები,

დღის ნელი რიტმი და კაშკაში, და ვით უღვინოდ

დათრობა ანდა უსაზღვრობა ჩვენი ქნარების,

გამწარებული სიყვარულის ვიგრძენ დუღილი!


მე ვნახე ზეცის ჩამოქცევა, რომ იხედება

ელვა, და ზვირთი რომ ღრიალებს, ვნახე საღამო -

აღტაცებული ფრთის მოქნევა ლურჯი მტრედების, -

რაც ადამიანს ესიზმრება დაუსაბამოდ!


მე დავინახე, მზე იდუმალ ბურუსს არღვევდა,

იისფერ ზოლად დაფენილი ენთო დასავლით,

ანტიურ დრამის მსახიობთა მსგავსი ტალღები

იგრაგნებოდნენ ზღვის კიდესთან შავ ფარდასავით!


მეზმანა, თოვლი მაბრმავებდა, ზღვა თვალს ახელდა

და მიკოცნიდა ზურმუხტისფერ მწუხრში ბაგეებს,

ზღვის გაღვიძება დავინახე ჯერარნახული,

ლურჯის და ყვითლის ფოსფორული აციაგება!


მე გავყევ მთვარეს, ასკდებოდა თითქოს ღობეებს

საქონლის ჯოგი, ზღვა ბღავილით ისე მიტევდა,

ვინ იფიქრებდა, რომ შეძლებდა დღეს ღვთისმშობელი

აღმუვლებული ოკეანის კვლავ დამშვიდებას!


გაუგონარი ფლორიდები ვერ იოკებდნენ

ავაზას მზერას, მე ყვავილებს რომ შევადარე!

ზღვის ჰორიზონტზე, ჭაობისფერ ზვირთის ჯოგებზე

გადაიჭიმა ცისარტყელა, როგორც სადავე!


მხოლოდ დუღილი, უსაზღვრობა, მხოლოდ ჭაობთა

და ლელიანში აყროლება დამპალ ვეშაპთა.

ბნელ ჯურღმულებში წყლის ჩაქცევის სანახაობა

და ნიაღვრებში უცებ თვალწინ გადამეშალა!


ბრწყინვა მყინვართა, ზღვის სადაფთა, მარწყვისფერ ცათა!

იქ მეჩეჩებზე გახირული, ბალღამით სავსე

და ბაღლინჯოთა გამოჭმული წყეული ყარდა,

უზარმაზარი, წაქცეული ხეების მსგავსი!


მე რომ შემეძლოს ვაჩვენებდი ახლავე ბავშვებს

ზღვის იმ ბაჯაღლოს, იმ მომღერალ ოქროსფერ თევზებს,

ყვავილთა ქაფმა იავნანა უმღერა ზღვაში

ჩემს გატაცებას არნახული ქარების ფრთებზე.


ზღვამ მოქანცულმა განედებზე ბრძოლით, ბღავილით,

ტკბილი ქვითინი გამაგონა, რწევით დამღალა,

მესროდა ჩრდილის ამობურცულ ყვითელ ყვავილებს

და მე ქალივით დაჩოქილი ვიდეგ ამგვარად...


აბობოქრება, როგორც კუნძულს, მეხეთქებოდა,

რეცხავდა ზვირთი აჟივლებულ ჩიტების სკორეს.

ზღვის ბინადარნი ეშვებოდნენ ფსკერზე ქვებივით.

ჩემს ნაკვალევზე აქაფებდნენ ამღვრეულ მორევს!


ვიყავ მძვინვარე ქარიშხლების ფრთებით ნაცემი

და ყურეებში გახლართული, ჩემს ჩონჩხს ღრიალით

მთვრალ ოკეანეს ვერასოდეს გამოსტაცებდნენ

ვერც ალბათ ჰანზის ხომალდები იალქნიანი.


თავისუფალი, ცას იისფერ ნისლში ვხედავდი

და კედელივით მივარღვევდი და მივდიოდი,

ცა მეწამული მირონცხებულ მოლექსეთათვის

ლაჟვარდის დუჟით და მზის ხავსით იყო დიადი.


ცა დადგომოდა, მორკალული, შარავანდედად

და გახელებულ ცხენთევზების მახლდა ამალა,

ასე მივქროდი და ივლისი კომბლით ანგრევდა

ცხელ და ძაბრივით გადმომხობილ ზეცის კამარას.


მე ვკანკალებდი, ორმოცდაათ მილზე ბღაოდნენ

ბეჰემოტები, ცივ ზვირთებში რომ ინებივრეს.

ქსოვდა მალსტრემი მარადიულ ლურჯ უძრაობას

და ჩემი ფიქრი კვლავ ევროპის მისწვდა ჯებირებს!


მე დავინახე ვარსკვლავების არქიპელაგი,

ცის დარბაზები, ფრინველები სადაც სახლობდნენ!

მომავლის ძალას - ოქროს ჩიტებს ღამე ვერაგი

ალბათ იქ მალავს, იქ იძინებს, მის სიახლოვეს!


დიდხანს ვტიროდი! შევყურებდი დილას მრისხანეს

და გულშემზარავს, მზეს მცხუნვარეს, მთვარეს საშინელს,

ვარ სიყვარულით უსასოო, დე, დამიმსხვრიოს

ზღვამ ხერხემალი და ახლავე დამნთქას ზღვაშივე!


მე მსურს ევროპის მხოლოდ გუბე; იქ, იმ გუბეში,

როცა მზე წითლად ჩამავალი ღებავს დასავლეთს,

გემს უშვებს ბიჭი, ნაღვლიანი და უნუგეშო,

აფარფატებულს გაზაფხულის პეპელასავით.


მე, თქვენთან ნარწევს და განბანილს, ახლა, ზვირთებო,

როდესაც მზერა პონტონების ასე ახლოა,

არ შემიძლია გამოვუდგე ბამბის მტვირთავებს

და არც დროშების ავიტანო ის ქედმაღლობა.

 

 

მთარგმნელი: პაოლო იაშვილი

* * * * * * *

 

როცა უვნებო მდინარეებს გადავდიოდი

აღარ მათრევდენ, ამას ვგრძნობდი, მძიმე გიდები:

იღებდენ მიზნათ მათ მყვირალა წითელკანები,

და ტიტველ ტანებს მიაკრავდენ ფერად სვეტებზე.


მე არ ვზრუნავდი არავითარ ეკიპაჟებზე:

მიმქონდა ქერი, ფლამანდიის ინგლისის ბამბა,

როცა გიდებთან ერთად გაჰქრა დიდი ხმაური,

მდინარეები მე მაძლევდნენ მგზავრობის ნებას.


ცოფიან წყალთა ავ ზრიალში, მე იმ ზამთარში,

რომელიც იყო ყრუ ვით ტვინი პატარა ბავშის -

მივქროდი!.. მიწა, კუნძულები დაშორებული

აღარა გრძნობდენ აურზაურს გაჩირაღდნებულს.


ქარმა დალოცა ჩემი ზღვაზე გამოფხიზლება.

ნაფოტზე მჩალტე ათი ღამე ტალღებზე ვხტოდი,

რომელთაც ჰქვიათ მარად მსხვერპლთა მაგორებელნი

და არ მწყდებოდა გული კანდლის სულელ თვალებზე.


როგორც ტკბილია მწიფე ვაშლის წვენი ბავშვთათვის,

ისე მატკბობდა მწვანე წყალით ტანის ავსება.

მან ჩამომრეცხა სქელი, ლურჯი ღვინის წვეთები,

ჩამომაცალა მინარწყევი, საჭე გასტეხა.


და იმის შემდეგ მე ჩავეშვი ზღვის პოემაში,

რომელიც არის განიერი და დავარსკლული,

რომელიც ყლაპავს მწვანე ლაჟვარდს, რომელიც ხშირად

ჩაფიქრებულად იძირება მკრთალი მცურავი.


საცა უეცრად ცისფერობა შეიღებება…

ქერა დღის შუქში გაგიჟება და ნელი რიტმი,

უფრო მაგარი ალკოჰოლზე, ლირებზე ფართო,

საცა დუღდება სიყვარულის მწარე ამბოხი.


ვიცი ცის ელვა და ქარცეცხლი, ვიცი გრაგანი,

აფეთქებული დილა თითქოს გუნდი მტრედების,

საღამოები… მე მინახავს ხანდისხან ისიც,

რაც ადამიანს ესიზმროდა თითქოს ნახულად.


ვნახე გასვრილი მზე მისტიურ საშინელებით,

იისფერ სხივის ხმელ ჩონჩხებით რომ ანათებდა,

ტალღებს, რომ ჰგავდენ აქტიორებს უძველეს დრამის,

რომელნიც ფართოთ აგორებდენ ფარდების ცახცახს.


მწვანე ღამისთვის ვოცნებობდი, სხიოსან თოვლით

კოცნებს ველოდი ზღვის თვალებს რომ ეშურებიან.

მე ვოცნებობდი სხვა წვენების ადუღებაზე

ხმიან ფოსფორის ყვითლად-ცისფრად გაღვიძებისთვის.


ვაკვირდებოდი როცა ტალღა მოხეთქილ კლდეებს

მიაბღავლებდა ვით საძროხე ისტერიული,

და არ ვფიქრობდი რომ მფრინავი ფეხი მარიის

სადავეს მოსდევს დაუსვრეტელ ოკეანეებს.


მე ვაწყდებოდი - თქვენ ეს იცით? უღრან ფლორიდებს,

აფთრების თვალთა ფერებს ვრევდი ცისარტყელებში,

რომელნიც იყვნენ აღვირებათ გადაჭიმულნი

ზღვების კიდიდან რუხ და მწვანე ფერის ჯოგებზე.


ვნახე ჭაობის ამაჭრება, უსაზღვრო ტბორი,

რომლის ლაქაშშიც ლპება მთელი ლებიაფანი,

გაჩუმების დროს გადმოვარდნა ნიაღვარების,

და უფსკრულებში სივრცის ავი გადახეთქება.


ვერცხლის მზეები: მყინვარები, სადაფის წყალნი,

და გახირება საზიზღარი სრუტის ფსკერებზე,

სადაც გველები დაძიძგულნი ბაღლინჯოებით

შავი სურნელით მახინჯ ხეებს ეხუტებიან.


მე მსურს ვაჩვენო ბავშებს ზღვათა მოვარაყება,

ოქროს თევზები, მომღერალი ოქროს თევზები…

მე გამგზავრებას მილოცავდენ ყვითელ ქაფები

უცხო ქარები მამზადებდენ მე გასაფრენად.


ხშირად ტანჯული პოლიუსებით ზღვა დაღალული,

რომლის ქვითინი ატკბილებდა ჩემს ქანაობას,

ყვითელ ლაყუჩა ღამის ვარდებს მე მთავაზობდა.

და მე ვრჩებოდი როგორც ქალი დაჩოქებული.


როცა ხომალდთან გროვდებოდა ბევრი ნაგავი

და განავალი თეთრთვალა და მკივან ჩიტების,

მაშინ ჩემს ლარტყებს ეტმასნოდენ თავის მკვლელები

და მიდიოდენ სამუდამოთ დასაძინებლად.


და მე ხომალდი, საშინელად გზა დაბურდული,

გადაგდებული უფრინველო ეთერში ქარით,

რომლის გაბერილ ჩონჩხს ნაპირზე ვერ გაათრევენ

მონიტორები და განზეის მენაოსნები.


თავისუფალი, აყვანილი იისფერ ნისლით

მე გამრღვეველი ნათელ ზეცის, როგორც კედელის,

რომელსაც დააქვს საწუწკარი პოეტებისთვის,

სირსვილი მზისა ქაფიანი დუჟი ლაჟვარდის.


მე ელექტრონის სინათლისგან გამოქცეული,

გიჟი ფიცარი შემორტყმული ბეგემოტებით,

როცა ივლისი კეტის დარტყმით ცას აიძულებს,

რომ ჩამოინგრეს მოვარვარე თავის ძაბრებით.


რომელსაც თრთოლვით მოესმოდა შორი ჭიხვინი,

როცა სქელ მალშტრამს ამაკებდა გიპოპოტამი;

უძრავ სივრცეში ხეტიალას - მე მეცოდება

ევროპა თავის შეღობილი ნავთსადგურებით.


ბევრი მინახავს დავარსკლული არქიპელაგი,

მათი გიჟი ცა გახსნილია მოცურავისთვის:

იქნებ აქ გძინავს, ჩათრეული ხარ ამ ბნელეთში,

მომავლის ღონე: მილიონი ოქროს ჩიტების.


ბევრი ვიტირე ჭეშმარიტად! სულს მწუხრი ჰპოტნის,

ყოველი მთვარე სასტიკია, ყველა მზე მწარე!

ბასრ სიყვარულის ჯადოსნობით ვარ გავსებული,

ო, დაილეწოს ჩემი ანძა, ჩავძირო ზღვაში!


მე თუ ევროპის წყალი მინდა: მსურს მხოლოდ ფშანი,

ცივი ან შავი, რომელშიაც სურნელ საღამოს,

პატარა ბავში, მოხრილი და კაეშნით სავსე,

სათამაშო ნავს გადაუშვებს, როგორც პეპელას.


ზღვებო! დათენთილს თქვენს წიაღში, არა მაქვს ღონე,

რომ შევაჩერო რბენა ბამბით სავსე გემების,

დროშების, ცეცხლთა ვიგრძნო ძალა და მგზავრად დავრჩე

როს პონტონების საშინელი მზერა მანათებს.

 

 

მთარგმნელი: დავით წერედიანი

* * * * * * *

 

როცა დინებამ უწადინომ დამძალა ნელა,

ვიგრძენ, მჭაპნელნი გამომხსნოდნენ, ბაგირი მიშვებს:

წითელკანიანთ, ხმაგამყივართ, წაესხათ ყველა,

სამიზნეებად ჭრელ სვეტებზე ლურსმავდნენ შიშვლებს.


მე არც ეკიპაჟს არ გჯავრობდი, არც პალნით საზიდ

ფლანდრიულ ხორბალს თუ ინგლისურ ფართალს და ფურთალს,

და ვიდრე სისხლად გაღმოსული ჩაყივლდა ბრაზი,

მდინარეს დავყევ, გზა მიტია, საითაც მსურდა.


ბრუდახვეული ბოლო ზამთარს აკვნის ჩვილივით

ახლა მივსრბოდი! ღვარცოფების იდგა აღლუმი!

ნახევარკუნძულს, ხმელეთისგან მომწყდარს კივილით,

ჯერ არ უნახავს ზარ-ზეიმი ასე წარღვნული.


გრიგალმა ზღვისთვის გაღვიძება ხელდასხა ჩემი,

კორპივით მჩატე მივცეკვავდი ტალღებზე ცერად,

გიგვემე სრული ათი ღამე სამსხვერპლო გვემით,

უკუნს მივკარგე შუქურების ყეყეჩი მზერა!


საამო, ვინემ ყმაწვილიხთვის ტკბილ-მჟავე ხილი,

ჩემს ფიჭვის ტანში წყალი შესხლტა მწვანე, თვალჭრელი,

ნადორბლ-ნარწყევიც, ლურჯი კვალიც, ლაქები ღვინის,

მირეცხ-მორეცხა, მიმოფანტა ღუზა-საჭენი.


მას აქეთ იყო, ზღვათა დიდი პოემა მბანდა.

ჟრიალს რომ ივლებს ვარსკვლავებით ნადედებ რძეთა,

ლაჟვარდებს მიხვრეპს და ფერმიხდილს მიარწევს ნადავლს,

დაბლა, ფსკერისკენ გზადმიმავალ ფიქრიან ცხედარს.


ხან დღის ნათელში უეცარით ცისფრდება ცრემლით

და მისი ბორგნა-ბოდებანი, რიტმები მდორე,

ბანგზე მბანგველნი და თქვენეულ ქნარებზე ვრცელნი,

მლაშეს, ოქროვანს, სიყვარულის ბრუნავენ მორევს!


ვიცი ელვებით ცა დამსკდარი, ღვართა ფეთება,

ქარბორბალები, დინებები, რიფთა საფრები,

გარიჟრაჟების, მიმწუხრების ფეთქვა მტრედებად,

მოუხილველი და კაცთაგან ზღვად ნაზღაპრევი!


მკვდართა მზე ვნახე! მისტიკური ძრწოლის ფორეჯით!

ოდნავ არხევდა სქლად შენივთულ იისფერ სამანს,

და გარს ტალღები, თითქოს ქორო, თალხი ქორედი,

მოზრიალენი სახიობდნენ ძველთაძველ დრამას!


ფიქრით ვხედავდი მწვანე ღამეს, თოვლიდან მთენარს,

ზღვის თვალზე კოცნად ზეამოწვდილ სავსემთვარობებს,

წვენთა წრებრუნვას, არნახული დვრიტების დენას

ყვითლად და ცისფრად გაღვიძებულს ფოსფორს მგალობელს!


ღელვებს, თვე გახდა, დაფეთებით დავდევდი ჯერხნივ,

ბრაგებს მიმწყდარნი ისტერიულს ჰგავდნენ ნახირებს,

რას ვიფიქრებდი, მარიამთა მბრწყინავნი ფერხნი

ოკეანეებს თუ დადრეკდნენ ჩიჩვირდახრილებს!


გზად ყვავილკუნძულთ შევეხალე, ართქმულ-არსმენილთ,

თვალებს - ყვავილში არეულებს - კაცისფერ ჯიქთა, 

ირგვლივ, ცით ცამდე, ხვასტაგები მოხასხასენი,

ცისარტყელების დაჭიმული ღვედები შვიდფა!


ვნახე ჭაობთა მობუყბუყე ვრცელი ფაცრები.

ლევიათანის ჩახრწნილიყო ლერწმებში ლეში!

ზღვის სიმშვიდეზე ვნახე ზათქი, ცათა დამძვრელი,

თვალსაწიერთა ჩამორღვევა უფსკრულზე თქეშით!


ვერცხლის მზეები, მყინვარები, ცისპირი ღველფად!

ლიმანთა ჟანგი, მეჩეჩებით მზაფრავი წყალი

შიგ - ბაღლინჯოსგან გამოხირხნილ ვეება გველთა,

ხეყრილთა ხლართი, დაკრუნჩხული, ყომრალად მყრალი!


ერთხელაც ბავშვებს ვანახებდე აქ ამ დორადებს,

ცისფერ ჩქერებში ოქროს თევზებს, მგალობელ თევზებს!

ყვავილის ქაფზე ვნანაობდი, გზები ფრთონავდნენ,

ფრთას მხვევდა ქარი და მივქროდით ყვავილთა ტევრზე.


მაგრამ ზღვა ზოგჯერ - ო, პოლუსთა, გრძედთა მარტვილი! -

უნაზეს ქვითინს გამიფენდა მთრთოლვარე რიდედ,

ჩრდილის ყვავილებს ამოშლიდა, ყვითლად დათრთვილულს

და ვიდექ დიღხანს. მუხლმოყრილი ქალივით ვიდექ...


ლამის კუნძული, ფრინველთათვის, გნიასის, სკორის,

ლამის კუნძული, თვალჟღალთათვის, უძრავი ლამის,

ვიხუნძლებოდი და გალეულ ხიდურებს შორის

იწვა დამხრჩვალის თავუკუღმა შემძვრალი გვამი!


მე, რიფთა თმებში გახლართული, ვინც გრიგალ-გრიგალ

ავიკარგები უფრთოსნებო ეთერში ხვალით,

ვისი კარკასიც მონიტორმა, ჰანზურმა ბრიგმა

ფსკერიდან ვეღარ ამოკრიფოს, წყალთაგან მთვრალი,


ვისაც სივრცეთა იისფერი ნისლი მმოსავდა,

დაისს მივჭრიდი, მეწამული კედლების ორწოხს,

და ტანზე მესხა სასუსნავი კეთილ მგოსანთა,

ნუგბარი მათი, მზის ქერცლი და ლაჟვარდის ლორწო,


ვინც ხელად ვრბოდი, მე, ელექტრულ თევზთა ნაჭორფლი 

შემლილი მორგვი, ზღვის ცხენების ესკორტით შავით,

როდესაც ულტრამარინული ცხელი ცაბორბლის

არმურს მოხეთქეს ივლისებმა ალხების ხვავი,


ვისაც ას მილზე მიზრზენია ხმა ზართა მგვრელი,

ბეჰემოთების მყვირალობა, მალსტრომი თქვირი, -

ზომალდი, უძრავ სიცისფრეთა მარადი მრთველი,

მაინც ევროპას, მის იმ ბებერ ჯებირებს ვტირი!


გავცქერდი ხომლთა არქიპელაგს! კუნძულთა ბრწყინვას!

იხსნება გზა და ვარსკვლავ-ვარსკვლავ მიიკვალება:

ეგებ უძირო მაგ ღამეში შეხიზნულს გძინავს,

ო, მირიადო ოქროს ჩიტო, ფეთქვავ ხვალეთა!


ცრემლით ვტიროდი! ჰო, მწუთხეა ნაღველი დილის!

ჰო, ყველა მთვარე - ცხროიანი, ყველა მზე - ცხარე!

ტრფობის ბალღამით გარუმბული, უგონო-ქმნილი,

ბარემ კილშივე გადავიფშვნა! დავინთქა ბარემ!


და თუ ევროპა მაინც მინდა, - იქ, სადმე, ფშანში,

შავსა და ცივში, გავყურებდე ციაგთა კრთომას,

და სევდით სავსე, ჩამუხლული ნაპირთან ბავშვი

პეპლის ფარფატით მიმწუხრისკენ უშვებდეს ხომალდს.


ვარ განბანილი თქვენეულით, ტალღებო, ნაღვლით,

კვლავ პალნის გზებზე ვერა ძალა ვერ გამამგზავრებს,

სადაც გარს ალამ-ვიმპელები ზვაობენ მაღლით

და პონტონები გაფეთებენ თვალებს საზარლებს. 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ