I
ალილო, ალილო, ეს ღამე დიდია, შობის დღე თენდება, ცისკარი მშვიდია. შორ გზაზე მიდიან გვიანი მგზავრები, ზეციდან მოისმის ხმა ღვთიურ ზარების.
შემოდი, შემოდი, ნათელო მარიამ. ბეთლემზე ბრწყინდება ვარსკვლავი ნათლის, ჩვენ სახლში შემოდი, მოიღე მადლი.
ჩვენ შობის სასწაულს ველით და გვჯერა - ჩვენს ჭერქვეშ უმღერებ ნანინას ყრმას, ალილო, ალილო, თაყვანს ვცემთ მას!
პატარა იესო ჩვენს გულში სუნთქავს. ვახაროთ ქვეყანას შობა ძე ღვთის, ვადიდოთ იესო გალობის თქმით.
გავიღოთ წყალობა, გავშალოთ სუფრა. დღეს სტუმრობს დიდსა და პატარას იესო, იმედით აპურებს ობოლს და მშიერსო.
კერაზე ეშვება უქრობი შუქი. ...და როგორც ბეთლემში, მშვიდად და უბრალოდ, ჩვენშიც დაიბადე და იშვი, უფალო.
II
ალილო და ალილო, უჭკნობელო ყვავილო. მზის თვალივით გაიბადრა. მერვე დღეს იესოდ ნათლეს, "ბნელი ვერ მოიცავს ნათელს"
მზე დაგვიჯდა სუფრის თავს. უხვად გაიღეთ წყალობა, უქონელს აუვსეთ უბე, კაცთა შორის მშვიდობის და სათნოების ჟამი სუფევს. უჭკნობელო ყვავილო.
ჩვენი კერა ბრწყინდება. ყრმავ, შობილო ბეთლემსაო, დაგვამკვიდრე ედემსაო. გულთა საესავო მზეო, სული მადლით აგვივსეო. უჭკნობელო ყვავილო.
III
ვიგალობოთ ალილო, ღმერთი ჩვენთან არიო. კეთილ ოჯახს მოგაგენით, გაგეხაროთ ბარაქითა. უპოვრისთვის - წამალიო, არ დაგტოვებთ უკოცნელსო. ღმერთი ჩვენთან არიო. შევუკერავთ წითელ ჩოხას. შობა ამ მადლიან ოჯახს.
IV
გზა დიდია და მიდიან მარიამ და იოსები. მგზავრო, გელით სიხარულით, თეთრი ჩოხით ვიმოსებით. გამოჰყევით სანთლის ალსო, მოდით ჩვენი სახლის კარსო! ღვთის დიდებას - ამინო!
გიმასპინძლებთ მზისასა, დავუკოცნით ჩვილს ფეფებსა, პურსაც მოგართმევთ, სეფესა, თაფლიც გვაქვს და რძეცო, დიდება ღვთის ძესო! ღვთის დიდებას - ამინო!
V
ალილო და ალილო, კაცთა სულის მარილო. დამკვიდრებულო ჩვენს გულში, გადიდებთ და თაყვანს გცემთ სიცოცხლით სიკვდილის მძლეს. შენ, სათნოის ნათელო და სულის სანატრელო. კაცთა მოდგმის მარილო.
მზით სიცოცხლე აყვავილდა, ხემ მოისხა ნაყოფი, კაცთა მოდგმის სამყოფი. დაივიწყეთ სალმობა, იხარეთ ღვთის აქ ყოფნით. აგიზგიზეთ ბუხარი, სტუმარს ბანი უთხარით, შობა დაალოცინეთ, სულ მოკეთეთ მოგექცეთ, ვინც მტერია მოცილე. კაცთა სულის მარილო.
VI
კარზე მოდგა ღვთის სტუმარი, ნუ იქნებით დღეს მდუმარი. გამოაღეთ კარიო, თქვენც გვითხარით ბანიო. ტკბილეულიც მოაყოლეთ, დაგლოცავთ უფალიო. ამ კერაზე, უფალო, ღვთის მადლი არ დალიო.
სიხარული გაგვიბევრე. შობის ანგელოსი გალობს, დღე მშვიდობით გაგვითენე. შეეწიე, ღმერთო, ამ სახლს, წყალობა მიეცი ამ ხალხს. აქაც, ამათ მეზობლადაც, ღვთის მადლი არ დალიო.
VII
ალილო და ალილო, ნება უფლის არიო. ბეთლემს იშვა ბაგაზეო, ყრმა იესო - უფალი, ქრისტეს მახარებლები ვართ, გვიწყალობეთ კუფხალი.
გავახარებთ ჩვენს ობლებსო, რაც დარჩება, მივცემთ მდიდარს, მასაც ერგოს ლუკმა წმინდა.
ყველასთვის სიკეთე გვინდა. ალი-ალი-ალილოსა, სოფელს ანგელოსი ლოცავს.
VIII
ბნელს ნათელმა აჯობა, თენდება ქრისტეშობა. თქვენი სახლის კარზე ვგალობთ, ვმახარებლობთ მაცხოვარს, ბეთლემში ყრმა დაიბადა, ხალხი მადლით აცხოვნა.
ხორას დავდგამთ ადლიანსა, ცეცხლს დავუნთებთ მარიამსა, სიმღერით გახარებთ შობის გათენებას მადლიანსა.
არ გავაცლით საყევარსო, მშიერს ვუწილადებთ ლუკმას, ჩვენ ვიკმარებთ - ნახევარსო.
არ დაგვილევს მადლს უფალი, ჩიტებს - ნამი და კიმპალი. თქვენს ეზოს და თქვენს ერდოს უქრობელი მზე ერგოს. ალილო და ალილო.
IX
ალილო ვთქვათ ალილო, შევეგებოთ ალიონს. ქრისტე დაბადებულა, ბნელი განათებულა, მოწყალების გამღები მადლით გამართლებულა.
შევეგებოთ ალიონს, თქვენს კერაზე ღმერთმა მადლი არასოდეს დალიოს. საცდურს გაშორებდეთ ყველას ღვთის შიში და ძალიო.
კეთილი ქალ-რძალიო, აკვანში ბალღი გეწვინოთ მამის ალი-კვალიო. შობის მახარებლები ვართ, ანგელოსნი ღვთისაო.
სიკეთის და მზისაო. ალილო და ალილო ალილო და ალილო.
X
შროშანების თოვლი ჰყვავის, შობის ღამეს აცისკრებსო, ბეთლემს იშვა ყრმა იესო, ანგელოსი აცინებსო.
ჩვილს ესვრება ბაგე რძითო, მასპინძელო, მწყალობელო, გაგვახარებ ნეტავ რითო?
დაგაბედებთ უფალიო, რასაც გასცემ შენი არის, ღმერთს დიდება უთხარიო.
ბაგაში ბატკანი ხტისო, დღეს სინათლედ ემატება, კრავის ბეწვს რომ სხივი სდისო.
XI
ალილო და ალილო. ბეთლემს იშვა ქრისტეო, როგორც კაცი, ისეო! მიაწვინეს ბაგაზეო, ანათებდა ღამეს მზეო, უქრობელი სანთელი, ორთავ ქვეყნის ნათელი.
უქონელი ბევრია, ღვთის სახელით გაიღებდე, სამოთხის კარს გაიღებდე. ალილოზე ბანი გვითხარ, გვარი გედღეგრძელოს დიდხანს! ღმერთი მოგცემს ბარაქასო, აგვივსებდე კალათასო. თქვენს ოჯახში ახალშობილს ქრისტე მზის ცვრით განათლავსო.
XII
ალილო და ალილო, სანათელო არილო, გააბრწყინე ეზო-კარი, გაახარე ღვთის სტუმარი. ვთქვათ დიდება შობის დღისო, მასპინძელო, გვეამება გაგონება შენი ხმისო. ვიგალობოთ ალილო, შობა გათენებულა, უპოვრის და ობლის ლუკმა მადლით გაბევრებულა.
ბნელი დღეს ვერ აღამებდეს, საიმედოდ ხვალის დღისო აქ სუფევდეს ძალი ღვთისო, მშვიდობის და სათნოების იშვა ღმერთი სასოების. ალილო და ალილო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |