|
გამხიარულდი ბუხარო! გულ-ჩახვეული ნუ ხარო!.. მცივანა ზამთარს უყვარხარ და არც ცხელ ზაფხულს სძულხარო!
მოგვაქვს სამკვლევი და "კვალი"; ღმერთმა მრავალ წელს დაგასწროთ და გაგითენოთ ახალი!
დაბლა ნაკვერჩხალს, მაღლა ალს... მუგუზალს შეგიჩინჩხალებთ, გაგაყრევინებთ ნაპერწკალს.
ეს ძველებური წესია: ის ერთი ასად მოიმკოს, რაც კარგი დაგითესია!..
ხორაგეული ამდენი!.. ამდენი ჯოგი ოთხ-ფეხი: ცხვრები, ძროხები და ცხენი.
თვალ-მარგალიტი ამდენი! სიკეთე ბევრი, სხვადასხვა და ღმერთი მხოლოდ ამხდენი!!
ჩვენც დავამატებთ ახალსა: ამდენი თანამგრძნობელი და წამკითხველი ჩვენს "კვალსა".
დაფიქრებული ნუ ხარო. ჩვენს მოყვრებს ყველას უყვარხარ!.. მტრებს ხომ სძულხარ და სძულხარო! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















