|
…ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე. გალაკტიონი
გალაკტიონის დაფნებიან საფლავს ჩავუვლი, თავს დავხრი, თითქოს ჩამედინოს დანაშაული… თვალწინ გვირგვინებაზვინული მიწა იელვებს და სულს, ისედაც დამწუხრებულს, მიცარიელებს.
უცებ, ცახცახით გაიღება ლურჯი სარკმელი და ლურჯ სამოსში - ლურჯ ნისლებში გამოხვეული, გადმოეშვება კაცი ლექსად ამბოხებული.
ვიღაც მოუხმობს: - ლაჟვარდიდან გვიდირიჟორე!.. მიჰქრის ფრინველად, იისფერი ფრთანი გაშლია, მისი გულისხმა ფრენაშია, ქარიშხალშია.
სადაც მაისის საგალობელს ვეღარ იმღერებს. თავს გადაუვლის საქართველოს ლურჯი ფრინველი, პატარა ქვეყნის ჯადოქარი გულის მხილველი.
ხან ჩანს სიკვდილის გარდაუვალ საშინელებად, ხან ლურჯ ზმანებად გადაუვლის ტაძრებს ატყორცნილს, ხან დამსხვრეული ხომალდების ანძებს დაკოცნის.
ხან ფრთოსან ლომად მთვარეს სწვდება ალმოდებული, ხან ზღვას ჩახედავს, შიგ ჩაძირულ ქალაქს აღადგენს, ხან ვრცელ სამყაროს სირინოზად გადაღაღადებს.
გალობს ფრინველი, ჟამთასვლაში მანათობელი: - ო, საქართველოვ, დაგელოცოს კალთა, მარჯვენა, დაბადებულხარ ქვეყნად ცეცხლის გადასარჩენად! -
ცეცხლის და ლექსის ღმერთკაცები ერთად არიან. გადმოხედავენ ვრცელ სამყაროს ძმები უშბიდან, მერე წამოვა მომღერალი ფრენით, გულმშვიდად.
ღაღადებს იგი: - საქართველოვ, სევდა გაშოროს!… უსმენს ფრინველი გულისყურით და მოკრძალებით: - მწუხრისას რისთვის გუგუნებენ გლოვის ზარები?..
რა მარშს უკრავენ, რა მწუხარე ზარის მარშია?.. რარიგ მოხრილა მარჯვენაზე შავმოვლებული ახალგაზრდობა გუშინ ჩემგან შთაგონებული?
და მწუხარება ეუფლება გულს საშინელი. ხედავს, ირხევა გალავნიან ბაღში კედარი; ხედავს, გამოაქვთ მოზღვავებულ ხალხში ცხედარი.
სიცოცხლის ცეცხლი ცხედრად როგორ გარდავიქმნები? - იტყვის და ზემოთ, მთაწმინდისკენ გასწევს შრიალით, უკან გაჰყვება ზართა რეკვა კაეშნიანი.
დედის კალთაზე მიასვენებს თავს უკვდავება. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















