მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1311 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

თეთრი მინდორი,

შავი მიწა,

მწვანე მოლი,

თივის ზვინები -

ლამაზია დედამიწა -

მარადისობის მაჯის საათი

 

 

ეძღვნება იმათ,

ვინც ერთხელ მაინც

შემაყვარა თავი ამ ქვეყნად

და ჩემ ლურჯ ცაზე

დღის თეთრ მთვარედ

მოსჩანან მზეშიც.

 

 

დილით

თმის ღერი რომ ჩამომვარდა,

ნეტა ვიცოდე,

რა გაიყოლა ჩემი ხსოვნიდან.

 

 

ჩემი სიზმრების კოდალები

მთელი ღამეა

უკაკუნებენ სიბნელის ზროს.

მთვარიდან

დიდი,

ვარდისფერი

განთიადი

ამოიყვანეს.

 

 

გვირაბების შავ სალამურებს

მხნედ ამღერებს

მზით მარხულთა ბებერი მოდგმა.

 

 

მიხლილია მინაზე ბალბა,

წითლადაა მინარცხებული,

თუ თოვლს უყოფს ენას, ნეტავი?

 

 

ხანდახან მაინც

ცოტა მიდარდე.

ჩემს სიზმრის კარზე

გავიგონო

შენი ფეხის ხმა.

 

 

სხვაგან უძვირესს

აქ იაფად გადააწყდები.

სიძვისბაზარი - ყველაფერზე ფასდაკლებაა.

ჯოჯოხეთსაც თავის ბიზნესინტერესი აქვს...

 

 

არყოფნამდე შეგიყვარა სულმა, უფალო.

დგანან ხეები სიკვდილ-სიცოცხლის

სანაპიროზე ანკესებივით,

გინადირებენ.

 

 

სანაგვეც ისე ტკბილად აპურებს

ჩიტებს, ძაღლებს, ბავშვებს, მოხუცებს,

გეგონება, მზე თანაბრად ეფინება ვარდსა და ნეხვსა,

გეგონება, ეს უფროა ღმერთის სიმართლე.

 

 

რამდენი სიტყვა დაიხარჯა, რამდენი განცდა,

მაგრამ ერთხელაც მიხვდები, რომ

ხელახლაა ამოსათქმელი

მთელი სამყარო.

 

 

როგორ არ მიყვარს ეგ დუმილი,

შენს ტუჩთან მდგარი.

 

 

ახასიათებს გადატანები სხვა გვერდზე,

სადაც

სულ სხვა გმირია,

იღბალს - კარდინალს.

 

 

შენი სიზმრები ჭედურია,

არაფერი არ ეცვლება,

არის და არის,

მე კი ნისლის სიზმრები მაქვს,

დანახვასაც ვერ ვასწრებ და

რა მოგიყვე,

რით გიმასპინძლო?

 

 

ნეტა უფალსაც ხელს ხშირად რევს

კაეშანი მერვე ცისკრისა?...

ჟამიდან ჟამს ადამიანიც როგორ ბეზრდება

საკუთარი მარტოობის დაღლილ ანგელოზს...

 

 

მომიხუცდნენ მგონი სიზმრებიც,

გაუხუნდათ იმათაც ფერი,

აღარაფერს მიყვებიან სიყვარულზე,

ძილის ჩეროში სხედან ჩუმად,

და შორს კი არა,

იქვე ფეხებთან დასცქერიან

თავიანთ ვარამს...

 

 

ადამიანო, ამოლაგდი შენი თავიდან!

ღმერთს უხარიხარ,

წამისტოლა მარადისობავ,

დიდი ფიქრით აძრული

და იმედიანი,

რო არ ისვენებ.

ჩია კაცის სამრეკლოც რეკავს,

საკუთარ თავში ჩავარდნილი კუტიპურივით,

დაჯექ, დაჯექო.

ყურს ნუ დაუგდებ.

ფიქრი გაშალე,

გაშალე და

დაედინე ირგვლივ სამყაროს,

ამოლაგდი, ამოლაგდი,

უნდა ეკმარო გაღმა-გამოღმას,

გამზეურდი,

განიავდი და

მოედე მარადისობას.

ამაოება ერთხელაც იტყვის:

კერკეტი, ფუი!

 

 

აუცილებლად გათოვდება.

გატენილია ცა თეთრი ვნებით,

მიწა - ლოდინით.

არავინ ჩანს არც დამშლელი, არც - გამკითხავი.

ეს ხომ ზამთრის გაზაფხულია.

მოსახდენიც უნდა მოხდეს, აუცილებლად.

 

 

გაყურსული ვარ.

ცეცხლისპირს არა,

ცისპირს ვზივარ.

არც უარყოფა იყო ადვილი.

მაგრამ რწმენასთან რა სათქმელია?!

ვარდკაჭაჭებიც

ცისპირს სხედან,

ლურჯად ღვივიან

განთიადებს.

და ადვილად გვაჯერებენ

იდილიური დილის დადგომას.

ერთხელაც არ გავივლებთ გულში –

ამოდიან მიწიდან თუ

თავუკუღმა ეკიდებიან

ჩვენთვის ცის ჯვრებზე?

 

 

ჩვენ რომ არ ვიყოთ

ასეთი მძიმე,

ასეთი მყარი,

ყოველ სისხამზე შეგვარხევდა

დუყე ჰაერი

და მივხვდებოდით,

რა სუსტია ყუნწი, რომლითაც

დილის ხეებზე ვართ გამობმულნი.

 

 

კეთილსახსოვრად გიძღვნეს ერთხელ

დილა და ახლა

მზამზარეულზე იპატიჟებ

ამვლელ-ჩამომვლელს.

რაღატომ გიკვირს,

რომ არაფერი იცვლება ქვეყნად?

 

 

ყანა,

ნიავზე მზეკაბანს რომ შლის,

ვეებერთელა პეპელაა -

მიწის გულზე დაფრენილი ოცნების წამი,

სამოთხიდან გამოპარული,

მე რომ ოდესღაც

ხელისგულზე მეტეოდა,

შენამდე კი

ერთხელაც ვერ მოვაღწევინე.

 

 

ციცინათელავ,

ერთხელაც რომ დავიჯერო,

მთელი შენი სილამაზე

მხოლოდ შენს ირგვლივ გამეფებული

ბნელის ხიბლია,

რაღა ვქნა მერე?

 

 

ბაბუაწვერას,

ერთხელ სული შევუბერე და

ასე მითხრა:

სულ ეს იყავი?

 

 

ერთხელ მაინც თუ ფიქრმა არ აგიყოლია,

ან ეს სამყარო როგორაა ასე ლამაზი,

ასე მკაცრი,

ცრუ

და წყობილი?

ამის გამჩენი როგორღა მოცდა

სიკვდილზე ნეტა?

ან ამ ამაო დღესასწაულს რა რჯის იმედად?

ან რაღა უნდა აკეთოს კაცმა,

თუ ვერასოდეს დაიჯერებს,

რომ სიკვდილი მარადისობის

ფოთოლცვენაა,

არცა ყოფილა სამყარო, მაშინ.

 

 

ერთხელაც კი ვერასოდეს შევხვდით

მე და ის,

ვისაც შეეძლო, რომ დაერქმია

ჩემთვის სახელი.

 

 

იყო და არა იყო, ერთხელ.

მე პეპელამ წამიყვანა,

ფრთებზე შესმული,

სადაც მეორედ არასდროს მიჰყავთ.

 

 

ერთხელ მაგიდის ქვეშ რომ მქონდა,

ის სახლი უფრო

დიდი იყო,

თბილიც და მყუდროც,

იმ ხის ცხენითაც შორს მივდიოდი,

უფრო სწრაფად,

უფრო უსაფრთხოდ.

 

 

ბედისწერა ერთხელ იტყვის და,

მერე სულ უნდა ემსახურო

ხელის ბიჭივით.

ემსახურო, ემსახურო

და შეუმჩნევლად,

გაიხადო ხელის მსახურად.

 

 

ყვავილებივით და ფუტკრებივით

რომ გვემეგობრა,

ვინ იცის, ერთხელ,

თაფლის სიტკბო და უხრწნელობა

დაჰყოლოდა ჩვენს გათენებას.

 

 

ერთხელ ცრემლიც დაგდინდება კაცს, მირონივით,

მაგრამ ერთხელ რა ცოტაა სამყაროსათვის,

რომელსაც უნდა, დაღლილი სული

ჩვენი ცრემლებით  ჩამოიბანოს.

 

 

დიდ სინათლეში ისე როდი

ბრმავდება კაცი,

როგორც ერთხელაც,

უკუნეთ ბნელში

ეხილება თვალის სინათლე.

 

 

სანამ მეგობარს გადავეყარე,

მახსოვს აქლემიც დამეკარგა უდაბნოში,

ჭაც დამიშრა

და მირაჟებში შევეხეტე, რომ ის მეპოვნა.

თორემ ცხადში სადა ხდება ასეთი რამე?

ნახავენ ძველ განძს და

უმალვე მიითვისებენ.

 

 

რაც არასდროს გვინახავს და

მაინც სულ გვახსოვს,

ამ ერთხელაც გაიმეორე -

არ დაგვავიწყდეს!

 

 

ერთხელ მოვიდა გაზაფხული

და დამაჯერა,

მარტო ჩემთვის იყო მოსული.

მას მერე კი, რამდენჯერაც მობრუნდება,

თვალს ვერ მისწორებს.

ახსენდება, რომ მომატყუა,

რომ სასწაულს ინაწილებს მთელი სამყარო,

თუნდ ერთადერთი პატრონი ჰყავდეს.

მერე ზაფხულიც მოვიდა ერთხელ.

მოვიდა და მზე მაძებნინა,

გვირილებიდან თიბათვეში გამონაშუქი,

მზე, შენ რომ გგავდა.

 

 

ლაჟვარდებს ნეტა ვინღა ჩივის,

სულ უბრალო, სადაგ ჰაერში,

რომელშიც ჩვენი ყოველდღიური

ფიქრი არის შემკვრივებული,

ხიჭვებივით შერჭობილან კორპუსები

და იმათი თავმომწონე აივნები,

კოპშეკრულები.

მიკვირს, როგორ არაფრით ჰგვანან

თავის დიდედებს,

ან იმათ დედებს,

ასე როგორ გამოიცვალნენ?

 

 

ჩემი ქალაქი ოთხ ბორბალზე შედგება მალე,

იაფ ბენზინს ჩაისხამს და

ივლის თავის ვიწრო ქუჩებში

გასაჩერებელ ადგილს მოძებნის და

როგორმე მივა სახლამდე ფეხით,

ძველისძველი ქვაფენილი მოუჭერს ცერზე...

 

 

შემოდგომამ იცის ხოლმე,

როგორ მოვიდეს,

სევდის რთველში ჩამდგარს

როგორ შემეშველოს,

როგორ ამივსოს მარანი და

მარტოობის მაჭრით შემთვრალი

უშენობის

მღვიმეებში შემიყოლიოს.

და განა, ერთხელ?!

 

 

ერთხელ ზამთარიც მოვა,

მაგრამ არ დავუჯერებ,

არ დავუჯერებ,

რომ ჩემთვის მოდის.

 

 

ლექსიც მოვიდა.

ერთხელ? ათასჯერ!

სიყვარული უნდოდა და

რომ არსად დახვდა,

დაიჩემა და დაიბრალა.

 

 

ერთხელ ოქროს თევზსაც დაიჭერ,

მებადურო.

ნუ შეშინდები,

თუ მუნჯია თევზი ოქროსიც.

 

 

ყანა ერთხელ,

გადამფრენ ფრინველებს რომ

ვუცქერდი ცაზე,

მეგონა ზაფხულს ასაფლავებდნენ,

ისე მდუმარედ მიუყვებოდნენ

მწყობრ პროცესიას.

 

 

დედები არსად მიდიან,

რომ ერთხელ დაბრუნდნენ.

სულ დგანან და

ელიან შვილებს

ორთავ სოფელში.

 

 

შვილები კი შორს მიფრინავენ,

ვერასოდეს იჯერებენ,

რომ მრგვალია დედამიწა,

რომ დროც მრგვალია,

რომ სამყაროს ვერსად წაუხვალ,

მაგრამ მაინც უნდა გაექცე.

 

 

შეყვარებული,

დარდიანი,

ძლიერ გამხდარი...

ერთხელ, მახსოვს,

რომ ეგეთიც ვიყავი და

არსად ვიყავი.

სიყვარული ღრმა ძილი იყო.

და როცა თვალი გავახილე,

ვერ გავიხსენე,

სად გავიღვიძე, რა მერქვა და

რა თენდებოდა?

 

 

სიხარულიც დამქონდა მუცლით

ისე დამქონდა,

თითქოს მაგით დავიბადეო

და როცა იშვა ერთხელაც იგი,

დავყურებდი,

ნეტავ, საიდან?

სანამ მივხვდი, ძუძუ უნდა ჩამედო პირში,

ასე მეგონა, უსახლკარონი დავრჩითო ცის ქვეშ,

მერე კი ამ რძით

შემოვიშენეთ დედა-შვილობა.

 

 

ომშიც გავუშვი ჩემი სამშობლო,

მე სახლში დავრჩი.

და მას მერე ველოდები

დაკუტებული.

არც ამბავი მოაქვს არავის.

ომი, რომელიც ერთხელ დაიწყო,

ნუთუ ერთხელ არ დამთავრდება?

 

 

ყველა ცუდ დროთა შორის მაინც

ჩემი დროა ყველაზე ცუდი.

მე კი მიყვარს,

რადგან ვიცი,

მხოლოდ ამ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს.

და ისიც ვიცი,

რომ ერთხელაც, ო, რა ძალიან მომენატრება.

 

 

სერაფიმსაც იხილავ კაცი,

თუ ახვალ თხემზე და

უსისხლო ჯვარცმას

შეიძლებ.

ან თუ მთაზე ახვალ, უბრალოდ,

გახედავ სივრცეს

და ერთხელ მაინც შეეთვისები.

 

 

როგორც სიტყვები, ენა, სიმღერა,

ყურს რომ გიგდებენ და გისმენენ

მთელი სიცოცხლე,

ერთხელაც ასე მინდა, დამიჯდე

და მოისმინო ჩემი სიჩუმე.

 

 

თავისუფლება ათას აფორიზმს ათამაშებს

ჟონგლიორივით,

თვალახვეული თოკზეც ისე დაიარება,

ცეცხლსაც ისე ყლაპავს და აფრქვევს,

შენ ჩაის სმას და

კარაქიანი პურის ჭამას ვერ მოახერხებ

ასე ადვილად.

 

 

ბებიაჩემი ერთნაირად იოლად კრეფდა

ველურ თეთრ ვარდებს

და ვარსკვლავებს ღამის ეკლებში,

მაგრამ ერთხელ,

გაეკაწრა ხელი სიკვდილზე და იმის  მერე

მე დამიტოვა თავისი ძველი ბიჟუტერია:

გამხმარი იის კონა წიგნში და

საკუთარი ხელით ნაქსოვი

თეთრი საყელო.

 

 

ერთხელ,

როდესაც მეგობარი მომიკვდა

და ბევრი ვიტირე,

ძალიან ბევრი,

საშინლად შემრცხვა,

როცა ცრემლი

უკან მიიქცა,

დაილია ტირილი, თითქოს.

მას მერე მახსოვს,

აღარ ვენდო მას,

რაც მთავრდება.

 

 

ადამიანო, როდისღა უნდა შეჩერდე, აბა?

საკუთარ დარდზე მაინც ჩამოჯექ

და ტყისპირიდან წამოსულ ნიავს

ერთხელ მაინც გაატანე შორეული მზერა

უფლისკენ - ნუგეში იცის.

 

 

ჰოდა, ერთხელაც,

ჩემი სიცოცხლის ყუჩი ხმაური,

ხმაურიანი  მდუმარებით რომ შეიცვლება,

ქარს უფრო ფრთხილად მიაყურადებს

პატარა გოგო,

რომ უკეთესად გაიგონოს

ჩიტის სტვენა ჭალისპირიდან.

 

 

ბოლო ჟამამდე მხოლოდ შენი სიცოცხლე რჩება.

სულ ასეა.

ამ მზადყოფნას და მოლოდინს

დასასრული არ გააჩნია.

ვერასოდეს იტყვი - ერთხელო.

 

 

აბა, სად მე და სად ბროწეული,

ბაღის პირზე რომ ცეცხლად ყვავილობს,

მაგრამ ერთხელ ვიყავი ასე.

მეც მეკიდა სულზე ხანძარი.

ასეთს მხედავდი,

სიხარულით თვალში ცრემლი გიციმციებდა.

მაშ რამ ჩამაცხრო, რამ ჩამანავლა,

ერთხელ მაინც მითხარი, ღმერთო.

 

 

როცა უსიზმრო ძილიდან დგები,

ეს ნიშნავს, რომ არაფრობა დაგსიზმრებია.

მაგრამ თუ ერთხელ მაინც ნახე

გვირილებით სავსე მინდორი

და სინათლის თეთრი მერცხლები -

სიყვარული დაგსიზმრებია.

ტანჯვას ნიშნავს თეთრი გვირილა.

 

 

ერთხელ წმინდანს შევთხოვე, რომ

გასაჭირში შემშველებოდა,

და შემეშველა.

ვიფიქრე, ღმერთო,

რა საბრალო ვარ,

თუ კი მასაც შეუტყვია

უკვე ყოველი.

 

 

ერთხელ გალობდა

ჩემს ბაღში შაშვი.

ისე გალობდა,

ვერ დავიჯერე,

რომ არ მესმოდა

მისი ნათქვამი.

 

 

ნუ შეაქებ, ვინც ღირსია ქებისა მართლა.

თორემ ერთხელ გაგახსენდება

და სინანული ვეღარ გიხსნის,

ეშმაკს ბორკილი რომ აუხსენი და მიუქსიე.

გიყვარდეს შენთვის.

აყვავებულ ნუშის ხეებსაც

აქებენ და ტოტებს ამსხვრევენ.

 

 

სამშობლოსა და უსამშობლობას შორის,

საერთო - დიდი ტანჯვაა -

არაფრობის უმძიმესი ტვირთის ტარება.

 

 

შენი ზეიმი ისე უხმოა და უჩინარი,

სხვებსა ჰგონია, არც დაწყებულა.

შენ კი უკვე დაიღალე ამ სასწაულით,

მადლობის თქმას ვერ აუდიხარ,

და ამ ერთხელაც,

გინდა მალე დამთავრდეს და ამოისუნთქო. 

 

 

მერცხლებს ვინ ჩივის,

მეც ვერ მოვფრინდი,

მახსოვს ერთხელ და,

სიყვარულში დავაგვიანე.

როცა მოვედი,

უჩემოდაც ბედნიერი დამიხვდა ხალხი.

 

 

შეიძლებოდა, კი, როგორ არა,

ჩემს ნარგავებს გამოესხათ უხვად ნაყოფი,

და დამტვრეოდათ სუსტი ტოტები,

დალეწილიყვნენ.

მაგრამ ერთხელ, სეტყვა მოვიდა.

სულ არმოსვლა სჯობდა იმ მოსვლას.

სიკვდილიც ხომ შეიძლება იყოს კეთილი.

 

 

თეთრი ირემი?

ერთხელ მაინც თუ გინახავს

დატოტვილი ცეცხლის რქებით,

მთაზე შემდგარი,

იცოდე, რომ ცხადშიც მოჰკრავ

ბედნიერებას თვალს და შეკრთები -

რადგან ნანახი გეყოლება

სადღაც, ოდესღაც,

და ვერაფრით გაიხსენებ

მის ნამდვილ სახელს.

 

 

იაპონური მეთოდით მსურს,

გავისწორო ჩემი ქართული ტკივილებით

მოხრილი და მოღალული

ხერხემალი,

რომ მერე როგორც,

ბებიაჩემი დახუნძლულ ხეებს

უმაგრებდა რტოებს ბოჟგიტით,

ისე შევუდგა მხარი ხვალინდელს,

სად გაგონილა, წელგამართული დაგიგულონ და

ვინმემ გაცალოს საკუთარი თავის ტარება?

 

 

ნუთუ მართლა შეუძლია სიმზაკვრეს, რომ

ქარიშხლები ამოაღელვოს?

მიწისძვრები ამოიგდოს გულიდან და

ჩვენ ისე ვიდგეთ, თითქოს

ერთხელაც არ გვეცხოვროს

მშვიდ სამოთხეში.

 

 

დაცლილია ეს სოფელები, მიტოვებული,

ჩანგრეულია ერდოები -

ბალღებისათვის რომ ივსებდნენ

ერთდროს მზით პეშვებს.

სოფელია თუ მე ვდგავარ მთაზე?

მზე სამძიმარს მეუბნება და

ცეცხლისფერი გლოვაა ირგვლივ.

მიწას ხმელი ფოთლებივით

ეფინება ნასოფლარები.

 

 

მახსოვს, ერთხელ,

ტაძარში რომ ლოცვას ვუსმენდი,

სმენას და ნერვებს როგორ მიფხეკდა

იატაკის საწმენდი ჯოხი -

დამლაგებლის ლიტი ჯვარი .

თითქოს ეშმაკი ხურდა

ფულებს აჩხრიალებდა

გაძარცვული შესაწირიდან.

 

 

ვიტყვით ხოლმე, დრო მკურნალია.

ვიტყვით და ერთხელ, რომ მოვინდომოთ,

ერთ ავადობას ვერ გავიხსენებთ,

რომ განგვიკურნა.

აი, ასეა,

ბევრი პოულობს ყალბ სახელს

და დიდებას ქვეყნად.

 

 

ერთხელ მესიზმრა

მოყვავილე ბაღი ატმების,

ისე ხშირი და უდაბური,

ისე ლამაზი, ისე ფერადი,

რომ აქამდე არ მავიწყდება.

არც ის ბაღი

და არც სამი ქალწული ბაღში,

გვიან რომ მივხვდი ვინ ყოფილან -

მესიტყვეები.

 

 

მახსოვს, ბალახშიც ვიმალებოდით

ერთხელ ბავშვები.

ახლა ყველგან ვჩანვართ და მაინც,

ერთურთს ვინ ჩივის,

მეჩვენება,

ღმერთიც ვერ გვხედავს,

სულ თვალებში კი ვეჩხირებით.

 

 

განა ერთხელ, ათჯერ, ათასჯერ.

როცა ნისლი აიშლება ჩემი მთებიდან,

მეც ავიშლები, რომ ერთხელ მაინც

ამიტაცონ ანგელოზებთან,

მაგრამ ამაოდ.

ისე მიდიან, უკან არავის მოუხედავენ.

 

 

რას არ იპოვი უპოვრის პეშვში:

ანგელოსის ცვარს,

ხარების შროშანს,

ღვთისმშობლის თმას.

ერთხელ ვნახე

ნათლისმცემლის მწვანე კალიაც.

 

 

ჩემგან წასულ ფიქრს

როცა უკან გავედევნები,

სულ შენს კართან

რატომ მიწევს მოსვლა ნეტავი?

ნუთუ, ერთხელაც არ იცვლიან

ფიქრები სავალს?

 

 

რა კარგია, მზის ჩასვლასავით,

მეც, ერთხელ, ასე თუ მწუხრს ჩავყვები.

შენ კი, ჩემო მეგობარო,

იდგები მთაზე და გათენებას დაელოდები.

 

 

რაც უფრო დიდხანს,

დიდხანს ცოცხლობ ადამიანი,

მერეღა ხვდები,

რა ცოტა იყო სიყვარული,

ერთხელ რომ შეგხვდა.

შენ კი იმხელად მოგეჩვენა,

შეგეშინდა და გაექეცი.

 

 

სულ სიზმრიდან მინდა გაქცევა,

სულ ცხადიდან გაქცევის ნაცვლად. 

მაგრამ ერთხელ, ხომ იქნება,

რომ დაიძინებ

და ყველაფერი შენთან დარჩება,

და გასაქცევიც აღარ გექნება.

 

 

 

ვინც ზღვარზე დადის საიქავ და სააქაოსი,

ერთხელაც ფეხი დაუცდება

და იქითკენ გადავარდება,

რომლისკენაც უფრო ხშირად იყურებოდა.

მზერამ იცის -

იშინაურებს სამზერელს და იჩვევს ადვილად.

 

 

ნუთუ ბილილა

ჩემზე მეტად გიყვარს, უფალო?

რა გავაკეთო,

რომ მხოლოდ ერთხელ არ მომიყვანო

და მაყვავილო,

მაყვავილო დაუსრულებლად?

 

 

დე, ამ ერთხელაც,

თეთრმა დუმფარამ გადაგვარჩინოს.

ან წვიმებმა გაგვახვიონ ჩვილ ბურუსებში,

თორემ, საიდან გვითვალთვალებს მონადირე,

ვერ გაარჩევ, ისეთი დროა.

 

 

არ მინდა, ერთხელ, ისე დავსრულდე,

რომ არაფერი გელაპარაკო ყაყაჩოებზე.

 

 

ნუ აჩქარდები,

აცალე სიკვდილს შენით ტკბობა.

შენი გემო აგრძნობინე,

ალოკინე დიდხანს მარილი,

ვეშაწყალი ასვი დიდხანს,

რომ დანაყრებულს

ერთხელაც მშვიდად ჩასთვლიმოს და

გამოეპარო უკვდავებაში.

 

 

ქალაქები იზრდებიან და იზრდებიან.

სოფლები კი,

როგორც პატარას ფეხსაცმელები,

ძველ ჩემოდნებში

ნაფტალინიან კაბების გვერდით,

ისე აწყვია, მეშინია,

ვინმემ ერთხელაც არ გადაყაროს,

რადგან არავინ აღარაა სამყაროში

მაგ ასაკისა და მაგ ზომით მოსიარულე.

 

 

ორთავე სოფლის მოდარაჯე

სამარის ქვასაც თუ ხავსი ჭამს,

მე რა მომივა, არც საქმით და

არც სიტყვით რომ ვარ მაგაზე მეტი.

ერთხელ მაინც გაიტანოს ამ ქვამ ფესვები.

 

 

ის მწყემსი ბიჭიც,

რომ შემოდენის

მწუხრისპირზე შუკაში ნახირს

და ერთხელაც, აღმოაჩენს,

რა პატარა ყოფილა ეს გზა,

ნეტავ რომელ გზას დაადგება?

 

 

პურის ყანები როცა მწიფს და მკათათვე დგება,

ასე მგონია, სამყაროში, ყველა შინ არის.

ერთხელ მაინც ვნახოთ მზეშინა.

 

 

ღვინოსავით დაიწმინდე სული, ერთხელაც,

შენი გვარ-ტომის საზიარებელ

სიტყვად  რომ იქცე.

 

 

ჩემი ბებერი და უსინათლო პაპის ხალათი

თურმე კოჭამდე არა სწვდება ახლა ბიძაჩემს.

 

 

ისე ძველი და ისე გრძელია ჩემი ფესვები,

ხანდახან კიდეც მავიწყდება,

რომ ცოცხალი ვარ.

და კენწეროზე ახალი ჩირთი როცა მიჩნდება,

მტრედის ფრთები მგონია და

გახარებული,

ვხსნი კიდობანს

და ვერეკები პირუტყვსა და ფრინველს მიწაზე.

და ბღავიან,

და ზმუიან,

და ჭიკჭიკებენ.

 

 

ერთხელაც, ალბათ,

ჩემს სიჯიუტეს სხვა ღმერთები შეიწირავენ,

მარადიული არაფრობის საკურთხეველთან.

 

 

 

ერთხელ კიდევ უნდა ვთქვა ის რაც,

ათასჯერ თქმულა ამქვეყანაზე,

იქნებ ვინმემ მაინც გაიგოს.

ღამის გზაზეც ხომ გაივლის გვიანი მგზავრი.

ერთხელ ხომ უნდა

დაასრულო სათქმელი კაცმა. 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ