|
სიყვარული იმიტომაა ასეთი გამძლე, რომ სალოსივით თავის ჭკუით დააბოტებს მარტოობაში და არავინ, სულ არავინ სჭირდბა ქვეყნად! მე კი ვერასდროს დავისიზმრე ეგ სიმარტოვე. სულ მინდოდა გუბესავით ჩადგომა შენში რომ ჩემი თვალით გეყურებინა სამყაროსათვის, რომ ჩემი პეშვით აგეკრიფა წვიმის წვეთები. მე მინდოდა ჩადგომა შენში ხავსის კაბებით და შიშველი ცივი ტერფებით, ფრჩხილებზე რომ არასოდეს წაუსვამთ ლაქი, არ უვლიათ განგის ნაპირზე, არც გოლგოთაზე, არც ნილოსის წყლით უბანიათ უდაბნოს მტვერი. მე მინდოდა შენში ყოფნა, როგორც ქვაბულში, მარტოდმარტოს, როგორც ბერი ემალება ხალხს და ცდუნებას. ახლა ისღა დამრჩენია, არ დაველოდო დასასრულს და ისე დავიწყო, ზეიმივით, თითქოს არც კი მიცხოვრია და ვერცა ვხვდები, რატომ იციან გადადება დღესასწაულის სულ ბოლო დღისთვის?! ან სულ ბოლოდან დავიწყოთ ის, რაც, დასაწყისად უკვე არც ვარგა ვიზეიმოთ მარტოსულობა, ერთმანეთი ვიზეიმოთ უერთმანეთოდ! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















