|
გმირი ანა ქალის ლექსი
"ანამ სთქვა: მეტი სახელი ბაჯი მაზედა მქვიანო: მტერს რომ მეხივით უხვდები მისთვის დას შეძახიანო."
ანა ქალის შაირს ვიტყვი, ყური იყოს გდებულია, მის გმირობა ვის არ ახსოვს, ყველგან გაგონებულია; თუმც მიწაში განისვენებს სულით განათლებულია. თბილისიდან სამხრეთითა სოფელ მუხად დებულია. სოფელ კოდას რო იტყვიან მის გვერდ მოშენებულია, ანა იყო თბილისელი, მუხათს გათხოვებულია, მისი მსგავსი გმირი ქალი ჯერ არ დაბადებულია; თათრები ბაჯის უძახდნენ მისგან შეშინებულია. ყაჩაღებსა თავს ზარს სცემდა გული ფოლად გებულია. ავაზაკნი და მძარცველნი ჰყავდა დამონებულია; მუხათისა გარეშემო რაც სოფლები დებულია, ანაბაჯის წყალობითა იყვნენ გამარჯვებულია. ღარიბ-ღატაკს ფარად ედგა, მათთვის გადადებულია. ყველა მის მზეს ლოცულობდა პირზედ მიკერებულია, მის მშვენება მსურს შევამკო და გმირობა ქებულია: ტან-მაღალი, შავ თვალ-წარბა, შუბლი მირონ ცხებულია, სახე გაბადრული მთვარის, ნიკაპს ხალირგებულია. სიგრძე თმისა კოჭებამდის მეტად დამშვენებულია, გული, მკერდი დამკლავები როსტომს მიგვანებულია, ჩვეულებრივ მარცხნივ გვერდზედ ხანჯალ დაკიდებულია, ცხენზედ მჯდომი ვის უნახავს მისებრ გაჭენებულია. მოთამაშე, მოჯირითე, ხმალი მოღერებულია, ჭიდაობა, მუშტის გარტყმა, მისგან მოგონებულია. ერთი გარტყმით კამეჩს აქცევს, რა გინდ გაგიჟებულია, მთლად ვერავინ ადგებოდა მისგან დახეთქებულია, ზარის ხმაზედ იმღერიდა, ტკბილად დაძახებულია.
ბაჯიაშვილების გვარი დღეს ხომ გამრავლებულია... უკვდავია მის სახელი, თვითონ დამიწებულია. ანაბაჯის ამბავს მოვთვლი მსმენელნი ვალდებულია.
თუ რა სახელი დასტოვა ანამ თავის სიცოცხლეში. ორი წლისა გათხოვილი იყო მეთვრამეტე წელში, სტუმრად იყო მიწვეული მოკეთესთან სოფელ წყნეთში, ისიც გითხრათ, რა დრო იყო, სწორეთ მარიობის თვეში. წყნეთის ქალ-რძალნი წავიდნენ ანაც წაიყვანეს ტყეში, შვინდსა კრეფდნენ, ხმაურობდნენ, მასხარობდნენ ერთმანეთში, ამ დროს ზაქარ მონადირის. თოფმა დაიჭექა ხევში. თურმე დათვსა დაახალა და მოარტყა უკან ფეხში. ქალებსა ფერი ეცვალათ, როგორც მკვდარი სამარეში. მტრის შემოსევა ეგონათ, როგოიც წინეთ იყო ჩვენში, სუყველა ერთად შექუჩდნენ იმ დიდ დაბურულ ფოთლებში. სულგანაბულნი ერთმანეთსა შესცქეროდნენ სახეში, ამდროს დაჭრილი დათუნა მათ მიაწყდა საფარეში. თავსაშველათ რო გარბოდა დასამალათ „საირმეში“, კაი ხარის ტოლა იყო, დეერია თან ქალებში. წივილ-კივილი გააბეს, ეცნენ აქა-იქ ჭალებში. ოა დახე ჩვენსა ანაბაჯის, ვენაცვალე მკლავებში! „ნუ გეშინიანთ, ქალებო, არვინ შერცხვეთ თქვენსა ქმრებში“. ერთი მაგრათ შეუკივლა და გასწორდა გმირად წელში, გადახტა და დათუნასა მუშტი მიაკერა გვერდში; რა რომ დათვმა შაუტია, ანა დასწვდა წინა ფეხში, როგორც ბურთი, ისე დასცა, სუ მთლად შეარყია ძვლებში; შვინდისა ტოტი მოსტეხა, დაუშინა თავში, წელში, აგეო ზაქარაც გამოჩნდა, ის განთქმული მთელ სოფელში, „დაჰკარ ქალო, ყოჩაღ ქალო!“ მორბოდა თან თოფით ხელში. ანამ ხანჯალი წაგლიჯა და დათვსა შეურჭო ყელში. აყრროორენ დაჰკრა, გაუს-გამოუსო, მარტო თავი შერჩა ხელში. დათვი მოჰკლა ანა-ქალმა, ხმა გავარდა მთელ სოფელში; ეს სახელი შეიძინა მან პირველათ თვრამეტ წელში.
დღესაც ეტყობა ნიშნები, ნანგრევებიცა ჰყრიანო; აღდგომის სწორსა მლოცავნი დღეობად მოიყრიანო, ყოველ წელს ხალხი მრავალი ხატის კარს ილხენიანო. იქ იყო მისი დღეობა, ხალხნი სამხვთოსა ჰკვლიანო, ურმების ძირში მიმსხდარან, ლურჯ. სუფრას გაიშლიანო, სავსე ტიკები იცლება, ზოგნი სამწვადეს სთლიანო, მამაკაცები დამთვრალან, მრავალუს დასძახიანო. გადი-გამოდის ყანწები, ძველსა მკვდრებს იხსენიანო, ქალნი დაირას უკრავენ და თანაც გაუსვიანო, იქ დასანიშნი ბიჭები სატრფოსა ინატვრიანო, მეზურნეც უკრავს გმირულსა, ჭიდილსაც ემზადიანო, ჩოხა ჩაცმულსა ბიჭებსა სარტყელი დამშვენიანო, ყველა სოფელი იქ არის: „ჩვენ ვერვინ გაგვლახვიანო“, ზოგნი სულ ახლად მოდიან, ცხენებით მოჰქროლიანო. ჰა, კიდეც დაჰკრეს გმირული, ბიჭები სწორდებიანო. სხვა და სხვა სოფლის გმირები მეიდანს გამოდიანო, ზოგი გმირულად უხვდება, ზოგნი ძირს ეცემიანო. „ჩვენმა აჯობა თქვენსასა“, ერთმანეთს უყვირიანო. ახალი მოჭიდავენი მზად დგანან, ელოდიანო. „ახალი ვინ ხართ, გამმოდით“ შუადან იძახიანო, ანაბაჯია ქმარ-შვილით, ისინიც იქ არიანო; თავის ძვირფასი სტუმრებით ილხენენ-იმღერიანო, ანა დამღერის ტკბილადა, იმის ხმას შენატრიანო, ჭიდაობიდან ხმა ესმათ: „მუხათო ხო გრცხვენიანო“, თქვენი ნაქები სიმონი გავლახეთ. მუხათლიანნო; ანა ეხვეწა მამათილს: „მამავ, გენაცვა, ხნიანო, ნება მომეცი გადავხტე, ვნახო თუ ვინ არიანო! სოფელი სოფელს უძახის და ძლიერ იკვენიანო, ჩვენი სოფლელი სიმონი დასცეს და დაგვცინიანო, წავლენ და დაიკვეხებენ მუხათს რა შეუძლიანო! უნდა უჩვენო დაქადნა, თუ რომ მე ანა მქვიანო. ჩვენი სოფელი მუხათის სახელი გავახმიანო, ან მეც გამლახონ ბარემღა, ან ყველა გავამტვრიანო, „რას ამბობ შვილო, გენაცვა, აბა რა შეგიძლიანო! მანდ ბიჭებია ასეთი ლომნიც კი გაურბიანო“. „აბა თუ ლომნი ყოფილან მეც ანას მეძახიანო, დედა წამიწყდეს ძვირფასი თუ გასვლა დავაგვიანო." წელთ შემოირტყა სარტყელი, ხალხი სულ გაჰკვირდიანო, გადახტა მოედანზედა, ყველა მას შესცქერიანო, ვისია რძალი, ლამაზი, ნეტავი რა სწადიანო: ალბად კოცნისთვის მოსულა, თორემ რა შეუძლიანო? „არა მე გავალ!“ „არა მე“, ერთმანეთს ეცილიანო.
„რას შემომცქერით ბიჭებო, ეს საჭიდაო ველია. მე თბილისელი ქალი ვარ და რძალი მუხათელია. რო გამილახეთ სიმონი, ის ჩემი მეზობელია, მუხათის რძალსაც დაუხვდით, ვისაც გული გაქვთ მთელია; აქედან ფეხს არ მოვიცლი: რახან რო გამოველია; სანამ არ დამცემთ მიწაზედ, ზურგს არ ამაკრათ მტვერია; ვისაც გნებავდეთ გამოდით, ეხლა ჭიდილის ჯერია“.
ერთმა სთქვა: მაგის მოხვევა ჯანისთვის მარგებელია, თანაც ხო ერთსაც ვაკოცებ, ისიც ზედ სარგებელია. გადუთამაშა გიორგიმ, ნაქები თელეთელია; ანამ დასტაცა, ძირს დასცა, ტანი არ აჰყვა მთელია. მეორემ ჩამოუარა, სოსია ბარბალელია, მაგრამ ძირს ისე დაეცა ვერც კი მოჰკიდა ხელია; გადმონტა ბიჭი მესამე, ივანე ვაშლოვნელია, ისე ჩაემტვრა გვერდები - ექიმის მაშოვნელია, გამოდის ბიჭი ნაქები პოღოსა დურნუკელია. ისიც ასეთი დაუშვა, თვალები დარჩა ბნელია. ცალთვალა ბიჭი თამაშობს სახელად: გმირი ელია, მასაც ცხვირიდან ადინა, რაც ესვა, რაც დაელია. ვართანა მაგრა დახვდება, ის ბიჭი ყაზახელია, მაგრამ ასეთი დაემხო, დასწყვიტა შინა წელია! შაქრუა ბიჭი მოუხტა, მარდია ქიზიყელია, ისიც ასეთი გაშალა, როგორც ნაბდისა ძველია, ორიც ზედაზედ აგორა, ხეჩო და არაქელია. კუმელ თედოც მიუმატა, - ყისაბი ქალაქელია. სომენ დაღეთელ ბიჭებსა აღარ უვარგოდათ ტანი, ოთხივე ისე აგორა, როგორც რომ ვირის კურტანი. მაჰმადამ ალი ახსენა, მოედანზედ ტრიალებდა, ანამ ასე დაამტვრია, „ალლ-ვალლას“ ღრიალებდა. აი, ბერძენიც გამოდის, შეხედულობით დევია, მაგრამ ბედი დაიწყევლა, რისთვის დავიბადევია. კოდელ სიძეს არ უშვებენ, გამიშვითო მოსდის ბნედა; თავდაყირა რო დაეშვა, დაიძახა: „ვაი დედა“! „თოღექ, თოღექ“, გამოვარდა ვართანას ძმა, ხაჩატურა, რომ დაეცა სისხლი წასკდა, დაიძახა „ტერტერ, ურა“ სოფრომუკა გამოვარდა: „ქვე გამიშვით, გავალ აპა“. ანამ ერთი გამოკვრითა, ზედ მიწაზედ დაატყაპა. ანას გინებით მიუხტა, მუშტის ქნევით სირაჯ გოლა, ანა-ბაჯიმ ყარფუზივით შიგ ხალხისკენ გადისროლა. გოლასთვის გულის დამწველი ძლივს წამოდგა ბოგველია: „ხალხნო რატომ არ ეხსნებით, ხედავთ ყველას მოგვერია“! დაიშალა ჭიდაობა, ჰკვირობს ხალხი ყოველია. იმ დღეს ოცდა ორი დასცა, არვის არ ჰქონდა ფერია. იმნაირად არვინ ადგა, - რამე ჰქონოდა მთელია. მთელი ხალხი დაეხვია: კარგათ ენახოთ რომელია, ვენაცვალეთ შენს ქალობას, გაგინათლდეს მშობელია, სიხარულით შინ დაბრუნდა მთელი მუხათ სოფელია.
ყველიერში მოსულიყო თავის დედ-მამის სახლშია. კარში რაღაც ხმაურობა მოხდა შუაბაზარშია, თურმე ყეინობა იყო, წესი ჰქონდათ ქალაქშია. ოსმალურათ მორთულიყვნენ, როგორც ჯარი სტამბოლშია, ირაკლის ომს იგონებდნენ გამარჯვებას აწყურშია. სოლაღაანთ კამეჩები დახე თუ რა ყოფაშია? ორივე გადარეულა ამ დიდ ყეინობაშია, როგორც ნაქები ბიჭები არეული გარტყმაშია, ანუ ყარამან-ყათილი, ვითარც დევთა ბრძოლაშია, ისე ეს ორი კამეჩი, დარეულა ამ ხალხშია, ნახევარი გაუთელავთ, თითქმის ათასი კაცია, ხალხი ერთმანეთზე გორავს, ყველა გაქცევის ცდაშია. ვინ წინა და ვინ უკანა, სულ გარბიან სახლებშია, ანამ ეს რომ გაიგონა, გადიხედა სარკმელშია. „რა ყოფა აქვთ, რა ამბავი, ნეტავი საქმე რაშია“? დაინახა კამეჩები, როგორ ხალხის მტვრევაშია: გულმან ვეღარ მოუთმინა, სისხლი ავარდა თავშია, უეცრად ტყვიასავითა იგი გავარდა კარშია, დაიძახა: „რას გარბინართ, მაშ რათა გაქვთ ულვაშია, გარე მტერმა რო გაგიგოთ, ჩავარდებით სირცხვილშია, ლომიც იყოს წინ დაუხვდით, როგორც წესი ქართველშია, მხდალი, ლაჩარი, მშიშარა არ იყოს ქართველ ერშია“ რა გადახტა კამეჩებმაც მიიტანეს ერიშია, ერთს სწვდა ფეხში წააქცია, მეორეს სტაცა რქაშია, გადასწია ისიც დასცა, სუყველამ დაჰკრეს ტაშია; „შენ ქალობას ვენაცვალეთ, დევიც ყოფილხარ მკლავშია“, მისცვივდნენ და ორივ შეკრეს, ქება ისმოდა ხალხშია. აქაც სახელი დასტოვა ანამ თბილის ქალაქშია. მის ამბავი დღესაც ახსოვთ ნაამბობი ძველ ხალხშია.
მუშტი კრივის მეთაური ის კაცია საქებია, ბევრი კაი ვაჟკაცები მუშტით დაუბახებია, მის ერთ მუშტს ვერ გაუძლებდა კაცი რკინის ნაგებია, თუ რომ ჩხუბში მისულიყო ასამდინ კაცს გააქცევდა, ვისთვისაც რომ შემოეკრა, გულმუცელსაც შეუქცევდა, თუ გინდ სპილოსთვის გაერტყა, უეჭველად წააქცევდა. მთვრალ დროს ბრაზზე მოსულიყო, მუშტით კედელს დააქცევდა. სოფელ თელეთს, ამაღლებას ბევრი ილხინა ძალზედა, ბოლო. დროს ჩხუბი ატეხა, მან თავი დადო შარზედა, ბევრი ხალხი აგორავა, იყურებოდა კლავზედა სასამხთო ცხვრები წაართო, და ისროდა ბანებზედა, სუყველაზე მიიწევდა ხან კაცზედა, ხან ქალზედა, მოხუცს ქალს კოკა წაართვა წყლით სამსე იყო ძალზედა, ასწია შემოუქნია სულ დაამტვრია თავზედა. - ოცდა ათსა კაცსა სცემა მოქეიფებს დუქანზედა, ბოლოს დადგა აეყუდა ეკლესიის კარებზედა, ცუდსა სიტყვებსა ხარჯავდა, სისხლი მოსვლიყო თვალზედა, „აღარავის არ უშვებდა ის ხალხსა სალოცავზედა. სუყველანი გამორეკა, მღვდელნიც მიაყოლა ზედა, „რას ლოცულობთ, ღვინო სვითო“, - ყველას შეუკურთხა დედა, საყდარს ჯვარი მრუდე აქვსო, რატომ არ არის პლანზედა! ეს ხატი ვის დაუხატავს, რისთვის მიყურებს განზედა“... თავისთავად ბუტბუტებდა, თანაც კოცნიდა ქვაზედა, და ბოლოს ჯავრი იყარა თავის ჩიბუხის ტარზედა. ქუდიც მაგრა დაახეთქა, თანაც წიხლი სცხო ძალზედა: „ვინაც საყდარში შემოვა ვისვრი ყირა ყირაზედა“...
სამივე ქალები იყვნენ, ცხენებს ასდიოდათ ალი. პირველათ ყველა იცნობდა, იყო მუხათელი რძალი. შავი ცხენით მოფრინავდა გვერდზედ ეკიდა ხანჯალი, ნიკაპზედ ხალი შვენოდა, იგი გახლდათ ანა-ქალი; ახლა კი ჩვენ კარაპეტას გაუწყრება ხატის ძალი! ცხენი სხვასა ჩააბარეს და მივიდნენ სალოცავში. დახე ემაგ კარაპეტას წინ გადუდგა შესავალში. ანამ უთხრა. „იქით ძმაო, აქ რას გადაგვიდექ გზაში“? კარეპატამ გაუცინა, ანა მოეწონა თვალში: „გენაცვალე, თუ გზა გინდა, ერთი მაკოცნინე ხალში!“ ანამ ბევრი არ აცალა, კარაპეტას გაჰკრა ყბაში, სამ საჟენზე გადააგდო, როგორც სამი წლისა ბავშვი. უკან არცკი მოიხედა, ისე შევიდა საყდარში. კარაპეტა თავდაყირა მაგრა დაერჭო მიწაში, ხალხმა „ურა“ დაიძახა და დაარტყეს დიდი ტაში, „ხო მიირთვი, კარაპეტავ, როგორა გაქვს ტვინი თავში? მაგის მეტი რას გამორჩი, შე ოხერო, ავობაში; რა გეგონა შენი თავი, რო ხარ ჩხუბის უსტაბაში?“ მთელი ხალხი დაეხვია რო გავიდა ანა კარში.
სუყველანი ქუდს უხდიდნენ ქალი, კაცი, ბერი, ბავშვი, მღვდელმა უფალს შეავედრა ანას გმირობა ლოცვაში. ერთი საათის შემდეგ ძლივს წამოდგა ჩვენი ეში, ყბები გვერდზე მოქცევიყო, - ისე დარჩა სიცოცხლეში, კარაპეტას მეგობარი ამ ამბავმა დააღონა, ბევრი ცუდი, ავი, სიტყვა ანას ყურში გააგონა. მკვდარი ქმარიც მოიხსენა და გინებით მოიგონა, - მიიწევდა ანასაკენ კუკიელი იაგორა, ანამ ერთი მასაც გაჰკრა და ბურთივით მიაგორა. მუშტით კიდეც მოკვდებოდა, სული-გული შეუღონა. კარაპეტას დასცინოდნენ, ქალაქს ვისაც გაეგონა: შენც გაყლაპა ანა-ბაჯიმ, შენი ჭკვის ხო არ გეგონა? „ვერ ვიცანო, არ მახსოვსო“ და სიმთვრალე მოიგონა.
ვისაც მიწაზედ დასცემდა სულ ვეღარ წამოდგებოდა, პირში რომ თოფი ეხალათ, უკან არ გაუდგებოდა; ლომი, ვეფხვი რომ შებმოდა, იმათაც ეტაკებოდა. იძახდა: „გავალ ყველასთან, ცის ქვეშ ვინც იარებოდა!“ მართალიც იყო შეეძლო და კიდეც ეკვენებოდა. გაიგო ანას ამბავი, მას გული უღონდებოდა, ქალი და ასე სახელი, იგი ჯავრისგან კვდებოდა. მასთან შებმასა და ცდასა დღე დღეზე ელოდებოდა. ადგა და ბოლოს გეუამ კაცი უგზავნა ანასა: „ვინა ხარ, ქალო დიაცო, რაებს ჩადიხარ მაგასა, შენი ჭკვის ბალღებს რო ლახავ, არ შეხვედრიხარ მაგარსა, ნუ თუ გეუას არ იცნობ, ნაქები მთელ ქვეყანასა?! ვეფხი რომ კატათ მიცვნია, ლომს რომ უგლეჯამ ჩანასა, შაშინ იკვეხე გმირობა თუ დასძლევ ჩემისთანასა, უნდა ერთმანეთს დაუხვდეთ - თქმა აღარ უნდა ამასა, აბა თუ რა შეგიძლიან რო შვრები მაგისთანასა, დაგაწყევლინებ გაჩენას და შენი დედის ნანასა. მალე მაცნობე ამბავი, თორემ მოვიხმარ ძალასა, მანდ მოგიხტები მუხათში, ვფიცავ ტერტერა მამასა“.
„რა დაგიშავე, ძმობილო, ან რად მოსულხარ ჯავრზედა, ნუ თუ ვაშკაცის წესია, მაგრე გაჯავრდეს ქალზედა, მჯობს მჯობი არ დაელევა ამ დიდსა ქვეყანაზედა. გაცნობა ახლოთი. უნდა, არა მუქარა განზედა, მაშინ გამოჩნდეს, ვაშკაცი რო გავალთ მოედანზედა: ტერტერა მამა დაგიხსნის, ილოცე იმის წვერზედა, რო მეტი ძალა შეგმატოს, მალმალ ემთხვიე ხელზედა; თუ რომ მუქარას არ იშლი დავდგეთ ამ აღთქმასა ზედა, ვინც გაიმარჯვოს, დე იყოს - ნიძლევი სამას ცხვარზედა, და თოფი ხმალი, ხანჯალი შვიდი უღელა ხარზედა. თუ გინდა დავსხდეთ ვილხინოთ, გავჯიბრდეთ ღვინის სმაზედა, გინდა სიმღერა დავძახოთ ვინ იტყვის ტკბილსა ხმაზედა, გინდა ცხენდაცხენ ვიფრინოთ, ვინ წავა შორსა გზაზედა გინდ იარაღი ვიხმაროთ, საქმეც მივიდეს ხმალზედა, გინდა ხელ და ხელ ჩავჭიდოთ, გინდა გამიდექ განზედა; კაცი ხარ, არ გადადგები, მტკიცედ იქნები თქმაზედა, და თუ შეშინდე მკვეხარავ, ქუდი შეგირცხვეს თავზედა. და თუ არა გსურს, - ხმა წყვიტე. ნუღარ იყეფებ სხვაზედა თუ შაგიშინდეს ანაი-ვირი მომაბი თავზედა“.
„კაცი ვარ ქალს შაუშინდე, რათ დავალ ქვეყანაზედა!“ კაცი გაგზავნა, დასთანხმდა იმავე პირობაზედა, უნდა ეჭიდნათ დღეობას, ბოლნისის ხატის კარზედა, ბოლნისის ხატი ვინ იცით, წმინდა გიორგი ჰქვიანო: თათრებსაცა სწამთ, შიშობენ დალი-ხაჩმ ეძახიანო. ბევრნი ყურბანსაც უკლავენ, ძლევამოსილათ სთვლიანო. მაჰმადის რჯულის წესითა გულწმინდათ ილოცვიანო. იქ არის მისი დღეობა გიორგობის-თვის ათშია, უთვალავ მლოცავი მიდის იქ იმის დღეობაშია. ცხენებით, ურმით, ფურგუნით არეულობა გზაშია, ბაირამ, თავის რვა კაცით, ნაქები ბორჩალოშია, სახელ განთქმული ყაჩაღი, გაგონილია ჩვენშია, მას ცხენი ჰყავდა ნაქები ნაყიდი არაბსტანშია, განჯა, ყარსი, ერევანი, სულ გაეთელა ფეხშია. ყაჩაღი იყო სისხლ-მსმელი, შობილი ჯოჯოხეთშია. ჩასაფრებია მგზავრებსა იმ ხრამის მისავალშია. ბოლნისში მიმავალ-მლოცავს, ის იქ უხვდება გზებშია, ხოცამს და სცარცვამს უღმერთოდ, სუყველას გაყვლეფაშია. ალლაჰიც დავიწყებია არ იყურება ცაშია, ანაც იქ მიდის, ბოლნისში ცხენი ჰყავს როგორც რაშია, ანას მაზლიც ხომ თან ახლავს, მამამთილ მოხუც ხანშია. ტერტერას შვილთან მიჰქროლამს, დაჰხვდება სალოცავშია თან ფიქრობს: „ვიცი გავლახამ, ხარ-ცხვარს მოვრეკამ სახლშია.. ჩამოვიკიდებ ხმალ-ხანჯალს, თოფსაც გავიდებ მხარშია. თანაც კი ფიქრი გადაჰკრავს, გაურბენს უცებ თვალშია, ვაი თუ გეომ გამლახოს და ზემარცხვინოს ხალხშია, სირცხვილით თავსაც მოკიკლავ, ან ჩავარდები წყალშია“. ამ ფიქრში იყო გართული. რომ მიატანეს ხრამშია, საცა ყაჩაღი თათრებიიქ იყვნენ მისავალშია. თოფებმაც დაიგრიალეს, მამამთილს მოხვდა თავშია, და მაზლიც ძირს ჩამოაგდეს მასაც მოარტყეს მკლავშია მერე მისცვინდნენ ანასა და მოეწონათ თვალშია. ბაირამ ხელი მოხვია - ცეცხლი მოედო ტანშია. აქ ანამ უცებ, ვით ელვა, ხელად აიძრო ხმალია, ბაირამას და ოთხ ყაჩაღს სწრაფლ მოაცალა თავია, სამიც ცხენიდამ ძირს დასცა ისინიც ცოცხალ-მკვდარია, ერთმა გაუსწრო გაიქცა, როგორც წყეული ალიო. მერე დაჭრილებს მიადგა „კიდევ ცოცხლები არიო“? „აი ბაჯი ბზა ოლდურმა, სევარსან ხაჩი დალიო“! ეხვეწებოდნენ; „დაოჯან, გვაკმარე ნუ მოგვკალიო. შენ ალახს აპატიევი, თუ რომ გწამს შენი ჯვარიო, რაც რომ გიღირდა მოხუცი, რახან რომ მოგიკალიო - მის წონა ოქრო მოგართვათ, ნაღდი ფული და ლალიო“. „მამამთილს ფულად არ ვყიდი, მის სისხლში გადევთ ვალიო“, ჯერ დაუშინა მათრახი, აძახა ვაი ალიო, გულმან რომ ვეღარ გაუძლო, გაჰკრა, გაუსო ხმალიო. რვანივე ისე დაჩეხა, როგორც ყასაბმა ხარიო, მერე მამამთილს მიხედა, ნახა საბრალო მკვდარიო, გულ-აღმა ეგდო მიწაზედ სისხლში მოსვროდა თავიო, ასწია, გულზე მიიკრა და დაუკოცნა თვალიო, ვაირა დღეში გიხილე, სიცოცხლე მე გამქრალიო, ღვინით მობანა თავპირი: ვაჰ მამავ, შენი ბრალიო. მკვდარსა ჩასძახა ყურშია: შენ გენაცვალოს რძალიო, მე შენი სისხლი ავიღე, მეც მოგიკალი რვანიო, ვეღარც მაჰმადი უშველის ვეღარც თავიანთ ალიო. და მაზლიც მამას ტიროდა, ცრემლებსა ჰყრიდა მწარიო, რას სტირი უთხრა; ანამა - ცრემლით რას მოეხმარიო. ტირილი ბალღის საქმეა, სისხლის ღვრა წესი არიო. მოხუცი ცხენზე დააკრა, მაზლს შეუხვია მკლავიო: უთხრა: შენ გასწი წაიღე, მე ხატს ვარ წასავალიო, ტერტერაშვილი იქ მიცდის, მის თვალიც ჩემკენ არიო, თუ არ წავედი, დამცინებს: შეშინდა ანა ქალიო, ის ხომ იმას არ იფიქრებს, რა მოხდა მოსავალიო, მივალ და დღეს გაუმწარებ, გადაუხადო ვალიო. მამამთილი რომ მომიკლეს, სულ არი მისი ბრალიო.
ყაჩაღის ცხენიც მას დარჩა - ის ტყვიასავით მალიო, მუხათის წმინდა გიორგი, შენ მომიმატე ძალიო. ზედ წამოახტა არაბულს, მათრახი დასცხო მწარიო, ბოლნისისაკენ გაფრინდა როგორც რომ ნიავქარიო.
იქ შორიახლო მთებზედა თოვლები ჩამოსულიყო. ნიავს მიჰქონდა ზურნის ხმა, ოთხკუთხივ მოფენილიყო. ანა და გეოს თამაშათ ქვეყანა იქ მოსულიყო; ანა-ბაჯიას ელოდნენ, ჯერ კიდევ არ მოსულიყო. ტერტერაშვილი ჯავრობდა, ლურჯათი გამოსულიყო, რათ მომატყუა დიაცმან, კიდევაც გულ-მოსულიყო. ხალხმა ძახილი დაიწყო: ე, ანა-ბაჯი მოდისო, არაბულ ცხენით მოფრინავს, სუყველას წინ წამოდისო. შევიდა ხალხში, გაჩერდა, ცხენიდან ძირს ჩამოდისო. სუყველას სალამი მისცა თანაც ბრაზები მოსდისო. ზოგი ამბობდა: იქნება ჰყვარობსო ბაირამასა, ზოგმა სთქვა: იქნებ წაართვა, ნუ გაიკვირებთ მაგასა. ერთი ბეგის შვილი იყო: იმას ერქვა ალავერდი, მივიდა და ანას უთხრა: გამარჯობა, ხოშ გიელდი! ბუ ბაირამნ ათიდრ ბაჯი, სანა ბუ ქიმ ვერდი? ანამ ერთი ყბაში გაჰკრა, გააცალა ცალი გვერდი. თანაც ასე მიაძახა: მაგრე ტკბილად დამიბერდი. შენ ვინ გკითხამს ცხენის ამბავს რა ეშმაკად ამიხირდი? მერე ხალხსა გადახედა სისხლითაც აღელვებული, ჰკითხა: გეუა სადა გყავთ, ტერტერაშვილი ქებული, უთხარით თუ რას აპირობს, აქ მისთვისა ვარ ხლებული, ვნახო თუ რა შეუძლიან, რო არის დაკვენებული? ეს რა გეუამ გაიგო, შეიქმნა გაცოფებული. პირიდან ჰყარა ცეცხლები, ვით დევი გაგიჟებული. მოედანზედა გადახტა, ხმალივით ამოღებული: თვალებში სისხლი მოაწვა, და აუტოკდა მას გული: „ჩემზედაც მუქარით მოდის, ბალღებზედ წაქეზებული, ეხლა კი აქ გამომგვარეთ შავდღეზე დაბადებული, ხარი, ცხვარი, დამიმზადოს, რაც არის შეპირებული, თოფ-ხანჯალიც კარგი იყოს ხმალიც გაპრიალებული
ხალხი გარშემო დამდგარა, შუა ადგილი რჩებაო. მეზურნემ დაჰკრა გმირული, ეხლა კი იმართებაო, ხალხი აწყდება ერთმანეთს, ვნახოთ თუ რა მოხდებაო! განზედ გაიწით! წრე დიდი! შუადან იძახებაო. სად არი ანა ბაჯია, რატო არ გამოჩნდებაო, რომლისა დედა იცინებს, რომლისა ატირდებაო! ვინ დაეცემა მიწაზედ. სახელი ვის დარჩებაო? ტერტერაშვილი ტრიალებს, ლომივით იბღვირებაო, გადი-გამოდის მეიდნად, ანა ბაჯს ელოდებაო. ივანე ბაქრაძის შვილი ანას ნათლიად ხვდებაო, ანა მას ცხენსა აბარებს, აბჯარიც მასთან რჩებაო. ახსენა წმინდა გიორგი, შიგ მეიდანში ხტებაო. მოვიდა ანა-ბაჯია, სულ ხმაურობა ხდებაო, სალამი მისცა გეუას, როგორც ძმას მოუხდებაო. გეუამ პირი არიდა და უკან იხედებაო, „დიაც რო სალამი მივცე, მე რაში მომიხდებაო“, ანას გულს დასწყდა ძალიან, თვალს სისხლი მოაწვებაო, გაუსვა და ითამაშა, მშვენივრად ტრიალებდაო; მერე ახსენა გამჩენი, გეუას მიუხტებაო: შენ თუ კაცი ხარ, მე ქალი, ახლა აქ გამოჩნდებაო.
დასტაცეს ხელი ერთმანეთს, გეოს სარტყელი სწყდებაო. სწრაფად გაუშვა ანამა და განზე გაუხტებაო, და თანაც გულში იფიქრა: დახე რა მაგრად მხვდებაო. თურმე მართალი ყოფილა, მიტომაც იბერებაო; იქნებ კიდეც წამაქციოს, მიწაც კი გამისკდებაო, მერე რათ მინდა სიცოცხლე - სახელი გამიტყდებაო. სხვა სარტყელი შემოარტყეს, გეუას მოუხდებაო: ხელმეორედ დაეტაკნენ, ლომს - ლომი დაუხვდებაო. ასწი-დასწიეს ერთმანეთს ორივე გამაგრდებაო. „ეს ოვა ელე გომეშე“, - გეუას ეფიქრებაო; ეს რა კემეჩი ყოფილა მას უნდა მორიდებაო, ოხ, სურფ კარაპეტ, სურფ სარქის, გეუა იძახებაო; ანასა მეტი სიბრაზით თვალები უბნელდებაო; ანას გაშლილი თითები, გეოას ძვლებში ჯდებაო. აწ რიგი ერგო ანასა, დახე თუ რასა შვრებაო: წამოიკიდა გეუა, ხალხი სულ გაჰკვირდებაო: ტერტერაშვილის ფეხები მაღლა ჰაერში ჩნდებაო, ისეთი დასცა, დაუშვა, გეოს წელები სწყდებაო. ისევე დარჩა ქვასავით, მიწიდან ვეღარ დგებაო. ხალხიდან „ურა“ დასძახეს, დიდი ხმა გამოხდებაო. შეგარგოს ძუძუ დედისა, და მამაც გიცხოდებაო, ვაშა შენსა ქალობასა, სახელი შენა გრჩებაო, ხარი, ცხვარი და სუყველა ხვალევე ჩაგბარდებაო. დასწვდა და თითონ აყენებს, თანაც მას ეუბნებაო: არ დამემდურო ძმობილო, ეს ყველა შენგან ხდებაო, აისხა ხანჯალ-თოფ-ხმალი და ხალხსა ემშვიდებაო... გზა დაულოცეს სუყველამ: მშვიდობით წაგესვლებაო! ანა არაბულს მოახტა, ჰკრა ქუსლი გაფრინდებაო. ტერტერაშვილსა გეოას პირს სისხლი წამოსქდებაო, ორი დღე ბედს იწყევლიდა, მესამე დღესა კვდებაო.
ლხინი იყო და თამაში და ღამე ვარსკვლავიანი, უცებ ვაშლოვნის მხრიდანა თოფებმა იწყეს გრიალი, თანაც ხალხი გამორბოდა, ისმოდა რაღაც ღრიალი. არიქათ, მუხათელებო, სადა გყავთ ანა ღვთიანი: თათრებმა ქალი მოგვტაცეს თამრო ლამაზი თმიანი, ესე რომ ანამ გაიგო, სისხლმა დაუწყო ტრიალი, დედას გიტირებთ თათრებო, თუ არ დაგმართედ ზიანი! თუ თქვენ ქალი გაგატანოთ, დღე არა ვნახო მზიანი, ხუდავერდიანთ ცხენები სწრაფ იყო ვითა ფრთიანი, გზას გაივლიდა სამ დღესა, თუნდ ყოფილიყო თვიანი. ტიტველა ცხენს წამოახტა, მათრახი დასცხო მწვიანი, თან მარტო ხმალი წაიღო, ცხენმაც დაიწყო ბზრიალი, მარბადის ბოლოს თათრებსა წინ გადაუდგა ხმლიანი. სად მიგყავთ ქალი თათრებო, იქნებ გგონიათ ტიალი? აბა ახლა წაიყვანეთ, თუ ბიჭები ხართ ფხიანი! დასჭყივლა ზარის ხმაზედა, ხმალმაც დაიწყო პრიალი, თეზნ, ყაჩაღ ანა ყზიდრ, იქნებ გადავრჩეთ მთლიანი. ქალი უშვეს და გაიქცნენ, ორი დარჩათ სისხლიანი, ანამ მაჰმადთან გაგზავნა ერთი უბედურ დღიანი, მეორეც თან მიჰყვებოდა, აღარც დრო ჰქონდა გვიანი. ანამ ცხენზე შემოისო თამრო თექვსმეტი წლიანი, ცხენით ვაშლოვანს მიჰფრინდა, პატრონს მოჰგვარა მთლიანი, სუყველა ანას ლოცავდა ქალი, კაცი და ხნიანი, უფალო დიდხანს გვიცოცხლე ანა სწორ სამართლიანი, სიმართლისთვის დარი იყო, ბოროტისთვის ავდრიანი. ვით დედა ყველას უყვარდა ანა კეთილი ზნიანი.
მოხუცმა ქალმა მიამბო, რიფსიმე ეწოდებაო. ის ბაჯიანთ ქალი იყო, ეხლა მიწაში წვებაო, მაშინ ყმაწვილი ვიყავი და მიტომ მავიწყდებაო. გთხოვთ არავინ დამემდუროთ, რადგან ნაკლულად მრჩებაო.
თათრები „ბაჯის“ უძახდნენ, შვილებს გვარათ უხდებაო: მუხათსა და კოდას შუა ავ კაცს არ გაევლებაო: ანა ბაჯია გაიგებს და წინ გადაგვიდგებაო, ორმოცდა ორი წლისასა სიცოცხლე უმწარდებაო, აღდგომა-დღე უბედურათ ანასათვის გათენდებაო, სტუმრები ჰყავს დიდი ძალი, ყველას თავზედ ევლებაო, ქართველ, სომეხ და თათარი, ანას სუფრას უხდებაო, ილხენიან, იმღერიან, ზოგიც კარგა ითვრებაო. გველი კაცი და იუდა არსად არ დაკლდებაო. ვიღაც ღვთისგან წყეული, დახე თუ რასა შვრებაო: საწამლავი შეაპარა, ანას გულშია ხვდებაო; გულმუცელმან გლეჯა უწყო, ფეხზედ ვეღარა დგებაო. სტუმრებს გამოემშვიდობა: ჩემ თავს რაღაცა ხდებაო. „ნუ მოიწყენთ, მოილხინეთ“ თვითონ კი მიდის წვებაო, სუყველა მას დაესია, ყველა თავზედ აწყდებაო. ვერცა წამლებით უშველეს, ვერაფერი უხდებაო; ხუთშაბათამდინ იცოცხლა პარასკევს დილით კვდებაო, ვინც-კი გაიგო სიკვდილი სუყველა დაღონდებაო: ახლა ვიღა გვიპატრონებს, მტრებს ხომ გაუხარდებაო. კვირაცხოვლობა დღე იყო, კვირა რო გათენდებაო, ამ დღეს ანასა მარხავდნენ, მიწისა ტყვეთა ხდებაო, მუხათი ხალხით სავსეა, სუყველა ატირდებაო, ქალაქიდან და სხვა მხრიდან ცხენებით ხალხი ჩნდებაო. იქ გარეშემო სოფლებში ზარები ირეკებაო, ანა საფლავში ჩაუშვეს, დიდი ცრემლი იღვრებაო: ვინც მოგისპო სიცოცხლე გვარი ამოუწყდებაო. დაენგრეს ოჯახ სახლ-კარი და ნურსად გამოჩნდებაო, კვირაცხოვლობა დღე არი, რა ნიშანი უჩდებაო რამდენიმე კაცი გარბის, სადღაც მიეშურებაო. კვირაცხოვლის ნანგრევიდან სამი ქვას ეზიდებაო. ზედ ქვისა ძეგლი დაადგეს ანას სახელს უხდებაო, მის სახელს არ დავივიწყებთ მუდამ ჟამს გვიხსომებაო.
უცხო თემი თავსა იყრის, ვის გაარჩევ რომელია! იქ ანა-ბაჯის საფლავზედ ეხლა კვირ ცხოველია, ჩემს მაგალითს მიბაძეთო, ის ამისი მთხოველია. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















