|
წრიალებს ნეკნების გალიაში უკუნით და სისხლით გალეშილი, მას ჯერ არ უნახავს გარიჟრაჟი - სამყაროს ანგეში ქალიშვილი.
გულს ალხი ანაზდად მოენთება, რისთვისაც ჭირვეულ რითმასავით ლექსიდან გააგდეს პოეტებმა.
აროდეს ნთებია კელაპტრებად, თავისი ჭრილობის ნაკვალევის წამიერ დალანდვა ენატრება.
უშუქო ხანძარმა დააბრმავა, შთენილი წყვდიადის, უსახობის და წყვილი სარქველის ანაბარა.
ნეკნების გალიის პატიმარი, ძვალ-კლდეებს ასკდება გასისხლული და აღარ ურჩება სატკივარი.
ზოგს რბილი სავარძლით უქვავდება, ზოგს სხვისი დიდება გაუსივებს, ზოგს-გვიან მოსული "უკვდავება".
ზოგს უცემს ორ გულად გაყოფილი, ზოგს პირზე ღიმილად გადაშლია - მოყვასის გაყიდვით კმაყოფილი.
თვალი თუ აროდეს გახელია, - რა უნდა ეხილა წუთისოფლის? რა უწყის-საწუთრო რა ხილია!..
და სანამ სისხლძარღვებს დაგისუნთქავს, ვადაზე გახედნე გასაწვრთნელი, ნუ გაზრდი გიჟივით თავისუფალს.
აგტკივა და ოდეს დაამდება, ვიდრე ზარს დარეკავს დასასრული, მოგიწევს მეორედ დაბადება.
რაც ყველას ძილისთვის დაუთმია, მას თურმე იდუმალ კვეს-აბედით ხელახალ სიცოცხლედ დაუნთია.
მოვა და მოხდება სასწაული: წარსულ წლებს უკლებლივ დაგიბრუნებს უბრძნესი მოგვივით განსწავლული.
რომელი ზღაპრული ნატვრისთვალი!.. როცა ბრძენ გულშია გადმოსული ათასი თაობის ნაფიქრალი.
გონების თვალებად გახელია და მთელი თავისი ბრწყინვალებით - მან უწყის-საწუთრო რა ხილია.
სიკვდილი, ვარამიც, დარდუბალაც, ახალი ჭრილობის ნაკვალევი მეწამულ წყვდიადში გადუმალავს...
წალკოტში ღვიოდეს მოწიფული - სიამეს მოგიზღავს უზენაესს ხილვათა სამყაროს მოციქული.
და გირჩევს, განგების მაგიერი, რომ ერთად ხანძარში აბრიალდეს, რაც გღუპავს, რაც დაგრჩა მანკიერი.
იკმარე, რაც უკვე გინანია, თუ სულში ფათურობს მაჯლაჯუნა - ცეცხლს მიეც... არც ისე გვიანია.
ღამეებს - ზედიზედ გატეხილებს, დღეები სანამდე დაგეთვლება, უსმინე უძილო ნათელმხილველს...
უსახო ჩრდილია სიმახინჯე, რომ არის უფალიც შენმიერი, რამეთუ ღმერთობა მიანიჭე.
თუ დაგრჩა უწვრთნელი, გასახედნი, ბოღმით და სიხარბით გაბერილი - დე, გასკდეს ადრევე გასახეთქი! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















