|
გალაკტიონს
მთვარეს - სიბნელის ნათელ შვერილს, შენი რამდენი მზერა შვენის, მარადისობის გადამრჩენი, ადამიანო, ნეტავ? თავისუფალ სულს აჯიბრებდი, ხან - ანგელოზსაც აშინებდი ქაოსის მრწემი მოწმე. და ორთავ მხარის იდექ ზღურბლთან. ის, რაც გაგაჩნდა, არვის შურდა - არარსებობის ტანჯვა. განმქვრევისა და წარმავლობის როგორ ებრძოდი ძალადობას - "ზმანებამტკივან" სულით! სოფელს უხუნარ ფერად ედო. მარადისობით გული გეძღო, ხომ ეს უნდოდა უფალს?! ვით მეცხრე კარის განაჩენი - ტანჯვით მაცხოვრის გადამრჩენო უანგელოსო ჟამში. რღვევა - ახალთა გამართლებად, სიტყვები - ბედის კამათლები გილაგდებოდა ხელში. ჰაერისა და ცეცხლის მკოდველს, წყლის და ლაჟვარდის მონაქობი - სკნელთა ორპირი გედგა. ზმანების სიტყვის ბახს და მოცარტს, სურო-სულს -სხივზე გსურდა ცოცვა, ზეცის კედელზე მაღლა. წამების ჟამი მოისაგრე, საიდუმლოთა მოიგავემ, "სამუდამო მხრის" ხილვით. როგორც ურუქის ბრძენი მოგვი - ღმერთის პასუხზე ყურის მოკვრს ელოდი დიდხანს, მაინც. შენც იქეც კერის მზიან ძელად. სვე-საიდუმლო ენის მცველო, თამამი იყავ ღმერთთან! ჰაერი ისე ჩაამსხვრიე, მწიფე ზეცას რომ დაარხევენ - ტკბილი მტევნების მაღლარს. შორს, ნისლეულთა დარანებში ფასკუნჯის ფრთები გიმშრალებდა უსასრულობას, ვიცი. დიდების ჟრჟოლას ნერვით გრძნობდი, როგორ გინდოდა სამშობლოში, როგორ გინდოდა სამშობლოში, როგორ გინდოდა სამშობლოში ადამიანად ყოფნა! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















