მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10605 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მე მომწონს ის, რომ თქვენ არა ხართ სნეული ჩემით,

მე მომწონს ის, რომ მეც არა ვარ თქვენით სნეული,

რომ დედამიწის მძიმე ბურთი, ისე ვით გემი,

არ გაცურდება ჩვენს ფეხთა ქვეშ გზაარეული.


მე მომწონს ის, რომ შემიძლია სახლის აკლება,

რომ თამაშ-თამაშ არა ვფანტო სიტყვები ამო.

და სუნთქვაშეკრულს ღაწვები რომ არ მეფაკლება

თქვენს სახელოსთან შემთხვევითი შეხების გამო.


მე მომწონს ისიც, რომ ჩემს თვალწინ თქვენ ძალგიძთ ასე,

სრულიად მშვიდად სხვა ქალბატონს მოჰხვიოთ ხელი.

ჯოჯოხეთში რომ არა მგზავნით ეჭვებით სავსე

იმისთვის, სხვას რომ მივუძღვენი ამბორი ცხელი.


და მომწონს ისიც, რომ თქვენ ჩემი სახელი ნაზი

არ გაკერიათ წარამარა პირზე ამაოდ.

და ის, რომ ტაძრის მდუმარ თაღქვეშ ორივეს თავზე

ალილუიას არ აღავლენს ჩვენთვის მამაო.


დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ვერც კი ხვდებით

როგორ გიყვარვართ, როგორ გსურვართ და როგორ მლამობთ,

იმის გამო, რომ საღამოჟამს ხშირად ვერ ვხვდებით

და ჩემი მყუდრო, ღამეული სიმშვიდის გამო.


ვერსეირნობას რომ გვიქადის იღბალი ჩვენი

და მზისქვეშეთს რომ ჰშურობს ჩვენთვის ბედი წყეული.

რომ არ შეგყრივართ, სამწუხაროდ მე როგორც სენი -

და რომ არც მე ვარ, სამწუხაროდ, თქვენით სნეული.

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

* * * * * * *

 

მხიბლავს, რომ ჩემით აღარ სნეულობთ,

მხიბლავს, რომ არც მე ვსნეულობ თქვენით,

რომ დედამიწის მძიმე სამყარო

არ მოგვერთმევა არავის ხელით.


მხიბლავს, რომ თითქოს ისევ ვიცინი,

აღარ ვთამაშობ გრძნობებზე სიტყვით,

და სიყვარულის ტკბილი ალმური

არ მოედება გულს თქვენზე ფიქრით.


მხიბლავს, ძვირფასო, მშვიდად ჩემს თვალწინ

როგორ ეხვევით სხვა ქალის სხეულს,

ნუღარ გამკიცხავთ დღეს სხვასთან წასვლით

თუ ვუღალატე სიყვარულს ჩვეულს.


მხიბლავს, რომ აღარ მიხსენებთ ღამით,

არ გესახებით ცხოვრების ლანდად,

და ეკლესიის საკურთხეველთან

ჯვარს არ დაგვწერენ არასდროს ალბათ.


მადლობელი ვარ მთელი არსებით,

ასე გულწრფელად რომ შემიყვარეთ,

შებინდებისას რომ არ ხართ ჩემთან,

ღამით სიმშვიდეს რომ მაზიარეთ,


რომ სავსე მთვარის ვერცხლისფერ შუქზე

აღარ ვსეირნობთ ტრფობით რხეულნი,

გმადლობ, რომ აღარ სნეულობთ ჩემით

და მეც განმკურნეთ თქვენით სნეული.

 

მთარგმნელი: ქეთი თუთბერიძე

* * * * * * *

 

მომწონს, რომ ჩემით არა ხართ ავად,

მომწონს, რომ ავად თქვენით ვერც მე ვარ.

რომ დედამიწა ჩვენს ფეხქვეშ მყარად

დგას და არასდროს გამოგვეცლება.


მომწონს, რომ ვიყო თავქარიანი -

სიტყვის ძებნისას არ შევფერხდები,

არ გავწითლდები თვალსევდიანი,

სახელოებზე ოდნავ შეხებით.


მომწონს ისიც, რომ ჩემს გვერდით მშვიდად

სხვას ეხვევით და სხვის ალერსს ლამობთ.

რომ არ მაგზავნით ჯოჯოხეთს შიდა,

თქვენ რომ არ გკოცნით, ამისდა გამო.


რომ სახელს ჩემსას არ აიჩემებთ

დღისით თუ ღამით, ისე სრულიად...

რომ არასოდეს ტაძრის სიჩუმეს

არ გაჰკვეთს ჩვენი: ალილუია!


მადლობას გიხდით გულით და სულით,

რომ თქვენ - ისე, რომ არ უწყით თავად! -

ასე გიყვარვართ: სიმშვიდე სრული

მაქვს ღამით, სწორედ თქვენ გმადლობთ ამად,


რომ მთვარის შუქზე ერთად არ ვრჩებით,

მზე არ გვინათებს ზეცის კამარას, -

რომ - ვწუხვარ - ავად არა ხართ ჩემით,

რომ - ვწუხვარ - ავად თქვენით არა ვარ.

 

მთარგმნელი: ვასილ გულეური

* * * * * * *

 

მომწონს, რომ ავად არა ხართ ჩემით,

მომწონს, რომ თქვენით არა ვარ ავად

და ის, რომ მძიმე სფერო პლანეტის

ფეხქვეშ დარჩება, არსად არ წავა.


მომწონს როცა ვარ თავაშვებული

და არასოდეს რომ არ ვწითლდები,

როს ეხებიან გაშეშებული

სადმე, შემთხვევით, ჩვენი თითები.


მომწონს, როდესაც სულ არ მაოცებს,

სხვას ეფერებით როცა ჩემს გვერდით

და მეც თუ ვინმეს თქვენთან ვაკოცე,

არ მეტყვით, დამწვას გეენამ ცეცხლით.


და რომ სახელებს ჩვენ ერთმანეთის

არ ვიტყვით ნაზად დილა-საღამოს

და არასოდეს სახელით ღმერთის

საყდარში ჯვარს არ დაგვწერს მამაო.


მადლობა თქვენდა ამ გულით, წრფელით,

თქვენ არც კი იცით, გიყვარვართ ისე,

თქვენდამი გრძნობით რომ არ ვარ ხელი,

თქვენზე არ ვფიქრობ ისევ და ისევ.


მასზედ, რომ მზე არ დაგვნათის მწველი

და რომ შევყურებ მთვარეს ეული,

ვაი, რომ ავად არა ვარ თქვენით,

ვაი, რომ ჩემით არ ხართ სნეული.

 

მთარგმნელი: ბესო ხომერიკი

* * * * * * *

 

მე მიხარია, რომ თქვენ არ ხართ ჩემით სნეული,

მე მიხარია, რომ თქვენ არ ხართ ჩემი სამსალაც,

რომ არასოდეს დედამიწის მძიმე სხეული,

ჩვენს ნაბიჯებქვეშ არ გაივლის თავის გზასავალს.


მადლობა ღმერთს, რომ შემიძლია ვიყო ჩერჩეტი,

თავქარიანი. არ გადმოგკრათ სიტყვის ღვედები.

და კიდევ კარგი, რომ არ მესხმის იმდენჯერ რეტი,

რამდენჯერ თქვენს ხელს ხელით ოდნავ წამოვედები.


მე ისიც მომწონს, რომ ჩემს თვალწინ, ჩემი თანხლებით,

თქვენ ასე მშვიდად სხვას ეხვევით თავდავიწყებით.

და კიდევ კარგი არ მრისხანებთ და არ გახელებთ,

რო მეც სხვას ვკოცნი... და არ მწყევლით და არ მიწყრებით.


რომ ჩემს ნაზ სახელს, უნაზესო, უძილო ღამეს

არ იმეორებთ უნაზესი ბორგვით ღელვილი.

და არ დაარღვევს ტაძრის წმინდა დუმილის წამებს

"ალლელუია” ღვთისგან ჩვენს თავს გარდმოვლენილი.


მადლობელი ვარ - სულით, გულით, მთელი არსებით,

ასე გულგრილად რომ მიანდეთ ბედის იალქნებს

ჩემი გრძნობები: რომ ყოველღამ მშვიდად მასვენებთ,

რომ თქვენი ხილვით იშვიათად მაფორიაქებთ.


რომ ბნელში ერთად არ ვუყურებთ მთვარის ავსებას

და დღისით თავზე არ გვეღვრება მზე - შარავანდი.

რომ არ შეგყრივართ, სამწუხაროდ, ვითარცა სნება;

და რომ თქვენც ჩემით, სამწუხაროდ, არ დაავადდით..

 

მთარგმნელი: ანი კოპალიანი

* * * * * * *

 

მე მომწონს ის, რომ სნეული ხართ თქვენ არა ჩემით,

მე მომწონს ის, რომ სნეული ვარ არა თქვენს გამო,

რომ დედამიწის მძიმე ბურთ ჩვენს ფეხთა ქვევით

არ იძვრის არსად და გამოცლას არასდროს ლამობს.


მე მომწონს, რომ ვარ ამნაირი თავაშვებული,

სასაცილო და არცა ვცდილობ სიტყვებით თამაშს;

რომ არ ვკრთები და არ ვწითლდები სუნთქვაშეკრული

სახელოებით ერთმანეთთან შეხებისაგან.


მე მომწონს ისიც, ჩვეულებრივ, ჩემს სიახლოვეს

სხვას რომ ეხვევით თქვენ ასეთი თავდაჯერებით

და არ მაგზავნით ჯოჯოხეთის ალმურში ხოლმე,

იმის გამო რომ არ გკოცნით და არ გეფერებით.


რომ ჩემს სახელსაც, ჩემო კარგო, ნატიფს და ფაქიზს

თქვენ არ ახსენებთ არც დღისით და არც ღამით - სულ არ...

რომ ეკლესიის სიჩუმეში თავდახრილთათვის -

ჩვენთვის - არასდროს გაიჟღერებს: ალილუია!


მადლობა თქვენს გულს და თქვენს ხელებს, მადლობა თქვენდა

იმისთვის, რომ მე - თქვენ თვითონ რომ არ იცით, ისე -

გიყვარვართ! გმადლობთ სიმშვიდისთვის ჩემთა ღამეთა,

ასე იშვიათ შეხვედრისთვის საღამოსპირზე;


იმისთვის რომ არ დავსეირნობთ მთვარიან გზებით,

მზისთვის, რომელიც არ დაგვნათის ჩვენ თავზე ამოდ.

იმისთვის, რომ თქვენ სნეული ხართ -ო! - არა ჩემით,

იმისთვის, რომ მე სნეული ვარ არა თქვენს გამო.

 

მთარგმნელი: კესო მუშკუდიანი

* * * * * * *

 

მე მომწონს ის, რომ სნეული ხართ თქვენ არა ჩემით,

მე მომწონს ის, რომ სნეული ვარ არა თქვენ გამო,

რომ დედამიწის მძიმე ბურთი ჩვენს ფეხთა ქვევით

არ იძვრის არსად და გამოცლას არასდროს ლამობს.


მე მომწონს, რომ ვარ ამნაირი თავაშვებული,

სასაცილო და არცა ვცდილობ სიტყვებით თამაშს;

რომ არ ვკრთები და არ ვწითლდები სუნთქვაშეკრული

სახელოებით ერთმანეთთან შეხებისაგან.


მე მომწონს ისიც, ჩვეულებრივ, ჩემს სიახლოვეს

სხვას რომ ეხვევით თქვენ ასეთი თავდაჯერებით

და არ მაგზავნით ჯოჯოხეთის ალმურში ხოლმე,

იმის გამო რომ არ გკოცნით და არ გეფერებით.


რომ ჩემს სახელსაც, ჩემო კარგო, ნატიფს და ფაქიზს

თქვენ არ ახსენებთ არც დღისით და არც ღამით - სულ არ...

რომ ეკლესიის სიჩუმეში თავდახრილთათვის -

ჩვენთვის - არასდროს გაიჟღერებს: ალილუია!


მადლობა თქვენს გულს და თქვენს ხელებს, მადლობა თქვენდა

იმისთვის, რომ მე - თქვენ თვითონ რომ არ იცით, ისე -

გიყვარვართ! გმადლობთ სიმშვიდისთვის ჩემთა ღამეთა,

ასე იშვიათ შეხვედრისთვის საღამოსპირზე;


იმისთვის რომ არ დავსეირნობთ მთვარიან გზებით,

მზისთვის, რომელიც არ დაგვნათის ჩვენ თავზე ამოდ.

იმისთვის, რომ თქვენ სნეული ხართ - ო! - არა ჩემით,

იმისთვის, რომ მე სნეული ვარ არა თქვენ გამო.

 

მთარგმნელი: თემურ ჩხეტიანი

* * * * * * *

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ