|
შეიშმუშნა ზღვის ნაპირის უდაბური მხარე; ლერწმებიდან ნადირივით გამოვარდა მთვარე. ჩამუქებულ შამბნარებში გაიღვიძა მხეცმა, გაიღვიძა და თვალებში თითქოს ცეცხლი ეცა.
ზე ასწია თათი ვეფხმა მთვარის დასაჭერად. სისხლისფერი მნათი მშვიდად როცა დაჯდა მთაზე, ახტა ვეფხი, გაეკიდა მრისხანებით სავსე.
ვეფხიც განა დაიქანცა, მთაგრეხილთან გაჩნდა. ბედუინთა ცხელი მხარე უკან დარჩა მდევარს, არ დაეძებს არც ცხვრის ფარებს, არც ცხენების რემას.
შვლების ჯოგებს სადაც ნახავს, გვერდს შორიდან უქცევს. მთელი ღამე ასე სდია მოელვარე მთვარეს, და წააწყდა მთების ძირას სიზმრად ნახულ მხარეს.
დაავიწყდა, მაღალ მთებთან რისთვის გამოიქცა. შედგა, თითქოს ქანდაკებად გააქვავა მეხმა, ხელმეორედ დაბადება თუ ინატრა ვეფხმა!
შედგა ვეფხი, არა, სხვაგან წასასვლელი არ აქვს. დიდხანს იდგა, სანამ დილით არ ახალეს ტყვია, ძირს დაეცა და სიკვდილი არც კი შეუტყვია.
საქართველოს სილამაზემ ასე ბევრი მოკლა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















