|
ნელი ქუთათელაძის ხსოვნას
ვერცხლის ცისკარს სიანცე შეჰპარვია ცხონებად. აგერ, წელიწადია, არ ყოფილა ივლისი. ეს ლექსებიც მეყოფა, სანატრელო, ცოდვებად, რომ მიყვარდი, ვიცი რომ, არ დამსჯიან იმისთვის.
იწყებიან მზის ჩასვლის მეწამული წირვები. თუ მივაგნებთ, სად არის ჩვენი სულის სამკვიდრო, ძველთაძველი წყევლითაც აღარ გავიწირებით.
ვერაფრით დავეხსნები შენს ოქროვან ხსენებას და თუ ერთი სიზმარიც სულის მანას აეშვა, ჩამითვალე სიცოცხლე მარადიულ ჩვენებად.
შენმა შენანიებამ შვების ტანჯვით შემამკოს. მსურს, ასფალტით დათალხულ ქალაქების ობელისკს ჩვენი ყრმობის მინდვრების პანაშვიდი ემართოს.
უმალ დაგაღერებენ საუკუნის კარაბინს, აგერ წელიწადია, შევეგუე არყოფნას, სიკვდილი თუ მიმყვება ჯოჯოხეთის კარამდის.
სიტყვასაც არ შემაწევს, ისე გამინაპირებს. აგერ, წელიწადია, ჩამომხმარი მზის ოლე დგას და აყვავილებას თითქოს აღარც აპირებს.
მენანება, ღმერთმანი, რომ არასდროს გაცხადდეს. პოეზია ლოცულობს ქაოსების სამებას და სამოთხის სამართალს ტევს ღმერთიდან კაცამდე.
როგორ შეგასმენინო უდროობის ვედრება? აგერ, წელიწადია, სიყვარული აკრძალეს, შენი გულის ბეთლემიც ხომ არ გამონელდება?
ვერაფრით დავეხსნები შენს ოქროვან ხსენებას. როცა ცის ზედაშეთი სიყვარული დალოცეს, იმ წამიდან სულს მისი სვე-ბედობა ენება.
ნათლის მოვი მოისხეს მზეთა აისბერგებმა, შემომცქერის თვალებში ლექსი - ჩემი მსახური, იცის, ოცნებებიდან ცხადიც რომ არ ერგება.
ცრემლის ვენეციები მოიხილოს ეგება, მესიზმრა თუ ეს ლექსიც, როგორც თეთრი შროშანი, სიცოცხლეზე სიკვდილის ავგაროზად გვეკეთა? |
| პოეზიის გვერდი • • • |
















