მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 421 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

* * * * * * *

 

ამაოების უკვდავ ბაზარს რა მივუმატო?

იუდას ფლასი? ცოტნეს თაფლი? შხამი ბოვარის?

ო, ღმერთო ჩემო, რა გამოლევს ქვეყნად უმადურს,

ჯალათი გინდა, ძუნწი გინდა თუ მათხოვარი?

ჩემი დიაცის გაოგნებულ ღიმილს ვთანხმდები,

ფასიან ქაღალდს განმგებელიც მაძლევს უვადოდ,

გაძეძგილია რაგინდა რა განძით დახლები,

ამაოების უკვდავ ბაზარს რა მივუმატო?

 

* * * * * * *

 

რად არ შედგებით იმ განმძარცველ ტკბობის წამებო?

საით მიილტვი, მიინთქმები ცეცხლის რტოვანი?

ხომ შემოადექ ჩემს დაღლილ და დაშლილ სამეფოს,

რაღად გინდოდა ან ფირმანი ანდაც მსტოვარი?

მარადის ალერსს მავალებენ დაფნის კავები,

შუადღე დაწდა და ცხოვრება ორად გამეყო,

ხომ შეიძლება ერთი წუთით, თუნდაც წამებით,

რად არ შედგებით იმ განმძარცველ ტკბობის წამებო?

 

* * * * * * *

 

რატომ გნიასებს მოციქულთა თეთრი ბნელეთი?

რატომ მათხოვრობს ხორცი მლაშე და მუხანათი?

რა იქნა ნეტავ სული წმინდა და ინტელექტი

და სიყვარული უყვდავქმნილი ისევ ღალატით.

რა შეაშენდა ასე ფინთი მის სიდიადეს ,

ან რა გრიგალმა გაიტა შავი აფრები,

რა შეუძლიათ ჩემი დროის კეკლუც დიაცებს?

სურვილი გასცონ, არაფერი სხვა არაფერი!

 

* * * * * * *

 

ნუთუ ეს შენ ხარ ასე ღრმა და ასე მარტივი?

ასე უგონოდ საოცნებო და სასაცილო?

იქნებ ცხოვრებაც აჩეხილი არის კარტივით,

იქნებ იმიტომ გაღმერთებენ, ბოლოს გაგწირონ.

ვის ეშინია სიბნელეში უკან მოხედვის?

ვინ მიილია ზმანებებში მზიან დარივით?

ო, შენს თვალებში ცა მეტყველებს თუ ჯოჯოხეთი,

ნუთუ ეს შენ ხარ ასე ღრმა და ასე მარტივი?

 

* * * * * * *

 

რატომ ნებდები სხვათა ზრახვას და უმწეობას?

და უჩუმდები წამის წარღვნას სულო ძლიერო?

სამაგიერო?!რა კვნესაში ჩამქრალ ზეობას?

ან კი არსებობს ცისქვეშეთში სამაგიერო?

ცას და ყვავილებს გაუმართავტცეკვა ხელებში,

იქვე მდუმარებს ნისლიანი სიცხის ხეობა,

ასე ამაყი, განწმენდილი და უმშვენესი,

რატომ ნებდები ცრუ დიდებას და უმწეობას?

 

* * * * * * *

 

იქნებ გეწვია ის უბადლო და შენც დანებდი?

იქნებ ფრთა მოგცა და განხმული ცა გიწყალობა?

რატომ იმ ჩურჩულს და იმ ღიმილს არ იგზავნები?

რატომ გაჩუმდი, რატომ! - ჩემო მწუხრის გალობავ?

ო, ამ ღამესაც უგვირგვინო სევდა მონამავს

და დამადგება ცის მპყრობელი ცივი დამნებით,

მე თავს ვიწონებ იმითაც რომ შენი მონა ვარ,

შენ კი ვის ჩრდილში შეიპარე და ვის დანებდი?

 

* * * * * * *

 

რატომ მეზმანა გაზაფხულით მთვრალი ბოდლერი?

სიცილის შხამი და ვერალის სევდა კრძალული?

სცვივა და სცვივა შემოდგომას შავი ფოთლები,

რას ნიშნავს ნეტავ ეს ფოთები და სინანული?

ო, მარტოობის სისადავით სულიც წყნარია,

წყნარია ყველა შეცოდებაც დროში მალული

და ვტირი ჩემთვის, ვტირი ჩუმად და მიხარია,

რას ნიშნავს ნეტავ ეს ტირილი და სიხარული?

 

* * * * * * *

 

ტყუილისა და ტყის გარეშე ვინ სთქვა ზღაპარი?

ან სიყვარული ღალატის და ეჭვის გარეშე?

წვეთავს ბალღამი ცვალებადი და თანაბარი,

სულის დაქანცულ და იდუმალ სიანკარეში.

რომელმა შეძლო საბოძველის უხვად ბოძება?

რომელმა ზიდა ერთგულების მძიმე ჭაპანი?

იყო ეჭვებიც და ღალატიც... იყო ოცნებაც,

ზღაპარი იყო ყველაფერი! - თურმე ზღაპარი.

 

* * * * * * *

 

კეთილ გენიას მიუცეკვა ცაში ბოროტმა?

თუ დაქანცულმა ქარიტებმა ფრთები გაშალეს?

ერთი დიაცი ოცნებისთვის მაინც მყოლოდა

რა დავაშავე, ღმერთო ჩემო, რა დავაშავე?

ღამდება ცაო! ბებერ სკივრში ხსოვნას ვალაგებ...

და ჩემს ქარავანს მიუძღვება ჩრდილი ბოლოდან,

ხოლო სიცოცხლეს კვლავაც ძველი ცრემლი განაგებს,

კეთილ გენიას მიუცეკვა ცაში ბოროტმა?

 

* * * * * * *

 

რამდენ ნიღბებთან შემახვედრებ შენ მასკარადო?

ან თავად ნიღბებს რად სჭირდებათ კიდევ ნიღბები?

ჩემი წილხვედრი ბრწყინვალებაც რატომ მღალატობს?

და რომ მივყვები, ვის მივყვები? რატომ მივყვები?

კეთილს და ბოროტს სურვილები სულში უყვავის,

ორთავემ მხრებზე სათნოების ხელი დამადო,

ჩემს ნაზ ტკივილებს მოეფერნენ და დაუყვავეს,

რამდენ ნიღბებთან შემახვედრებ შენ მასკარადო?..

 

* * * * * * *

 

სარკმლის ყვავილებს განა ერთხელ მორწყვა ეყოფა?

უდაბნოს განა გულს გაუთბობს ერთი შხაპუნა?

ჩემი წალკოტი მარტოობის სურომ შეღობა

და შიგ შორეულ ოცნებების ჩიტი გაბმულა.

ველაციცებ ამ სასწაულს და სულ ვფაცურობ,

ის კი შორეულ ოცნებებში უხმობს მეგობარს,

საიტ წასულხარ რომ წასულხარ? საით მაცდურო?

სარკმლის ყვავილებს განა ერთხელ მორწყვა ეყოფა?

 

* * * * * * *

 

ჩემს მოთმინებას განა კიდევ დენთი უნდოდა?

მზვერავ თვალთათვის ვითარ ვიქნე ლანდი ფარული?

ვითარ ვაუწყო ნათელხილვა ამა უნდოთა

ან ღვთაებრივი გარდასახვა და სიყვარული.

საით გავიხმო ის უბადლო? ის ჭეშმარიტი ?

ასე უმწეო, ასე ნაზი, მაგრამ ფრთამალი?

იგიც ბინდბუნდსი მიმდგარია და თვალს მარიდებს,

ყველგან სივრცეა, ყველგან წარღვნა, ყველგან ტრამალი...

 

* * * * * * *

 

შენ ჩემს თვინიერ მორჩილებას რას ეურჩები?

ან როგორ გინდა ჩემი ცეცხლის ყოფნა განაგო?

თუ ეს სამყარო სამშობლოა მხოლოდ მუნჯების,

მაშინ რა უჭირს, ისევ ბრმებმა ილაპარაკნონ,

ო, ფშვინავს შავი ყვავილებით შავი ჰადესი,

ოქროვან წვეთებს გაწვეთებენ სულში ფუნჯები,

არის აქ რაღაც მარადისი და უცოდველი,

შენ ჩემს თვინიერ მორჩილებას რას ეურჩები?

 

* * * * * * *

 

როდის მომიტან ჩემს სიყვარულს ცაო, ვალივით?

როდის წაიყვან შენს სიკერპეს უკან ბალღივით?

როდის მოკვდება ჩემს სურვილში შენი ყვავილი?

როდის ჩაქრება შენს ფანჯრებზე ჩემი ძახილი?

დასრულდა ყველა სპექტაკლები და მეც დავბერდი,

თაროზე რაღაც ორი კვნეტა ბრწყინავს მარილი,

ო, აღარ დამრჩა გასაცემი აღარაფერი,

როდის მომიტან ჩემს სიყვარულს ცაო, ვალივით?

 

* * * * * * *

 

იქნებ ეს ბანგვა უსახოა და უსახური?

იქნებ ჩემს სულზე ფრჩხილებს იქნის არსთა მპყრობელი?

იქნებ მეც ამცდა დროისა და სივრჩის თვალყური?

და სასაცილოდ მეჩვენება მიუწვდომელი?

ვარდებს მივუტან ღამეებში გაჭრილ თარიღებს,

გამოვიხურავ გულქვა კარებს ქარის ჯახუნით...

რონინებს ხანი და გაცვეთილ ნიღბებს არიგებს,

იქნებ ეს ბანგვაც უსახოა და უსახური?..

 

* * * * * * *

 

რატომ დიდდება ჩემი სუნთქვა ყოველ ცისმარე?

ან განთიადიც რატომ ღუის ძუძუს კერტივით?

ნუთუ ამ ხილვებს გარდასახვა გაასიზმაერებს?

და დაემხობა ყოველივეს ცრემლის წერტილი?

ო, ეს მშვენება მზეო, რომელ კლდეში დავმალო?

დიდი და შავი წამწამების თეთრი სიზმარი?

როგორ მშვიდია შენი მაჯა, ჩემო მტარვალო,

რატომ დიდდება ჩემი სუნთქვა ყოველ ცისმარე?

 

* * * * * * *

 

ვინ არის ჩემთან? ჩემს გარშემო? ან ჩემს ბანაკთან?

ვინ არის ცეცხლტან? სიყვარულთან? პურთან? იმედთან?

რა მოაქვს ნეტავ ამ ღლაბუცთა? ამ ლაპარაკთა?

ან უმოწყალოდ მოწყალება ვინ გაიმეტა?

მე შენ ტავიდან, მე შენ მუდამ, მხოლოდ მომწონდი,

დროის და სოფლის სულსწრაფობაც სულში დალაგდა,

ხედავ? - იქ ძველი მადევარის ბრდრვინავს კოცონი,

ვინ არის ჩემთან? ჩემს გარშემო? ან ჩემს ბანაკთან?

 

* * * * * * *

 

ნუთუ შენ მართლა ფარღალალა ქოხში დაშთები?

და ჩაივლიან ზარზეიმი მწუხრის წირვები?

ჭვარტლიან ჭერში რად გარბიხარ თეთრი ტაშტებით?

ან რატომ გცემენ შემოდგომის ფინთი წვიმები?

შენს სისადავეს დაახურეს მწყრალი წარბები,

სხვათა სისაწყლეს კანტიკუნტად კბენენ ტაშები...

ნუთუ შენ მართლა ამ სასახლეს არ დახარბდები?

ნუთუ შენ მართლა ფარღალალა ქოხში დაშთები?

 

* * * * * * *

 

იქნებ ეს მე ვარ რომ მოგტირი ჰელიკონიდან?

და სანთიობო უზენაესს მცემს მწუხარებას?

იქნებ ცხოვრებაც მოხარხარე არის კორიდა?

იქნებ ჭიდილიც საჭიროა შეშლილ ხარებთან?

არ დახეთქიათ ჯერ ქალწულებს კერტი სარძევე,

სტკივათ ფერდები სარეცელზე უქმად წოლითა,

ნუთუ! - მჭვრეტელი და უნიჭო შორს განაძევეს?

ნუთუ! - ეს მე ვარ რომ მოგტირი ჰელიკონიდან?!

 

* * * * * * *

 

შემოვიერთო? - მაგრამ მითხარ, ვისი სამეფო?

იქ ხო ერთმანეთს გადადიან ბილწი მალაყით?

იქ ხომ უაზროდ ხეტიალობს სულის წამება?

იქ ხომ შიშია სისყვარულიც და იარაღიც?

იქ ხომ ტახტები ნაყიდია და გაძარცული?

იქ ხომ კაცობა დაკლულია, - ქუხს საქალებო?

იქ ხომ ჩურჩუტ თავს გაწონებენ ისევ წარსულით?

შემოვიერთო? - მაგრამ მითხარ, ვისი სამეფო?

 

* * * * * * *

 

ეს რა დამჩემდა? - რა უცნაურ ლანდებს ვაქეზებ?

და ჩემს ძარღვებში ღვთაებრივი დადის ბურანი?

ვისი დარლილი მხურვალება დამრჩა ბაგეზე?

ანდა პირიქით, ვისი ცრემლი და სამდურავი?

ო, ის წამები,  და წამება სულო გვიანი,

ო, ის ცრემლი და სამდურავი სულო, ბაგეზე!..

ახლა ცდუნებას გავურბიბარ ყრუ ხეტიალით,

ახლა უცნაურ და უაზრო ლანდებს ვაქეზებ...

 

* * * * * * *

 

ნუთუ ვერასდროს ვერ შეიჩვევ შენს სათნოებას?

ან მრისხანებას? უკვე დამცხრალს მწუხრის ზარივით?

ნუთუ შენ მაღალ მთლიანობას ჟინი მოება?

მანონის სისხლის, მავრის ნერვის, ანნას ყვაილის?

ლამაზს და კეთილს რას გვპირდება წელიწადები?

ან რა ჩოჩქოლი გამოფინეს ტახტზე რტოებმა?

მე შევიჩვიე მზისქვეშეთის ყველა ზადები,

ნუთუ ვერასდროს ვერ შევიჩვევ შენს სათნოებას?

 

* * * * * * *

 

არ მოგინატრო? - აბა ისე როგორ ვეწამო?

არ გაგიხსენო? - ის ვნება ხომ ჯერ არ ჩამქრალა,

შენ რას ქვითინებ ფშანისპირის მარტოლერწამო?

ან შენ რა გინდა, ფრთადახრილო ბოლოქანქარა?

რაღაც... ლამაზად დაკარგული მაღიზიანებს

და სიმშვიდეში შორეული ქარი კენწლაობს,

ჩემთვის უცხოა მონატრების წყნარი სიამე,

არ მოგინატრო? -აბა ისე როგორ ვეწამო?

 

* * * * * * *

 

ჩემი ფანჯრების სიცივეში რად იხედები?

იგრძენი? რომ იქ იდუმალი ყოველს განაგებს?

რომ იქ ერთმანეთს ენაცვლება მწუხრის ხედები?

და უბადრუკი ბანაკები ცვლიან ბანაკებს?

აივსო სული! კოშმარების სიცხით აივსო

და მიექანცა უდაბნოებს შორი ხეტებით,

იქ უშენობა ფარფაშებს და დიასახლისობს,

ჩემი ფანჯრების სიცივეში რად იხედები?

 

* * * * * * *

 

მაინც ცოდვილი და უბადლო დღით ხარ გართული?

მაინც გნიასებ, მაინც ცდილობ, მაინც ფაცურობ?

იქნებ საწუთრო ცდუნებაა უკუღმართული,

იქნებ ბოროტი სიმღერაა სულ უსასრულო.

მარადიული მდუმარების დიად მეფობას,

იქნებ როგორმე წავუკიდოთ სიტყვა ქართული?

იქნებ ვაუწყოთ წამისყოფა შენს არსებობას,

ეს რა ცოდვილი და უბადლო დღით ხარ გართული?

 

* * * * * * *

 

რატომ გაშინებს თვალთა ჩემთა შემოფეთება?

რატომ გაურბი შემოქცევას ჩემსას ნებიერს?

თან რომ ღაწვებზე სიყმაწვილის სენი გენთება,

თანდაყოლილი მშვენებაა თუ უნებლიე?

თამაში? რაღა დროისაა ჩემი თამაში,

ხატება? რაღა დროისაა ჩემი ხატება,

თუ შენ ყოველთვის უნდა იქნე ასე ლამაზი,

რატომ გაშინებს თვალთა ჩემთა შემოფეთება?

 

* * * * * * *

 

საით გაჭენდით იმ ჭალების თეთრო ცხენებო?

საით! იქ ახლა ნისლია და ქარის ჩვენება,

რომელი გზები გაიმტვერეთ, ქელეთ ველები,

რა ჰქვია თქვენს ცრემლს, თქვენს ჭიხვინს და თქვენს გაჭენებას?

დაკვნეტილ ლაგმებს და თქვენს ფრუტუნს ფრთხილად ვაგროვებ,

ფაფარზე ვწევარ და ვჩურჩულებ - როგორც გენებოთ,

სძინავს ჩემს ვნებებს, ჩემს ფარეშებს,ჩემს სატახტოებს

საით გაჭენდით იმ ჭალების თეთრო ცხენებო?

 

* * * * * * *

 

სხვა რა იღონონ, სხვა რა შეძლონ შენმა თითებმა?

დგახარ ჩემს თოვლში და კისკისით ჩემთან გუნდაობ,

შენ რომ მორცხვობა შეგიძლია და გაწითლება,

მხოლოდ მაგისთვის... მაგის გამო... და სამუდამოდ...

მე ამ მაისში დამბანგეს და გამაბოროტეს,

მას შემდეგ დავსდევ როგორც ჯალათს, მზეს და დიდებას,

იქნებ ბეჭედის ერთგულება ზიდონ ბოლომდე?

სხვა რა იღონონ სხვა რა შესძლონ შენმა თითებმა?

 

* * * * * * *

 

რა აფართქალებს გზისპირებზე მღუარ კუნელებს?

ან ვის ბარდება ეს სინაზე ასე უვადოდ?

იქნებ სამყაროც ზღაპარია და სისულელე

და სიკვდილია ერთადერთი და სამუდამო?

და მაინც... ჩემი მიზეზებით, ჩანგის ჟღარუნით,

ვითომ ამ უკვდავ მომაკვდავებს ტკივილს ვუნელებ...

ბრუნავს ცისფერი გალათეა და სინანული,

რა აფართქალებს გზისპირებზე მღუარ კუნელებს?

 

* * * * * * *

 

რა ეშველება შენს დიდიებას ჩემში დამხობილს?

თუ შენ კვლავაც ხარ ნებიერი და უშიშარი?

სანამდე უნდა გიწიოკო ყოფნა-არყოფნით?

სანამდე უნდა ვადიდგულო კითხვის ნიშანი?

ნუ სტირი! - მაინც მიზეზია ყველა თანხმობა,

ისევ მიზეზებს ვიმიზეზებთ ყველა თანხმობით...

გმინავს ზარები და ზეიმით დადის აღდგომა,

რა ეშველება შენს დიდებას ჩემში დამხობილს?...

 

* * * * * * *

 

რატომ სტყუიან? რატომ გმობენ? რატომ დაობენ?

ან შამპანურში რატომ ტირის ვარდის ფურცელი?

რა ეშველებათ შენი ცოდვით სავსე თაობებს?

თუ გაუძლებენ რაც შენ ზიდე და გაუძელი?

მოენატრებათ ვერსალის წინ წყვილი ჭადარი?

ჩაისუნთქავენ სამთავისის ცისფერ გალობებს?

ცოტნეს თაფლში წევს ბედნიერი, დგას ფარსადანი,

რა ეშველებათ შენი ცოდვით სავსე თაობებს?

 

* * * * * * *

 

როდემდე უნდა გვანებივრონ ეშმას თითებმა?

ან ეშველება მზეს დაფნების შხამში დაფენილს?

მზარავს დიადი და მძვინვარე ჭეშმარიტება,

აღარაფერის ცისქვეშეთში, აღარაფერის.

ვით არ მოგვარდე? არ მოგზიდო? არ მოგეფერო?

არ გაზიარო ამ განწმედას ასე თვითნება?

წამი წამწამით გაწონილი, შენ არ გებევროს,

როდემდე უნდა გვანებივრონ ეშმას თითებმა?

 

* * * * * * *

 

რა დროს კრწანისი? ან დიდგორი? და ან მარაბდა?

მე სხვა ხონთქრების გახვითქული ქაფი მომკივის,

ჩემი დიაცი დღეცისმარე დადის ზარაფთან,

ყველა ბორკილზე უმძიმესი მოაქვს ბორკილი.

დედაო ღვთისავ! - უცოდველთა ცოდვაც განაგე,

დასთხიე ცრემლი ძე ცდომილის ცოდვილ ალაფთან,

თვისტომი თვისტომს შესევია და აჩანაგებს,

რა დროს კრწანისი? ან დიდგორი? და ან მარაბდა?

 

* * * * * * *

 

შემთხვევით ზოგჯერ შეასკდები რამე ფიცარნაგს,

შემთხვევა ზოგჯერ განზრახულსაც აღემატება,

თურმე შემთხვევით რომი იხსნეს დაღუპვისაგან,

დაღუპვისაგან რომი იხსნეს თურმე ბატებმა.

შენც ხომ უყურებ? გუნდრუკს უკმევს რომელს რომელი?

როგორ გამძვრალა სათავეში მჭლე და მკვეხარა

და ღუპავს, ღუპავს შემთხვევითი ტახტის მფლობელი,

ტახტის მფლობელი შემთხვევითი, ხალხს და ქვეყანას.

 

* * * * * * *

 

რა სენს გადამდებს ამღვრეული აღმოსავლეთი?

ან დასავლეთი ვის დიდებას მოაკალოებს?

ვის გადაუგდებს ცივ ხელთათმანს ფინთი ვალეტი?

ქერა დამები თუ გასცემენ ისევ კაროლებს?

სამყაროს სისხლი ნეტავ რომელ გვირგვინს აბოდებს?

რომელ სმარაგდებს დადინდება გესლის ჭავლები?

მე დასავლეთის აწ დაგმობილს ვჭვრეტ ეშაფოტებს,

რა სენს გადამდებს ამღვრეული აღმოსავლეთი?

 

* * * * * * *

 

რა აღავღავებთ ხელგამოწვდილ შენს "პატრიოტებს"?

რას აგროვებენ, რას ხვეჭავენ შავი ჭანგებით?

შენი ჩანგები ჭეშმარიტი, ჟღერს ათიოდე,

სხვა დანარჩენი რას გიკეთებს ნეტავ ჩანგები?

დროში გავარდნილს და დამხობილს ისევ დროშივე,

მისი წვრილმანი ექსცესებით თავს რომ იოტებ?

შენი სუფრის ქვეშ საგანგებოდ მგორავ გოშიებს,

რა აღავღავებთ ხელგამოწვდილ შენს "პატრიოტებს"?

 

* * * * * * *

 

რა გესაქმება პოეზიავ, მოკვდავ მამებთან?

რომელმა ერთმა გაზიარა? ცოდვა შეგინდო?

გასწი შენი გზით! ჩანგის სულო და უკვდავებავ,

შენ შენს ქვეყანას უნდა წაჰყვე და უშეგირდო.

ხომ ხედავ ვნება როგორ იქცა ხვეჭის საგანი?

ღალატი, სულის უზნეობა როგორ გამეფდა?

ისევ მარტვილთა ამაღლება გაძლევს მაგალითს,

რა გესაქმება პოეზიავ, მოკვდავ მამებთან?

 

* * * * * * *

 

რატომ მნებდება ეს სიჩუმე და ითენთება?

ბედნიერებას რომ გაურბი-რატომ მივტირი?

გესმის, ძვირფასო? ხვალ პირველი მარტი თენდება

და დედამიწა ჩურჩულს იწყებს პირველ კვირტივით.

რაღაც იაზრეს და გაოცდნენ ნუთუ ბოლომდე?

ვეღარ გაუძლეს ჩვენს სარეცელს თვითონ ღმერთებმა?

სძინავს სიყვარულს, სძინავს დიაცს და სიბოროტეს,

რატომ მნებდება ეს სიჩუმე და ითენთება?

 

* * * * * * *

 

დასრულდა ეს გზაც, აწი რომელს წარემართები?

ირგვლივ შენახარ და შენს ირგვლივ დრო და ჟინია,

ასგზის განკითხულ და გაძარცულ წარსულს ბარდები,

ამ მარადიულ მდუმარების არ გეშინია?

ნუთუ ცდომაა ვარსკვლავების შორი კიანთი?

რას ეაჯები და ავედრებ ყოველ ჩინიანს?

უფრო მერმისის შიში მზარავს, შიში დიადი,

წარსული მაინც ჩემკენაა არ მეშინია.

 

* * * * * * *

 

შენ მე შემნიშნავ? შენ მე მიგრძნობ? შენ მე მომივლი?

ვინ იცის! იქნებ პოეზიას სწყალობ ნაკლებად?

იქნებ ეს სული უცოდველი არის ცთომილი

და შენ დიდებას გარე უვლის ვიდრე ჩაქრება.

ქრება სიცოცხლე, როგორც ჩიტის კვალი სილაში,

უგულჩვილდება და ეთბობა ყველას ყოველი,

ვდგავარ ღიმილით სიკვდილით და დროის წინაშე,

შენ მე შემნიშნავ? შენ მე მიგრძნობ? შენ მე მომივლი?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ გორგილაძე  • • •   ზურაბ გორგილაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ