შიოდა ნეტა ძუძუ მაცხოვარს? ჭრიალებს სული თავის სიმუნჯეს, მოდენის დარდებს - საწირველ საკლავს. ზურგზე კიდია ცას დედამიწა ძის დარკილულ და სისხლიან აკვნად. შიოდა ნეტა ძუძუ მაცხოვარს და სხვაგან იყო წასული დედა? თუ იქვე, ახლოს, ხმიადს აცხობდა და თიხის ჯამში თბილი რძეც ედგა? ნეტავი იმ დროს და ჟამს - უშობელს, დღეს შენივ თავი აგკიდეს ტვირთად. ღამით ყმუიან სიზმარს მომდგარი წმინდანები და სულები გმირთა, გამოგვიშვითო სამარხის გარეთ. მიწაც აღარ აქვს ირგვლივ აკლდამას. ჩვენც რომ არა ვართ, ვეღარ ხვდებიან, ჩვენი შინყოფნაც ღმერთმა აკრძალა. აქ აღარავის დაედგომება - სხვებში შეგვრეკეს, სხვებად დაგვმარხეს. ახლა პატივი მათი ჯერია, ვინც გამოაგნებს თავად აკლდამებს. ტანჯვით ყვავილობს ჩვენი უდაბნო, დღესასწაულობს სიკვდილი ტაძრად. დროც დაილია, სიხარულივით, და უდროობამ სამყარო აძრა. კუნჭული რაა, კუნჭულს ვერ ნახავ სუფთას, ბედნიერს, მარადს და მართალს. და მარტოობის ლიტურგიებსაც უღვთისმოსავო ლოცვებით ვმართავთ. ბალღებსღა ვწირავთ, რისი პურ-ქადა?! ჟამი თავადვე იყენებს წირვას. აიძრა ხალხიც. შენ ფეხს არ იცვლი, იქ რჩები, სადაც გმარხავდნენ წინათ. და გგონია, რომ ვერ ამოავსებს სიცარიელე შენ კუთვნილ ადგილს. ისე ერთგულებ აქაურობას ლამის სიკვდილსაც სიცოცხლეს ათვლი. და ელი, ელი ბედნიერებას, ადამიანში სიმშვიდის მირქმას. ელი სამშობლოს, რომელიც ერთხელ, ღვთის სიტყვასავით გახსოვს, რომ ითქვა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ წიკლაურის პოეზია |