მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1012 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა

 

წიგნის შეთხზვის მიზეზი (საწყისი ბეითები)

* * * * * * *

 

უცხო მიწაზე წინაუკმოდ ვიარე წლობით,

ვის არ მნახველმა, რის არ შემსწრემ, გამჩენის ხმობით.

ყველა კუთხეში ლხენა ვპოვე, ანთუ წყალობა,

თითო თავთავი წამოვიღე ყველა კალოდან.


მაგრამ შირაზზე ტკბილი მხარე ვერ ვპოვე ვერსად,

დაე, მის მიწას არ მოაკლდეს წყალობა ზესთა.

მე ჩემი ხალხის სიყვარულმა შემასხა ფრთები,

შამის და რუმის ამბები რომ მომეთხრო გზნებით.


მაგრამ ბაღ-ბუსთან შემოვლილი, ღმერთო მაღალო,

უძღვნოდ მოვდივარ მეგობრებთან, უარმაღანოდ.

გულში ვთქვი: ყანდი მისრეთიდან მოაქვთ იმისთვის,

მოყვასს მიუძღვნან, სანამ ხსოვნას შერჩა გვირისტი.


ყანდი არ მომაქვს, როდი მახლავს მისხალი დარდიც,

მომაქვს სიტყვები, ტკბილი, ვიდრე ათასი ყანდი.

ის ყანდი არა, სიტკბოსთვის რომ გაკვნეტენ უცებ,

არსთა საუფლო დავაუნჯე ფურცელ და ფურცელ.

 

მეოთხე კარიდან

* * * * * * *

 

ღმერთმა მიწისგან გამოგძერწა, ნურაფერს ჩემობ,

მაშ გმართებს, მონავ, მიწასავით განერთხა ქვემოთ.

არ ხამს სიხარბე, ქედმაღლობა, ქიშპი და ცილი,

ნუ გაცეცხლდები ნურასოდეს მიწისგან ქმნილი.


ცეცხლს რომ ურჩობის ერეოდა ჟინი ძალუმი,

თავს იმდაბლებდა მიწა ამ დროს, მიწყივ კრძალული.

ერთი აზვავდა, მეორე კი დამდაბლდა ასწილ,

ცეცხლისგან დევი შეიქმნა და მიწისგან - კაცი

 

* * * * * * *

 

წყლის ერთი წვეთი ღრუბლებიდან ეპკურა მიწას

და შერცხვა, ფართოდ გაშლილი ზღვა რომ ნახა იმ წამს.

- რა თვალუპყრობი ზღვა ყოფილა, - თავს უწყო კილვა, -

მე, უბადრუკი, მის წინაშე არაფრად ვღირვარ.


რადგან საკუთარ თავს სიმდაბლით მიაპყრო მზერა,

სადაფში მოხვდა და ძვირფას თვლად აქცია ზენამ.

ზეცამ მოწყალედ მოჰხედა და ამშვენებს იგი,

როგორც ობოლი მარგალიტი ხელმწიფის გვირგვინს.


ამაღლდა, რადგან არც უცდია მორჩილს ზვაობა,

არარაობა შეიცნო და იქცა რაობად.

თავმდაბალია, ვისაც შერჩა ჭკუა სამყოფი,

დაბლა იხრება დახუნძლული ტოტი ნაყოფით.

 

მეცხრე კარიდან

* * * * * * *

 

სამოცდაათი გაილია, გამოგდეს სარმა,

ნუთუ, გეძინა? ფოთოლ-ფოთოლ წაასხა ქარმა.

დარჩენა გსურდა, ამ სოფლისთვის თვალებს ნაბავდი,

არც კი აგიკრავს საიმქვეყნოდ გუდა-ნაბადი.


როცა მიწყდება განკითხვის დღეს ბოლო ვედრება,

იქ, სამყოფელი შენივ საქმით გეწილხვედრება.

მიიღებ იმას, რასაც შენი ქონება ყოფნის,

თუ ღატაკი ხარ, ციმციმ სიმწრის დაგასხამს ოფლი.


ბაზარს რაც მეტად ემატება შნო და ხალისი,

მით უფრო ხდება უპოვარი შესაბრალისი.

თუ ორმოცდაათს მოაკლდება ხუთი დირემი,

ალბათ, ჭკუიდან გადაცდები, გადაირევი.


ორმოცდაათი მიიწურა შვებით თუ ხვნეშით,

ხუთი დღით მაინც ისარგებლე, რაც შეგრჩა ხელში.

მკვდარს რომ შეეძლოს საუბარი და დაძვრა ენის,

ივალალებდა სვედავსილი, ვაების მჩენი.


სულდგმულო, სანამ ძალი შეგწევს ამ ქვეყნად დარჩე,

ნუ დადუმდები, როგორც მკვდარი, მადლობდე გამჩენს!

უდარდელობით გაილია რახან საწუთრო,

ეცადე, ორი წამი მაინც დაისაკუთრო.

 

* * * * * * *

 

ეი, შენ, ვისაც ჩემს საფლავთან მოგიწევს გავლა,

ხამს წმინდანების მოიგონო რიდი და კრძალვა.

საადი მიწად ქცევის გამო არ სწუხს, უფალო,

სიცოცხლეშიაც მიწის მტვერი იყო უბრალო.


ცასა და მიწას აკითხავდა, როგორც ნიავი,

მიწას მიენდო მორჩილებით, განა სიამით.

გაივლის დრო და როცა სხეულს შავმიწა დახრავს,

მიმოატარებს ქარი მის ფერფლს აღმა და დაღმა.


დაე, ყვაოდეს სიბრძნის ბაღი, ბაღი აისის,

ო, ნუთუ მასში ბულბულის ხმა აღარ გაისმის.

საკვირველია, მიიძინოს ბულბულმა ისე,

რომ მის საფლავზე არ აყვავდნენ ვარდები მყისვე.

 

* * * * * * *

 

როს ალფ-არსლანმა მიაბარა შემოქმედს სული,

მემკვიდრეს მისას ეწილხვედრა სამკვიდრო სრული.

მეფის ცხედარი აკლდამაში მონებმა დაფლეს,

წავიდა ის დრო, ზეზეულად რომ შლიდა აფრებს.


თქვა ერთმა ბრძენმა, წრფელი გულის პატრონმა დიდად,

ცხენით მომსრბოლავ არსლანის ძეს თვალი რომ ჰკიდა:

ნუ გეგონება ეს ქვეყანა სადგომი თბილი,

მამა წავიდა და უკანვე მიჰყვება შვილი.


ასე სჩვევია ამ საწუთროს ბრუნვა მედგარი,

არის უპირო, არამყარი, დაუდეგარი. 

როცა დანისლავს მოხუცის სვეს ჟამთა ბინდება,

აკვნიდან მყისვე სხვა მნათობი ამობრწყინდება.


ნუ მიენდობი და უწყოდე, ყრმაო, აწ უფრო,

მოხეტიალე მუტრიბსა ჰგავს ჩვენი საწუთრო.

იმ ქალის ტრფობა სირცხვილია და უღმერთობა,

ვინც ყოველ დილით ახალ-ახალ ქმართან ერთობა.


წელს შენ ხარ სოფლის თავკაცი და სიკეთე ქენი,

სოფლისთავობა არ იქნება გაისად შენი.

 

* * * * * * *

 

ვინც გიყვარს, შენებრ წყლის და თიხის არის ნაზავი,

სიმშვიდეს გტაცებს, გეწვეთება სამსალასავით. 

გღვიძავს და მისი ხალი გხიბლავს-ღაწვის მშვენება,

გძინავს და მაინც შენს ხსოვნაში ჩაესვენება.


თავი მის ფერხთით დაგიხრია, დგახარ ეული,

ჭვრეტ და სამყარო გავიწყდება არაფრეული.

თუ სატრფოს შენი ოქრო თვალში დაუჯდა მრუდად,

ერთი ფასი აქვს ოქროსა და ტალახის გუნდას.


სხვა არ გიზიდავს, სხვაზე ოხვრა არსაით ისმის,

რადგან მის გვერდით აღარ რჩება ადგილი სხვისთვის. 

შენს თვალში ბუდობს, ესართება ნაღველს კირთება,

თვალს თუ დახუჭავ, მყისვე გულში ჩაგეზვირთება.


არვის ანაღვლებს რა გწყენია, რა სევდა გეძმო,

აღარც ძალა გაქვს გასალკლდევდე, მოთმენა შეძლო. 

სული მოგთხოვა? - დაუფინე ბაგეზე კრძალვით,

თუკი მახვილი მოგიღერა, დახარე თავი.

 

* * * * * * *

 

მახსოვს, ერთ ღამეს ვერ მოვხუჭე ვერაფრით თვალი,

მომესმა, სანთელს შესჩიოდა ფარვანა კრძალვით:

- მე მიჯნური ვარ, და თუ ვკვნესი, ჩემი წესია,

შენ რა გატირებს, მწარედ რატომ დაგიკვნესია?


მიუგო: ჩემთვის დათუთქულო, ვდნები და ვიწვი,

თაფლივით ტკბილი გულის ერთა დამშორდა სიმწრით. 

გაქრა შირინი, გაბასრულა გული ავგულად,

და როგორც ფარჰადს, ბედმა ტრფობის ცეცხლი მარგუნა.


თან ასე ბჭობდა, ეს სახმილი მარად მენთება,

თან ყვითელ ღაწვზე მოწვეთავდა ცრემლი ღვენთებად. 

შენ კი სიყვარულს რას ენუკვი, რა ხელყრი ტრფობას,

თუ არც მოთმენა შეგიძლია, არც მყარად დგომა.


შენ ერთ ნაპერწკალს გაურბიხარ, თუკი იალა,

მე ვდგავარ, რათა დავიბუგო ცეცხლში მთლიანად. 

თუ ტრფობის ცეცხლმა ფრთა დაგიწვა, ჩემკენ რხეული,

მე შემომხედე, როგორ ვიწვი მთელი სხეულით.


ღამის პირველი სახმილავი არც კი გასულა,

სანთელი უცებ რომ ჩააქრო ზეცის ასულმა. 

ლაპარაკობდა და ხრჩოლავდა გაბმით მკვნესარი,

უწყოდე, ყრმაო, სიყვარულის ბოლო ეს არი.


თუ აჰყოლიხარ სიყვარულის სწავლის ხვაშიადს,

თავს ნუ დაიხსნი ცეცხლისაგან, შვება წვაშია. 

ნუღარ დასტირი სატრფოს საფლავს, დარდს ნუ იკარებ,

გალაღდი, ღმერთმა შეიწყალა მოსხივცისკარე.


ტრფობა სამიზნედ ვინც დასახა განუსხვისარი,

მას ვერც ქვის ცვენა შეაშინებს, ვეღარც-ისარი.

ნუ შეხვალ ზღვაში, ფრთხილად, თორემ ღელვით გვარისხებს

და თუ შედიხარ, შენი თავი ანდე ქარიშხლებს. 

 

* * * * * * *

 

ერთხელ, ყრმობის ჟამს, როცა წლებთან არ ვიყავ უბრად,

არიფთა წრეში სანადიმოდ ვუსხედით სუფრას. 

ხმით-ბულბულები, პირისახით-ვარდის კოკრები,

ქუჩას მოედო ჟრიამული დაუოკები.


გვერდით ბერიკაცს ვკიდეთ თვალი თეთრად დაპენტილს,

ჟამთასვლას მისთვის დღედ ექცია თმის კუნაპეტი.

პირი თხილივით შეეკუმა, დროისგან ნაგვემს,

ჩვენ კი ფსტასავით გადაგვშლოდა მღიმარი ბაგე.


ერთი ჩვენგანი მივიდა და ჰკითხა ღიმილით:

აქ რას უზიხარ, მოკართული ზღვა სიმძიმილით?

სევდას საყელო დაუფლითე, ადრეა ჯერაც,

ჭაბუკთა შორის იშვებდეო, ვითარცა ჯერ არს.


თავი ასწია ბერიკაცმა და სხვების წინვე,

დახეთ, რა ბრძნულად უპასუხა ნებიერ ნინველს:

როცა ზეფირი წამოქოჩრავს მწვანე მტილოვანს,

მაშინ შეჰფერის ხეთა მორჩებს მოხდენილობა.


ჯეჯილი ხარობს, სანამ მწვანე ზარ-ზეიმს მართავს,

სთველზე, სიყვითლეშეპარული ჩამოყრის თავთავს. 

გაზაფხულობით, როცა სურნელს მოაფრქვევს ძეწნა,

დიდრონი ხენი გამხმარ ფოთოლს აფენენ ზეწრად.


აღარ შემფერის ყრმათა შორის ხტომა და ბუქნა,

რადგან სიბერის დილამ ლოყებს თავისი უქნა. 

სულის მიმინო ტყვეობაში ისე მომკივის, 

სურს წამისწამად დაამსხვრიოს ყველა ბორკილი.


თქვენი ჯერია ამ ნადიმზე ზმისა და დავლის,

ჩემს აქ ყოფნას კი, რა ხანია, გასვლია ყავლი.

სიბერის მტვერი დამაფერთხეს რახან უკლებლივ,

არა ხამს აწი ყრმასავით თუ გავცუნდრუკდები.


ჩამოიპენტა ყორნის ფრთებზე თოვლი მარადი,

აღარ შემფერის ბულბულივით ბაღში ნავარდი.

წაიკეკლუცებს ფარშევანგი ცხადზე ცხადია,

ფრთამოსხეპილი ქორისგან კი რაღა გწადიათ.


არ ემეტება ამ ხოდაბუნს ჩემთვის თაველი,

აწი თქვენია საყანური  და ეს მთა-ველი. 

ჩემს საბაღნაროს ფერი მისდის, ჭირხლი ერევა,

დამჭკნარმა ვარდმა როგორ შეძლოს ყელის ღერება?


ჯოხს დავეყრდნობი, სანამ წლებმა სულ უფრო მძლიეს,

ვინც ამ ცხოვრებას დაეყრდნობა, შეცდება ძლიერ. 

უთუოდ ფეხზე წამოხტება ჭაბუკი ყველა,

თუკი ბერიკაცს რაიმეში დასჭირდა შველა.


სახის ყირმიზ ვარდს ზაფრანისფრად ხურავს მანტია,

ჩამავალი მზეც მიმწუხრისკენ ყვითლად ანთია.

ის, რაც უბრალო სიგიჟმაჟედ ეთვლება ყმაწვილს. 

დასაძრახია მოხუცისთვის ორწილ თუ ასწილ.


ცოდვათა გამო, სანამ ჟამი წარსულს გაღობავს,

მმართებს ბავშვივით ტირილი და არა-ლაღობა.

დიდმა ლოყმანმა ასე განბჭო, ბრძნულად და სწორად:

ცოდვილ სიცოცხლეს გერჩიოსო საფლავში წოლა.


სჯობს დილიდანვე კარი დახშო, უხმო გონებას,

ვიდრე ხელიდან წაგივიდეს მთელი ქონება. 

სანამდე ჭაბუკს ალიონი ჩაენამქრება,

მოხუცის გვამი სამარეში ნელა გაქრება. 

 

* * * * * * *

 

ხანმოთეული ბერიკაცი ეახლა მკურნალს 

და სიკვდილისგან ზარგანხდილმა ბედს უწყო კრულვა. 

ექიმს შესთხოვა, მინახეო საჩქაროდ მაჯა, 

- არ მერჩის მუხლიც, - მოუმატა ხვეწნას და აჯას-


ისეთ ძილში ვარ მთელი არსით გამოხვეული, 

თითქოს, თიხაში ჩაფლულიყოს ჩემი სხეული. 

ექიმმა უთხრა: ხელი ჰკარი წლების ფიალას,

განკითხვის დღეს კი მოგშორდება თიხა მთლიანად.


ბერთან ნუ ეძებ ყრმობის ნიშატს, ოცნების ბაღნარს, 

ჩავლილი წყალი როდის იყო დიოდა აღმა. 

ჭაბუკობისას თუ ლაღობდი მთელი არსებით, 

ხამს სიბერის ჟამს დაგულდინჯდე, დაცხრე სავსებით.


ორმოცი წელი გაგისხლტა და ირჯები კიდევ,

ნუღარ დაშვრები, წინ ორი დღის სავალი გიდევს. 

უნდა გაფერთხო გონებიდან ვნების მისხალი, 

რადგან განქარდა გზნების დრო და მიწყდა ისხარი.


ეს მწვანე მოლი გულის ვარამს საიდან გასხლავს,

თუკი ხვალ და ზეგ ჩემს საფლავზე აპირებს ხასხასს. 

სეირნობისას ავყოლილვართ წადილს თავნებას, 

სხვათა საფლავი გაგვითელავს დაუნანებლად.


სხვებიც ასევე აჰყვებიან ქარსა და ნიავს,

ჩვენს სამაროვანს გათელავენ ადრე თუ გვიან. 

ვაგლახ! განქარდა ზეზეულად ყრმობის ფურცელი, 

არც ლხენის ჟამი დაგვრჩენია ფერშეუცვლელი.


ვაგლახ! რა მოკლე დღე ჰქონია ჭაბუკურ განცდას, 

ჩაუკუნეთდა მთიებივით, კაბადონს გასცდა. 

სმასა და ჭამას გადავყევით, ბრჭყვიალა სამოსს, 

არ გვიდარდია ღვთის მცნებათა დარღვევის გამო.


უარაფრობას შევეთვისეთ, ვაგლახ, ამაოდ, 

ვერც რა სიმართლე გვიცვნია და ვწარამარაობთ. 

ერთმა მოძღვარმა შეგირდს უთხრა დინჯად, ნელიად : 

უქმად ვისხედით, დრო კი უცებ გამოგველია. 


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - საადი  • • •   საადის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ